მონარქების გადაფრენა
ყოველ წელს ეს საკულტო მწერები მოგზაურობისას ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და სახიფათო რეისს ასრულებენ დედამიწაზე. ჩრდილოეთ ამერიკის პეპლების მოყვარულები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ დაეხმარონ მათ გადარჩენაში.
მონარქების გადაფრენა
ყოველ წელს ეს საკულტო მწერები მოგზაურობისას ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და სახიფათო რეისს ასრულებენ დედამიწაზე. ჩრდილოეთ ამერიკის პეპლების მოყვარულები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ დაეხმარონ მათ გადარჩენაში.
ოქტომბრის ერთ ცხელ, უღრუბლო დღეს ტეხასის ბორცვებიან რეგიონში ანდრე გრინ II ფრთხილად პარსავს პეპელა მონარქს.
სახელდახელოდ მოწყობილი ლაბორატორიის სამუშაო მაგიდაზე დახრილი გრინი პეპლის კაშკაშა ფრთებს ოსტატურად იჭერს ცერსა და საჩვენებელ თითს შორის და პაწაწინა ბეწვების მოსაშორებლად თორაქსის ჩაყოლებაზე ზუმფარის ქაღალდს უსვამს.
გრინმა და მისმა კოლეგა მკვლევრებმა ერთ-ერთ მონადირის ქოხში დროებითი შტაბი მოაწყვეს. კედლები ადგილობრივი და ეგზოტიკური სანადირო ცხოველების ფიტულებითაა სავსე. თუმცა გრინს, მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორს და National Geographic-ის მკვლევარს, მხოლოდ 35-მდე მონარქი აინტერესებს, რომლებიც იმ დღეს დაიჭირა. პეპელა ხელში უჭირავს და ფრთებს შორის წებოს წვეთით სპეციალურ სენსორს ამაგრებს. კომპიუტერული ჩიპების ეს ნაკრები ბრინჯის სამ მარცვალზე ნაკლებს იწონის და კვების წყაროდ მინიატიურულ მზის პანელს იყენებს.

გრინი და მისი თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ეს მონარქები სენსორებს სამხრეთით, ცენტრალური მექსიკის მთებში, 1300 კილომეტრის მანძილზე გადაიტანენ. რამდენიმე კვირაში მკვლევრები მონარქებს მექსიკაში გაჰყვებიან, სადაც სენსორების ანტენების მიერ გამოსხივებული სიგნალების აღმოჩენას შეეცდებიან. თუ ერთი ან მეტი პეპლის ხელახლა დაჭერას მოახერხებენ (რაც ძალიან სათუოა), მაშინ წვდომა ექნებათ გზაში სენსორების მიერ დაფიქსირებული სინათლისა და ტემპერატურის მონაცემებზე, რაც მათ თითოეული პეპლის მარშრუტის დადგენის საშუალებას მისცემს.
ჩრდილოეთ ამერიკაში მონარქების კვლევის სხვა პროექტების მსგავსად, ამ პროექტსაც მხარი დაუჭირეს აღნიშნული სახეობის დახმარების მსურველმა მოხალისეებმა. გრინის კოლეგებმა გამოთვალეს, რომ მიგრაციის დროს მონარქის ფრენის სიჩქარე დაახლოებით ველოსიპედისტის მოძრაობის სიჩქარის ტოლია. ამიტომ, მათ ველოსიპედისტები მოიწვიეს რამდენიმე დღის განმავლობაში სენსორების უწყვეტად მუშაობის სიზუსტის შესამოწმებლად. გრინმა ლაბორატორიული ექსპერიმენტები ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სენსორები ფრენას ხელს არ უშლის. ახლა ეს ახალი ტექნოლოგია პირველ გამოცდას გაივლის რეალურ სამყაროში.
სენსორების მიმაგრების შემდეგ გრინი რბილ ტყავის სავარძელში ჯდება და ბადის გალიაში მომწყვდეულ პეპლებს ათვალიერებს. „გაგვიხარდება, თუ წელს რამე სიგნალს მივიღებთ მექსიკაში“, – ამბობს იგი. შინაარსიანი მონაცემების შეგროვებას შეიძლება რამდენიმე სეზონი დასჭირდეს. შეცდომებიც იქნება. მაგრამ გრინს მოთმენა შეუძლია.
