მომავლის პარკები
ამერიკის ღირსშესანიშნავი ადგილები ყოველთვის ლამაზი იქნება – თუმცა კლიმატის დათბობა გვაიძულებს, შევეგუოთ ფაქტს, რომ ისინი დროში ვერ გაიყინებიან


მომავლის პარკები
ამერიკის ღირსშესანიშნავი ადგილები ყოველთვის ლამაზი იქნება – თუმცა კლიმატის დათბობა გვაიძულებს, შევეგუოთ ფაქტს, რომ ისინი დროში ვერ გაიყინებიან
კუნძულ ასატიგის „ეროვნული ზღვის სანაპირო“, რომელიც მერილენდისა და ვირჯინიის სანაპიროს გასწვრივ, 60-კილომეტრიან, წაგრძელებულ, მიწის ვიწრო ზოლზეა განლაგებული, ნელ-ნელა დასავლეთით მიცოცავს. საუკუნეების განმავლობაში მოვარდნილ გრიგალებსა და ნორდ-ოსტებს (ჩრდილო-აღმოსავლეთის ძლიერი ციკლონი), ატლანტის პლაჟებიდან, მთელი კუნძულის გავლით, უბისპირა ჭაობებამდე მოაქვთ ქვიშა. შედეგად, მთელი კუნძული აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება.
„მაგარია, არა?“ – ამბობს იშმაელ ენისი და გაზაფხულის ძლიერი ქარისგან თავდასაცავად მხრებში იხრება, – „ევოლუცია!“ წინ გაშლილ პლაჟს უცქერს და კბილებს აკრაჭუნებს. ირგვლივ მიმოფანტულა ხის კუნძები, კორძიანი ტოტები, ტორფის ბალიშისოდენა ბელტები – იმ ჭაობის ნაშთები, ერთ დროს კუნძულის დასავლეთ ნაპირს რომ ქმნიდა. დღეს ქვიშაში ჩაფლული ეს ჭარბტენიანი ტერიტორია, კუნძულის გადაადგილების კვალდაკვალ, ისევ ზედაპირზე ამოდის აღმოსავლეთ ნაწილში.
ენისი ახლახან გავიდა პენსიაზე, 34 წელი ასატიგის ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო და მრავალი ქარიშხლის მომსწრეა. რეალურად, ეს „ეროვნული სანაპირო“ საკუთარ არსებობას ნორდ-ოსტს უნდა უმადლოდეს: 1962 წლის მარტში ამოვარდნილმა შტორმმა გააქრო ოუშენბიჩის ახალაშენებული კურორტი, გაანადგურა გზები, პირველი 30 შენობა და დეველოპერების ოცნებებიც თან გაიყოლა. შექმნილი სირთულეებით ისარგებლეს ბუნების დამცველებმა და 1965 წელს კონგრესი დაარწმუნეს, რომ თითქმის მთელი კუნძული დაეცვათ, როგორც ეროვნული პარკის სისტემის ნაწილი. დღეს ის, შუა ატლანტისპირეთში, ბარიერული კუნძულის ყველაზე გრძელი მონაკვეთია განაშენიანების გარეშე; განთქმულია გრძელბეწვიანი გარეული პონით, ვარსკვლავებზე დაკვირვების შესაძლებლობითა და მშვიდი ოკეანის თვალწარმტაცი ხედებით. აქაც, სხვა ბარიერული კუნძულების მსგავსად, პერიოდული შტორმებიც შთამბეჭდავი სანახაობაა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, შტორმები გაძლიერდება, ზღვის დონე აწევას განაგრძობს და ასატიგის დასავლეთისკენ ნელი სვლის ტემპიც მოიმატებს. ენისი ეჭვობს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. კუნძულის სამხრეთ ბოლოში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შტორმებმა 6-ჯერ გაანადგურა ავტოსადგომები – სამჯერ დაზიანდა ვიზიტორთა ცენტრიც.
