მოდის მომავალი: პლანტაციიდან კარადამდე
ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ერთი ინდონეზიური ბრენდი სრულიად მდგრადი ტანსაცმლის დამზადებისა და გაყიდვის ახალ მოდელს ქმნის
მოდის მომავალი: პლანტაციიდან კარადამდე
ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ერთი ინდონეზიური ბრენდი სრულიად მდგრადი ტანსაცმლის დამზადებისა და გაყიდვის ახალ მოდელს ქმნის
დეკემბრის ერთ ტენიან დილას შავ ჟილეტსა და მოშვებულ ქვედაბოლოში გამოწყობილი ქალი მოპედით დასეირნობს მაღალმთიანი ამბარავის ოლქის პატარა სოფელში. ჯერ ტროპიკული მცენარეებითა და ფრინველის გალიებით მორთულ სახლებს ჩაუვლის, შემდეგ კი ტყეში შეგრიალდება. ეს ადგილი – ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან 480 კილომეტრის მოშორებით – სავსეა სხვადასხვა მცენარეული კულტურის ბუჩქებითა და ხეებით, კასავისა და ყავის ჩათვლით. მაგრამ 34 წლის დენიკა რიადინი-ფლეში თავისი ქვეყნის ამ კუნჭულში ტყის ნიადაგის მოსანახულებლად მივიდა. ბანანის, პაპაიასა და ქოქოსის ხეების ჩრდილში ის რევოლუციის დათესვას ცდილობს – ინდიგოფერას ასობით ხასხასა მცენარის სახით, რომლებიც ნიადაგზე მბზინავ მომწვანო ელფერს აფენს.
რიადინი-ფლეში SukkhaCitta-ს დამფუძნებელია, მოდის ბრენდის, რომელიც ასობით ინდონეზიელ მიწათმოქმედსა და ოსტატთან თანამშრომლობს იავასა და მეზობელ ბალიზე, ფლორესსა და დასავლეთ ტიმორში. სწორედ მისმა კომპანიამ მისცა ბიძგი ამ სწრაფად მზარდი მცენარეული კულტურის წარმატებას. ინდიგოფერა გვხვდება მრავალი სახესხვაობით, თუმცა ამბარავაში გავრცელებულ ტიპს უხვი მზის სხივები სჭირდება. რიადინი-ფლეშმა გააცნობიერა, რომ მცენარის სწრაფი ზრდა ხეების ჭრას მოითხოვდა. ამის ნაცვლად, მან მიწათმოქმედებს ალტერნატივა შესთავაზა: გამძლე ჯიში, სახელად ასამის ინდიგო, რომელიც ჩრდილში ხარობს. დღეს ეს ტყე სავსეა ინდიგოფერათი, რომელიც ადგილობრივებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავალს აწვდის, თან კი SukkhaCitta-ს ფერად-ფერადი ტანსაცმლისთვის ხასხასა საღებავს ქმნის.
ბრენდი SukkhaCitta ქარხნული ტანსაცმლის ალტერნატივას გვთავაზობს. ის მუშაობს აგრომეურნეებთან, რომლებსაც ბამბა რეგენერაციული მეთოდით მოჰყავთ
მათ შორისაა რიადინი-ფლეშის სამოსიც, რომელმაც მცენარეული შავი ფერი მას შემდეგ მიიღო, რაც ფერმენტირებული ინდიგოფერას ფოთლებში 30-ჯერ ჩააწეს. სწორედ ასეთი სკრუპულოზური პროცესი უდევს საფუძვლად SukkhaCitta-ს პასუხისმგებლობიან, ეთიკურ მოდის ბრენდს. რიადინი-ფლეშის ჟილეტი 320 დოლარად იყიდება, ხოლო შემოსახვევი ქვედაბოლო დაახლოებით 500 დოლარი ღირს – ეს ფასი თითოეულ ქსოვილში ჩადებულ საგულდაგულო შრომას ასახავს.
