მიწა-წყლის დაცვა სიცოცხლის ფასად
კოლუმბიაში 2016 წლიდან მოყოლებული 1280 თემის ლიდერი მოკლეს დეველოპერებისა და ნარკოკარტელების შეჭრისათვის გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ.


მიწა-წყლის დაცვა სიცოცხლის ფასად
კოლუმბიაში 2016 წლიდან მოყოლებული 1280 თემის ლიდერი მოკლეს დეველოპერებისა და ნარკოკარტელების შეჭრისათვის გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ.
ანდებში, სოფლის მიხვეულ-მოხვეულ შარაგზებზე, დანჯღრეული პიკაპი ეშვებოდა და მის გადახურულ უკანა ბორტზე მდგომი ლუის მანუელ სალამანკა წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. 2018 წლის 22 მაისის გარიჟრაჟი იყო და ნუდო-დე-ალმაგერი – ჩვენთვის კოლუმბიის მასივის სახელწოდებით ცნობილი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ნაყოფიერი გუმბათისებრი მთები – გამოღვიძებას იწყებდა.
ნისლი რომ გაიფანტა, ველზე გამოჩნდა, როგორ წველიდა ერთი ქალი გაბერილ ყავისფერ ძროხას, როგორ პაექრობდნენ ვიწრო გზებზე გასასვლელისთვის სკოლის მოწაფეებით გადატენილი თეთრ-წითელი ავტობუსები, ცხენშებმული ურმები და საპალნე ჯორები. 200 მეტრის ქვემოთ კი, ვიწრო, ციცაბო ხეობაში, მდინარე მაგდალენა მიედინებოდა, რომელსაც ყველა მხრიდან მორაკრაკე ჩანჩქერები კვებავდა.

ჩვენ კინჩანაში მივდიოდით – უილას დეპარტამენტის 90 ოჯახით დასახლებულ ნისლიან, მწვანე მთებში ჩამალულ სოფელში. ეს რეგიონი განთქმულია ყავის პლანტაციებით და ნავთობსაბადოების საძიებო სამუშაოებითაც; აქ იღებს სათავეს რამდენიმე დიდი მდინარე, უშუალოდ კინჩანა კი სათავეა ბილიკისა, რომელიც პატარა დასახლება ლა-გაიტანაში მიდის – კოლუმბამდელი არტეფაქტებით ცნობილ I-VIII საუკუნეებით დათარიღებულ არქეოლოგიურ ველზე ღვთაებათა შთამბეჭდავი მეგალითებითა და სამარხებით.
64 წლის სალამანკამ თავისი კარიერა ამ ისტორიის შესწავლას და შენარჩუნებას მიუძღვნა. იგი კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ანთროპოლოგი იყო. მშვიდად ლაპარაკობდა, მოზომილი სიტყვებით; სათნო სახე ჰქონდა და მისი გამომეტყველება ღუნღულა ჯემპრის კომფორტს ასხივებდა.
სალამანკა კოლუმბიის იმ რთულ, გარდამავალ პერიოდში გავიცანი, როდესაც ქვეყანაში ნახევარსაუკუნოვანი სისხლისმღვრელი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა. მე მდინარე მაგდალენას მივუყვებოდი – რომელიც ამ სამხრეთამერიკული სახელმწიფოს შუაგულში 1500 კილომეტრზე მიედინება – და მის ნაპირებზე მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად მომუშავე ხალხს ვხვდებოდი. 2018 წლის შუა ხანები მეტ-ნაკლებად მშვიდი იყო. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.

„ჯობს წავიდეთ, სანამ გაწვიმდება“, – ღრუბლებს ახედა და მითხრა მანქანის მოაჯირსჩაბღაუჭებულმა სალამანკამ. საზიარო „კამიონეტა“, რომელიც სტვენით გავაჩერეთ, უკვე გადაჭედილი იყო მგზავრებით, ამიტომ გარედან ჩაჭიდება მოგვიწია. „ჯობს წავიდეთ, სანამ გაწვიმდება“, – ჩუმად გაიმეორა თავისთვის.