ენისი პატარა ფერმაში გაიზარდა, ბავშვობიდან უყვარდა ჩხირკედელაობა. ალბათ, ამიტომაც, მალევე მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ; პარკის არქიტექტორთან ერთად, ენისმა და მისმა თანამშრომლებმა ისეთი ტუალეტები, საშხაპეები და პლაჟის კოტეჯები განალაგეს, რომელთა მარტივად გადაადგილებასაც მოახლოებულ შტორმამდე მოასწრებდნენ. ექსპერიმენტები ჩაატარეს ავტოსადგომის საფარზე და საბოლოოდ, ფოროვანი ზედაპირი შეარჩიეს, რომლის ახალ ადგილას გადასატანად ბულდოზერით აყრაც გამარტივდებოდა. „როგორც ჩვენ ვეძახით – აღმოსავლეთ სანაპიროს ინჟინერია დაგვჭირდა“, იცინის და შემდეგ ჩურჩულით, გეგონება, რაიმე საიდუმლოს მიმხელსო, ამბობს: „კლიმატის ცვლილებაზე არც გვიფიქრია. იძულებული გავხდით და ამიტომ გავაკეთეთ. ყველაფერი შემთხვევით მოხდა“.
პარკები სილამაზეს არ დაკარგავენ, მაგრამ დამთბარი კლიმატი ავისმომასწავებლად მიგვანიშნებს, რომ ისინი სახეს იცვლიან.
შემთხვევითობაა თუ არა, ფაქტია, ეს მოკრძალებული ადაპტაცია ბევრად დიდი საქმის საფუძვლად იქცა. ასატიგის სანაპირო ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი ეროვნული პარკია, რომელიც მთლიანად პასუხობს კლიმატის ცვლილების შედეგებს. მისი გენერალური გეგმის სამუშაო ვარიანტის თანახმად, პარკი არ შეეცდება ებრძოლოს გარდაუვალს: კუნძულის გადაადგილების პარალელურად, ისიც გადაადგილდება, ქვიშასთან ერთად შენობების გადატანით.
1961 წლის ზაფხულში, როცა კონგრესმა ეროვნული პარკების სამსახურის შექმნის დადგენილება მიიღო, სააგენტოს მიუთითა, რომ პარკის ლანდშაფტი და ველური ბუნება „მომავალი თაობისთვის ხელუხლებელი“ დაეტოვებინა. კანონს არ განუმარტავს სიტყვა „ხელუხლებელი“. პარკების სამსახურის პირველი დირექტორისთვის – ბორაკის მაგნატის, ქარიზმატული სტივენ მაზერისთვის, ეს ნიშნავდა უბრალოდ „აუთვისებელს“. თავიდან პარკის მენეჯერებიც მას ბაძავდნენ, ცდილობდნენ, დაეცვათ და თან პოპულარული გაეხადათ ეს დიდებული პეიზაჟები.
მაგრამ სულ მალე უთანხმოებებიც დაიწყო. 1916 წლის სექტემბერში ცნობილმა კალიფორნიელმა ზოოლოგმა, ჯოზეფ გრინელმა, ჟურნალ Science-ში წამოჭრა საკითხი, რომ პარკების სამსახურმა არამარტო პეიზაჟი უნდა შეინარჩუნოს, არამედ „ფლორისა და ფაუნის ბუნებრივი ბალანსიც“. მომდევნო ათწლეულებში, ველური ბუნების ბიოლოგები, სააგენტოს შიგნით თუ გარეთ, იმეორებდნენ გრინელის სიტყვებს, ისინიც თვლიდნენ, რომ პარკი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც „ხელუხლებელი“ უნდა ყოფილიყო. თუმცა, ხალხი პარკებში ვულკანების, ჩანჩქერებისა თუ იმ ხეების სანახავად მოდიოდა, რომლებშიც მანქანით გაძვრები და სააგენტოს მთავარ საზრუნავადაც ყოველივე ამის შენახვა რჩებოდა იყო.