მოგვიანებით, აგრილებისას, გრინს პეპლებიანი გალია გარეთ გამოაქვს და დაღმართზე, პეკანის კორომისკენ ეშვება. იქ, ნაკადულის გვერდით, ასობით მომიგრირე მონარქი ირევა. გრინს სენსორებიანი პეპლები სათითაოდ ამოჰყავს გალიიდან და დაბალ ტოტებზე ფრთხილად ათავსებს. ხვალ დილით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, პეპლები სამხრეთისკენ სვლას განაგრძობენ.

პეპლების მიგრაციის სქემა, რომელიც ასე ხიბლავს გრინს, ერთ-ერთი ყველაზე გმირული და სახიფათოა ჩვენს პლანეტაზე. მონარქები მსოფლიოს არაერთ რეგიონში ბინადრობენ – სამხრეთ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზში, ავსტრალიაში, ევროპაში და სხვაგან – თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის მონარქები უკიდურესად ამბიციური სეზონური მიგრაციით ყველასგან გამოირჩევიან. ყოველ შემოდგომაზე, აშშ-ის ჩრდილოეთსა და სამხრეთ კანადაში მონარქები სამხრეთისკენ იღებენ გეზს 5000-კილომეტრიან მარშრუტზე, რომელიც მხოლოდ მათი წინა თაობებისთვის არის ცნობილი. ისინი, ვინც გადარჩება, ცენტრალურ მექსიკაში იკრიბებიან და მექსიკური სოჭის იმავე კორომებში იზამთრებენ, სადაც წინა წელს მათი მშობლების მშობლები აფარებდნენ თავს.
ათწლეულების განმავლობაში კვლევის მიუხედავად, მათი ყოველწლიური ულტრამარათონი და კიდევ ერთი სხვა, დასავლური პოპულაციის შედარებით ხანმოკლე მიგრაცია წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მხოლოდ ნაწილობრივ არის ამოხსნილი და სულ უფრო სახიფათო ხდება. კლიმატის ცვლილებისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო, მონარქები მიგრაციის ორივე მარშრუტზე გახშირებულად ექცევიან ექსტრემალური ამინდის პირობებში და ნექტრის წყაროს ნაკლებობასაც განიცდიან. ამავდროულად, რძეწვნის შემცველი მცენარეები, რომლებიც მათ სჭირდებათ კვერცხების მოსათავსებლად და მუხლუხების გამოსაკვებად, უკიდურესად დეფიციტური ხდება, რაც პეპლების რიცხოვნობის შემცირებას იწვევს.
ჩრდილოეთ ამერიკის მონარქების მომავალი იმდენად ავის მომასწავებელია, რომ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) ამ ორ პოპულაციას მოწყვლადის სტატუსი მიანიჭა. ამჟამად განიხილავენ მათ დაცვას აშშ-ის გადაშენების პირას მყოფი სახეობების კანონით. პოპულაციების შემცირების თვითმხილველები იმედოვნებენ, რომ ახალი სტატუსი ბიძგს მისცემს მდგრადი ღონისძიებების განხორციელებას მრავალი ქვეყნის ჩართულობით. კარენ ობერჰაუზერი მონარქებს 1990-იანი წლებიდან შეისწავლიდა. ის ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ, როდესაც პირველად განიხილეს მონარქების დაცვა აშშ-ის კანონმდებლობით, სახეობამ მეტი მხარდაჭერა პოვა სამთავრობო უწყებებისა და მეცნიერების მხრიდან. „ფედერალური ჩართულობის დონე არნახულად გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – აღნიშნავს იგი, – შედეგად, მრავალი ჭკვიანი ადამიანი შემოგვიერთდა“.

ასე ძლიერ არცერთი სხვა მწერი არ გვხიბლავს. პეპელა მონარქის მოგზაურობები აკავშირებენ ადამიანთა თაობებს, ქვეყნების საზღვრებს და, როგორც ამბობენ – სიცოცხლესა და სიკვდილსაც კი. ზოგიერთი მექსიკელი გადამფრენ მონარქებს მიცვალებულთა სულებად მიიჩნევს. „როდესაც ვამბობთ, რომ ეს პეპელა „საკულტოა“, სწორედ ამას ვგულისხმობთ“, – ამბობს ანთროპოლოგი კოლუმბა გონსალეს-დუარტე, ნიუ-იორკის სოციალური კვლევის ახალი სკოლის წარმომადგენელი. „ჩრდილოეთამერიკელებისთვის ის არის მწერი, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობს, რომელსაც შეუძლებელი შეუძლია“.