კოლუმბიის მთიანეთში ყველაზე ცნობილი არტეფაქტები არაჩვეულებრივი მეგალითური ქანდაკებებია, რომლებიც თავმოყრილია მუნიციპალიტეტის დედაქალაქ სან-აგუსტინში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პარკში. კარგად მოვლილი გაზონებითა და ხრეშიანი ბილიკებით მოწყობილი პარკი თავს იწონებს ხვლიკებისა და მაიმუნების ანთროპომორფული ქვის ქანდაკებებით, რომლებიც თვალისმომჭრელი მთების ფონზეა აღმართული.
სან-აგუსტინის მოწესრიგებულ ბილიკებზე სეირნობა ქვის ცხოველების ზოოპარკში გასეირნებას მოგაგონებთ. ლა-გაიტანაში კი პირიქითაა, კოლუმბამდელი არტეფაქტები თითქოს ველურ ბუნებაში გხვდებათ. ისინი მთის ფერდობზეა მცენარეულობაში ჩამალული, რადგან კინჩანაში ათწლეულების განმავლობაში არავის მიესვლებოდა – ეს იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის დერეფანში მოსახვედრი კარიბჭე, რომელსაც პარტიზანები აკონტროლებდნენ.
მარქსიზმით შთაგონებული კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები (FARC) ნახევარ საუკუნეზე მეტი ეომებოდა სახელმწიფოს. კონფლიქტში ჩაებნენ: სხვა მემარცხენე სახალხო ლაშქრები, მემარჯვენე უკანონო სამხედრო ფორმირებები, ნარკოკარტელები და აშშ-ის არმია; ასე რომ, ჯუნგლები თუ სხვა მიუვალი ადგილები ერთნაირად სახიფათო იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სტუმრებისთვის. კონფლიქტის დროს დაიღუპა თითქმის 270 000, დაიკარგა 81 000, ხოლო საკუთარი საცხოვრებლიდან იძულებით გადაადგილდა 7,4 მილიონი ადამიანი.

2016 წლის სამშვიდობო შეთანხმებას ყველაფერი უნდა შეეცვალა. FARC-ის ჯარისკაცები დათანხმდნენ იარაღის დაყრას, მთავრობამ კი საზოგადოებაში მათი დაბრუნების პირობა დადო. რაც მთავარია, სახელმწიფომ გასცა დაპირება, რომ წინათ პარტიზანების მიერ კონტროლირებულ სოფლებში საზოგადოებრივ მომსახურებებს დანერგავდა ან არსებულს გააუმჯობესებდა. ჩაისახა იმედი, რომ ყოფილი კონფლიქტის ზონები გაიხსნებოდა სტუმრებისთვის და ადგილობრივ მცხოვრებლებსაც უკეთესი შესაძლებლობები გაუჩნდებოდათ.
მაგრამ აქამდე აუთვისებელი რესურსებიდან კომერციული სარგებლის მიღებას ძალიან მაღალი ფასი აღმოაჩნდა. ასეთ ადგილებში ოქროს მომპოვებლები, მეცხოველეები თუ ნარკომოვაჭრეები დასახლდნენ და მიზანში ამოიღეს ყველა ადგილობრივი ადამიანი, რომელიც ცდილობდა საკუთარი მიწა და კულტურა დაეცვა განაშენიანების საფრთხისაგან. განვითარებისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის, ბოგოტაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია INDEPAZ-ის მონაცემებით, 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1280 კოლუმბიელი „სოციალური ლიდერი“ – მათ შორის არაერთი მკვიდრი ამერიკელი და აფროკოლუმბიელი – დახოცეს.
„რა ხერხებით კლავენ ლიდერებს, ვის არჩევენ სამიზნედ და სად ხდება ეს – ამ ყველაფერს სისტემატური ხასიათი აქვს“, – მითხრა ლეონარდო გონსალესმა INDEPAZ-იდან. სისტემატური და ხშირი: ლონდონში დაფუძნებული, გარემოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საგამოძიებო ორგანიზაცია Global Witness-ის 2020 წლის მონაცემებით, კოლუმბია ზედიზედ მეორედ იყო ყველაზე დაუნდობელი ქვეყანა გარემოს დამცველი აქტივისტებისათვის. სალამანკას გაცნობიდან თითქმის ზუსტად ერთ წელიწადში, ისიც ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. 2019 წლის 11 მაისის ღამეს ანთროპოლოგი საკუთარ კართან სასიკვდილოდ დაჭრეს.