1960-იანი წლების დასაწყისში, შინაგან საქმეთა მინისტრი, სტიუარტ უდალი (რომელსაც უნდა განეხილა ეროვნული პარკების სისტემაში 50 ახალი ტერიტორიის, მათ შორის ასატიგის, დამატება) სააგენტოს მიერ პარკებში ველური ბუნების მენეჯმენტით დაინტერესდა; ამიტომ გადაწყდა, ჩატარებულიყო დამოუკიდებელი კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტის ველური ბუნების ბიოლოგ სტარკერ ლეოპოლდის, სახელგანთქმული ბუნების დამცველის, ალდო ლეოპოლდის ვაჟის, ხელმძღვანელობით.
ლეოპოლდის ანგარიშმა დიდი გავლენა იქონია პარკების მომავალზე. გრინელის მსგავსად, ისიც მოუწოდებდა პარკების სამსახურს, შეენარჩუნებინა ბუნებრივი „ბიოტური კავშირები“ იმ ფორმით, როგორიც ევროპელთა დასახლების დროს იყო. მომდევნო ათწლეულებში პარკების სამსახური ბევრად მეტ სამეცნიერო კვლევას ატარებდა. პარკების მმართველებმა კონტროლირებული ხანძრების გაჩაღება დაიწყეს იმ ტყეებში, სადაც დიდი ხანია ბუნებრივი ხანძრები აღარ ჩნდებოდა და ხელახლა შემოიყვანეს გამქრალი სახეობები: მგლები, თუ რქასქელი ცხვრები. თუმცა მათ მთავარ მიზანს ნაკლებად წარმოადგენდა ეკოლოგიური პროცესების აღდგენა, ეს უფრო ჰგავდა სტატიკური სურათის – „პირველყოფილი ამერიკის ილუზიის“ შექმნას, რაც ლეოპოლდის ანგარიშის ერთ-ერთ რეკომენდაციას ეხმიანებოდა.
მოგვიანებით, თავად ლეოპოლდმაც აღიარა, რომ მიდგომა არასწორი იყო. წარმოდგენა, რომ ამერიკის დასახლებამდე იქაურობა პირველყოფილი იყო, სრულიად უგულებელყოფდა პარკებზე მკვიდრი ამერიკელების ხანგრძლივ ზემოქმედებას, ნადირობითა თუ ცეცხლის გაჩაღებით, და რომ ბუნება, ადამიანის ჩარევის გარეშე, თავისთავად, სულაც არაა სტაბილურობაზე ორიენტირებული – ლანდშაფტები და ეკოსისტემები მუდმივად იცვლება ქარიშხლებითა და გვალვებით, ხანძრებითა თუ წყალდიდობებით ან სულაც ცოცხალი არსებების ურთიერთქმედებით.
„პარკების სამსახურს ამერიკის საზოგადოებასთან უსიტყვო შეთანხმება ჰქონდა, რომ ყველაფერს ზუსტად იმ სახით შეინარჩუნებდნენ, როგორიც ყოველთვის იყო“, ამბობს სეკვოიას, კინგს-კანიონისა და იოსემიტის ეროვნული პარკების ტყეების შემსწავლელი ეკოლოგი ნეიტ სტივენსონი – „მაგრამ დროს ვერ შეაჩერებ“.
წარმოდგენა, რომ ამერიკის დასახლებამდე იქაურობა პირველყოფილი იყო, სრულიად უგულებელყოფდა მკვიდრი ამერიკელების ხანგრძლივ ზემოქმედებას.
1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მეცნიერები ნელ-ნელა შეეგუენ აზრს, რომ სრულიად ახალი ცვლილებები დაიწყო. გლეიშერის ეროვნულ პარკში მყინვარები უკან იხევდა, სეკვოიას პარკში ბუნებრივი ხანძრები გახშირდა, სანაპირო ზოლის პარკებს კი ზღვის დონის აწევა მიწას ართმევდა. საუკუნის დასაწყისში გლეიშერის ეროვნული პარკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, 2030 წლისთვის პარკის უდიდესი მყინვარიც გაქრეს.