მანამდე, სანამ ვინმე მიხვდებოდა, თუ რამდენად შორს მიფრინავენ ჩრდილოეთ ამერიკის მონარქები, ადამიანები მათ პერიოდულ გამოჩენას აღნიშნავდნენ ხოლმე. მექსიკელი პოეტი და რომანისტი ომერო არიდხისი თავის მემუარებში 1940-50-იან წლებში მექსიკის ცენტრალურ შტატ მიჩოაკანში გატარებულ ბავშვობას იხსენებს და აღწერს, როგორ მოიტანა შემოდგომის ქარმა „პეპლების დინებები“.
1950-იან წლებში კანადელმა ზოოლოგმა ფრედ ურკუჰარტმა და მისმა მეუღლემ ნორამ მწერების მიგრაციის ასოციაცია დააარსეს. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ასოციაციამ გაწვრთნა 3000-მდე მოხალისე, რომლებსაც უნდა დაეჭირათ პეპლები და თითოეული დაენიშნათ წარწერით „გაგზავნეთ ტორონტოს ზოოლოგიის უნივერსიტეტში, კანადაში“. მიღებულ მონაცემთა საფუძველზე ურკუჰარტებმა დაასკვნეს, რომ მონარქები ზამთარს მექსიკაში ატარებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ ზუსტად სად. 1973 წელს, როდესაც მეხიკოს გაზეთით მოხალისეებს იწვევდნენ, მათ ამერიკელი ემიგრანტი კენეთ ბრუგერი გამოეხმაურა. ბრუგერის ცოლი, ქეთი – ახლა უკვე კატალინა აგუადო ტრეილი, ასევე დათანხმდა წინადადებას, რომ მონარქის გამოსაზამთრებელი ადგილები მოეძებნათ.
ორი წლის განმავლობაში, ჯერ შაბათ-კვირას, შემდეგ კი სამუშაო დღეებშიც, წყვილი მოტოციკლით და ფეხით ლაშქრავდა ცენტრალური მექსიკის მთებს. 1975 წლის 2 იანვრის ნაშუადღევს, ვულკანურ მწვერვალ სერო-პელონზე ასვლისას, ტრეილმა სოჭებს ახედა და გაირინდა: ხეთა ტანი და ტოტები ათასობით მონარქით იყო დაფარული, თან ისე მჭიდროდ, რომ ფრთებით ერთმანეთს ფარავდნენ. ბრუგერიც მივიდა და ორივე გაოცებული, ჩუმად შესცქეროდა ამ სანახაობას.
ტრეილისა და ბრუგერის აღფრთოვანება მალე შეშფოთებამ შეცვალა. მექსიკაში მონარქის ზამთრის ჰაბიტატი ზღვის დონიდან მაღლა მდებარე მექსიკური სოჭის ტყის ათამდე პატარა ნაკვეთს მოიცავდა 562 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე. 1970-იან წლებში ადგილობრივი თემები ტყით სარგებლობის უფლებას ფლობდნენ და მათ საარსებო წყაროს ხე-ტყის მოპოვება წარმოადგენდა. შედეგად, სწრაფად მცირდებოდა ზამთრის სიცივისგან მონარქების დამცველი მარადმწვანე საფარი. უამრავ ცნობისმოყვარე სტუმარს შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა აღნიშნული ჰაბიტატი.
როგორც კი ხმა გავრცელდა, ტურისტები მართლაც გაემგზავრნენ მთებში მონარქების სანახავად, თუმცა ეს სიახლე მოქმედების საფუძველიც გახდა. IUCN-მა, ისევე როგორც მექსიკის გარემოსდაცვითმა ჯგუფმა Pro-Monarca-მ, მექსიკის მთავრობას სოჭის კორომების დაცვისკენ მოუწოდა. მთავრობამ დააარსა ეროვნული ნაკრძალი, რომელმაც 1986 წლის ოქტომბერში აკრძალა ან შეზღუდა ტყის ჭრა ხუთ გამოსაზამთრებელ ადგილზე. მაგრამ რადგან ადგილობრივი თემებისთვის ტურიზმიდან მწირი და არარეგულარული ეკონომიკური სარგებელი იყო მოსალოდნელი, ხეების ჭრა გაგრძელდა.