ინდიგოფერა SukkhaCitta-ს სრულიად გამჭვირვალე მიწოდების ჯაჭვში მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია. ამ ბრენდის „პლანტაციიდან კარადამდე“ კოლექციის თითოეული ქსოვილი 100%-ით მცენარეული ნაწარმია, დაწყებული ბუნებრივი ბოჭკოებით, დამთავრებული ნიადაგის აღმდგენი მეთოდით გაზრდილი მცენარეების საღებავებით. ბამბის ბოჭკოს ხელით ართავენ და ხელის საქსოვ დაზგებზე ქსოვენ. ადგილობრივი ოსტატები იყენებენ დაჩითვის მეთოდს, ბატიკას, შემდეგ კი ქსოვილს ფერადი ბუნებრივი საღებავებით სავსე ვარცლში აწობენ, მზეზე აშრობენ, ჭრიან და კერავენ. მთელ ამ პროცესს – მცენარის დათესვიდან ქსოვილის დამზადებამდე – დაახლოებით 60-180 დღე სჭირდება. დასრულებულ სამოსს ყიდიან SukkhaCitta-ს ჯაკარტის მაღაზიაში, ონლაინმაღაზიაში ან სინგაპურისა და ნიუ-იორკის საგულდაგულოდ შერჩეულ ბუტიკებში – ქალაქებში, სადაც ადამიანები უფრო და უფრო მეტად ირჩევენ ბრენდებს, რომლებიც თავიანთ პრიორიტეტად სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს განსაზღვრავენ.
ეს ეგრეთ წოდებული „ნელი მოდის“ მოძრაობა „სწრაფი მოდის“ ღირებულებათა საპირწონედ აღმოცენდა. დღეს მსოფლიოში სწრაფი მოდა დომინირებს – მას ახასიათებს ქარხნული, ჭარბი წარმოება და ნარჩენები. დღევანდელი ტანსაცმლის ბრენდების უმეტესობა სწორედ პოლიესტერის იაფფასიანი მაისურებისა და სპანდექსის რეიტუზების ასმილიარდდოლარიან ინდუსტრიას უწყობს ხელს, ეს კი მშრომელებისა და გარემოს ექსპლუატაციას იწვევს. ინდონეზიის მდინარე ჩიტარუმს, სასმელი და სარწყავი წყლის მთავარ წყაროს, ტოქსიკური ქიმიკატებით აბინძურებს ტექსტილის საწარმოები, რომლებიც მის ნაპირებზეა ჩამწკრივებული. მსოფლიოში ამ ინდუსტრიის კვალი კიდევ უფრო დიდია: ჩრდილოეთ ჩილეს ატაკამის უდაბნოთი დაწყებული, განის დედაქალაქ აკრის ნაგავსაყრელით დამთავრებული, გადაყრილი ტანსაცმელი ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად ხვავდება.
რიადინი-ფლეში ფიქრობს, რომ, თუ მყიდველს აუხსნი, როგორ იწარმოება მისი ტანსაცმელი – თუ მას უამბობ მცენარეებზე, რომლებითაც ქსოვილს ღებავ ან ოსტატებზე, რომლებიც ტანსაცმელს კერავენ – მათ უფრო ღრმა კავშირი გაუჩნდებათ საკუთარ სამოსთან. ისინი უფრო დააფასებენ როგორც ხელობას, ისე თავად ნივთს და გაიაზრებენ, რომ მათი მსყიდველობითი არჩევანი ზემოქმედებს როგორც ადამიანებზე, ისე დედამიწაზე. დენიკა რიადინი-ფლეშს უკვე ჰყავს გავლენიანი მხარდამჭერები. SukkhaCitta-ს სამოსში შეუმჩნევიათ Coldplay-ს წევრი კრის მარტინი, National Geographic-ის მკვლევარი და ოკეანოგრაფი სილვია ერლი და ცნობილი ვიოლონჩელისტი იო-იო მა. „დენიკას მოგზაურობა კულტურული აზროვნების საუკეთესო მაგალითია, რომელიც იმუხტება სურვილით, შენს საქმეში დიდი შრომა ჩადო თავით, გულითა და ხელებით“, – ამბობს იო-იო მა SukkhaCitta-ს დამფუძნებელზე.

SukkhaCitta არ არის პირველი ბრენდი, რომელიც მოდის შექმნის ალტერნატიულ გეგმას გვთავაზობს. ამ გზაზე აღნიშნული კომპანია ფუნდამენტურ რეალობასაც შეეჩეხა: ზრუნვითა და ეთიკური განზრახვით შექმნილი ტანსაცმელი აუცილებლად ძვირი იქნება ალტერნატივებთან შედარებით. მაგრამ რიადინი-ფლეშის აზრით, თუ მყიდველები გაიაზრებენ პროდუქტის არამატერიალურ ღირებულებას, ისინი იმასაც მიხვდებიან, რომ იაფფასიანი ქსოვილები გაცილებით დიდ ხარჯს გვაკისრებს. „ტანსაცმელი სამყაროს არ შეცვლის. სამყაროს შეცვლიან ადამიანები, რომლებიც ამ ტანსაცმელს ატარებენ“, – ამბობს იგი. მისი ეს მოგზაურობაც იმაზე ფიქრით დაიწყო, თუ როგორ შეეძლო საკუთარი ცოდნის სხვა ადამიანებისა და დედამიწის გასაძლიერებლად გამოყენება.

