„მე ტვინი ვარ, უოტსონ. დანარჩენი, რასაც ახლა თქვენ წინ ხედავთ, მისი უბრალო დანამატია” – ბავშვობაში შერლოკ ჰოლმსის ამ ცნობილ ფრაზაზე უბრალოდ მეცინებოდა. გვიანი სკოლის ასაკში, როდესაც ბიოლოგიით სერიოზულად დავინტერესდი, ეს გამონათქვამი ხელახლა ამომიტივტივდა და მივხვდი, რომ განუმეორებელი ჰოლმსის ფრაზა, შეიძლება, მხოლოდ მეტაფორა არც ყოფილიყო. როდესაც, სტუდენტობაში, ნეიროფიზიოლოგიის კურსს გავდიოდი, დავიწყე დაჯერება, რომ ჩვენი ტვინი არა მარტო ჯერაც ამოუხსნელი ორგანოა, არამედ რაღაც მისტიკურ ნისლშიცაა გახვეული – რაც უფრო მეტი აღმოჩენა კეთდება, მით უფრო აშკარა ხდება, რომ სხეული, შესაძლოა, მართლაც ტვინის კარკასადაა “ჩაფიქრებული” და სხვა ფუნქცია არც კი აკისრია.
ამ ნომერში გასული კარლ ციმერის სტატიის რედაქტირებისას და რობერტ კლარკის გამაოგნებელი ფოტოების თვალიერებისას გონებით ისევ სტუდენტობას და ჩემს “ფიზიოლოგიურ წარსულს” დავუბრუნდი.
„ვიცი, ტვინის იმპლანტი გულის იმპლანტივით ჩვეულებრივი მოვლენა გახდება”, –მიგელნიკოლელისი.
ქართული მეცნიერების ტიტანის, ივანე ბერიტაშივლის მიერ შექმნილი სკოლა მართლაც რომ ათეული წლების განმავლობაში აძლევდა ტონს მსოფლიო ნეიროფიზიოლოგიას. ამას რომ ვამბობ, გარწმუნებთ, ტრადიციულ ქართულ – მატრაკვეცულ ხრიკს (“რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ”) არ მივმართავ.
იყო დრო, როდესაც ამ გენიოსის მოსწავლეები და თავად ტალანტები, რომლებთანაც მუშაობისა ან ლექციების მოსმენის უდიდესი პატივი მეც მერგო (თენგიზ ონიანი, მანანა მგალობლიშვილი, იასონ ბადრიძე, თემურ იოსელიანი, სულხან ცაგარელი და სხვები), ძალიან სერიოზულ აღმოჩენებს აკეთებდნენ.
ახალმა დროებამ ნელნელა ყველაფერი შეცვალა. როგორც ჟურნალის ძირითად სტატიაში ნახავთ, ახალ და გამაოგნებელ კვლევებსა თუ აღმოჩენებს ახალი და ფანტასტიკასთან მიახლოებული ტექნოლოგიები სჭირდება. ეს კი, თავის მხრივ, საოცრად ბევრი ფულის გარეშე შეუძლებელია.
მინდა მჯეროდეს – არც თუ ისე შორეულ მომავალში, საქართველოს კეთილდღეობა იმდენად გაიზრდება, რომ ჩვენი მეცნიერება ძველ დიდებას დაიბრუნებს. მინდა მჯეროდეს, რომ მალე ჩვენს ფიზიოლოგებსა და მათ მიერ ტვინის შესწავლის მიღწევებზე დაწერენ ასეთივე შესანიშნავ სტატიებს National Geographic-ის მსგავსი გამოცემები.
ოღონდ აქ ცალკეულ მეცნიერთა მიღწევების გაშუქებაზე არ მაქვს საუბარი – მთელი სკოლის მიღწევებს ვგულისხმობ, რადგან “მარტო კაცი (გენიოსიც კი) ჭამაშიდაც ბრალია”.