2000 წელს ნაკრძალი სამჯერ გაფართოვდა და მონარქის ცნობილი გამოსაზამთრებელი ჰაბიტატის უმეტესი ნაწილიც მოიცვა. მონარქის ფონდმა, რომელსაც მექსიკის მთავრობა ხელმძღვანელობს და საერთაშორისო კონსერვაციული ჯგუფების მხარდაჭერით სარგებლობს, დაიწყო მოკრძალებული თანხების რეგულარულად გადახდა ტყითსარგებლობის უფლების მქონე ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით.

ამ და სხვა ინიციატივების წყალობით, ნაკრძალში ხე-ტყის ჭრა შენელდა და 2010-იანი წლების დასაწყისისთვის ტყის საფარის წლიური დანაკარგი ასობით ჰექტრიდან ერთნიშნა რიცხვამდე შემცირდა. თუმცა 2019 წლიდან ტყის დანაკარგები კვლავ გაიზარდა, ამჯერად გვალვის შედეგად გამოწვეული ქერქიჭამია ხოჭოების პოპულაციური აფეთქებისა და მათი კონტროლისთვის გამიზნული კანონიერი ჭრის გამო. გეოგრაფ ისაბელ რამირესის (მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი) თქმით, პრობლემა ნაწილობრივ გამოწვეულია იმითაც, რომ ტყის მართვის სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ცვალებად კლიმატთან თანხვედრაში.
დეკემბრის დილას ანდრე გრინს და მის გუნდს ცენტრალურ მექსიკაში, სიერა-ჩინკუას მონარქის ნაკრძალში, ვიწრო ბილიკზე მივყვები. თითოეული სოჭი მთვლემარე პეპლებშია გახვეული. მათი ფენები იმდენად მძიმეა, რომ ყველაზე ძლიერი ტოტებიც კი მოხრილა.
1990-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მონარქის გამოსაზამთრებელი ადგილების დასაცავად ბრძოლა დაიწყო, მეცნიერები მექსიკიდან კანადამდე მონარქის საკვირველ ყოველწლიურ მოგზაურობას შეისწავლიდნენ. მონარქის მკვლევარმა ლინკოლნ ბრაუერმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ მექსიკაში მოზამთრე მონარქები გაზაფხულზე ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებიან, მაგრამ მოგზაურობას ბოლომდე არ ასრულებენ და ჩრდილოეთ მექსიკასა და აშშ-ის სამხრეთში კვერცხებს დებენ. როდესაც შთამომავლები სიმწიფეს მიაღწევენ, გზას აგრძელებენ ჩრდილოეთ აშშ-სა და სამხრეთ კანადისკენ და თან კვერცხებს დებენ. ზაფხულში კიდევ ორი-სამი თაობა ჩნდება. ბოლო თაობა, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მაშინვე არ მრავლდება და შეჩერებული სიმწიფის მდგომარეობაში გადადის, რომელსაც დიაპაუზა ეწოდება. როდესაც დღის ხანგრძლივობა იკლებს და აცივდება, ეს „ხნიერი თინეიჯერები“ სამხრეთისკენ მიემართებიან და ერთ თაობად ბრუნდებიან მექსიკაში.
იმის გამო, რომ მექსიკისკენ დაძრულ ამ მონარქებს არ შეუძლიათ თავიანთ დიდ ბებიებსა და პაპებს ჰკითხონ ზამთრის კოლონიების მიმართულება, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მათ ნავიგაცია უნდა შეეძლოთ. მთელი რიგი კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მონარქებს ორი კომპასი აქვთ: პირველადი სისტემა, რომელიც მზეს მიჰყვება და სარეზერვო სისტემა, რომელიც დედამიწის მაგნიტური ველის გამოყენებაზეა დაფუძნებული.
2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ბიოლოგი კრისტინ მერლინი და მისი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მონარქები თავიანთ ანტენებში მდებარე ცირკადულ საათებს იყენებენ, რომ მზის კომპასით მიღებული დედამიწის დღეღამური ბრუნვის მონაცემები დააკორექტირონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დახვეწილი სისტემა მონარქებს სწორი მიმართულებით გადაადგილებაში ეხმარება, მაინც ბოლომდე ვერ ხსნის მათ უნარს – ყოველწლიურად ზუსტად ერთსა და იმავე გამოსაზამთრებელ ადგილებს ეწვიონ.