2003 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) მკვლევრები ჯოზეფ გრინელის ნაკვალევს გაჰყვნენ. იოსემიტისა და კალიფორნიის სხვა პარკებში, ზოოლოგებმა ჩაატარეს ველური ბუნების ზედმიწევნით დეტალური აღწერა. ბერკლის მკვლევრებმა იოსემიტის მათეული აღწერა და სხვა მონაცემები გრინელის 90 წლის წინანდელ სურათს შეადარეს და შენიშნეს, რომ მცირე ზომის ძუძუმწოვრების არეალებმა მნიშვნელოვნად გადაინაცვლა უფრო მაღალ ზონებში, სიერ-ნევადის ქედის მიმართულებით. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ძუძუმწოვრები: ბურუნდუკი და ხის ვირთაგვა, თითქმის აღარ ბინადრობდნენ პარკში. სურათი ნათელი იყო: კლიმატის ცვლილებამ იოსემიტის პარკამდეც მოაღწია და ცხოველებმა სიცხისგან თავის დასაღწევად მიგრაცია დაიწყეს.
გარკვეული დროით პარკის მომსახურების სააგენტო ამ თემაზე არც საუბრობდა. გლეიშერის პარკში მხოლოდ განმარტებითი დაფები იძლეოდა მსუბუქ მინიშნებებს ტემპერატურის მატების შესახებ. გამომწვევ მიზეზებზე საუბარს რეინჯერებიც თავს არიდებდნენ.
თუმცა პრობლემა ბევრად უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე წარმავალი პოლიტიკა. ხალხი ეროვნულ პარკებში მოდიოდა მარადიულობის შესაგრძნობად – თვალი რომ შეევლოთ, რაც არ უნდა მოჩვენებითი ყოფილიყო „ხელუხლებელი“ ბუნებისთვის. უსიამოვნო სიმართლე კლიმატის ცვლილების შესახებ, კიდევ უფრო ურთულებდა პარკების სამსახურს ამ ილუზიის შეთავაზებას. თუმცა, არც განსხვავებული რეკომენდაციები ჩანდა.
ნეიტ სტივენსონი ექვსი წლის იყო, როცა მშობლებმა ყელიანი ფეხსაცმელი ჩააცვეს, ზურგჩანთა აჰკიდეს და კინგს-კანიონის ეროვნულ პარკში წაიყვანეს სალაშქროდ. ახლა ის 53 წლისაა და ცხოვრების უმეტესი ნაწილი სიერა-ნევადის უძველეს ტყეებში ლაშქრობას მიუძღვნა. ეს ჩემი სამყაროს ცენტრიაო, ამბობს მკვლევარი ეკოლოგი, რომელიც პარკის ტყეების ცვლილებას სწავლობს.
ოკეანის დათბობა ოლიმპიკის ეროვნული პარკი, ვაშინგტონი. გიგანტური მწვანე ანემონებით გარშემორტყმული ზღვის ვარსკვლავა ორსაგდულიანი მოლუსკებითა და ულვაშფეხიანი კიბოებით იკვებება. 2013 წლიდან წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში ზღვის ვარსკვლავების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იღუპება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დამთბარი ოკეანე დაავადების მიმართ სახეობების რეზისტენტობას ასუსტებს.
სიცხე, გვალვა სეკვოიას ეროვნული პარკი, კალიფორნია. სიერა-ნევადაში პროჟექტორით განათებული გიგან-ტური სეკვოიები ღამის ცაში აჭრილან. 3000 წელი შეუძლიათ იცოცხლონ, მაგრამ კალიფორნიის ისტორიულმა გვალვამ მათ გამოცდა მოუწყო. „ამ გვალვას ისე აღვიქვამთ, როგორც პროგნოზს“, ამბობს ეკოლოგი ნეიტ სტივენსონი.
