მისია მარსი
თუ მგზავრობა არ შეგიწირავს, იქ ცხოვრებამ შეიძლება მოგკლას


მისია მარსი
თუ მგზავრობა არ შეგიწირავს, იქ ცხოვრებამ შეიძლება მოგკლას
ელონ მასკს მარსზე გაფრენა სურს.
მას ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი, რომ სურს მარსზე გარდაიცვალოს, ოღონდ არა შეჯახებისას. ტექნოლოგიამ, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ასეთი კატასტროფის თავიდან აცილებას, გასული წლის დეკემბრის ერთ ღამეს გადამწყვეტი გამოცდა გაიარა, როდესაც მასკის კომპანიის – SpaceX-ის მიერ აგებულმა რაკეტა ფალკონ-9-მ კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) სტარტი აიღო და თან 11 საკომუნიკაციო თანამგზავრი წაიღო.
რამდენიმე წუთი ფრენის შემდეგ რაკეტა-დამაჩქარებელი მოშორდა რაკეტის დანარჩენ ნაწილს, ისევე როგორც ათასობით საწვავგამოლეული რაკეტა-მატარებელი – კოსმოსური ხანის გარიჟრაჟიდან მოყოლებული; როგორც წესი, ისინი ატმოსფეროში იწვებიან და მათი ფრაგმენტები ოკეანეში ცვივა. მაგრამ ამ რაკეტა-მატარებელს საწვავი არ გამოლევია. ჩამოვარდნის ნაცვლად, ის გადაბრუნდა, ხოლო მისი ძრავები ჩაირთო ნელ სიჩქარეზე რომ გადართულიყო და ახლომდებარე დასაჯდომი მოედნისკენ აეღო კურსი.
გაშვების მართვის ცენტრსა და ჰოუთორნში (კალიფორნია) მდებარე SpaceX-ის მისიის კონტროლის შენობაში, ასობით ახალგაზრდა ინჟინერი უყურებდა ვიდეოეკრანებზე სინათლის მოახლოებულ ბურთს. მასკი გარეთ გავარდა, რათა უშუალოდ დაკვირვებოდა მას. რამდენიმე წამის შემდეგ ავისმომასწავებელი გუგუნი გაისმა. აქამდე ვერავინ შეძლო ამ რაკეტის მსგავსი ორბიტალური კლასის რაკეტა-მატარებლის მიწაზე დაშვება, მაგრამ ეს ხმაური მისი ატმოსფეროში სწრაფი დაშვებით გამოწვეული ბგერითი დარტყმა აღმოჩნდა და მასკის ყურს ზუსტად მაშინ მისწვდა, როდესაც ხომალდი ჯდებოდა – რბილად, უსაფრთხოდ და ბოლოს და ბოლოს წარმატებით. ეკრანებს მიჯაჭვულ ინჟინრებს სიხარულის ყიჟინამ გადაუარა.
SpaceX-მა ეს-ეს არის საეტაპო მიჯნას მიაღწია მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების ძიებაში. მასკის თქმით, ტექნოლოგიამ, შესაძლოა, გაშვების ხარჯები 100-ჯერ შეამციროს, რაც SpaceX-ს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს თანამგზავრების გაშვებისა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მარაგის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ეს არასდროს ყოფილა ამოსავალი წერტილი მასკისთვის. რაკეტა-მატარებლის პირველი რბილი დაშვება, როგორც მან იმ ღამით ტელეკონფერენციაზე აღნიშნა, „გადამწყვეტი ნაბიჯი იყო პლანეტა მარსზე ქალაქის დაარსების შესაძლებლობისკენ“.
ელონ მასკს უბრალოდ მარსზე დაჯდომა არ სურს, ისე როგორც აპოლოს ასტრონავტები დასხდნენ მთვარეზე. მას იქ ახალი ცივილიზაციის დაარსება უნდა, სანამ რომელიმე კატასტროფა გაანადგურებს დედამიწას. მასკის სადა სამუშაო მაგიდის თავზე მარსის ორი გამოსახულება კიდია: ერთზე ნაჩვენებია წითელი, „გამომწვარი“ პლანეტა, როგორიც დღეს არის. მეორეზე კი – ცისფერი მარსი, ინჟინრების მიერ დედამიწის მსგავსად გარდაქმნილი, ზღვებითა და მდინარეებით. მასკი მარსის კოლონიზაციას წარმოიდგენს საპლანეტათაშორისო „მეიფლაუერების“ ფლოტილიით. თითოეული ას მოსახლეს წაიყვანს, იმ განსხვავებით, რომ ამ პილიგრიმთა უმრავლესობა 500 000 დოლარს და მეტსაც გადაიხდის ხომალდზე კაიუტის დასაკავებლად.
2002 წელს დაარსებულ SpaceX-ს ჯერ არავინ გაუშვია კოსმოსში, მაგრამ იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისთვის NASA-ს ასტრონავტებს ფალკონ-9-ით კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანენ. იგება უფრო დიდი ზომის რაკეტაც – ფალკონ-ჰევი, თუმცა ისიც არ იქნება საკმარისად დიდი მარსზე ადამიანების ჩასაყვანად. მარსის გეგმის დეტალების გამჟღავნებას მასკი სექტემბრის ბოლოსთვის შეგვპირდა, მას შემდეგ, რაც ეს სტატია დასაბეჭდად ჩაეშვა და ზუსტად რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც კიდევ ერთი SpaceX-ის რაკეტა აფეთქდა გასაშვებ მოედანზე. ამის მიუხედავად, მასკმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ SpaceX-ის მიზანია, 2024 წელს გაგზავნოს მარსზე პირველი ასტრონავტები, რომლებიც იქ 2025 წელს დასხდებიან.
