რონ ჰასკინსმა, შეერთებული შტატების არმიის ერაყში ყოფნისას, ორი თავდასხმა გადაიტანა. თავდამსხმელებმა ხელნაკეთი ასაფეთქებლები გამოიყენეს. რონი გადარჩა, თუმცა, სპეცდანიშნულების ძალებიდან წამოსვლის მერე თავის ტკივილები და ყურებში ისეთი ხმაური დარჩა, რომ ვეღარ იძინებდა. შტატებში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა. ინტერვიუს დროს, ამ ნომერში გასული სტატიის (“უხილავი იერიში ტვინზე”, გვ. 32) ავტორს, კეროლაინ ალექსანდერს უთხრა: “ნიუმექსიკოში უნდა ჩამოგიყვანოთ და აფეთქება განახოთ. ნახევარი კილომეტრის მოშორებით დაგაყენებთ, მაგრამ გაგიჟდებით, როგორ შეარყევს მიწას თქვენ გარშემო სულ რაღაც რამდენიმე კილოგრამიანი ნაღმი”. ზაფხულის ერთ ღამეს კი, ყველასთვის ამოუხსნელ მიზეზთა გამო, რონმა იარაღს მოჰკიდა ხელი და სიცოცხლე მოისწრაფა.
შეერთებულ შტატებში, 2001-2014 წლებში, დაახლოებით 230 000 ჯარისკაცი გამოავლინეს ქალატვინის ტრავმით, რაც, უმეტესად, აფეთქებების შედეგია. თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, გულყრა, მოტორული დარღვევები, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მხედველობასთან, სმენასა და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია… არ არსებობს დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის გზები. არ არსებობს საერთო აზრი არც აფეთქებებით გამოწვეული დაზიანების ბუნების შესახებ და არც იმაზე, თუ რა მექანიზმით აზიანებს აფეთქება ტვინს. სტატიას ლინ ჯონსონის ძალიან ორიგინალური ფოტოსესია ახლავს. ტექსტი ღრმად მიმოიხილავს კვლევით მხარეს, ხოლო ფოტოსესია კი არტ თერაპიის იმ არაჩვეულებრივ კურსზე მოგვითხრობს, რომელიც დაზარალებულ ჯარისკაცებს ტრავმული მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება.
კითხულობ სტატიას, ათვალიერებ ფოტოსესიას და უნებლიეთ გეფიქრება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე, რომელთაც, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა კონფლიქტმა იგივე პრობლემა შეუქმნა. მათ ვინ ეხმარება?