სიერა-ჩინკუას ნაკრძალში მზე ჰორიზონტზე იწვერება და ხეებში შრიალის ხმა ძლიერდება. მონარქები ფრთებს შლიან, კუნთებს ითბობენ და გაფრენისთვის ემზადებიან. ციცაბო ფერდობზე რადიომიმღები მზადაა აღმოაჩინოს სენსორებიანი პეპელა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმემ არა მხოლოდ მიაღწია მექსიკას, არამედ კონკრეტულად სოჭის ეს კორომი აირჩია გამოსაზამთრებლად. რამდენიმე მონარქი ხიდან ხეზე ფრენას იწყებს. მალე ჩვენ ზევით და ირგვლივ მილიონობით მონარქის კაშკაშა ფრთა ირევა. მიმღები კი დუმს.
მას შემდეგ, რაც გრინი და მისი კოლეგები თავიანთ ლაბორატორიებში დაბრუნდნენ, სენსორების ენერგოეფექტურობა გააუმჯობესეს, რაც მზის ენერგიის საკმარისი რაოდენობით აკუმულირებას უზრუნველყოფდა ნაკრძალის დაჩრდილულ ტყეებში. 2023 წლის ოქტომბერში მათ ტეხასში პეპლებს 175 სენსორი მიამაგრეს, რამაც გაზარდა სიგნალის დაჭერის ალბათობა.
„უბრალოდ გასაოცარი ორგანიზმია. თუ გავიგებთ, როგორ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, უკეთ ჩავწვდებით ბიოლოგიურ სამყაროს“, – ამბობს გრინი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ ამერიკის მონარქების სამიგრაციო დერეფნის დაცვა? პასუხები, რომლებიც აღმოვაჩინე, მონარქის გულშემატკივრებივით მრავალფეროვანია.
დამამტვერიანებლების დამცველი ტომობრივი ალიანსის თანადამფუძნებლის, ჯეინ ბრეკინრიჯისთვის მონარქის ჰაბიტატის აღდგენა უფრო მასშტაბური წამოწყების ნაწილია, რომელიც ყველანაირი სახეობის, მათ შორის ადამიანის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. „მონარქები განსაკუთრებულები და ჯადოსნურები არიან, – ამბობს იგი, – თუმცა პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, საერთოა ყველა დამამტვერიანებლისა და არსებისთვის“.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ოკლაჰომაში მასკოგის ხალხის წარმომადგენელმა ბრეკინრიჯმა და მისმა მეუღლემ 2004 წელს პეპლების კომერციული ფერმა გახსნეს, სადაც სხვადასხვა სახეობას ამრავლებდნენ ზოოპარკებისა და მუზეუმებისთვის მისაყიდად. მის მიერ წამოწყებული პროგრამა, სახელწოდებით Natives Raising Natives („მკვიდრები ზრდიან მკვიდრებს“), მიზნად ისახავდა ტომის წევრების მომზადებას პეპლებისა და მათთვის საჭირო ადგილობრივი მცენარეების მოსაშენებლად, საიდანაც ისინი დამატებით შემოსავალს მიიღებდნენ. 2014 წელს ბრეკინრიჯმა დახმარება სთხოვა კანზასის უნივერსიტეტის პროფესორ ჩიპ ტეილორს, რომ ინდიელთა მიწებზე, ოკლაჰომაში, მონარქის სამიგრაციო დერეფანი აღედგინათ. ამ წინადადებას ტეილორი ენთუზიაზმით შეხვდა. მან იცოდა, მონარქებს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ მეტი ჰაბიტატი ოკლაჰომაში, მაგრამ, მისი აზრით, ეს არ იქნებოდა ადვილი საქმე, რადგან პრერიები იმდენად ფრაგმენტული იყო, რომ ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული თესლეულის შეგროვება დიდ შრომას მოითხოვდა.
ათი წლის შემდეგ „ტომობრივი ალიანსი დამამტვერიანებელთათვის“ ადგილობრივი მცენარეებისა და თესლეულის ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა ოკლაჰომაში. ის მთელ დიდ ვაკეებსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ტომებთან თანამშრომლობს. 230 ადგილობრივი სახეობის თესლი უფასოდაა ხელმისაწვდომი ტომის ყველა წევრისთვის. ყოველწლიურად ათიათასობით ნერგს ცალკეულ ადამიანებსა და დაწესებულებებს ურიგებენ. ოკლაჰომაში მცხოვრები ტომები აღნიშნავენ, რომ მონარქები კვერცხების დასადებად ხშირად იყენებენ მათ დამამტვერიანებელთა ბაღებში გაშენებულ რძეწვნის შემცველ მცენარეებს, რომლებსაც ადგილობრივი ფუტკრები, მცირე ზომის ძუძუმწოვრები და სხვა სახეობებიც სტუმრობენ. ამ ფერადოვანი მცენარეებიდან ზოგიერთი ადამიანისთვისაც სარგებლის მომტანია და მათ სარიტუალო ან სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ.