თუ კაცობრიობას მორიგი დიადი მიზანი გააჩნია კოსმოსში, ეს მარსია. მაგრამ რამდენად მიღწევადია ის?
„ეს მათ დიდებას და ასეთ რამეებს მოუტანს“, ამბობს მასკი. „მაგრამ, ისტორიულ კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების გადასხმა დიდი რაოდენობით – ათეულ ათასობით, ასეულ ათასობით თუ არა – და, საბოლოო ჯამში, მილიონობით ტონა ტვირთის გაგზავნა“. ამიტომ ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებია.
NASA-ს თქმით, რომელმაც მთვარეზე ადამიანები 1969 წელს დასვა, ხოლო მარსის გამოკვლევა რობოტიზებული ზონდებით კიდევ უფრო ადრე დაიწყო, თვითონაც გეგმავს მარსზე ასტრონავტების გაშვებას – თუმცა არა 2030 წლამდე, ისიც მხოლოდ წითელი პლანეტის ორბიტაზე. პლანეტის ზედაპირზე დიდი ხომალდის რეალურად დასმა – სახიფათო და გმირული საქმე – NASA-ს აზრით, შორეული მიზანია. NASA არ საუბრობს მარსზე ქალაქების შესახებ.
როგორც ჩანს, ყველა თანხმდება: თუ კაცობრიობას მორიგი დიდი გეზი გააჩნია კოსმოსში, ეს მარსია. თუმცა, აშკარად არსებობს ამის მიღწევის ურთიერთსაპირისპირო ხედვები. NASA-ს ლეგენდარული ასტრონავტი ჯონ გრანსფელდი იხსენებს, როგორ ეუბნებოდნენ 1992 წელს, რომ ის იყო ასტრონავტიკის ჯგუფში, რომელიც ერთ დღეს მარსზეც გაფრინდებოდა. გრანსფელდს უნდა, რომ ადამიანები მარსზე გაფრინდნენ, მაგრამ როგორც NASA-ს ადმინისტრატორსა და ასტრონავტ ჩარლზ ბოლდენს ურჩია, ფიქრობს – ჯობს „არ უთხრან ადამიანებს, რომ მარსზე მიემგზავრებიან, რადგან მათ ამის არანაირი შანსი არ აქვთ – იმ დროს ისინი 60-70 წლის იქნებიან“.
ის, რასაც ახლა NASA აკეთებს, მარსზე გასაფრენად თავისი რაკეტის კონსტრუირების გარდა, დიდი სამუშაოა, რომელიც მგზავრების უსაფრთხოებას შეეხება. მაგალითად, მარტში ასტრონავტი სკოტ კელი და რუსი კოსმონავტი მიხაილ კორნიენკო დედამიწაზე დაბრუნდნენ კოსმოსურ სადგურზე გატარებული 340 დღის შემდეგ. „ერთწლიანი მისიის“ პერიოდში ისინი ზღვის გოჭების როლში გამოდიოდნენ კოსმოსური კვლევებისთვის. აკვირდებოდნენ, თუ როგორ მოქმედებს ხანგრძლივად იქ ყოფნა ადამიანის სხეულსა და გონებაზე. კორნიენკო იხსენებს, რომ როდესაც ატმოსფეროში შემოვიდნენ, მათი კაფსულა „სოიუზი“ ისე ზანზარებდა, როგორც მანქანა ქვაფენილზე. ძლივს სუნთქავდნენ. უწონადობაში გატარებული ერთი წლის შემდეგ მათი ფილტვები და გულმკერდის კუნთები მოდუნებულიყო. როდესაც ყაზახეთის სტეპებში დაეშვ-ნენ, ძლივს მიათრევდნენ ფეხებს. კაფსულიდან ისინი დედამიწის მომსახურე პერსონალმა გადმოიყვანა იმის შიშით, რომ წაბორძიკებისას ძვალი არ მოეტეხათ.
ფილმებში უწონადობა სახალისოდაა გადმოცემული. კელისა და კორნიენკოს ინტერვიუები კოსმოსური სადგურიდან სულ სხვა რამეზე მიუთითებენ – მათ სახეები შეშუპებული აქვთ. ასტრონავტები შეიძლება მიეჩვიონ შემწოვ ტუალეტზე მიმაგრებას და მთელი წელი სველი ღრუბლით ტანის წმენდას. თუმცა, სადგურზე უფრო ხანგრძლივი და ბევრად სახიფათო მარსის მოგზაურობის დროს, ადამიანის სხეულზე კოსმოსის გავლენა დიდ პრობლემად იქცევა. „იქ მიღწევისას ყველანი ავადმყოფები იქნებიან“, ამბობს ჯენიფერ ფოგერტი, „ადამიანის კვლევის პროგრამის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანაშემწე (NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრი, ჰიუსტონი).
უწონადობისას ხდება ძვლების განლევა: როგორც წესი, თვეში ძვლოვანი მასის დაახლოებით ერთი პროცენტი იკარგება. გამოსავალია ენერგიული ვარჯიშები, თუმცა კოსმოსურ სადგურზე გამოყენებული უზარმაზარი აღჭურვილობა ზედმეტად მძიმეა მარსზე მისიისთვის. სადგურზე ზოგიერთ ასტრონავტს სერიოზულად გაუუარესდა მხედველობა, როგორც ჩანს, იმ მიზეზით, რომ ტვინში სითხე გროვდება და თვალს აწვება. ყველაზე უარესი სცენარით, ასტრონავტები, რომლებსაც მხედველობა დაბინდული აქვთ და ძვლები – მყიფე, მარსზე დასხდებიან და მაშინვე ფეხს მოიტეხენ. თეორიულად, ამ რისკის შემცირება შეიძლება კოსმოსური ხომალდის სწრაფი წრიული ბრუნვით, რაც გრავიტაციას ცენტრიდანული ძალით ჩაანაცვლებდა. მაგრამ ამას NASA-ს ინჟინრები საქმის გართულებად აღიქვამენ.