ინდონეზიამ ბოლო დროს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება შეძლო, თუმცა მოსახლეობის 9%-ს – დაახლოებით 24 მილიონ ადამიანს, რომელთა უმეტესობაც სოფლად ცხოვრობს – ისევ უჭირს საარსებო მინიმუმის გამომუშავება. რიადინი-ფლეში ჯაკარტაში გაიზარდა, სადაც მან საკუთარ თავზე გამოცადა ქვეყანაში ფესვგამდგარი უთანასწორობა. უნივერსიტეტში განვითარების ეკონომიკას სწავლობდა. მსოფლიო ბანკში მუშაობის დროს სიმართლეს თვალებში ჩახედა, როდესაც 2013 წელს სოფლებში დაიწყო მოგზაურობა.
რიადინი-ფლეშმა მოდაზე არაფერი იცოდა, მაგრამ ერთ დღეს ქალაქ ტუბანის შემოგარენ სოფელში, აღმოსავლეთ იავაზე, ბატიკის სამი ოსტატი გაიცნო. ქალებმა უთხრეს, რომ ეს ძველი ხელობა – რომლის დროსაც ქსოვილს ბუნებრივი საღებავებით ფერავენ – დედებისგან ჰქონდათ ნასწავლი. მაგრამ ეს ტრადიცია საფრთხეში იყო. რესურსების ნაკლებობის ფონზე ისინი უფრო იაფ და მარტივად საშოვნელ ქიმიურ საღებავებზე გადავიდნენ, რომლებიც ბატიკის ოსტატებს ფილტვებს უწვავდა და მათი გამოყენების შემთხვევაშიც კი პროდუქციას ბევრად უფრო ნელა აწარმოებდნენ, ვიდრე ქარხნები. თითოეული მათგანი დედა – ანუ „იბუ“ – იყო. მათ ოჯახები ჰყავდათ გამოსაკვები.
ამ დრომდე რიადინი-ფლეშს არასოდეს უფიქრია, თუ როგორ იქმნებოდა ტანსაცმელი. „მივხვდი, რომ უნებლიეთ მეც პრობლემის ნაწილი ვიყავი“, – ამბობს იგი.
შემდგომ თვეებში რიადინი-ფლეშმა მოდის თანამედროვე მიწოდების ჯაჭვში სხვა პრობლემებიც შეამჩნია. ეს პრობლემები გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ოსტატებზე, არამედ მიწათმოქმედებზე, რომლებმაც ბამბის მაგივრად სიმინდის მსგავსი მონოკულტურული მოსავლის მოყვანა დაიწყეს. აგრარული მრავალფეროვნების შემცირებასთან ერთად, დაზიანდა მიწის, მცენარეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობა. ეს ძველი პრაქტიკა – როგორც ქსოვილთან, ისე მიწასთან მუშაობა – სოფლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; მათ უბრალოდ აღდგენა სჭირდებოდა. რიადინი-ფლეშმა გაიაზრა, რომ ცვლილებების გამოწვევა ნელ მოდას შეეძლო.
ინდონეზიაში მკაცრი კლასობრივი დაყოფის გამო თავიდან „იბუები“ რიადინი-ფლეშს ერიდებოდნენ. მას მხოლოდ 2000 დოლარის ინვესტირება შეეძლო და ეს ფული მთლიანად ბატიკის ოსტატებს გადაუხადა, საარსებო მინიმუმი რომ გამოემუშავებინათ, შედეგად კი შექმნა პირველი ნიმუში: ბენდენა სახელად „კუპუ“, ანუ პეპელა. 2019 წლისთვის, თავისი კომპანიის დაფუძნებიდან სამი წლის შემდეგ, ტუბანის და მახლობელი ადგილების მოსახლეებში კომპანიის მიმართ საკმარისი ინტერესი გაჩნდა, რომ ამ ხელობის შემსწავლელი პირველი სკოლა გაეხსნა. სკოლა დააფინანსა „Rumah SukkhaCitta Foundation-მა“. ის კომპანიის მოგებით, შემოწირულებებით, გრანტებითა თუ არაკომერციული ორგანიზაციებისა და დამხმარე ჯგუფების ანტრეპრენიორული პრემიებით ფინანსდება.