იმ დღეს სალამანკას და ჩემი მგზავრობა `კამიონეტათი“ კინჩანას საავტომობილო გზაზე დასრულდა; იქიდან უკვე ფეხით განვაგრძეთ გზა.
მშვიდი დილა იყო, მაგრამ გული მიფრიალებდა. არც ისე დიდი ხნის წინ, FARC-ის კონტროლირებულ დაბებში დაუპატიჟებელ სტუმრებს არ მიესვლებოდათ. უცხოელებს და შეძლებულ კოლუმბიელებს გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით იტაცებდნენ. ტყისმჭრელები და დეველოპერები ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ ჯუნგლებს ერიდებოდნენ. კინჩანას მსგავსი სტრატეგიული მდებარეობის დასახლებები ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის დერეფნად ჩამოყალიბდა, რაც პარტიზანებს ფინანსურად აძლიერებდა.
კოლუმბიის ტერიტორიის დიდი ნაწილის FARC-ის უღლიდან გათავისუფლებამ დიდი სიკეთე მოუტანა მეცნიერებას და ტურიზმს. კოლუმბია მსოფლიოს მეორე ყველაზე ბიომრავალფეროვანი ქვეყანაა – ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და სახეობათა ნამდვილი კალეიდოსკოპი.
ბიოლოგებმა ქვეყნის უცხო კუთხე-კუნჭულები გამოიკვლიეს, აღმოაჩინეს უცნობი სახეობები და იცავენ საფრთხეში მყოფ სახეობებს. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რიცხვი მილიონზე მეტით გაიზარდა 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.

ამავე დროს, ტყისმჭრელების, რანჩოს მეპატრონეების და ოქროს მომპოვებელთა თავისუფალმა მიმოსვლამ ხელი შეუწყო გაუტყეურებას; კოკას – კოკაინის საკვანძო ინგრედიენტის – კულტივირებამ კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 2018 წელს (გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამსახურის მონაცემებით), მასშტაბური სამშენებლო თუ ნავთობსაბადოების საძიებო სამუშაოები კი ხმელეთის დატბორვის, წყლის დაბინძურებისა და ამ რესურსებზე დამოკიდებული ხალხისა თუ სახეობების იძულებით გადაადგილების საშიშროებას აჩენს.
ხელისუფლებამ ვერ შეძლო მათი მოთოკვა, ვისაც მოგების მიღება ურჩევნია რესურსების გაფრთხილებას. არსებობს ფართოდ გავრცელებული კორუფციის მტკიცებულებები რეგიონულ ხელისუფალთა შორის, რომლებიც თვალს ხუჭავენ ელიტის წარმომდგენლების სასარგებლოდ ტყის გაჩეხაზე, წიაღისეულის მოპოვებასა და ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობაზე. უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს – მმართველი Centro Democrático-ს ჩათვლით – უკავშირებენ მოძალადე პარამილიტარისტულ სამხედრო ფორმირებებს, რომელთა ანგარიშზეც უამრავი მკვლელობაა. ეს სამხედრო დაჯგუფებები (რომელთაც შემოკლებით paras-ს უწოდებენ, სიტყვიდან: paramilitares) 1970-80-იან წლებში აღმოცენდნენ, როდესაც მდიდარმა მიწათმფლობელებმა, ნარკომოვაჭრეებმა და კორპორაციებმა საკუთარი ინტერესების გასატარებლად კერძო ჯარების დაფინანსება დაიწყეს მემარცხენეთა ამოსაძირკვად.
რადგან კონფლიქტის ყოფილ ზონებში სახელმწიფომ ვერ შეძლო პოზიციის გამყარება, იქ კრიმინალური ჯგუფები გაბატონდნენ, რომლებიც იბრძოდნენ რესურსების, კონტრაბანდული საქონლის სატრანსპორტო დერეფნებისა და პორტების ხელში ჩასაგდებად.
მათ წინააღმდეგობას უწევენ აქტივისტები – სიცოცხლის ფასად.
