

მკვლევარი
ამ აღმოჩენას დიდი იღბალი ახლდა
არაერთწლიანი წარუმატებელი გათხრების შემდეგ კარტერს უკვე ცოტა დრო და მწირი დაფინანსება რჩებოდა, როდესაც მისი გუნდის წევრი ჩამარხულ კიბეს წააწყდა.
ლედი ფიონა ჰერბერტი, კარნარვონის მერვე გრაფის მეუღლე, ჩანაწერთა ჟურნალს ფურცლავს და სახელგანთქმულ ვიზიტორთა ხელმოწერებზე უთითებს, მის სახლს რომ ხშირად სტუმრობდნენ ერთი საუკუნის წინ. ახლა ჰაიკლერის ციხესიმაგრეში ვიმყოფებით, რომელიც ქალაქგარეთ მდებარე დიდებული მამულია ლონდონიდან 90 კილომეტრის დაშორებით. სტუმართა სარეგისტრაციო ჟურნალი არაერთი პიროვნების სახელს ინახავს, რომლებიც ფიგურირებენ ლედი კარნარვონის წიგნში.
ახლა იგი წერის პროცესშია, წიგნის მთავარი პერსონაჟი კი მისი მეუღლის წინაპარი, ჯორჯ ედუარდ სტენჰოუპ მოლინო ჰერბერტი – კარნარვონის მეხუთე გრაფი გახლავთ. სწორედ იგი აფინანსებდა ბრიტანელ არქეოლოგ ჰოვარდ კარტერს, რომელიც ჯიუტად დაეძებდა ტუტანხამონის დაკარგულ სამარხს.
სარეგისტრაციო ჟურნალში ლედი კარნარვონი 1920 წლის 3 ივლისის ჩანაწერზე ჩერდება. „რა თქმა უნდა, აი აქ არის ჰოვარდ კარტერი, რომელიც კვირებს ატარებდა ჰაიკლერის ციხესიმაგრეში და არქეოლოგიურ გათხრებს გეგმავდა მეხუთე გრაფთან ერთად“.
იგი მიმითითებს ხელმოწერებზე, რომელთა შორის ზოგიერთი არაბულადაა შესრულებული. „აბა, ამას შეხედეთ… საად ზაგლული, ადლი იეღენი და თანამედროვე ეგვიპტის სხვა დამფუძნებლები“. ზაგლული, ეგვიპტის ეროვნული გმირი, ბრიტანულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც იგი დაიჭირეს და ქვეყნიდან გააძევეს. თუმცა, ნახეთ, ისიც კი ყოფილა ჰაიკლერში, სადაც ბრიტანულ ელიტასთან ურთიერთობდა.
„მე ვხვდები, თუ რას ცდილობდა მეხუთე გრაფი“, – ამბობს ლედი კარნარვონი. „სხვადასხვა ტიპის ადამიანებს თავს უყრიდა არაფორმალურ გარემოში, სადაც მათ შეეძლოთ ურთიერთნდობის მოპოვება და სულაც დამეგობრება, სანამ ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავდნენ ან პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელებდნენ“.

1903 წლიდან ლორდ კარნარვონმა, თავისი ექიმის რჩევით, ნილოსის ნაპირებს მიაშურა ზამთრის პერიოდის გასატარებლად. მას ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აწუხებდა, რასაც დაემატა მძიმე ავტოკატასტროფა და შედეგად – ფილტვების დაზიანება. უდაბნოს ჰაერის სუნთქვას შამპანურის სმას ადარებდა.
მცირე ხანში ლორდ კარნარვონი ისევე ეწაფებოდა ეგვიპტურ სიძველეებს, როგორც იქაურ ჰაერს. 1907 წელს იგი ქირაობს კარტერს, რომელმაც არტეფაქტები უნდა მოიძიოს ჰაიკლერის მზარდი კოლექციისთვის და უხელმძღვანელოს არქეოლოგიურ გათხრებს.
