მივლინება მარსზე
„ცნობისმოყვარეობა“– Curiosity, კიდევ ერთი საუკეთესო მარსმავალია, რომელიც ამ პლანეტაზე იმყოფება


მივლინება მარსზე
„ცნობისმოყვარეობა“– Curiosity, კიდევ ერთი საუკეთესო მარსმავალია, რომელიც ამ პლანეტაზე იმყოფება
სტატიის ავტორი იმ გუნდის ერთ-ერთი წევრია, ხუთასზე მეტი მკვლევრისგან რომ შედგებოდა და ყველაზე დახვეწილი რობოტის მეშვეობით კალიფორნიიდან იკვლევდა მარსს. ახლა „ცნობისმოყვარეობა“ ჰეილის კრატერის ქანს ხვრეტს. ეს ნეანდერტალელის სიმარჯვე შეიძლება სულაც არ მოგეჩვენოთ რობოტის დახვეწილობის დასტურად. მაგრამ, ეს ნამდვილად ასეა. ამ ქანებამდე მისაღწევად დედამიწაზე საინჟინრო საქმის ათი წელიწადი და მარსზე ექვსთვიანი მზადება გახდა საჭირო. ხუთი სანტიმეტრი სიღრმის ხვრელის გაბურღვასა და ასპირინის ზომის ნატეხის ამოღებას კვირებზე მეტს მოანდომებენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ მარსის დედამიწასთან მსგავსების ქიმიური მტკიცებულება აღმოეჩინათ – და ის, რომ ოდესღაც სიცოცხლე იქაც არსებობდა.
„ცნობისმოყვარეობა“ უკანასკნელი და ყველაზე დიდი მარსმავალია NASA-ს ოთხ მარსმავალს შორის. 1997 წელს „სოჯოურნერმა“, ყველაზე მცირე ზომის და პრიმიტიულმა აპარატმა დაამტკიცა, რომ მარსზე ხეტიალი შესაძლებელია. მომდევნო მარსმავლების („სულისკვეთება“ და „შესაძლებლობა“) მიერ ქანების ანალიზმა, რაც ორბიტაზე მოძრავმა აპარატებმაც დაადასტურეს, აჩვენა, რომ ერთ დროს მარსზე დიდი რაოდენობით წყალი იყო. („შესაძლებლობა“ ჯერ კიდევ დადის იქ. ცხრა წლის განმავლობაში მას 35კმ აქვს გავლილი). „ცნობისმოყვარეობას“ შეუძლია გაბურღოს ქანები და მოაგროვოს ფხვნილი ბორტზე მოწყობილ ქიმიურ ლაბორატორიაში. ის არა მხოლოდ წყლის ნაკვალევს ეძებს, არამედ იმ უძველეს გარემოსაც, სადაც შესაძლოა მიკრობები ცხოვრობდნენ.
უძველესი მეტეორის ჩამოვარდნის ადგილი, ჰეილის კრატერი 150კმ-ზეა გადაჭიმული. „ცნობისმოყვარეობამ“ რამდენიმე თვე უნდა იაროს და გადაკვეთოს შავი ქვიშის დიუნები შარპის მთაზე აძრომა რომ დაიწყოს. მისი ქანის ფენები, ოთხ მილიარდზე მეტი წლის ასაკისაა – ალბათ უფრო ძველი, ვიდრე ნებისმიერი ქანის ფენა დედამიწაზე – შეიძლება ინახავდეს იმ საბედისწერო დროის ნაკვალევს, როდესაც მარსი გამოშრა.
რა არის ეს ძვირფასი ფხვნილი, რომლისთვისაც მკვლევრები „სანელებლების კუნძულების“ მაძიებლებივით მიდიან? „ცნობისმოყვარეობა“ ეძებს მტკიცებულებას, რომ ოდესღაც მარსზე სიცოცხლე არსებობდა – ეძებს იმ გარემოს, სადაც შეიძლებოდა ეარსებათ მიკრობებს და ორგანულ მოლეკულებს, რომლებსაც ეს მიკრობები წარმოქმნიდნენ. ის არ ეძებს თვით სიცოცხლეს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ „ცნობისმოყვარეობა“ იპოვის ორგანულ მოლეკულებს მარსზე. ეს მოლეკულები, შესაძლოა, არაცოცხალი პროცესების დროსაც იყოს შექმნილი. ასე რომ, მათი პოვნა ვერ იქნება იმის მტკიცებულება, რომ ოდესღაც მარსზე სიცოცხლე არსებობდა. მაგრამ იმას მაინც მიანიშნებს, სად უნდა ვეძებოთ ის.
შორეული და უცნობი ადგილების სურათები დიდხანს იყო შთაგონების წყარო მკვლევრებისთვის და საზოგადოებისთვისაც. „ცნობისმოყვარეობის“ მიერ გადაღებული ფოტოებიც შთამაგონებელი და ამავდროულად ნაცნობია. ეს ადგილი განსხვავებულად გამოიყურებოდა ყველა იმ ადგილთან შედარებით, რომლებიც მარსზე „წინა მოგზაურობებისას მოუპოვებიათ. შარპის მთის მწვერვალიდან კრატერის ყელის მთიან ადგილებამდე გადაღებული სურათების დათვალიერება, სადაც უძველესი ნაკადულების წყლით ფორმირებული ქვები მოჩანს, დედამიწას მოგაგონებთ.„არ არსებობს უცხო მიწა, მხოლოდ მოგზაური შეიძლება იყოს უცხო”, – რობერტ ლუის სტივენსონი.
ალბათ, ამ სიტყვებით იყო შთაგონებული სტატიის ავტორი ჯონ გროტზინგერი, გეოლოგი, რომელიც 20 წლის განმავლობაში დედამიწაზე ქანებს იკვლევდა, რათა ორგანული მოლეკულები, სიცოცხლის უძველესი კვალი ეპოვნა. ახლა, როგორც თავად ამბობს, ამას მარსის მკვლევართა გუნდთან ერთად აკეთებს. ჩვენი ჟურნალის ივლისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიით იმედი გვაქვს აღარ დაგრჩებათ კითხვები ამ განუზომლად შრომატევადი, უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე კვლევაზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.