ზღვის დონის აწევა კეიპ-ჰატერასის ეროვნული სანაპირო, ჩრდილოეთი კაროლინა. კუნძული ჰატერასი ნაპირთან ძალიან ახლოს ქმნის ვიწრო ბარიერს კონტინენტსა და ღია ოკეანეს შორის, ზუსტად ისევე, როგორც კუნძული ასატიგი – მერილენდსა და ვირჯინიასთან. ზღვის დონის მატება და გაძლიერებული ქარიშხლები ავიწროებენ ჰატერასს და აზიანებენ მის ბუნებრივ საარსებო გარემოს.
ხანძრები გლეიშერის ეროვნული პარკი, მონტანა. ტყის ხანძრის კვამლში გახვეული ჩრდილოეთი კლდოვანი მთების დაკბილული მწვერვალები დილის შუქზე ელვარებს. დასავლეთში ხანძრები უფრო მასშტაბური და გამანადგურებელი ხდება ტემპერატურის მატებასა და გვალვის გაძლიერებასთან ერთად.
დამლაშება ევერგლეიდსის ეროვნული პარკი, ფლორიდა. ჩრდილოეთ ევერგლეიდსში, კვიპაროზების ჭაობის ძირას, ამერიკული ალიგატორი მსხვერპლს ელოდება. ზღვის დონის აწევას მლაშე წყალი შეაქვს ევერგლეიდსში, ალიგატორები შეიძლება ნიანგებმა შეავიწროვონ, რომლებსაც ჭარბი მარილის გამოყოფა შეუძლიათ საკუთარი ენის მეშვეობით.
ექსტრემალური ამინდი კეიპ-ჰატერასის ეროვნული სანაპირო, ჩრდილოეთი კაროლინა. კუნძული ჰატერასი. ეს ფოტო გადაღებულია წყალქვეშ – წყალმცენარეები ძაფებივითაა მოდებული იქ, სადაც ჩვეულებრივ მშრალი მინდორია, კეიპ-პოინტის კემპინგის ადგილზე. შარშან გაზაფხულზე ტროპიკულმა ქარიშხალმა „ბონიმ“ სულ რაღაც ოთხი დღის განმავლობაში თითქმის 35 სანტიმეტრი ნალექი მოუტანა კუნძულს, რაც წლიური საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით ერთი მეოთხედია.
სიცხე, გვალვა ჯოშუა-ტრის ეროვნული პარკი, კალიფორნია. იუკას ხე თითქოს მზრუნველად იფარებს ფრთის ქვეშ ჩვეულებრივ იუკას. 2100 წლისთვის პარკის უმეტესობა შეიძლება ზედმეტად მშრალი და ცხელი გახდეს ამ ხეებისთვის, თუმცა პარკის ბიოლოგ ნილ ფრეიკსის თქმით, „იუკას ხე წარმოუდგენლად გამძლეა“.
ოკეანის დათბობა ოლიმპიკის ეროვნული პარკი, ვაშინგტონი. გიგანტური მწვანე ანემონებით გარშემორტყმული ზღვის ვარსკვლავა ორსაგდულიანი მოლუსკებითა და ულვაშფეხიანი კიბოებით იკვებება. 2013 წლიდან წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში ზღვის ვარსკვლავების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იღუპება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დამთბარი ოკეანე დაავადების მიმართ სახეობების რეზისტენტობას ასუსტებს.
სიცხე, გვალვა სეკვოიას ეროვნული პარკი, კალიფორნია. სიერა-ნევადაში პროჟექტორით განათებული გიგან-ტური სეკვოიები ღამის ცაში აჭრილან. 3000 წელი შეუძლიათ იცოცხლონ, მაგრამ კალიფორნიის ისტორიულმა გვალვამ მათ გამოცდა მოუწყო. „ამ გვალვას ისე აღვიქვამთ, როგორც პროგნოზს“, ამბობს ეკოლოგი ნეიტ სტივენსონი.