კარტერი 17 წლის ასაკში გაემგზავრა ეგვიპტეში. არქეოლოგიაში სპეციალური მომზადება არასოდეს გაუვლია, მაგრამ მას მხატვრობის გამორჩეული ნიჭი ჰქონდა. კარტერი თავისი მახვილი თვალით ჩინებულად არჩევდა ერთმანეთისგან ორიგინალებსა და ყალბ არტეფაქტებს. 1899 წელს იგი მთავარ ინსპექტორად დაინიშნა ეგვიპტის სიძველეთა სამსახურში.
კარტერს ფორტუნამ ზურგი აქცია 1905 წელს, როდესაც მან ფრანგ ტურისტებთან იჩხუბა. საფრანგეთის მთავრობასთან დიპლომატიური უთანხმოების თავიდან ასარიდებლად კარტერის ზედამხედველმა მას ურჩია, სინანული გამოეხატა აღნიშნული ინციდენტის გამო. თუმცა, კარტერმა უარი თქვა ასეთ ნაბიჯზე. იგი ხვდებოდა, რომ მხოლოდ ერთი ღირსეული გზა რჩებოდა – გადადგომა. რამდენიმე თვის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
2 წლის შემდეგ კარტერი წარუდგინეს ლორდ კარნარვონს და სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგად მიაკვლიეს ჭაბუკ ფარაონს, რომელიც გასაოცარ საგანძურთან ერთად იყო დამარხული. ამ აღმოჩენით მსოფლიოს თვალწინ გადაიშალა ძველი ეგვიპტის თავბრუდამხვევი სურათი, ხოლო თანამედროვე ეგვიპტელები ეროვნული სიამაყისა და თვითგამორკვევის ახალი შეგრძნებით დაიმუხტნენ.
1900-იანი წლების დასაწყისში საკვანძო მინიშნებები გამოვლინდა, თუ სად უნდა ეძებნათ ტუტანხამონის სამარხი. მიკვლეული ცნობები მიუთითებდა მეფეთა ველზე, რომელიც კანიონების კომპლექსია ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ძველი ეგვიპტის დედაქალაქ თებეს (თანამედროვე ლუქსორი) მოპირდაპირედ. ტუტანხამონის წინამორბედ ფარაონებს კრძალავდნენ ცაში აზიდულ პირამიდებში, რომელთაც მარტივად აგნებდნენ მძარცველები, ხოლო თებეში მათ მარხავდნენ კლდოვანი ფერდობების სიღრმეში.
XX საუკუნის დასაწყისში თებეს ნეკროპოლისი ყველაზე ნაყოფიერ და ძვირფას არქეოლოგიურ ველს წარმოადგენდა. ამერიკელი ბიზნესმენის, თეოდორ დეივისის დაფინანსებული გათხრების შედეგად არაერთი გამორჩეული აღმოჩენა გაკეთდა. მათ შორის ფიგურირებდა რამდენიმე არტეფაქტი, რომლებიც იდუმალი ტუტანხამონის სახელს ინახავდა.

მთავარი ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობის წლებში კარტერმა ზედმიწევნით შეისწავლა მეფეთა ველი. ლორდ კარნარვონთან ერთად გათხრების დაწყებამდე მათ უნდა მოეპოვებინათ ნებართვა, რომელსაც კონცესიას უწოდებდნენ, მაგრამ აღნიშნულ ნებართვას ფლობდა დეივისი და არც აპირებდა მის დათმობას.
მეფეთა ველს არქეოლოგები და განძის მაძიებლები ათეულობით წლის განმავლობაში თხრიდნენ და უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ აღმოჩენების დიდებული ეპოქა უკვე დასრულდა. რამდენიმეწლიანი წარმატებული გათხრების შემდეგ დეივისიც ამავე დასკვნამდე მიდიოდა. „ვშიშობ, სამარხების ველი გამოიფიტა“, – დაწერა მან 1912 წელს. როდესაც დეივისმა კონცესია დათმო, ის ლორდ კარნარვონმა – კარტერის დაჟინებული თხოვნით ჩაიგდო ხელში 1914 წლის ივნისში.