რადიაცია კიდევ ერთი საფრთხეა. კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები მეტწილად მაინც დაცულები არიან დედამიწის მაგნიტური ველით. მარსზე მოგზაურობისას, მათზე გავლენას მოახდენს მზეზე აფეთქებებისა და კოსმოსური სხივების რადიაცია. კოსმოსური სხივები განსაკუთრებით აზიანებენ დნმ-სა და თავის ტვინის უჯრედებს – რაც ნიშნავს, რომ ასტრონავტები მარსზე უკვე ცოტა ჭკუანაკლულები შეიძლება ჩავიდნენ. ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა საარსებო სივრცის ამოფენა წყლის სქელი ფენით ან ნიადაგში მზარდი მცენარეებითაც კი, რაც, ნაწილობრივ, რადიაციისგან დამცველი ფარის როლს შეასრულებდა.
ასტრონავტების მხოლოდ სასმელი წყლითა და სასუნთქი ჰაერით უწყვეტი მომარაგებაც პრობლემაა.
კოსმოსურ სადგურზე წყლის გარკვეული ნაწილი შარდისა და ოფლის ფილტრაციითა და გადამუშავებით მიიღება. მაგრამ ეს ფილტრები, შესაძლოა, ასტრონავტების გამოფიტული ძვლებისგან მომდინარე კალციუმით გაიჭედოს – ზოგჯერ წყალი მიკრობებითაც ბინძურდება. „შარდთან მუშაობა ძალიან საფრთხილო საქმეა“, მითხრა კენი ტოდმა, ჯონსონის კოსმოსური სადგურის ოპერაციების ინტეგრაციის მენეჯერმა. სადგურის თითქმის ყველა აპარატურის მსგავსად, მწყობრიდან აირგამწმენდებიც გამოდის, რომლებიც ჰაერს ნახშირორჟანგისგან წმენდენ. დედამიწის დაბალ ორბიტაზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს; NASA-ს სათადარიგო ნაწილების გაგზავნა შეუძლია. აი, მარსზე არსებულ კოსმოსურ ხომალდს კი მხოლოდ ის სათადარიგო ნაწილები ექნება, რის წაღებასაც შეძლებს. სიცოცხლისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა, ტოდის თქმით, ბევრად უფრო საიმედო უნდა იყოს, ვიდრე ამჟამადაა – არ უნდა ფუჭდებოდეს.
თუმცა, არ აკრიტიკებს მეოცნებეებს, რომლებიც ახლავე მზად არიან გასაფრენად. „საიდანღაც უნდა დაიწყო. უნდა დაიწყო ოცნებით“, მითხრა ტოდმა. „ზოგჯერ ეს ყველაფერი სინამდვილედ იქცევა“.
ადამიანის ფსიქოლოგიაც გასათვალისწინებელია. „რობოტიზებული მისიები წარმატებული აღმოჩნდა – საქმის აპარატურული ნაწილი გარკვეულია“, ამბობს ფოგერტი. „ახლა საქმე მიდგა თავდაჯერებულსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, რომლებიც ამ გუნდის ნაწილს წარმოადგენენ. მართლაც გავთვალეთ ყველა რისკი? რა ინსტრუმენტები გაგვაჩნია ამ რისკებთან გასამკლავებლად?“
ამ პრობლემაზე NASA დედამიწაზე ანალოგიური მისიების განხორციელებით მუშაობს. ერთ-ერთს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში ვეწვიე. მღვიმის მსგავს და უფანჯრო საწყობში, მოწყობილია სამდონიანი თაღოვანი უფანჯრო სტრუქტურა, რომელიც დახურულია ხმაგაუმტარი მასალით. იქ მყოფ ოთხ მოხალისეს დღეში 160 დოლარს უხდიდნენ, რათა ერთი თვით გამოკეტილებს, გარე სამყაროდან ფიზიკურად მოწყვეტილებს ეარსებათ. ოთახში დამონტაჟებული 13 ვიდეოკამერის საშუალებით, მეცნიერები „მისიის კონტროლის“ შენობაში აკვირდებოდნენ მათ ყოველ მოძრაობას, რომ გაეგოთ, როგორ გაართმევდნენ თავს იზოლაციას.
მოდელირებას თავისი საზღვრები აქვს. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ნულოვან გრავიტაციაზე გადართვა“, მითხრა პროექტის მენეჯერმა ლიზა სპენსმა; ამ ასტრონავტებს შეუძლიათ ისარგებლონ გამდინარე ტუალეტით და შხაპით. მაგრამ სპენსი, თავის კოლეგებთან ერთად, მაქსიმალური მიმსგავსებისკენ ისწრაფვის. როდესაც ვუცქერდით ორ მოხალისეს ჩაბნელებულ საჰაერო კამერაში, რომელთაც ვირტუალური რეალობის შლემები ეკეთათ და კოსმოსში სიარულს სიმულირებდნენ, ჩუმად ვსაუბრობდით, რომ მათ არ გაეგოთ.