სკოლებში ტარდება სემინარები, რომლებზეც ოსტატები ახალგაზრდა თაობებს ბატიკის ტექნიკას ასწავლიან, აგრომეურნეები კი ბამბის მოყვანის რეგენერაციულ გზებზე იღებენ ინფორმაციას. სოფლის მცხოვრებლები ახლა უკვე აქაურ ტექნიკას, „ტუმპანგ სარის“ იყენებენ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მცენარის მოყვანას ანიჭებს უპირატესობას, რათა მათ ერთმანეთი ასაზრდოონ. მაგალითად, ბამბას თესავენ სიმინდის გვერდით, რომ მან ჩრდილი შექმნას; წიწაკა მავნებლებს ირიდებს, ხოლო მიწის თხილი ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. ამ მიდგომით ადგილობრივი ინდონეზიელები SukkhaCitta-სთვის ბამბას აწარმოებენ, პარალელურად კი ოჯახისთვის საკვები მოჰყავთ, ზედმეტ ბოსტნეულსა და თხილეულს კი ყიდიან.
დღეს რიადინი-ფლეში და „იბუები“ ერთი ოჯახივით არიან. თავისი უკანასკნელი ვიზიტისას რიადინი-ფლეში ქალებს ელაქლაქებოდა, სანამ ისინი თავიანთ ხელსაწყოებს, „ტჯანტინგებს“, ცხელი ცვილის თასებში აწობდნენ და ქსოვილზე მაქმანები გამოჰყავდათ. ხელობის დაბრუნებით ქალებმა იდენტობაც დაიბრუნეს. „ჩვენს ძარღვებში სისხლის მაგივრად ცხელი ცვილი ჩქეფს“, – უთხრა ერთმა „იბუმ“ რიადინი-ფლეშს.
მარცხნივ: SukkhaCitta-ს დაფუძნებულ სკოლაში პრაქტიკოსები ინდიგოფერას საღებავს ძველი ტექნიკით იღებენ. ფოთლებს ბეტონის ავზში უკეთებენ ფერმენტაციას, შემდეგ კი წყლისა და კირქვის შერევით სქელ, ქაფიან სითხეს ქმნიან. მარჯვნივ: მუჰამად კოერულ უმანს, ახალმოკრეფილი ასამის ინდიგო უჭირავს. რეგენერაციული მეთოდით მოყვანილი ბამბის მსგავსად, ინდიგოფერასაც ყავისა და კასავის მახლობლად რგავენ, რათა მიწასა და ეკოსისტემას ჯანმრთელობა შეუნარჩუნონ.
SukkhaCitta პირველივე დღიდან მუშაობს პარტნიორ სოფლებში მობინადრე ადამიანთა ცხოვრების სტანდარტის ამაღლებაზე. ამის ნაწილია კომპანიის შემოსავლით გრანტების დაფინანსება იმ ადგილობრივი მოსახლეებისთვის, რომელთაც სამეურნეო მიწის ყიდვა სურთ.
32 წლის ლინა სეტიოვატიმ SukkhaCitta-სგან მიღებული გრანტით ერთი ჰექტარი ნაკვეთი იყიდა და სარეველების ჰერბიციდებითა თუ ქიმიური სასუქებით დეგრადირებული მიწა ისევ გააჯანსაღა. დღეს ის „ტუმპანგ სარის“ პრინციპებით ხელმძღვანელობს და ბამბის მოსავალს ელოდება. მიწა „უფრო ჯანსაღია“, – ამბობს იგი.
რაც მთავარია, ის მისია.
სხვა ანტრეპრენიორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნელი მოდის თავიანთ ბიზნესკომპანიებს ქმნიან. რას არ იპოვით: პერუში ალპაკას ეთიკურად მოპოვებული მატყლისგან დამზადებული ჯემპრით დაწყებული, სიცილიური კაქტუსებისა და ფორთოხლისგან დამზადებული ვეგანური ტყავით დამთავრებული. ბოლო დროს ანჯელინა ჯოლიმ მანჰეტენზე სახელოსნო გახსნა, სადაც ადამიანებს თავიანთი სამოსისგან ახალი, უნიკალური დიზაინის ტანსაცმლის დამზადება შეუძლიათ. თავად რიადინი-ფლეშს მოსწონს ფრანგული ბრენდი Veja, რომელიც ორგანული ბამბისა და ამაზონის კაუჩუკისგან კედებს ამზადებს.