იმავე თვის მიწურულს დაიწყო I მსოფლიო ომი, რამაც გათხრები შეაფერხა 1917 წლის შემოდგომამდე. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი კარტერმა და ეგვიპტელი მუშების ჯგუფმა გათხრების დროს 150 000-200 000 ტონა ქვა-ღორღი გაიტანეს. უდაბნოს მზის ქვეშ მიმდინარე სამუშაო მძიმე, მტვრიანი და ოფლის მომდენი გახლდათ.
ტანჯვის ხუთმა წელიწადმა მცირე შედეგი თუ მოიტანა. 1922 წლის ივნისში ლორდ კარნარვონმა ჰაიკლერში მოიხმო კარტერი და გამოუცხადა, რომ იგი თავს ანებებდა მეფეთა ველის გათხრებს. კარტერი ემუდარებოდა, გათხრები მხოლოდ ერთი სეზონით მაინც გაეგრძელებინათ. საბოლოოდ, ლორდიც დათანხმდა უხალისოდ. ლუქსორში კარტერი 1922 წლის 28 ოქტომბერს დაბრუნდა; დასასრული უკვე ახლოვდებოდა, თუმცა 7 დღის შემდეგ ერთი შემთხვევითი აღმოჩენით იმედის ნაპერწკალი გაჩნდა – და, მცირე ხანში, კარტერის ცხოვრება სრულიად შეიცვალა.
4 ნოემბერს კარტერის გუნდის წევრი, რომლის სახელიც ისტორიამ დაკარგა, ჩამარხული ქვის კიბის ზედა ნაწილს წააწყდა. ჯიბის დღიურში კარტერმა ჩაწერა: „ნაპოვნია სამარხის პირველი საფეხურები“.
მომდევნო დღეს გუნდმა გათხარა 12 საფეხური და დაეშვა კარის ღიობამდე, რომელიც თაბაშირის ფენით დაეფარათ და ფარაონის ბეჭდებით დაელუქათ. მათი წაკითხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ლუქებს აშკარად ეტყობოდა, რომ ისინი არ იყო გატეხილი. სამეფო სამარხის ხელუხლებლობაში დარწმუნებულმა კარტერმა ლორდ კარნარვონს ტელეგრამა გაუგზავნა ინგლისში: „როგორც იქნა, საოცარი აღმოჩენის წინაშე ვართ მეფეთა ველზე; დიდებული სამარხი, რომლის ბეჭდებიც ხელუხლებელია… გილოცავთ!“
ამ აღმოჩენის ამბები სწრაფად გავრცელდა და რეპორტიორებიც მეფეთა ველისკენ მიიჩქაროდნენ სამარხის გახსნაზე დასასწრებად. ლორდი კარნარვონი იქ 23 ნოემბერს ჩავიდა, ხოლო 24 რიცხვისთვის კარტერის გუნდმა სრულად გააშიშვლა კარის ღიობი, რომელზეც მათ უკვე იპოვეს ბეჭდები ზედ ამოტვიფრული ნანატრი სახელით: „ნებხეპერურა“ – ტუტანხამონის სამეფო წოდება.
კარტერი და მისი თანამშრომლები აღტაცებას ვერ მალავდნენ, თუმცა მეორე მიგნებამ საზეიმო განწყობა შეცვალა: კარის ღიობში აღინიშნებოდა ძალადობრივი შეჭრის კვალი. ვიღაც უკვე ყოფილა შიგნით.