ექსპერტების თქმით, მარსზე მისიისთვის გარკვეული ტიპის პიროვნებაა საჭირო: ისეთი, ვისაც შეუძლია გაუძლოს იზოლაციასა და მოწყენილობას ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, შემდეგ კი გააქტიურდეს მარსზე. „ცივი გონების ადამიანებს ვარჩევთ. კონფლიქტი მაინც გარდაუვალი იქნება“, ამბობს კიმ ბინსტედი (ჰავაის უნივერსიტეტი, მანოა), რომელიც NASA-ს დაფინანსებულ სხვა ანალოგიურ მისიებს ხელმძღვანელობს.
თუმცა, დედამიწაზე ჩატარებული ვერანაირი ექსპერიმენტი ვერ მოახდენს იმ გრძნობის სიმულაციას, რაც ადამიანს შეიძლება დაეუფლოს პატარა ქილაში გამოკეტვისას, მილიონობით კილომეტრის დაშორებით. უილიამ გერსტენმაიერმა, NASA-ს პილოტირებული ფრენების ხელმძღვანელმა, შენიშნა: „ასტრონავტები მშობლიური ქალაქის უამრავ ფოტოს დებენ სოციალურ ქსელებში, ძალიან ძლიერი კავშირი აქვთ დედამიწასთან“.
რბილად დაშვება, ფრენის ისევ გასაგრძელებლად. აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ამუშავებს ტექნოლოგიას – მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს, რომლებიც, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ერთ დღეს ადამიანებს მარსზე გადასხამს. ამ სურათზე რაკეტა ფალკონ-9 კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) იღებს სტარტს კოსმოსური სადგურისთვის მარაგის მისაწოდებლად. SpaceX
ფალკონ-9-ის რაკეტა-დამაჩქარებელი მეორე სექციას წყდება და, ოკეანეში ჩავარდნის ნაცვლად, გვერდზე იხრება, ასაფრენ მოედანზე რბილად დასაჯდომად. ხანგრძლივი ექსპოზიცია ამ თანმიმდევრულ ქმედებებს აღბეჭდავს; სინათლის სწორი ხაზი, რაკეტა-მატარებლის დაბრუნების მარშრუტია. მაიკლ სილი
მარსისთვის გამოწყობილი ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის კოსმოსის ინჟინერი პაბლო დე-ლეონი კოსმოსური სკაფანდრის ნიმუშს ცდის NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში. კამერის შიგნით წვრილმარცვლოვანი ნიადაგი და ვენტილატორები სიმულირებენ მარსის მტვრიან ქარიშხლებს. ფილიპ ტოლედანო
მარსზე პირველი ნაკვალევი შეიძლება ისეთი რობოტების იყოს, როგორიცაა „ვალკირია“. მას ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ინჟინრები ტასკინ პადირი (მარჯვნივ) და ველინ დიმიტროვი ცდიან. შესაძლოა, რობოტებმა ადამიანების იქ ჩასვლამდე ბაზა ააშენონ. შემდგომში ისინი მზის პანელებს მტვრისგან გაწმენდნენ. მაქს აგილერა-ჰელვეგი
წელს მაისში, სამხრეთ კაროლინაში, ხის ტოტები ჩარჩოში აქცევს ფალკონ-9-ის მეორე სექციასა (მარცხნივ) და დაბრუნებულ რაკეტა-დამაჩქარებელს. „ეს მართლაც მარწმუნებს, რომ მარსზე ქალაქის დაარსება შესაძლებელია“, თქვა SpaceX-ის დამფუძნებელმა ელონ მასკმა პირველი რბილი დაშვების მერე. ზაკ გრეთერი
კოსმოსური სხივები და ტვინი. კოსმონავტი სერგეი ვოლკოვი შემოწმებებს გადის კოსმოსურ სადგურზე გატარებული 6 თვის შემდეგ. იქ ხანგრძლივად ყოფნა ძლიერ მოქმედებს ორგანიზმზე. დედამიწის დამცავი მაგნიტური ველის დატოვებისას, ასტრონავტები დაუცველნი იქნებიან სწრაფად მოძრავი ნაწილაკების მიმართ. ფილიპ ტოლედანო
თაგვის ჯანსაღ ტვინთან შედარებით (ქვემოთ, მარცხნივ), „კოსმოსურის ანალოგიური“ გამოსხივების ქვეშ თაგვის ტვინს (მარჯვნივ) ნაკლები ნერვული უჯრედების განტოტებები (მწვანედ) და კავშირები (წითლად) აქვს. მათ ნაკლები აქტიურობა და გაუარესებული სივრცითი მახსოვრობა ახასიათებთ. ჩარლზ ლიმოლი
წყლის რეზერვუარები დაიცავდა ასტრონავტებს რადიაციისგან და მებაღეობის შანსსაც მისცემდა. ბობ მაროუ „ორბიტეკიდან“, გვიჩვენებს სატესტოდ მოყვანილ სალათის ფურცლებს. რობერტ კლარკი
NASA-ს რაციონმა პროგრესი განიცადა ბანანის პუდინგიდან (ზევით, მარცხნივ) და ვანილის ფხვნილის საუზმიდან (ზევით, მარჯვნივ) სპაგეტამდე (ქვემოთ, მარცხნივ) და კრევეტების კოქტეილამდეც კი. ფილიპ ტოლედანო
„ორიონის“ ეკიპაჟის ბლოკი ძალიან მცირე ზომისაა ასტრონავტების ჩასაყვანად. კოსმოსში ის უნდა დაუკავშირდეს დაგეგმილ საცხოვრებელ ბლოკს. ამ სურათზე Lockheed Martin-ის ტექნიკოსი 1510 ხმის გამაძლიერებლით ცდილობს „ორიონის“ გაშვების ხმის სიმულირებას. მარკ თისენი, NGM-ის თანამშრომელი
„ორიონის“ ბლოკში მანეკენებს სპეციალურ კოსტიუმებს აცმევენ NASA-ს ლენგლის კვლევით ცენტრში (ვირჯინია) მოწყობილ აუზში დაშვების ტესტისთვის. „აპოლოს“ ბლოკების მსგავსად, „ორიონიც“ ოკეანეში ჩავარდება. დევიდ ბოუმანი, NASA
მარსზე ფეხის დამდგმელ პირველ ადამიანებს სიარული მკაცრ, დაუნდობელ გარემოში მოუწევთ. თხელი ატმოსფერო მათ ნაწილობრივ დაიცავს მზის გამოსხივებისგან, თუმცა დაცვა მოუწევთ კოსმოსური სხივებისგან. ასევე მოუწევთ მარსის მწირი რესურსების გამოყენება ჟანგბადისა და წყლის მოსაპოვებლად.