რადიოგადამცემიანი მდედრი მონარქი ნექტარს დაეძებს ეიმსის მახლობლად (აიოვა);
ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მექანიზაციის უნივერსიტეტში კრისტინ მერლინი ლაბორატორიაში გამოზრდილ პეპლებზე დაკვირვებით შეისწავლის, თუ როგორ გრძნობენ ეს მწერები დედამიწის მაგნიტურ ველს;
გადამფრენი მონარქები ქალაქის კაშკაშა განათების შუქზე ატარებენ ღამეს მონტერეისთან (მექსიკა);
აიოვაში ადგილობრივ მცენარეთა „პრერიის ზოლები“ ნიადაგს იცავს, წყალს აკავებს და ჰაბიტატს ქმნის.
რადიოგადამცემიანი მდედრი მონარქი ნექტარს დაეძებს ეიმსის მახლობლად (აიოვა);
ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მექანიზაციის უნივერსიტეტში კრისტინ მერლინი ლაბორატორიაში გამოზრდილ პეპლებზე დაკვირვებით შეისწავლის, თუ როგორ გრძნობენ ეს მწერები დედამიწის მაგნიტურ ველს;
გადამფრენი მონარქები ქალაქის კაშკაშა განათების შუქზე ატარებენ ღამეს მონტერეისთან (მექსიკა);
აიოვაში ადგილობრივ მცენარეთა „პრერიის ზოლები“ ნიადაგს იცავს, წყალს აკავებს და ჰაბიტატს ქმნის.
მონარქებისთვის ჰაბიტატის დაბრუნების სირთულე ყველაზე თვალსაჩინოა აიოვაში. ამ შტატში სიმინდისა და სოიის ყანები დომინირებს. 1996 წლიდან აშშ-ის შუა დასავლეთის ფერმებმა სარეველების კონტროლისთვის გლიფოსატის გამოყენება დაიწყეს, რომელიც რძეწვნის შემცველ და სხვა უწყინარ ადგილობრივ მცენარეებს ანადგურებდა.
დღეს ადგილობრივ მცენარეთა თავშესაფარია ჩრდილოეთ აიოვის უნივერსიტეტის „მაღალბალახოვანი პრერიების ცენტრი“, სადაც პერსონალი მწკრივებად დათესილ რძეწვნის შემცველ მცენარეებს, ტრადესკანციას და სხვა სახეობებს უვლის. სათესლე მასალას შტატის თითქმის გაქრობამდე მისული ბუნებრივი პრერიებიდან მოიპოვებენ, რომელთაგან ზოგიერთი XIX საუკუნის სასაფლაოებზე მდებარეობს. ეს სასაფლაოები იმ მცირერიცხოვან ტერიტორიებს შორისაა, სადაც მოსახლეობას მიწის მოხვნა ეკრძალებოდა. კომერციულ თესლეულს, რომლის ნაწილი ამ გენეტიკურად მრავალფეროვანი მიწებიდან მიიღება, ყოველწლიურად ურიგებენ შტატის საგზაო დეპარტამენტებს აიოვის გზისპირა ზოლებში დასათესად.
ეს პროგრამა ჰაბიტატის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ძალისხმევაა შტატის ფარგლებში. აიოვის ტრანსპორტის სამსახურის ოფიციალური პირების შეფასებით, შტატის გზისპირა ადგილების დაახლოებით მეოთხედზე ადგილობრივი ბალახეულობა და მინდვრის ყვავილებია დარგული, რომელთაც მონარქები და სხვა მწერები ხშირად სტუმრობენ.