ზღვის დონის აწევა კეიპ-ჰატერასის ეროვნული სანაპირო, ჩრდილოეთი კაროლინა. კუნძული ჰატერასი ნაპირთან ძალიან ახლოს ქმნის ვიწრო ბარიერს კონტინენტსა და ღია ოკეანეს შორის, ზუსტად ისევე, როგორც კუნძული ასატიგი – მერილენდსა და ვირჯინიასთან. ზღვის დონის მატება და გაძლიერებული ქარიშხლები ავიწროებენ ჰატერასს და აზიანებენ მის ბუნებრივ საარსებო გარემოს.
ხანძრები გლეიშერის ეროვნული პარკი, მონტანა. ტყის ხანძრის კვამლში გახვეული ჩრდილოეთი კლდოვანი მთების დაკბილული მწვერვალები დილის შუქზე ელვარებს. დასავლეთში ხანძრები უფრო მასშტაბური და გამანადგურებელი ხდება ტემპერატურის მატებასა და გვალვის გაძლიერებასთან ერთად.
დამლაშება ევერგლეიდსის ეროვნული პარკი, ფლორიდა. ჩრდილოეთ ევერგლეიდსში, კვიპაროზების ჭაობის ძირას, ამერიკული ალიგატორი მსხვერპლს ელოდება. ზღვის დონის აწევას მლაშე წყალი შეაქვს ევერგლეიდსში, ალიგატორები შეიძლება ნიანგებმა შეავიწროვონ, რომლებსაც ჭარბი მარილის გამოყოფა შეუძლიათ საკუთარი ენის მეშვეობით.
ექსტრემალური ამინდი კეიპ-ჰატერასის ეროვნული სანაპირო, ჩრდილოეთი კაროლინა. კუნძული ჰატერასი. ეს ფოტო გადაღებულია წყალქვეშ – წყალმცენარეები ძაფებივითაა მოდებული იქ, სადაც ჩვეულებრივ მშრალი მინდორია, კეიპ-პოინტის კემპინგის ადგილზე. შარშან გაზაფხულზე ტროპიკულმა ქარიშხალმა „ბონიმ“ სულ რაღაც ოთხი დღის განმავლობაში თითქმის 35 სანტიმეტრი ნალექი მოუტანა კუნძულს, რაც წლიური საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით ერთი მეოთხედია.
სიცხე, გვალვა ჯოშუა-ტრის ეროვნული პარკი, კალიფორნია. იუკას ხე თითქოს მზრუნველად იფარებს ფრთის ქვეშ ჩვეულებრივ იუკას. 2100 წლისთვის პარკის უმეტესობა შეიძლება ზედმეტად მშრალი და ცხელი გახდეს ამ ხეებისთვის, თუმცა პარკის ბიოლოგ ნილ ფრეიკსის თქმით, „იუკას ხე წარმოუდგენლად გამძლეა“.
თუ პარკის მენეჯერები ხშირად მიმდინარე კრიზისებით არიან შეპყრობილი, სტივენსონის მსგავსი მკვლევრები უფრო შორეულ მომავალზე ფიქრობენ. 1990-იან წლებში ეს შორეული მომავალი ძალიან შემაშფოთებელი აღმოჩნდა მისთვის. ყოველთვის თვლიდა, რომ სეკვოია და ბალფურის ფიჭვი მასთან შედარებით გაცილებით დიდხანს იცოცხლებდნენ, თუმცა მზარდი ტემპერატურისა და გახანგრძლივებული გვალვების შესაძლო შედეგები რომ გაითვალისწინა, აღელდა. ხედავდა, როგორ უჩინარდებოდა „პირველყოფილი ამერიკის ილუზირებული სურათი“ მიუწვდომელ წარსულში.