მიზანში ამოღებულნი არიან მკვიდრ თემთა ლიდერები, მასწავლებლები, მეცნიერები, ბუნების დამცველები, ფერმერები, რომლებიც კოკას პლანტაციების ჩანაცვლებას ცდილობენ კანონიერი კულტურებით, ფემინისტები, 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისკენ მომწოდებლები, უფლებადამცველები. 50 წლის ხუანა პერეა პლატა ეკოკოტეჯის მფლობელი იყო ჩოკოს დეპარტამენტიდან, რომელმაც თავისი სახლის მახლობლად, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ინდუსტრიულ პორტში შეძლო ოპოზიციის მობილიზება. იგი 2020 წლის ოქტომბერში მოკლა კლან-დელ-გოლფომ, პარამილიტარისტების დაარსებულმა ნარკოკარტელმა. ერთი წლის შემდეგ, ამ კარტელის წევრ ნესტორ ლეონელ ლოზანო მურიელს მკვლელობისთვის 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. 47 წლის მასწავლებელი და პროფკავშირის ხელმძღვანელი კარლოს ფრედი ლონდონიო ბაუტისტა ამაზონისპირა მეტას დეპარტამენტში ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებაზე ზრუნავდა; იგი თავისი მოსწავლეების თვალწინ მოკლეს 2021 წლის აგვისტოში. 2021 წლის იანვარში, მოკვლის მუქარების მიღების შემდეგ, სამთავრობო პირადი დაცვა დაუნიშნეს 11 წლის გარემოს დამცველ ფრანსისკო ვერას კუნდინამარკას დეპარტამენტიდან, რომელიც სოციალურ მედიაში წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგ კამპანიით იყო ცნობილი.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მთავრობას მეტი მოეთხოვება, ვიდრე პირადი დაცვის დანიშვნაა. მათ სურთ ინვესტიცია ჩაიდოს განათლებასა და სოციალურ პროგრამებში, რათა იზოლირებულ რეგიონებში ნარკოვაჭრობისა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ალტერნატივები გაჩნდეს. მათ ასევე ესკაზუს შეთანხმების რატიფიცირება სურთ – ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონის 24 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებისა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს გარემოსდამცველი აქტივისტების დაცვას აკისრებს.
2021 წლის ივლისში კოლუმბიამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც კრიმინალიზებულია ველური ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობა და ტყის მოსპობა, თუმცა აღსრულება ელიტური კორუფციის აღმოფხვრაზეა დამოკიდებული.
2021 წლის ნოემბრის ანგარიშში გაუტყეურების შესახებ მოყვანილია კოლუმბიის ადმინისტრაციული ორგანოების განცხადება, რომ „მსხვილ ფერმერულ მეურნეობაში ჩართული პოლიტიკოსები ქრთამს აძლევდნენ პოლიციელებს ან ზეგავლენას ახდენდნენ გამოძიებაზე. გავლენიანი პირები თავს არიდებდნენ სასჯელს ზოგჯერ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც დასტურდებოდა მათ მიერ უკანონოდ ტყის გაჩეხის დაფინანსება. მთავრობის საქმეთა მასალების შესახებ გაჟონილი ინფორმაციის შეიარაღებული დაჯგუფებების ხელში მოხვედრის შემდეგ, ისინი შესაბამის სახელმწიფო მოხელეებს ან ქრთამს სთავაზობდნენ, ან ემუქრებოდნენ“.

ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო 2019 წელს ჩადენილი უკანონობისთვის მილიონზე მეტი დოლარით კოლექტიურად დაჯარიმებული გუბერნატორი, ორი მერი და ერთი ადგილობრივი მიწათმფლობელი.
რამდენიმე კონსერვატორი პოლიტიკოსი ცდილობდა აქტივისტების დისკრედიტაციას მათი მარქსისტებად შერაცხვით და აღნიშნულ პირთა წინაშე მდგარი საფრთხეების დაკნინებით. ამას შეიძლება აქტივისტებზე თავდამსხმელებიც შეეგულიანებინა. 2020 წლის ნოემბერში სოფლის მასწავლებელთა პროფკავშირის ორი წევრის მკვლელობამდეც და მას შემდეგაც, მმართველი პარტიის სენატორები მასწავლებელთა ეროვნულ პროფესიულ კავშირს ადანაშაულებდნენ ბავშვების „ინდოქტრინაციაში“. 2017 წლის სატელევიზიო ინტერვიუში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ლუის კარლოს ვილიეხასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებათა შემდეგ ჩადენილი მკვლელობების „დიდი უმრავლესობა“ ემსახურებოდა არა აქტივისტების დადუმებას, არამედ განპირობებული იყო ქონებრივი დავებით, ქალებსა და უკანონო შემოსავლებზე უთანხმოებებით.
