
მოდით, კოსმოსში მხოლოდ ქალები გავუშვათ
კოსმოსში ხანგრძლივი მისიებისთვის ქალებს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შესაფერისი მონაცემები აქვთ. მაშ, საერთოდ რატომღა უნდა მიდიოდნენ მამაკაცები?
თუკი პლანეტათშორისი კოსმოსური მისიისთვის ალაგებთ ბარგს – ისეთისთვის, ძალზე გრძელი რომაა და შორეული სამყაროს დასახლებას გულისხმობდეს – მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟის გაგზავნა შეიძლება გონებამახვილურ არჩევანს წარმოადგენდეს.
სანამ წარბს ასწევთ, გაიხსენეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) მხოლოდ სრულად მამაკაცებით დაკომპლექტებულ ეკიპაჟებს კრებდა და უშვებდა. რეალურად, იმ 58 წელიწადში, რაც დედამიწელები ადამიანს ორბიტაზე უშვებენ, დაახლოებით 11% (63 ადამიანი) იყო ქალი.
თუმცა, ქალებს შეიძლება გარკვეულწილად უკეთესი მონაცემები ჰქონდეთ კოსმოსური მოგზაურობისთვის, ვიდრე მამაკაცებს.
მოდით, ყურადღება გავამახვილოთ ოთხ ფაქტორზე: ჩვეულებრივ, ქალები უფრო მცირე ზომისანი არიან. ქალები კოსმოსური ფრენის ზოგიერთ პრობლემურ ფიზიკურ ზეგავლენას ნაკლებად განიცდიან. ქალებს აქვთ გარკვეული თანდაყოლილი პიროვნული თვისებები, რომლებიც უფრო ხელსაყრელია ხანგრძლივ მისიებში. დაბოლოს, სხვა სამყაროს დასახლებას რეპროდუქცია სჭირდება, ჯერჯერობით კი ეს ქალების გარეშე შეუძლებელია.
პირველ რიგში, წონის უპირატესობა. უფრო მსუბუქი ადამიანების გაგზავნა აშკარად გონივრულია, რადგან რაკეტით დიდი წონის კოსმოსში გაშვება საწვავს მოითხოვს, რაც ფული ღირს. „ზოგიერთი ჩვენგანი წლების განმავლობაში ვვარაუდობდით, რომ მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი – ან თუნდაც შედარებით მცირე ზომის პირებით დაკომპლექტებული გუნდი – ხელსაყრელი იქნებოდა მისიის ჯამური წონის თვალსაზრისით“, – ამბობს უეინ ჰეილი, NASA-ს ყოფილი ინჟინერი და კოსმოსური შატლის პროგრამის ყოფილი მენეჯერი.
კოსმოსში ექვსი შედარებით მომცრო ტანის ქალის თვეობით ან წლობით გაშვება მნიშვნელოვნად ნაკლებხარჯიანი შეიძლება იყოს, ვიდრე ექვსი ზორბა ჯეელისა, თანაც სხეულის ნაკლები წონა ამის მხოლოდ მცირე ნაწილია. დანარჩენი განსხვავებები გამომდინარეობს უფრო მცირე ზომის ადამიანთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვების, ჟანგბადისა და სხვა რესურსების ოდენობიდან – მამაკაცი დღეში, საშუალოდ, 15-25%-ით მეტ კალორიას საჭიროებს, ვიდრე ქალი.
ამ განსხვავებას 2013 წელს ქეით გრინი სწავლობდა მარსის ჰაბიტატში ოთხთვიან სიმულირებულ მისიაში მონაწილეობისას. გრინის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მისი თანაეკიპაჟელების მეტაბოლურ დანახარჯებზე დაკვირვება. ქალები დღეში, საშუალოდ, მათი მამაკაცი კოლეგების მიერ მოხმარებული კალორიების ნახევარზე ნაკლებს ხარჯავდნენ, მიუხედავად აქტივობის მსგავსი დონეებისა.
გარდა ამისა, შედარებით მომცრო ტანის ადამიანები ნაკლებ ნარჩენებს გამოყოფენ (მაგალითად, ნახშირორჟანგსა და სხვა ბიოლოგიურ გამონაყოფს), რაც ამ ნარჩენის გადასამუშავებლად და მოსაშორებლად დაპროექტებულ კოსმოსური ხომალდის სისტემებზე ნაკლებ მოთხოვნასაც გულისხმობს.
მიუხედავად მონაცემების სიმწირისა, ქალის ორგანიზმი ოდნავ უკეთესად უძლებს კოსმოსურ ფრენას.
დედამიწის მაგნიტურ ფარს მიღმა უფრო სწრაფად ექცევი საზიანო რადიაციის ზემოქმედების ქვეშ, რაც სიმსივნის გაზრდილ რისკსა და სხვა სირთულეებს იწვევს. გარდა ამისა, მიკროგრავიტაციაში ვერც უჯრედები და ვერც მთელი სხეული გრძნობს, რომელი მიმართულებაა ზემოთ და რომელი – ქვემოთ. სითხეები გადანაცვლდება, იმუნური რეაქცია სუსტდება, ზოგიერთი გენი არსებითად იცვლის გენის ექსპრესიის პროფილს და ქვეითდება მხედველობა.