2012 წლიდან NASA-ს მარსმავალი „კურიოსიტი“, იქ სიცოცხლის ქიმიურ მტკიცებულებებს ეძებს. ყოფილი თანამშრომლის, ჯონ გროტცინგერის თქმით, ის არ საჭიროებს წყალსა თუ საკვებს და „სელფისაც“ კი იღებს. NASA/JPL/მალინის კოსმოსური სამეცნიერო სისტემები
„არაფერს ჰქონია უფრო კეთილშობილური მოტივი“, განაცხადეს „მარსის საზოგადოების“ დამაარსებლებმა 1988 წელს. ისინი მხარს უჭერდნენ ადამიანების მარსზე გაგზავნას. მათ კვლევით სადგურზე (იუტა) ეკიპაჟები ვარჯიშობენ ლანდშაფტზე, რომელიც მარსს ჰგავს, თუმცა ჟანგბადით. ფილიპ ტოლედანო
რბილად დაშვება, ფრენის ისევ გასაგრძელებლად. აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ამუშავებს ტექნოლოგიას – მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს, რომლებიც, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ერთ დღეს ადამიანებს მარსზე გადასხამს. ამ სურათზე რაკეტა ფალკონ-9 კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) იღებს სტარტს კოსმოსური სადგურისთვის მარაგის მისაწოდებლად. SpaceX
ფალკონ-9-ის რაკეტა-დამაჩქარებელი მეორე სექციას წყდება და, ოკეანეში ჩავარდნის ნაცვლად, გვერდზე იხრება, ასაფრენ მოედანზე რბილად დასაჯდომად. ხანგრძლივი ექსპოზიცია ამ თანმიმდევრულ ქმედებებს აღბეჭდავს; სინათლის სწორი ხაზი, რაკეტა-მატარებლის დაბრუნების მარშრუტია. მაიკლ სილი
მარსისთვის გამოწყობილი ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის კოსმოსის ინჟინერი პაბლო დე-ლეონი კოსმოსური სკაფანდრის ნიმუშს ცდის NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში. კამერის შიგნით წვრილმარცვლოვანი ნიადაგი და ვენტილატორები სიმულირებენ მარსის მტვრიან ქარიშხლებს. ფილიპ ტოლედანო
მარსზე პირველი ნაკვალევი შეიძლება ისეთი რობოტების იყოს, როგორიცაა „ვალკირია“. მას ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ინჟინრები ტასკინ პადირი (მარჯვნივ) და ველინ დიმიტროვი ცდიან. შესაძლოა, რობოტებმა ადამიანების იქ ჩასვლამდე ბაზა ააშენონ. შემდგომში ისინი მზის პანელებს მტვრისგან გაწმენდნენ. მაქს აგილერა-ჰელვეგი
წელს მაისში, სამხრეთ კაროლინაში, ხის ტოტები ჩარჩოში აქცევს ფალკონ-9-ის მეორე სექციასა (მარცხნივ) და დაბრუნებულ რაკეტა-დამაჩქარებელს. „ეს მართლაც მარწმუნებს, რომ მარსზე ქალაქის დაარსება შესაძლებელია“, თქვა SpaceX-ის დამფუძნებელმა ელონ მასკმა პირველი რბილი დაშვების მერე. ზაკ გრეთერი
კოსმოსური სხივები და ტვინი. კოსმონავტი სერგეი ვოლკოვი შემოწმებებს გადის კოსმოსურ სადგურზე გატარებული 6 თვის შემდეგ. იქ ხანგრძლივად ყოფნა ძლიერ მოქმედებს ორგანიზმზე. დედამიწის დამცავი მაგნიტური ველის დატოვებისას, ასტრონავტები დაუცველნი იქნებიან სწრაფად მოძრავი ნაწილაკების მიმართ. ფილიპ ტოლედანო
თაგვის ჯანსაღ ტვინთან შედარებით (ქვემოთ, მარცხნივ), „კოსმოსურის ანალოგიური“ გამოსხივების ქვეშ თაგვის ტვინს (მარჯვნივ) ნაკლები ნერვული უჯრედების განტოტებები (მწვანედ) და კავშირები (წითლად) აქვს. მათ ნაკლები აქტიურობა და გაუარესებული სივრცითი მახსოვრობა ახასიათებთ. ჩარლზ ლიმოლი
წყლის რეზერვუარები დაიცავდა ასტრონავტებს რადიაციისგან და მებაღეობის შანსსაც მისცემდა. ბობ მაროუ „ორბიტეკიდან“, გვიჩვენებს სატესტოდ მოყვანილ სალათის ფურცლებს. რობერტ კლარკი
NASA-ს რაციონმა პროგრესი განიცადა ბანანის პუდინგიდან (ზევით, მარცხნივ) და ვანილის ფხვნილის საუზმიდან (ზევით, მარჯვნივ) სპაგეტამდე (ქვემოთ, მარცხნივ) და კრევეტების კოქტეილამდეც კი. ფილიპ ტოლედანო
„ორიონის“ ეკიპაჟის ბლოკი ძალიან მცირე ზომისაა ასტრონავტების ჩასაყვანად. კოსმოსში ის უნდა დაუკავშირდეს დაგეგმილ საცხოვრებელ ბლოკს. ამ სურათზე Lockheed Martin-ის ტექნიკოსი 1510 ხმის გამაძლიერებლით ცდილობს „ორიონის“ გაშვების ხმის სიმულირებას. მარკ თისენი, NGM-ის თანამშრომელი
„ორიონის“ ბლოკში მანეკენებს სპეციალურ კოსტიუმებს აცმევენ NASA-ს ლენგლის კვლევით ცენტრში (ვირჯინია) მოწყობილ აუზში დაშვების ტესტისთვის. „აპოლოს“ ბლოკების მსგავსად, „ორიონიც“ ოკეანეში ჩავარდება. დევიდ ბოუმანი, NASA
მარსზე ფეხის დამდგმელ პირველ ადამიანებს სიარული მკაცრ, დაუნდობელ გარემოში მოუწევთ. თხელი ატმოსფერო მათ ნაწილობრივ დაიცავს მზის გამოსხივებისგან, თუმცა დაცვა მოუწევთ კოსმოსური სხივებისგან. ასევე მოუწევთ მარსის მწირი რესურსების გამოყენება ჟანგბადისა და წყლის მოსაპოვებლად.