როდესაც კარი ჩამოხსნეს, საგანძურით სავსე სამარხის ნაცვლად ქვა-ღორღით ამოვსებულ დერეფანში აღმოჩნდნენ. გათხრები კიდევ ორი დღე გაგრძელდა, სანამ 7 მეტრამდე სიღრმეზე მდებარე სამარხს მიაღწევდნენ. იქ დახვდათ თაბაშირით დაფარული მორიგი კარის ღიობი, რომელზეც უფრო მეტი ბეჭედი დახვდათ ტუტანხამონის სახელით. ქვის წყობით ნაშენ კედელში კარტერმა პატარა ხვრელი გაჭრა, სანთელი მოიმარჯვა და შეიჭვრიტა. მოთმინებადაკარგულმა ლორდ კარნარვონმა ჩასძახა, „რამეს ხედავ?“ – რაზეც კარტერმა მიუგო – „კი, ეს განსაცვიფრებელია“.
ნივთები, რომლებიც კარტერმა შეათვალიერა, მართლაც საოცარი ჩანდა: ოქროს სარეცლები, გუშაგთა რეალური ზომის სკულპტურები, დაშლილი ეტლები, მდიდრულად ორნამენტირებული სამეფო ტახტი – და ეს ყველაფერი უწესრიგოდ დაეხვავებინათ: მოგვიანებით კარტერმა დაწერა: „თავიდან ვერაფერს ვხედავდი, საკნიდან ცხელი ჰაერის ნაკადი მოქროდა და სანთლის შუქს აციმციმებდა, მაგრამ თვალი რომ მივაჩვიე, წყვდიადიდან გამოიკვეთა უცნაური ცხოველები, ქანდაკებები – და, ოქრო, ყველგან ოქრო ელვარებდა“.
კარტერი მალევე დაადგენს, რომ ტუტანხამონის სამარხი 4 საკნისგან შედგება: დღეს ისინი ცნობილია, როგორც წინა ოთახი, მინაშენი ფრთა, განძთსაცავი და დასაკრძალი კამერა. ეს სამარხი ფარაონისთვის შეუფერებლად, უჩვეულოდ პატარა ჩანდა, მაგრამ ოთახები გადაევსო ყველაფერს, რაც კი მას შეიძლება დასჭირვებოდა საუკუნო განსასვენებელში მეფესავით საცხოვრებლად – მთლიანობაში 5400 ნივთი (იხილეთ „განძით და შინაარსით სავსე“ 76-ე გვერდზე).
ეს იყო არქეოლოგების ოცნება – და კოშმარიც. უამრავი არტეფაქტის ამოწყობა, კატალოგიზება, შენახვა და გადაადგილება – მათ შორის არაერთი დაზიანებული და მყიფე ნიმუშისა – მოითხოვს აკურატული და გულდასმითი მუშაობის ათწლეულს. ამ პროცესში ჩაერთვებიან კონსერვაციონისტები, არქიტექტორები, ლინგვისტები, ისტორიკოსები, ბოტანიკისა და ქსოვილთა ექსპერტები და სხვები. ამ პროექტმა დაუდო სათავე ახალ ეპოქას, რომელსაც სამეცნიერო სიმკაცრე შემოჰქონდა ეგვიპტოლოგიაში.
კარტერის ინჟინერმა მეგობარმა, ართურ „პეკი“ კალენდერმა მძიმე ნივთების ასაზიდად შკივის სისტემა გამართა, დაამონტაჟა ელექტროგანათება და როდესაც აუცილებლობა მოითხოვდა, სამარხის შესასვლელს იარაღით სდარაჯობდა მძარცველების დასაფრთხობად.

ალფრედ ლუკასი, ქიმიკოსი და ექსპერტ-კრიმინალისტი, სამარხს ისე სწავლობდა, როგორც დანაშაულის ჩადენის ადგილს. მისი დასკვნით, ძველ დროში ორი შეჭრა ფიქსირდებოდა – ტუტანხამონის დაკრძალვიდან ცოტა ხანშივე. მძარცველებმა გაჩხრიკეს ზოგიერთი ოთახი, მაგრამ ნივთების მხოლოდ ის მცირე ნაწილი წაიღეს, რომელთა ხელით ზიდვასაც მოახერხებდნენ (დღეს მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ქურდებმა სამეფო სამკაულის ნახევარზე მეტი გაიტანეს).
