მომავლის მენიუ
მწერები, სარეველები და „სისხლიანი“ ვეგეტარიანული ბურგერები


მომავლის მენიუ
მწერები, სარეველები და „სისხლიანი“ ვეგეტარიანული ბურგერები
ვინაიდან ამ საუკუნის შუა ხანებისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს, ჩვენი მოთხოვნილება საკვებზე 50%-ით გაიზრდება. როგორ შევძლებთ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ტყის მასივების კიდევ მეტად გაჩეხვის ან ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის – გლობალური დათბობის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორის – გაფართოების გარეშე? როგორ შევინარჩუნებთ ჯანსაღ ნიადაგს, რათა მოსავალი მოვიდეს?


ჭრიჭინები!
ჩიფსებში, ენერგეტიკულ ფილებსა და სხვადასხვა გადამამუშავებელ საკვებში
რაციონში მწერების გამოყენებაზე ჯოხზე წამოცმულ ტარანტულს თუ წარმოიდგენთ, ეგ სურათი ხილის კოქტეილით ჩაანაცვლეთ. „ჩვენ არ ვაპირებთ ხორცის ხოჭოებით ჩანაცვლებას“, – ამბობს ჯული ლესნიკი, ავტორი წიგნისა „საკვები მწერები და ადამიანის ევოლუცია“. მწერები შეიძლება ცხოველური ან გადამუშავებული პროდუქტების შემადგენელი ნაწილი იყოს.
სავარაუდოდ, ცილების წარმოების ახალი გზების ძიება დაიწყება, რადგან ცხოველური პროდუქტების სამრეწველო წარმოების გარემოზე ზემოქმედების შეჩერება თანდათანობით შეუძლებელი ხდება. ცხოველური პროდუქციის წარმოება ადამიანის მიერ გამოწვეული სათბურის აირების გამოყოფის დაახლოებით ერთ მეშვიდედს შეადგენს. კონცენტრირებული კვებით წარმოებული საქონლის ხორცი, ბოსტნეულსა და მარცვლეულთან შედარებით, როგორც წესი, ერთ კალორიაზე თითქმის რვაჯერ მეტ წყალსა და 160-ჯერ მეტ მიწას მოითხოვს. არაა გასაკვირი, რომ გაეროს ადმინისტრაცია ყველას ნაკლები საქონლის ხორცის მოხმარებისკენ მოუწოდებს და კვების ახალი კომპანიები ამ მოწოდებას სერიოზულად განიხილავენ.
ამ კომპანიებს შორისაა Beyond Burger-ის (ინგლ. „ბურგერის მიღმა“) მწარმოებელი. ესაა ბურგერი, რომელსაც ხორცის შეფერილობა ჭარხლის საშუალებით ეძლევა, ხოლო ცილა – მუხუდოსგან. მისი უმსხვილესი კონკურენტი – Impossible Burger (ინგლ. „წარმოუდგენელი ბურგერი“) – ყიდის მცენარეულ საფუძველზე დამზადებულ ბურგერის კოტლეტს, რომელიც უხვად უშვებს ხორცის მსგავს წვენს ლაბორატორიულად მიღებული და ჰემოპროტეინად წოდებული ცილის წყალობით.
სხვა კომპანიები ცდილობენ ხორცის პროდუქტების ინდუსტრიალიზაციას ისე, რომ ცხოველები საერთოდ აღარ იყვნენ საჭირონი. ამასობაში საკვებად ვარგისი მწერები თავიანთ ადგილს იმკვიდრებენ შეერთებული შტატების ბაზარზე, როგორც ცილით მდიდარი ცხოველური საკვები ან გადამუშავებული საჭმლის შემადგენელი ნაწილი.

სხვა ხერხებიც ბუნებითაა შთაგონებული. 1980-იანი წლებიდან შეერთებულ შტატებში მკვლევრები მრავალწლოვანი მარცვლეულის გამოყვანას ცდილობენ ისეთი ერთწლოვანი კულტურების ჩასანაცვლებლად, როგორებიცაა ხორბალი და სიმინდი, რომლებიც ტრადიციულად ყოველწლიურად ითესება, მაგრამ ამავე დროს ნიადაგს მკვებავი ელემენტებისგან ძარცვავს, ეროზიას ზრდის და სასუქის ჩადინებას უწყობს ხელს.
როგორიც უნდა იყოს ჩვენი საკვები 50 წლის შემდეგ, კლიმატის ცვლილება იმის უფრო რაციონალურ გამოყენებას მოითხოვს, რაც უკვე გვაქვს. როგორც კვების საერთაშორისო ექსპერტი, რაჯ პატელი გვეუბნება, „XXI საუკუნე ნელ-ნელა აღიარებს, რომ ისეთი რაღაცები, რაც სარეველებს და მავნებლებს წარმოადგენდა, საკვებად შეიძლება გადაიქცეს“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.
ტრეისი მაკმილანი ავტორია წიგნისა „კვების ამერიკული წესი“. გრანტ კორნეტი ნატიურმორტული ფოტოგრაფიის სპეციალისტია.