2012 წლიდან NASA-ს მარსმავალი „კურიოსიტი“, იქ სიცოცხლის ქიმიურ მტკიცებულებებს ეძებს. ყოფილი თანამშრომლის, ჯონ გროტცინგერის თქმით, ის არ საჭიროებს წყალსა თუ საკვებს და „სელფისაც“ კი იღებს. NASA/JPL/მალინის კოსმოსური სამეცნიერო სისტემები
„არაფერს ჰქონია უფრო კეთილშობილური მოტივი“, განაცხადეს „მარსის საზოგადოების“ დამაარსებლებმა 1988 წელს. ისინი მხარს უჭერდნენ ადამიანების მარსზე გაგზავნას. მათ კვლევით სადგურზე (იუტა) ეკიპაჟები ვარჯიშობენ ლანდშაფტზე, რომელიც მარსს ჰგავს, თუმცა ჟანგბადით. ფილიპ ტოლედანო
ექსპერიმენტები ვერ იმიტირებს სრულად მილიონი კმ-ის დაშორებით ქილაში გამოკეტვის შეგრძნებას.
ეს კორნიენკომაც იგრძნო. „მთლად ნოსტალგიაც არ არის, ხომ ხვდებით; ეს არ არის საქმიანი ვიზიტი სხვა ქალაქში, როდესაც გენატრება შენი სახლი, ოჯახი“, მითხრა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ, „გენატრება დედამიწა, როგორც ერთი მთლიანი. ეს სრულიად განსხვავებული ემოციაა. გაქვს სიმწვანის უკმარისობა – რეალურად გენატრება ტყე, ზაფხული, ზამთარი, თოვლი“.
ივნისში, ექვსი თვის შემდეგ, რაც SpaceX-მა ტრიუმფალურად დასვა თავისი რაკეტა-მატარებელი, NASA-მ საკუთარი რაკეტა იუტის მთებში გამოცადა. ეს იყო მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტა-მატარებლის „გამოცდა დედამიწაზე“, რომელიც „კოსმოსში გაშვების სისტემის“ განუყოფელი ნაწილი იქნება. ბანალური სახელწოდების ეს რაკეტა, NASA-ს თქმით, ერთ დღეს ადამიანებს კოსმოსის სიღრმეებში მიიყვანს. ათასობით ადამიანი შეგროვდა. დიქტორმა უკუთვლა დაიწყო. ნულის გამოცხადებასთან ერთად, გვერდულ პოზიციაში მიწასთან მყარად დამაგრებული რაკეტა-მატარებელი გაშმაგებით ამუშავდა. დიქტორმა ყველას შეახსენა, რომ ეს იყო NASA-ს პროექტის – „მოგზაურობა მარსზე“ – ნაწილი. ცეცხლის ნაკადი ორ წუთზე მეტხანს გრგვინავდა, როდესაც კვამლის დიდი სვეტი, მაყურებლების ოვაციების ფონზე, აიჭრა ცაში. „რა საოცარი დღეა!“ – მოგვიანებით თქვა გერსტენმაიერმა პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ ამერიკელი ასტრონავტების მარსზე გაგზავნის დღესთან, ვიდრე ვინმე, სადმე და ოდესმე“, დაწერა NASA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ დავა ნიუმანმა თავის ბლოგში აპრილში. NASA-ს ზოგიერთი კრიტიკოსისთვის ეს ასე არ არის. ასეთი განწყობა ვერ ექნებოდა ვერნერ ფონ ბრაუნს, რომელმაც მთვარეზე გასაშვები რაკეტა სატურნ V შექმნა. მან 1982 წელს პრეზიდენტ ნიქსონს ადამიანის მარსზე დაჯდომის გეგმა წარუდგინა. სანაცვლოდ, ნიქსონმა NASA-ს კოსმოსური შატლის აგება დაუკვეთა.