1922 წელს იქ ჩავიდა ჰარი ბარტონი, იმ პერიოდის ყველაზე სახელგანთქმული არქეოლოგიის ფოტოგრაფი. მისი ექსპრესიული გამოსახულებებით ეს აღმოჩენა თუ მთლიანად გათხრები გლობალურ მედიამოვლენად გადაიქცა.
ეგვიპტე თავის დამპყრობლებს ატყვევებდა იმ დროიდან, რაც რომაელთა ლეგიონები განთავსდნენ ნილოსის ნაპირებზე და ეგვიპტური ობელისკები, იეროგლიფები თუ ღვთაებათა ქანდაკებები გაზიდეს მარადიულ ქალაქში. მაგრამ ახლა უკვე არსებობდა მედიის ძალა, რომელმაც ეგვიპტომანიის თანამედროვე ტალღა ააზვირთა, ჭაბუკი ფარაონი პოპკულტურის სახედ აქცია და მსოფლიო კარგ ამბებზე გადართო I მსოფლიო ომის საშინელებათა დასავიწყებლად.
სულ მცირე ხანში გაჩნდა ტუტანხამონის ბრენდის კალიფორნიული ლიმონი, სიგარეტის კოლოფში მოთავსებული ტუტანხამონის ღია ბარათები და ორცხობილის ყუთები მისი გამოსახულებით; სამაგიდო თამაშიც კი გამოიგონეს, სახელად, „ტუტუმი“, რომელშიც ვირზე შემომსხდარი მეტალის არქეოლოგები საგანძურს დაეძებდნენ. ჯაზის ეპოქაში ჰიტებად იქცა ისეთი სიმღერები, როგორიცაა, მაგალითად Old King Tut. ეგვიპტური სიმბოლოებით გაჯერდა არტ-დეკოც. იეროგლიფები და კარტუშები შეიჭრა შპალერზე, ტანსაცმელსა თუ ავეჯის ქსოვილებში.
თუმცა „ტუტმანია“ არსად იგრძნობოდა ისე ძლიერად, როგორც ფარაონის სამშობლოში. ეგვიპტელები მასობრივად აწყდებოდნენ მეფეთა ველს გათხრების პროცესის სანახავად. სკოლის მოსწავლეები სპექტაკლებს დგამდნენ და ახალგაზრდა ფარაონს განადიდებდნენ. პოლიტიკოსები თუ პოეტები ტუტანხამონს ისე ეგებებოდნენ, როგორც ეროვნულ გმირს.
„ტუტანხამონი მათ წარსულ დიდებას ახსენებს, – ამბობს ისტორიკოსი კრისტინა რიგსი, – და მომავლისკენ მიუძღვის ეგვიპტის ახალ სახელმწიფოს, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან“.
ეგვიპტელები უკვე ითხოვდნენ არა მხოლოდ დამოუკიდებელ კანონაღსრულებას, არამედ სრულ უფლებას თავიანთ სიძველეებზეც. დიდი ხანია, რაც არქეოლოგია და იმპერიული ზრახვები ურთიერთგადაჯაჭვულია. ყველაზე მნიშვნელოვან გათხრებს აფინანსებდნენ ევროპული და ჩრდილოამერიკული მუზეუმები თუ მდიდარი კოლექციონერები. ამის სანაცვლოდ დამფინანსებლები ითხოვდნენ აღმოჩენილ სიძველეთა ნახევარს, უკანასკნელ ათწლეულებში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად.
მაგრამ, სულ მცირე ხანში, ეგვიპტის ახალი ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ტუტანხამონის საგანძური ეგვიპტის მემკვიდრეობის ნაწილია და იქვე უნდა დარჩეს. „ეგვიპტის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ტუტანხამონის კოლექცია სრულად დარჩეს ეგვიპტეში, მნიშვნელოვანი განცხადებაა კულტურული დამოუკიდებლობის მისაღწევად“, – ამბობს ეგვიპტოლოგი მონიკა ჰანა. „პირველად მოხდა, რომ ჩვენ, ეგვიპტელებმა, რეალურად დავიწყეთ საკუთარი კულტურის გაკონტროლება“.