„მტკიცედ მჯეროდა პარკების სამსახურის. უეცრად კი მივხვდი, რომ პარკის დღევანდელი მისია მომავალს ვეღარ წაადგებოდა. აღდგენის საქმეში ამოსავალ წერტილად წარსულს ვერ გამოვიყენებდით – ვუახლოვდებოდით ხანას, რომელშიც ეს წარმოუდგენელი და, შესაძლოა, არასასურველიც კი ყოფილიყო“.
სტივენსონმა წამოიწყო ის, რასაც თავად „გასტროლებს“ უწოდებს – ახალი მისიის საჭიროების შესახებ, პარკების თანამშრომლებს პრეზენტაციებს უტარებდა და წარმოსახვით ექსპერიმენტსაც სთავაზობდა: თუკი სეკვოიას ეროვნული პარკი ზედმეტად ცხელი და მშრალი გახდება, როგორ უნდა მოიქცნენ პარკის მესვეურები: ხელუხლებლად დატოვონ ველური ბუნება თუ ხეები უნდა მორწყან? იქნებ სეკვოიას ჩითილები შედარებით გრილ, ნოტიო მხარეებში, პარკის საზღვრებს მიღმაც კი უნდა დარგონ?
აუდიტორია შეწუხდა. ლეოპოლდს მათთვის პასუხები არ დაუტოვებია.
სექტემბრის მიწურულს, სეკვოიას ეროვნულ პარკში ცა ლურჯი და მოწმენდილია. იქვე, სიერა-ნევადის თხემზე გაჩენილი ტყის ხანძრისგან წამოსული კვამლი ძლიერ ქარს გაეფანტა. სტივენსონი და მისი საველე გუნდი ტყის სეზონურ აღწერას ამთავრებენ და ტყის სიჯანსაღის შესახებ ათწლეულების მონაცემებს ავსებენ. წელს მათი შესასწავლი ობიექტებიდან ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა, სეკვოიას ზონის ქვემოთ მდებარე ხეების 16 პროცენტი გახმა, რაც საშუალო ტემპს თითქმის 10-ჯერ აღემატება. „დაახლოებით ასეთ სურათს ნახავდით ბუნებრივი ხანძრის შედეგადაც“, ამბობს სტივენსონი. შედარებით დაბალ ზონებში გახანგრძლივებული გვალვებით დაუძლურებული ბევრი ხე ეწირება მწერების შემოსევებს. ხოლო შედარებით მაღალ ზონებში, სეკვოიას არეალზე, რამდენიმე ბებერმა გიგანტმა წიწვების ნაწილი ჩამოყარა, გვალვის ზეწოლისთვის რომ გაეძლო; ხანძრისაგან უკვე დაზიანებული რამდენიმე ხე კი გახმა.
ეს გვალვა, შესაძლოა მომავლის ანონსი იყოს, მაგრამ, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი პრობლემა, სეკვოიას ეროვნულ პარკშიც და სხვაგანაც, ისაა, რომ ძნელია მისგან გამოწვეული შედეგების ზუსტი წინასწარმეტყველება. სეკვოიას პარკში საშუალო ტემპერატურა აიწევს, თოვლს შეცვლის წვიმა, მაგრამ გაუგებარია, ნალექების საერთო რაოდენობა გაიზრდება თუ შემცირდება, ცვლილება თანდათანობითი იქნება თუ მყისიერი. „არ ვიცით, რა სცენარი განვითარდება“, ამბობს სეკვოიასა და კინგს-კანიონის ზედამხედველი ვუდი სმეკი. პარკების სამსახური ვეღარ გაიმეორებს წარსულს და მხოლოდ მომავლის იმედადაც ვერ დარჩება. ის რადიკალურად განსხვავებული შედეგებისთვის უნდა ემზადოს.