მას შემდეგ დედამიწის დაბალი ორბიტის გარღვევის გრანდიოზული გეგმები ჩნდებოდა და ქრებოდა. გერსტენმაიერმა, რომელიც ათწლეულობით მუშაობდა NASA-ში, კოსმოსის კვლევის მიმართულებათა მკვეთრ ცვლილებებს გაუძლო. მას უთხრეს, რომ ისევ მთვარეზე გაეშვა ასტრონავტები, შემდეგ, ამის ნაცვლად, ასტეროიდზე, შემდეგ – მოეხელთებინა ასტეროიდი და ასტრონავტები მას მთვარის ორბიტაზე სწვეოდნენ. გერსტი კი ისეთივე უშფოთველი დარჩა, როგორიც ყოველთვის იყო. მასკისგან განსხვავებით, ის თავშეკავებული ინჟინერია, რომელსაც არ უყვარს გადაჭარბებული დაპირებების მიცემა. მას მარსზე წასვლა ნელ-ნელა და მეთოდურად ურჩევნია.
„იმის თქმა, რომ NASA-ს მარსზე გამგზავრების სტრატეგია გააჩნია, სიტყვა „სტრატეგიის“ უდიერად მოხსენიება იქნებოდა“, აცხადებს რობერტ ზუბრინი, „მარსის საზოგადოების“ დამაარსებელი, რომელიც მარსზე დასახლებას უწოდებს „უდიდეს გამოწვევას ჩვენი თაობისთვის“. მაიკლ გრიფინი, რომელიც NASA-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსის დროს ხელმძღვანელობდა, თვლის, რომ მარსის მისია რთული განსახორციელებელი იქნება, თუმცა არა უფრო რთული, ვიდრე „მანჰეტენის პროექტი“ ან „აპოლოს“ პროგრამა: „ჩვენ უფრო ახლოს ვართ მარსთან ტექნოლოგიის თვალსაზრისით დღეს, ვიდრე ვიყავით მთვარესთან, როდესაც პრეზიდენტმა კენედიმ ეს მიზანი დასახა 1961 წელს“.
თუმცა, არანაირად არ ვართ ახლოს მარსზე მოგზაურობის ხარჯებთან. სწორედ ამხელა თანხებმა შეიწირეს წარსულის გრანდიოზული გეგმები. „აპოლოს“ მთვარეზე დაშვება დაახლოებით 140 მილიარდი დოლარი დაჯდა დღევანდელი კურსით. ექსპერტთა ვარაუდით, მარსზე რეალური გაფრენა, სულ ცოტა, ამდენივე ეღირება; სრული გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსის დროს შეიმუშავეს, 450 მილიარდი დოლარი ღირდა. NASA-ს ყოველწლიური ბიუჯეტი კი, ყველა სახის პილოტირებული კოსმოსური ფრენებისთვის, დაახლოებით, ცხრა მილიარდი დოლარია. 2040 წლამდე მარსამდე მიღწევას ბევრად მეტი ფული და პრეზიდენტ კენედის მსგავსი სულისკვეთება დასჭირდება. როდესაც აშშ და საბჭოთა კავშირი მთვარეზე გაფრენაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, NASA ფედერალური ბიუჯეტის 4%-ზე მეტს იღებდა; ახლა ის დაახლოებით ნახევარ პროცენტს იღებს. სინამდვილეში რომ არსებობდეს „მარსზე გაფრენის“ შეჯიბრი, ვთქვათ ჩინეთთან, ამას შეიძლება შედეგიც მოჰყვეს, მაგრამ ჩინელები, როგორც ჩანს, სულაც არ ჩქარობენ იქ მოხვედრას.
როდის და ჩავალთ თუ არა საერთოდ მარსზე, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიებსა და ფულზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რასაც ჩვენ რისკის მისაღებ დონედ განვიხილავთ. ადრეული დაჯდომის მომხრეები ამბობენ, რომ NASA ძალიან ფრთხილად ეკიდება რისკებს, არადა, ჭეშმარიტი მკვლევრისთვის ხომ მისაღებია მარცხისა თუ დაღუპვის შესაძლებლობა. NASA ბევრად უფრო ადრე გაგზავნიდა ადამიანებს მარსზე, ასე რომ არ ღელავდეს იმაზე, ცოცხლები ჩავლენ თუ არა ისინი და საბოლოოდ, დაბრუნდებიან თუ არა შინ უვნებელნი.
ელონ მასკს უბრალოდ მარსზე დაჯდომა არ სურს, ისე როგორც აპოლოს ასტრონავტები დასხდნენ მთვარეზე. მას იქ ახალი ცივილიზაციის დაარსება უნდა.
იუტაში გერსტენმაიერის ტელეკონფერენციის დასასრულს, ადგილობრივი რეპორტიორი წამოდგა. მან თქვა, რომ 49 წლის არის და მხოლოდ ერთი რამის ცოდნა უნდა: იხილავს თუ არა სიცოცხლეში მამაკაცს მარსზე?
„დიახ“, უპასუხა გერსტენმაიერმა. ის ერთი წამით შეყოვნდა და შემდეგ დაამატა: „მამაკაცი“ შეიძლება არასწორი სიტყვა იყოს. თქვენ ნახავთ ადამიანს“.
შემდეგ, გერსტენმაიერმა ახსნა, თუ რატომ დასჭირდებოდა ამას 2040 წლამდე მოცდა. მან თქვა, რომ NASA-მ ღრმა კოსმოსის ათვისება „საცდელ პოლიგონზე“ მისიებით უნდა დაიწყოს. „ეს 21-ე საუკუნის 30-იან წლებში ასტრონავტების მარსის ორბიტაზე გაყვანამდე მიგვიყვანს. „როდესაც ადამიანთა ჯგუფის პლანეტის ზედაპირზე გადასმას განვიხილავთ, ის გაცილებით მეტ სირთულეს სძენს იმას, რის გაკეთებასაც ვცდილობთ“, მითხრა გერსტენმაიერმა მანამდე. „სწორედ ამიტომ ვიყურები 2030-იანი წლების მიღმა“.