კინჩანადან ორსაათიანი სიარულის შემდეგ სალამანკა და მე მივადექით ლა-გაიტანას არქეოლოგიურ ველს, რომელსაც ორი მაიმუნის ქანდაკება დარაჯობდა – სიმაღლეში მეტრი იქნებოდნენ, ფართო სახეებით, მრგვალი ყურებითა და დაკრეჭილი კბილებით. ნამდვილი მაიმუნები, ისევე როგორც სხვა ცხოველები, უკვე კარგა ხანია გაიხიზნენ მთებში, სადაც ადამიანი ნაკლებად აწუხებთ. ოდესღაც მათი აქ არსებობა ქვაშია უკვდავყოფილი.
სალამანკამ ერთ ველზე მიმიყვანა, სადაც ბალახით დაფარული, მუხლამდე სიმაღლის ყორღნები იყო. „ბავშვების უძველესი სასაფლაოა“, – ჩუმი ხმით მითხრა და ხავსმოდებული საფლავის ქვებისკენ გაიშვირა ხელი. ასაკის მიუხედავად, სალამანკა არასოდეს ისვენებდა. როდესაც გათხრებით არ იყო დაკავებული, ველოსიპედით დადიოდა მთებში. მკვლელობის საღამოსაც სან-აგუსტინში სასეირნოდ გადიოდა.
სალამანკას მკვლელობის ამბავმა მთელი ქვეყნის მედიის ყურადღება მიიპყრო. წამყვანი გაზეთი La Nación-ი მას „ყველაზე ბრწყინვალე სან-აგუსტინელად“ მოიხსენიებდა და ხოტბას ასხამდა სამეცნიერო-კულტურული ღვაწლისთვის.

სალამანკას მკვლელობის კონკრეტული მოტივი უცნობია, თუმცა მას პირუთვნელ მოქალაქედ იცნობდნენ, რომელსაც არ ეშინოდა იმის დაცვის, რაც სწამდა და ამის გამო შეიძლებოდა მტრებიც შეეძინა. იგი ეწინააღმდეგებოდა გიგანტური კაშხლის, ელ-კიმბოს, მშენებლობას, რომლის გამოც 80 კვ. კმ ფართობის ტყე დაიტბორა და 450 ოჯახს მოუწია გადასახლება 2015 წელს. ასევე ეწინააღმდეგებოდა კაშხლების ქსელის პროექტს, რომელსაც კოლუმბიის მთავრობა ქვეყნის მეორე უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან, ჩინეთის მთავრობასთან ერთად ხელმძღვანელობდა. განხორციელების შემთხვევაში მდინარე მაგდალენას კაშხლები დატბორავდა კოლუმბიის მასივის ყველაზე შორეულ მონაკვეთებსაც და წარმოქმნიდა როგორც ბუნებრივი კატასტროფების, ისე არქეოლოგიური ძეგლების დაკარგვის საფრთხეს.
სალამანკას სიკვდილის მომდევნო დღეებში ასობით ადამიანი სანთლებით ხელში გამოვიდა სან-აგუსტინის ქუჩებში და სამართლის აღსრულებას მოითხოვდა. სამი წლის შემდეგაც არავისთვის წაუყენებიათ ბრალი – რაც ჩვეული ამბავია, როდესაც საქმე სოციალურ ლიდერებს ეხება. ხელისუფლება ზოგჯერ იმ პირებს იჭერს, ვინც სასხლეტს გამოჰკრა ხელი, მაგრამ იშვიათად აკავებენ მათ, ვინც მკვლელობას უკვეთავს ან მისკენ უბიძგებს.