მაგრამ აიოვის გზისპირა ზოლებს შტატის მხოლოდ მცირე ფართობი უკავია. ექსპერტების აზრით, იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ამერიკის მონარქების გადაშენება შეჩერდეს, პეპლებს, სულ მცირე, ორჯერ მეტი რაოდენობის რძეწვნის შემცველი მცენარე სჭირდებათ, ვიდრე დღეს ხელმისაწვდომია მთელ შუა დასავლეთში, ამასთან, ნექტრის მომცემ სხვა მცენარეთა სტაბილური მარაგიც უნდა მოიპოვებოდეს მათ სამიგრაციო მარშრუტებზე. „ჩვენ გვჭირდება მიწის ფართობის ერთ პროცენტზე ბევრად მეტი იმისთვის, რომ ავინაზღაუროთ ყველაფერი, რაც დავკარგეთ“, – ამბობს „მაღალბალახოვანი პრერიების ცენტრის“ დირექტორი ლორა ჯექსონი. შტატს სახელმწიფო საკუთრებაში მიწის მცირე ფართობი აქვს – აქედან გზისპირების ფართობი მის მეხუთედზე ნაკლებია. ამიტომ ჯექსონი და ცენტრის სხვა თანამშრომლები ჰაბიტატების აღდგენას კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზეც ცდილობენ. ამისთვის კონსერვაციის ფედერალური პროგრამა მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს ფულს უხდიან სავარგულების კვლავ გამწვანების სანაცვლოდ.
2018 წელს, აღდგენითი პროექტის ფარგლებში, „მაღალბალახოვანი პრერიების ცენტრმა“ თანამშრომლობა დაიწყო ქეთი ირვინთან, პენსიაზე გასულ მასწავლებელთან. მან ოჯახის კუთვნილი მიწებიდან, რომლებზეც სიმინდი და ლობიო მოჰყავდათ, თითქმის 120 ჰექტარი გადასცა აღნიშნულ ცენტრს. ახლა იქ ივნისში, შუადღისას, მონარქები წყვილ-წყვილად დაფრინავენ 32 ჰექტარზე, სადაც უკვე უხვადაა რძეწვნის შემცველი მცენარეები, ბაპტიზია, ექინაცეა და სხვა ადგილობრივი ყვავილები და ბალახები.
თუ აიოვა პრერიის აღდგენის სირთულეს განასახიერებს, ირვინის პრერია მის შესაძლებლობებს ასახავს. ჯანსაღი ადგილობრივი თესლეულის სწორი კომბინაციის განსაზღვრა მისთვის ხელსაყრელ მიწაზე ადვილი საქმე არ არის და პრერიის აღდგენის პრაქტიკოსებმა კარგად იციან, რა არის წარუმატებლობა. ნარგავები ასევე მოითხოვს მცენარეული საფარის პერიოდულ გადაწვას ან გაკაფვას მერქნიანი სახეობების მოსაშორებლად. თუმცა, როგორც კი პრერიის მცენარეები ფესვიანდება, ხელსაყრელი საარსებო გარემო სწრაფად ყალიბდება.
მონარქების გამოზამთრებული თაობა ყოველ გაზაფხულზე ასრულებს უკანასკნელ სანახაობრივ ტრიუკს. კვერცხების დასადებად ისინი მექსიკიდან ჩრდილოეთისკენ ათასობით კილომეტრზე მიფრინავენ. აპრილში, მასკოგის ხალხის მონახულებისას, ერთ მონარქს შევცქერი. მდედრია – ეს ადვილად ამოსაცნობია, რადგან ფრთებზე სქელი შავი ძარღვები აქვს. დაბლა დაფრინავს, მზისგან გამომწვარ გოლფის მოედანთან. ფრთების გაცვეთილი კიდეები მის გამძლეობის ადასტურებს. თუ კვერცხების დადება ჯერ არ დაუსრულებია (ჩვეულებრივ, რამდენიმე ასეულ კვერცხს დებს, ერთმანეთის მიყოლებით, რძეწვნის შემცველ მცენარეთა ფოთლების ქვედა მხარეზე), მალე დაასრულებს, რადგან მისი სიცოცხლეც დასასრულს უახლოვდება. მოგზაურობას ჩრდილოეთისკენ, სამხრეთ კანადამდე, მისი შთამომავლები და შემდეგ მათი შთამომავლები დაასრულებენ.
გოლფის ეს გაუქმებული მოედანი, რომელიც მასკოგებმა კერძო მეპატრონისგან შეიძინეს, პეპლების ჰაბიტატს მაინცდამაინც არ ჰგავს, მაგრამ მონარქი ადგილობრივი მცენარეების ნექტარს შეექცევა და მალე აქ უფრო მეტ ყვავილს ვიხილავთ. დამამტვერიანებელთა დაცვის ტომობრივი ალიანსის ბოტანიკოსი კოლინ სპრიგსი ავტომობილს აჩერებს და სურნელოვანი ლიმონის მონადრის და მთის პიტნის ჩითილები გადმოაქვს. ჩითილებს მასკოგის ტომის წევრები დარგავენ. მათ უხელმძღვანელებს ველური ბუნების სპეციალისტი ბრუკლინ ბარტლინგი, რომელსაც მარცხენა ბიცეფსზე ამოსვირინგებული აქვს მაყვლის, ფუტკრისა და ჭიამაიას გამოსახულებები.