მაგრამ, სწორედ აქ შეიძლება SpaceX დაგვეხმაროს. მარსზე ხომალდის რბილად დასმა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე მთვარეზე. მისი გრავიტაცია უფრო ძლიერია, ხოლო მისი ატმოსფერო – საკმარისად სქელი და შეუძლია გადახურება გამოიწვიოს. უამრავი უპილოტო ზონდი დაიმსხვრა მარსზე. NASA-მ მოახერხა თითქმის ერთტონიანი როვერის, „კურიოსიტის“ დასმა, მაგრამ ხომალდს – საკმარისად დიდს ადამიანების გადასაყვანად და მათ მოსამარაგებლად – ექნებოდა სახლის ზომა და, სულ ცოტა, 20 ტონა მასა.
ყველაზე იმედისმომცემი გადაწყვეტა ამ მომენტისთვის არის ტექნოლოგია, რომელსაც SpaceX ამუშავებს: ზებგერითი რეტროპულსია. როდესაც რაკეტა-მატარებელი ფალკონ-9 ზებგერითი სიჩქარით დედამიწის ატმოსფეროს ზედა, თხელ ფენებში ეშვება, ეს მარსის პირობებს ჰგავს. შარშან დეკემბერში კანავერალის კონცხზე და შემდგომ ღია ზღვაში გაყვანილ ხომალდზე დაჯდომა შორსაა უტყუარი წარმატებისგან, თუმცა ბევრი ადამიანი აალაპარაკა იმაზე, რომ მარსზე ადამიანების გაგზავნა შესაძლებელია.
კენედის კოსმოსურ ცენტრში SpaceX-მა იჯარით აიღო ასაფრენი მოედანი 39A, საიდანაც „აპოლო 11“-ის ასტრონავტები მთვარეზე გაფრინდნენ. კომპანია ახალგაზრდაა, ცოცხალი და გამბედავი, როგორიც მაშინ NASA იყო; NASA ნელა გაიზარდა და ფრთხილი და ბიუროკრატიული გახდა. თუმცა, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. ისინი პარტნიორები არიან. SpaceX უკვე ამარაგებს კოსმოსურ სადგურს ხომალდ „დრაკონის“ მეშვეობით. აპრილში მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ს სურს „დრაკონი“ (ადამიანების გარეშე) მარსზე გაგზავნოს უკვე 2018 წელს. ამისთვის NASA-ს ტექნიკური მხარდაჭერა დასჭირდება, კერძოდ, მისი უზარმაზარი რადიოანტენები, რაც კოსმოსურ ხომალდს დედამიწასთან კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს.
ადამიანების მარსზე გასაგზავნად SpaceX-ს ბევრად მეტი დახმარება დასჭირდება – 500 000 დო-ლარის ღირებულების ბილეთები ვერ დაფარავს ხარჯების დიდ ნაწილს. ეს მოითხოვს NASA-ს გამოცდილებას იმაში, თუ როგორ შეუნარჩუნონ მგზავრებს სიცოცხლე. NASA-ს, მეორე მხრივ, შეუძლია სარგებელი ნახოს SpaceX-ის რაკეტებიდან, ხომალდებიდან და ენთუზიაზმიდან. ეს ორი კომპანია, სავარაუდოდ, ერთად წავა მარსზე, თუ საერთოდ წავიდა. როდის გაფრინდებიან? – სავარაუდოდ, NASA-ს ფრთხილი გრაფიკის მიხედვით. რას გააკეთებენ, როდესაც იქ ჩააღწევენ? ბევრად უფრო ადვილი წარმოსადგენია რამდენიმე მეცნიერი ერთი-ორი წლით მარსის მცირე ზომის კვლევით სადგურში, როგორც ეს ანტარქტიდაშია, ვიდრე – მარსის მეტროპოლისში მუდმივად მიგრირებული ათასობით ადამიანი.
„ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ მარსზე ცხოვრება სურს, ვურჩევდი, ზაფხული ან უკეთესი იქნებოდა, წელიწადი გაატაროს სამხრეთ პოლუსის სადგურზე“, ამბობს კრის მაკეი, NASA-ს მეცნიერი და მარსის სპეციალისტი, რომელიც ანტარქტიდაშია ნამუშევარი. ვარაუდი, რომ ადამიანებმა შეიძლება მარსზე ჰპოვონ თავშესაფარი მას შემდეგ, რაც დედამიწას წაახდენენ, „ეთიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, აბსურდია“, აღნიშნავს მაკეი. „ვფიქრობ, უნდა მივიღოთ მოსაზრება, რომ მარცხი არ არის არჩევანი. მარსის, როგორც მაშველი ნავის აღქმა, „ტიტანიკს“ ჰეფი-ენდის იერს სძენს“.
მიხაილ კორნიენკო კი ასეთ რეკომენდაციას იძლევა – კოსმოსურ სადგურზე ხანგრძლივი ყოფნა იმ ენთუზიასტების გაცხრილვის საშუალებაა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცალმხრივ მოგზაურობაში წავლენ მარსზე. კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე გაიხსენა მომენტი, როდესაც სახმელეთო ჯგუფმა „სოიუზის“ კაფსულის ლიუკი გახსნა. „დაშვების გამო ატეხილი მთელი ამ ალიაქოთის შემდეგ, კაბინაში სტეპის ჰაერი შემოდის და ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა. ახლა შეგიძლია ამ ჰაერით ისუნთქო“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.