2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, კოლუმბიის მთავარი პროკურატურა იუწყებოდა, რომ: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 2016 წლიდან აღრიცხული 500-ზე მეტი უფლებადამცველის მკვლელობიდან მხოლოდ 111-ის უკან მდგომი პირი გამოავლინეს და მკვლელობის დაგეგმვისთვის განაჩენი გამოუტანეს სულ რაღაც 15 ადამიანს. წარსულში FARC-ის დაქვემდებარებაში მყოფ რეგიონებში სასამართლო სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს.

ფრანსია მარკეს მინა კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე აქტივისტია; კაუკას დეპარტამენტის აფროკოლუმბიური დასახლებებიდან უკანონო ოქროს მომპოვებელთა განდევნისთვის 2018 წელს მან პრესტიჟული გოლდმანის გარემოსდაცვითი ჯილდო დაიმსახურა. მოკვლის მუქარების შემდეგ, მშობლიური ქალაქიდან 2014 წელს გაიხიზნა; 2019 წლის 4 მაისს სანტანდერ-დე-კილიჩაოში შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა, რომლის დროსაც რამდენიმე კაცმა იარაღითა და ხელყუმბარებით გაუხსნა ცეცხლი და მისი სამთავრობო პირადი დაცვის სამი წევრი დაიჭრა.
„მკვლელობებისთვის წერტილის დასასმელად არაფერი კეთდება, – მოთქვამდა მარკესი, – ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელშიც ჩვენი მოკვლა დაშვებულია“.
და მაინც, არაერთი სოციალური ლიდერი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ საფრთხის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ერთჯერადი ტელეფონების გამოყენებას და მისამართების ხშირად გამოცვლას მოითხოვს. „ჩვენ თუ არ შევცვლით, არაფერი შეიცვლება“, – ამბობს მარკესი, რომელიც კოლუმბიის 2022 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს (და გამარჯვების პატარა შანსი აქვს).
2019 წლის 15 მაისის სალამანკას მკვლელობის საპროტესტო მსვლელობა მხოლოდ შესავალი იყო.
იმავე წლის ნოემბერში კოლუმბია საქვეყნო უკმაყოფილებით გამოწვეულმა დემონსტრაციებმა შეაზანზარა. 2021 წლის პირველ ნახევარში არ წყდებოდა გამოსვლები გადასახადების ზრდის, სიღარიბის დონის აწევისა და სამშვიდობო შეთანხმების ნელი ტემპით დანერგვის გამო. კალიში, პერეირასა და იბაგეში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით – დაშავდა.

მთელი ქვეყნის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მთავარი გულისტკივილი სოციალური ლიდერების განსაცდელია. ხოცვა-ჟლეტა კი მაინც გრძელდება: 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებისთვის INDPAZ-მა 165 სოციალური ლიდერის მკვლელობა აღრიცხა. ამავდროულად, ბიომრავალფეროვნებით უმდიდრესი სასოფლო რეგიონები დეველოპერებისა და კრიმინალების მარწუხებშია მოქცეული.
როდესაც 2018 წელს კოლუმბიის მასივის მწვანე მთებსა და მდინარის ხეობაზე ჩამოწოლილ თხელ ღრუბლებს დავყურებდით, სალამანკა მეუბნებოდა, რომ ყოფილი კონფლიქტის ზონებში მცხოვრებთა ყოფის გაუმჯობესება, ადგილობრივი თემებისა და თან ბუნებრივი რესურსების დაცვა ხანგრძლივი საქმეა.
„თითქოს მიტოვებულ ფერმას ყიდულობ, – მითხრა მან, – უამრავი ფული და შრომა უნდა ჩადო, შემდეგ ელოდო იმ იმედით, რომ ერთ დღესაც შედეგს დაინახავ“.
ჯორდან სალამას პირველი წიგნი „მდინარე ყოველდღე იცვლება: ოთხი კვირა მაგდალენას გაყოლებაზე“ აღწერს მის მოგზაურობას კოლუმბიის უდიდეს სანაოსნო გზაზე. ფრანგული წარმოშობის პერუელი ფოტოგრაფი ფლორენს გუპილი, ძირითადად, ლათინური ამერიკის მკვიდრი ხალხებისა და გარემოს თემებზე მუშაობს.