მეორე დიდი აღმოჩენა 1923 წლის თებერვალში გამოჩნდა. კარტერმა გახვრიტა ტუტანხამონის დასაკრძალი კამერის კედელი, მოიმარჯვა ფარანი და ხვრელში შეიჭვრიტა. „ფარნის შუქმა გასაოცარი სანახაობა გამოავლინა“, – დაწერა მან მოგვიანებით, – „სუფთა ოქროს კედელი“. სინამდვილეში ეს ოქროს კედელი წარმოადგენდა ვრცელი დასაკრძალი აკლდამის ნაწილს, რომელიც მთლიანობაში კიდევ სამ აკლდამას და კვარციტის სარკოფაგს მოიცავდა, ხოლო ამ სარკოფაგის შიგნით მუმიის ფორმის სამი კუბო იყო ერთმანეთში ჩაწყობილი.
დასაკრძალი კამერის გახსნაზე დასასწრებად მივიდა ლორდ კარნარვონიც, რომელიც ასე დიდხანს ელოდა ამ აღმოჩენას. აქედან ორი თვეც არ იყო გასული, რომ იგი გარდაიცვალა კოღოს ნაკბენიდან შეჭრილი ინფექციით, რომელმაც გამოიწვია სისხლის მოწამვლა და პნევმონია. მის უეცარ გარდაცვალებას მოჰყვა მითქმა-მოთქმა მუმიის წყევლაზე, რომელსაც სიკვდილი ან უბედურება მოჰქონდა მათთვის, ვინც სიმშვიდეს დაურღვევდა ფარაონის განსასვენებელს.
თუმცა, კარტერი მაინც არ დამფრთხალა და სამუშაო განაგრძო; ამჯერად მას უკვე მხარს უჭერდა ლორდ კარნარვონის ქვრივი, ლედი ალმინა კარნარვონი. მაგრამ თანდათან ეგვიპტის ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო გათხრებში და კარტერმაც მუშაობა შეწყვიტა პროტესტის ნიშნად. მას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, სანამ კვლავ აღიდგენდა გათხრების ჩატარების უფლებას, თუმცა ამისთვის კარტერს და ლედი ალმინას ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილ ყველა ნივთზე საკუთრების უფლების დათმობა მოუწიათ.
სამარხში აღმოჩენილმა ნივთებმა წინააღმდეგობრივი დასკვნები გამოიწვია ტუტანხამონის ხანმოკლე სიცოცხლის შესახებ. ზოგიერთ ექსპერტს სჯერა, რომ ის ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, სხვებს კი იგი ხეიბრად წარმოედგინათ.
1925 წელს კარტერმა განაახლა მუშაობა. იგი ერთმანეთში ჩაწყობილი კუბოების დაშლაზე იყო კონცენტრირებული, რაც გოლიათურ შრომასა და საზრიან ტექნიკას მოითხოვდა. შუაგულში მდებარე კუბო სუფთა ოქროსი იყო და 110 კილოგრამს იწონიდა. მასში განისვენებდა ტუტანხამონის მუმიფიცირებული ნეშტი გასაოცარი ოქროს ნიღბით, რომელიც თავსა და მხრებს ფარავდა. ეს არტეფაქტი ეგვიპტის დიდებული წარსულის სიმბოლოდ გადაიქცა.
გასული საუკუნის განმავლობაში ჩატარდა არაერთი ავტოფსია, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, დნმ-ის ტესტები და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ნათელს მოვფენდით ტუტანხამონის წარმომავლობას, მისი სიცოცხლის დეტალებსა და სიკვდილის მიზეზს. თუმცა, კვლავ და კვლავ, არსებული ცნობები მიუთითებს სხვადასხვა სურათზე, რომელიც მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ტუტანხამონის მამა, დიდი ალბათობით, ფარაონი ეხნატონია, ხოლო დედის სახელი დღემდე მეცნიერთა დავის საგანია. ისინი და-ძმანი იყვნენ, რამაც მათ შვილებში გენეტიკური დეფექტების ალბათობა გაზარდა. ტუტანხამონის შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ სამეფო ინცესტს მიეწერებოდეს დეფორმირებული ტერფი – თანდაყოლილი დეფექტი.