ბარტლინგი მღელვარებით აღწერს ტომის გეგმებს – გოლფის მოედანი ბუნებრივ ნაკრძალად გადააქციოს, ასევე თავისი საქმიანობის შესახებაც გვიამბობს, რომელიც ამ ტერიტორიიდან ინვაზიური მცენარეების მოშორებასა და ადგილობრივი მინდვრის ყვავილების გაშენებას მოიცავს. „პეპლებს, მუხლუხებს – ყველაფერს, რასაც აქ ვხედავ, ფოტოებს ვუღებ. მინდა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო და ავუხსნა, თუ რატომ ვაკეთებთ ამას“, – ამბობს იგი.
ის და სპრიგსი ადგილობრივ მრავალწლოვან მცენარესთან (Silphium laciniatum) დგანან, რომელსაც გასულ წელს დარგვის შემდეგ აკვირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ორი ფოთოლი აქვს, სპრიგსის თქმით, მისი მთავარი ფესვი შეიძლება უკვე 1,5 მეტრამდე იყოს წასული ქვენიადაგში, რაც მცენარის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს გვალვის პირობებშიც კი.
ამას რომ ისმენს, ბარტლინგი იღიმება. „აქ დიდი პოტენციალია, – ამბობს იგი, – დიდი პოტენციალი“.
მონარქის ჰაბიტატის აღდგენა, თითო-თითო მეტრით
აშშ-ში, სადაც გაზონებს და საკარმიდამო მიწებს 56 მილიონი ჰექტარი უკავია, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ეზოებს მონარქების ჰაბიტატად აქცევს. „ეს არის სახალხო ინიციატივა“, – ამბობს ენტომოლოგი დაგ ტალამი, ორგანიზაცია Homegrown National Park-ის თანადამფუძნებელი. „ამისთვის არავისგან გჭირდებათ ნებართვა და შეგიძლიათ დატკბეთ შედეგებით“.
ტალამის თქმით, თუ ამ მოძრაობას შეუერთდებით, კონცენტრირდით მონარქების ორ მოთხოვნილებაზე: გამრავლების ადგილი და „საწვავი“ მიგრაციისთვის.
• რძეწვნის შემცველი მცენარე, არსებითი ჰაბიტატი გასამრავლებლად, ადვილად იზრდება კვლებსა ან ქოთნებში.
• შეარჩიეთ რძეწვნის შემცველი ის სახეობები, რომლებიც მიესადაგება თქვენს კლიმატს, მაგრამ გაითვალისწინეთ: მკვლევრები არ გირჩევენ ტროპიკული სახეობის (Asclepias curassavica) დარგვას, განსაკუთრებით თბილ კლიმატში, რადგან მთელი წლის განმავლობაში ყვავილობამ შეიძლება მიგრაცია შეაფერხოს.
• კალორიების მოსამარაგებლად, რომლებიც მათ სამოგზაუროდ სჭირდებათ, შეარჩიეთ ადგილობრივი მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებიც ყვავილობენ და ნექტარს გამოყოფენ ვეგეტაციის სეზონის სხვადასხვა პერიოდში.
ჯინი და ბილ ნელსონებმა უისკონსინში 1000 კვ. მეტრი ეზო პრერიად გარდაქმნეს და სხვა ენთუზიასტებს საქმის ნელ-ნელა დაწყებას ურჩევენ.
30 წლის წინ მათ გააკეთეს სულ ერთი კვ. მეტრი ფართობის კვალი, სადაც ადგილობრივი მცენარეები დარგეს. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი გაზონი ჩაანაცვლეს ადგილობრივი სახეობებით.
ზაფხულის ერთ შუადღეს ჯინი უყურებდა მონარქს, რომელიც ასკლეპიასის ხასხასა ნარინჯისფერ ყვავილს დასტრიალებდა. „პეპლები ყოველთვის აქ ყოფილან, უბრალოდ არ ვიცოდი“, – ჩაილაპარაკა მან.