2009 წელს პარკების სამსახურის დირექტორმა ჯონათან ჯარვისმა თავი მოუყარა ექსპერტებს და შექმნა კომიტეტი, რომელსაც ხელახლა უნდა შეესწავლა ლეოპოლდის ანგარიში. მიღებულმა დოკუმენტმა, სახელად „ლეოპოლდის გადახედვა“, სააგენტოს ახალი მიზნები დაუსახა. პირველყოფილი ილუზირებული სურათების ნაცვლად, პარკების სამსახურის მოვალეობა იყო „ჯერ კიდევ არც თუ ბოლომდე გააზრებული უწყვეტი ცვლილებების“ მართვა. „ეკოლოგიური სცენების“ ნაცვლად, უნდა შეენარჩუნებინათ „ეკოლოგიური ერთიანობა და ისტორიულ-კულტურული ავთენტიკურობა“. სტატიკური პეიზაჟების ნაცვლად კი, ვიზიტორები „ტრანსფორმაციულ ეკოსისტემას“ მიიღებდნენ. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პარკები „შექმნიდნენ ეროვნული ლანდშაფტებისა და საზღვაო ზონების კონსერვაციულ ბირთვს“. მათ დაიცავდნენ არა როგორც ფრაგმენტირებულ კუნძულებს, არამედ, როგორც დაცული ტერიტორიების ქსელის ნაწილს.
ეროვნული პარკები უნდა დავიცვათ, არა როგორც ფრაგმენტირებულ კუნძულები, არამედ, როგორც დაცული ტერიტორიების ქსელის ნაწილი.
ეს ანგარიში ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ოფიციალურ სამოქმედო გეგმას. თუმცა ესაა სააგენტოს მიერ მომავალი ცვლილებებისა და მართვის საჭიროების ყველაზე მკაფიო გააზრება. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მენეჯმენტი, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია და ბევრი რამ საგანგებოდ ამა თუ იმ პარკისთვის შემუშავდება, შესაბამის სამეცნიერო, პოლიტიკურ და ფინანსურ საფუძველზე დაყრდნობით.
ბევრი პარკი ცდილობს ცვლილების მიმართ ამტანობა გაზარდოს, ინფრასტრუქტურის ადაპტირების და საკუთარი ფლორისა და ფაუნის ხელშეწყობის გზით. ინდიანის დიუნების ტბის ნაპირზე მეცნიერები ეძებენ მუხნარს, უფრო გრილ მიკროკლიმატს, სადაც პარკების სამსახური გადაიყვანს საფრთხეში მყოფ კარნერის პეპელას, რომელიც თითქმის გამოდევნილია პარკიდან. გლეიშერში ბიოლოგებმა უკვე დაიჭირეს მალმა (იგივე ხარისებრი კალმახი) და გადაიყვანეს უფრო გრილ ტბაზე, მისი ისტორიული არეალის მიღმა. აუცილებელი იყო ამ თევზისთვის თავშესაფრის პოვნა კლიმატის ცვლილებისა და ინვაზიური ტბის კალმახისგან დასაცავად.
სტივენსონს სურს, რომ პარკის მენეჯერებმა სეკვოიას ჩითილების დარგვა პარკის უფრო მაღალ, გრილ ზონებში სცადონ – ნახონ, როგორ გაიხარებს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას საკულტო ხეების ექსპერიმენტებზე. „ახალი რაღაცები უნდა მოგვესინჯა“, ამბობს სტივენსონი.
„პარკების სამსახურის მსგავსად, ადამიანებმაც უნდა გაიაზრონ, რომ მათი საყვარელი პარკი შეიძლება შეიცვალოს“, – ამბობს ლიზ დევისი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია და პარკის ახალგაზრდა ვიზიტორებს გაკვეთილებს უტარებს. მისი თქმით, „ხალხი კითხულობს, ისევ თუ ვისიამოვნებთ აქ სტუმრობით? ჩემი შვილები და შვილიშვილები?“
„პასუხია – დიახ. მაგრამ, ზუსტად ასეთი ფორმით, ალბათ, აღარ. შესაძლოა, ისინი ამ სავალი გზითაც ვერ მოვიდნენ, თუმცა სიამოვნებას მაინც აუცილებლად მიიღებენ“.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.