მისი დაბადების სახელი იყო არა ტუტანხამონი, არამედ, ტუტანხატონი – „ატონის ცოცხალი ხატება“. ეხნატონმა, რომელსაც ხშირად უწოდებენ „მწვალებელ ფარაონს“, ეგვიპტური ღმერთების ტრადიციულ პანთეონს ზურგი აქცია და თაყვანი სცა ერთადერთ ღვთაებას – ატონს. ეხნატონმა („ატონის მსახური“) დახურა ტაძრები, ხელში ჩაიგდო ქურუმების ძალაუფლება თუ სიმდიდრე და თავი აღიმაღლა ცოცხალი ღმერთის სტატუსამდე.
ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ადის 8 ან 9 წლის ტუტანხატონი. მოგვიანებით იგი მიუბრუნდება ძველ ტრადიციებს – ეჭვგარეშეა, ამ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებენ მრჩევლები და ქურუმები, რომელთაც ძლიერ ეწადათ თავიანთი პოზიციების კვლავ გაძლიერება. მისი სახელი გახდება ტუტანხამონი – „ამონის ცოცხალი ხატება“ – და ცოლად შეირთავს ეხნატონისა და დედოფალ ნეფერტიტის ქალიშვილს, სახელად, ანხესენამონს (სავარაუდოდ, თავის ნახევარდას). ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილი ორი მუმიფიცირებული ნაყოფი, როგორც ჩანს, მისი ორი მკვდრადშობილი ქალიშვილი იყო.
სამარხის ნივთებს მკვლევრები წინააღმდეგობრივ დასკვნებამდე მიჰყავს მისი ხანმოკლე სიცოცხლის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი სამარხში აღმოჩენილი უამრავი სასროლი ჯოხისა თუ ეტლების საფუძველზე აცხადებს, რომ ეს ახალგაზრდა ფარაონი ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა – ნადირობდა და საომარ მოქმედებებშიც ერთვებოდა. სხვები მიუთითებენ დიდი რაოდენობის ხელჯოხსა და დეფორმირებულ ტერფზე, რის საფუძველზეც, მათი აზრით, ტუტანხამონი ხეიბარი უნდა ყოფილიყო.
ტუტანხამონის სიკვდილის არაერთი მიზეზი სახელდებოდა: უბედური შემთხვევა ეტლით მსვლელობისას, ბეჰემოთის თავდასხმა, მალარია და მკვლელობა. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ეს ახალგაზრდა მმართველი უეცრად და მოულოდნელად გარდაიცვალა; მის მსახურებს მოუწიათ, ტუტანხამონისთვის სასწრაფოდ გამოეყოთ მომცრო, დაუმთავრებელი სამარხი და იქ არაორგანიზებულად შეეზიდათ უამრავი დასაკრძალი ნივთი, რომელთაგან ზოგიერთი, სავარაუდოდ, სულაც სხვა დიდებულებისთვის იყო დამზადებული.
ტუტანხამონის მომდევნო ფარაონები შეეცდებიან, რომ მწვალებელი ეხნატონისა და მის მოკავშირეთა კვალი ძირეულად ამოშალონ ისტორიიდან – მათ შორის, ახალგაზრდა ფარაონის დაბადების სახელი – ტუტანხატონი. ამგვარად, კარტერისა თუ სხვა მკვლევართათვის, ჭაბუკი ფარაონის ძიება ჰგავდა მოჩვენების დევნას. „მისი იდუმალი ცხოვრება დღემდე ხელიდან გვისხლტება“, – დაწერა კარტერმა. „ღრუბელი იფანტება, მაგრამ სრული ნათელი არასოდეს დგება“.