რიადინი-ფლეშის აზრით, ასეთი წამოწყებები ადამიანებს იმის გააზრებაში ეხმარება, რომ ექსპლუატაციური მოდის ალტერნატივებიც არსებობს. „სხვებს კონკურენტებად არ მივიჩნევ, – ამბობს იგი, – მთავარია პარადიგმის ცვლილება“.
მისი ერთ-ერთი უახლესი პროექტი იყო 2024 წლის ნოემბერში ჯაკარტაში, ძვირადღირებულ მოლში დროებითი ბუტიკის გახსნა. იქ ყველანაირი სამოსი შეგხვდებათ – გეომეტრიული ვარსკვლავებით მოწინწკლულ, ინდიგოფერათი შეღებილ მაისურს თუ იავის ოქროსფერი ხილით, ჯელავეთი ყვითლად შეღებილ კაბას, მაგრამ ამ მაღაზიის მთავარი ფუნქციაა SukkhaCitta-ს მიწოდების ჯაჭვის შესახებ „მოგზაური“ გამოფენის მასპინძლობა. აქ ნახავთ მიწას მინის კონტეინერებში, გაეცნობით ბამბის ბუჩქის სასიცოცხლო ციკლს და უყურებთ ვიდეოინტერვიუებს „იბუებთან“, რომლებშიც კარგად ჩანს თითოეული ნივთის მიღმა გაწეული შრომა და საქმეში ჩადებული სიყვარული. რიადინი-ფლეშს იმედი აქვს, რომ ამ გამოფენას სხვა ქვეყნებშიც გაიტანს.
ნაწილობრივ სხვა ბრენდების სამოტივაციოდ, რიადინი-ფლეში თავისი ბრენდის წარმატებასაც ზომავს შრომის სამართლიანი პირობებისა და ეკოლოგიური ზეგავლენის სერტიფიკატების აღებით. ამ მოწმობებს კი გასცემენ მეთვალყურე ჯგუფები, როგორებიცაა ეთიკური სამუშაო სტანდარტების შემმოწმებელი არაკომერციული ორგანიზაცია Nest-ი; ასევე, კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი ორგანიზაცია Science Based Targets-ი, რომელიც სათბურის აირებს ზომავს. ბოლო დროს SukkhaCitta გახდა ინდონეზიაში მოდის სფეროს პირველი კომპანია, რომელმაც B Corp-ის სერტიფიკატი მოიპოვა, როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულმა ბიზნესმა. ბრენდის მიდგომა მოიცავს როგორც ბიზნესგამჭრიახობას, ისე სოციალურ მისიას. SukkhaCitta-ს მიზანია არა მხოლოდ მოგების, არამედ „გავლენის გაზრდა“, – ამბობს სარა შვიმერი, B Lab Global-ის, მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის, მმართველი. „რიადინი-ფლეში ახალ გზებს კვალავს“, – ამბობს იგი.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ამ ბრენდმა გახსნა ოთხი დამატებითი სკოლა და პლატფორმა, სადაც სხვებსაც შეუძლიათ SukkhaCitta-ს რეგენერაციული მასალის ყიდვა. ის გახდა 11 სოფლის პარტნიორი. დღემდე SukkhaCitta-ს წყალობით ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლო 50 ჰექტარი კომერციული სასოფლო-სამეურნეო მიწის გარდაქმნა, რამაც 1500-ზე მეტ ადამიანზე იქონია გავლენა. 2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მისწვდეს 970 ჰექტარს და 10 000-მდე ადამიანს.
არის რაღაცები, რასაც SukkhaCitta არ გააკეთებს: მაგალითად, მოდის ტრადიციულ სეზონურ კალენდრებზე აყოლა ან ოსტატებისა და მიწის გადატვირთვა. თუ კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნა სწრაფად გაიზრდება და მიწოდება ვერ დაეწევა, ეს ნივთი დროებით გაყიდვაში აღარ იქნება.
„სასრულ პლანეტაზე უსასრულო ზრდა ვერ გექნება“, – ამბობს რიადინი-ფლეში. ეს სიბრძნე „იბუებმა“ გაუზიარეს. მათ რიადინი-ფლეშს ფილოსოფიური ფრაზაც ასწავლეს, რომელიც მისთვის შთაგონების ყოველდღიური წყაროა: „ურიპ იკუ ურუპ“ – ჩვენი მისიაა, შემოვიტანოთ სინათლე.