მნიშვნელოვანი ამბების თხრობა
ძვირფასო მკითხველო,
ყოველთვის მსურდა რაღაც შემეცვალა, ჩემი წვლილი შემეტანა უკეთესი მსოფლიოს შექმნაში. აი, ამიტომ გავხდი ჟურნალისტი 42 წლის წინ და მოვედი National Geographic-ში.
მთავარი რედაქტორის რანგში ეს ჩემი უკანასკნელი წერილია თქვენთვის. მე მადლობელი ვარ იმ 8 წლის, რომლის დროსაც არაერთი ჯილდოს მფლობელ, არაჩვეულებრივ ჟურნალისტებთან ვიმუშავე.
მე ვტოვებ National Geographic-ს და ვიწყებ უნივერსიტეტში მუშაობას. არიზონის უნივერსიტეტში ყოველმხრივ ვეცდები, რომ ჟურნალისტიკა გავაძლიერო თავისუფალი პრესისთვის ასეთ რთულ პერიოდში. ამასთან, ვიმუშავებ ამბების მთხრობელთა მომავალ თაობასთან, რომელმაც კიდევ უფრო ძლიერ უნდა გააშუქოს კლიმატის ცვლილების მსგავსი მწვავე საკითხები.
National Geographic-ში მუშაობისას მივხვდი, რომ მსგავსი თემების გაშუქებას თავსატეხები ახლავს: როგორ უნდა მოვყვეთ ამბების პირდაპირი გადმოცემისას ეგზისტენციურ საფრთხეებზე ისე, რომ მკითხველი ბოლომდე ჩაერთოს, მაგრამ უიმედობის განცდაც არ დარჩეს? როგორ უნდა გააღვიძოს ჟურნალისტიკამ აუდიტორიის ცნობისმოყვარეობა, ხელი შეუწყოს თემების ღრმად გააზრებას და ადამიანები მომართოს პრობლემათა მოგვარების გზების საძიებლად? ჩვენ მუდამ ამ ბალანსის მიღწევას ვცდილობდით და, ამასთან, ამბებს ვიზუალურადაც ვამდიდრებდით.
National Geographic-ში ყოველდღიურად კვალდაკვალ მივდევთ იმ სიახლეებს, რომლებიც ხდება მეცნიერებასა თუ გარემოში. ზემოთ წარმოდგენილ ჩვენი ჟურნალის გარეკანებზე წარმოჩენილია უკანასკნელი 8 წლის გამორჩეული თემები.
განვლილი წლების ცქერისას მეამაყება, რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა გენდერი და რასა; მეამაყება, რომ საკუთარ საქმედ ვაქციეთ მსოფლიოს საოცრებათა წარმოჩენა; მეამაყება იმ პროგრესისა, რომელსაც მივაღწიეთ ამბების მთხრობელთა, ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების მრავალფეროვანი გუნდის შეკვრაში.
აქაურ კოლეგებთან თანამშრომლობა ჩემთვის მართლაც პატივი იყო. National Geographic-ში მუშაობა საშუალებას მაძლევდა მისი ხანგრძლივი მემკვიდრეობა გაგვეცოცხლებინა დღევანდელი აუდიტორიის წინაშე. მადლობას გიხდით, რომ ამ გზაზე ჩემთან ერთად იმოგზაურეთ.
და, გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.