პროგრამა „მერკურის“ პირველივე დღეებიდან NASA აგროვებდა და აანალიზებდა თავისი ასტრონავტების სამედიცინო მონაცემებს კოსმოსურ ფრენაზე მათი საპასუხო ფიზიოლოგიური რეაქციების შესწავლის გზით. სქესით განპირობებული განსხვავებების შესახებ დასკვნები წინასწარია, თუმცა, როგორც ჩანს, მამაკაცებს კოსმოსში ნაკლებად ემართებათ ზღვის ავადმყოფობის მსგავსი რამ, მაგრამ მათ უფრო სწრაფად უქვეითდებათ სმენა. ქალებში საშარდე გზების ინფექციების შედარებით მაღალი დონე შეინიშნება (მაგრამ ეს პრობლემა არაა მხოლოდ კოსმოსური ფრენისთვის დამახასიათებელი და ფართოდაა გავრცელებული).
მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცები მიდრეკილნი არიან გაუარესებული მხედველობისადმი, რაც ქალებში არც ასე ხშირია და არც ასე მძაფრი.
რამდენად კარგად ეგუებიან ერთმანეთს სრულად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის წევრები, თუკი თვეობით ან წლობით უწევთ ვიწრო კოსმოსურ ხომალდში გამომწყვდევა?
ხანგრძლივი მისიების წარმატებისა თუ მარცხის ფაქტორების განსასაზღვრმა მცირერიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ, როგორც წესი, მამაკაცები კარგად ასრულებენ მცირეხნიან მისიებს, ხოლო ქალები უკეთ ართმევენ თავს ხანგრძლივ და თანაცხოვრების პრინციპზე დაფუძნებულ გარემოებებს.
დაბოლოს, საკითხი, რომელიც ალბათ ყველაზე ნაკლებ საჩქარო, მაგრამ ყველაზე მეტად პროვოკაციულია: შორეული პლანეტის დასახლება. ამ მიზნით, მარტივად გაგზავნიდით სამ-სამი ქალისა და მამაკაცისგან შემდგარ ეკიპაჟს. მაგრამ, რატომ უნდა გაემგზავრონ მამაკაცები, როდესაც შეიძლება მომავალი თაობების მოსავლენად მხოლოდ მათი `წვლილი“ გაიგზავნოს, პაწაწინა ამპულებში შეგროვილი და კრიოკონსერვირებული? მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟისა და სპერმის ბანკის გაგზავნა კოსმოსურ პროგრამას ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს და, ამავდროულად, მშობლების გენოფონდის მრავალფეროვნებასაც გაზრდის.
მოდით, განვიხილოთ. წონის და ხარჯის თანაფარდობის, ფიზიკური ზემოქმედების ამტანობის, ფსიქოსოციალური უნარებისა და „ასტრობავშვების“ შობის შესაძლებლობის თვალსაზრისით, ერთი შეხედვით, ქალები კარგად შეეფერებიან ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობას. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ამ მისიებში მამაკაცების გაგზავნა უსაფუძვლოა?
სულ მთლად ასეც არ არის საქმე. ჯგუფის დინამიკის მონაცემების თანახმად, შერეული სქესის გუნდები ყველაზე წარმატებულნი არიან.
192 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კაცები იყვნენ. როდესაც მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგს ჰკითხეს, თუ როდის იქნებოდნენ სასამართლოში საკმარისი რაოდენობის ქალები, მისი პასუხი ზოგიერთისთვის შოკისმომგვრელი იყო: „როდესაც ცხრანი [100%] იქნებიან“. მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული ასტრონავტების ეკიპაჟი არასოდეს გაფრენილა, სამაგიეროდ, ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ეკიპაჟები დაფრინავდნენ. როდის იქნება საკმარისი რაოდენობის ქალი კოსმოსურ ხომალდზე? მაშინ, როდესაც ყველა სათანადოდ კვალიფიცირებულ ადამიანს ადგილის მისაღებად თანაბარი შესაძლებლობა მიეცემა.
გენდერი, სქესი და კოსმოსი
მოდით, განხილვისას, თუ ვინ იგზავნება კოსმოსში, NASA-ს მიერ შემოტანილი ტერმინები გამოვიყენოთ. კვლევის ანგარიშში სახელწოდებით „სქესისა და გენდერის ზეგავლენა კოსმოსში ადაპტაციაზე“ სქესი განსაზღვრული იყო როგორც „მამაკაცის ან ქალის კლასიფიკაცია პირის გენეტიკის შესაბამისად“, გენდერი კი – „პიროვნების თვითმიკუთვნება მამრის ან მდედრის სქესთან, სოციალური ინტერაქციების საფუძველზე“. როდესაც NASA ადამიანებს კოსმოსში უშვებს, იგი მათი სქესის იდენტიფიკაციას ახდენს, არ ახსენებს მათ გენდერულ თვითრეპრეზენტაციას და თავს იკავებს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხისგან – ანუ იმისგან, თუ რომელი სქეს(ებ)ი მიაჩნია კონკრეტულ პირს მიმზიდველად.
ნადია დრეიკი National Geographic-ის არაერთი სტატიის ავტორია, რომელსაც გამორჩეულად უყვარს მთვარეები, ობობები და ჯუნგლების გარეული კატები.