
მონათა უკანასკნელი ხომალდი
2019 წლის მაისში 400 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბორკილდადებულმა აფრიკელებმა პირველად დადგეს ფეხი ვირჯინიაში
ამავე პერიოდში წყალქვეშა არქეოლოგთა ჯგუფმა განაცხადა, რომ „კლოტილდას“ დანახშირებული ნაშთები აღმოაჩინა ალაბამის წყლებში. ეს ხომალდი მონათა უკანასკნელი ცნობილი გემია, რომელიც აშშ-ის სანაპიროებს მიადგა. 1860 წელს – შეერთებული შტატების მიერ მონათა შეყვანის აკრძალვიდან 52 წლის შემდეგ – მდიდარმა მიწათმფლობელმა ეს გემი და მისი კაპიტანი დაიქირავა ალაბამაში ასზე მეტი აფრიკელი ტყვის ფარულად შესაყვანად, რისთვისაც ჩამოხრჩობა ემუქრებოდა. როდესაც ეს მანკიერი საქმე შესრულდა, მტკიცებულების გასანადგურებლად ხომალდი კაპიტანმა ცეცხლს მისცა. 1600-1860 წლებში აშშ-ის მატერიკზე 307 000-მდე აფრიკელი ტყვე ჩაიყვანეს. „კლოტილდამ“ სწორედ უკანასკნელი მონები გადმოსხა და, ამგვარად, სიმბოლურად წერტილი დაუსვა „ამერიკის პირველქმნილ ცოდვად“ წოდებულ სათაკილო მოვლენას. 1865 წელს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ერის გამაჩანაგებელი სამოქალაქო ომი ამ ცოდვისთვის ღვთის სასჯელს წარმოადგენდა. ომის დასრულებისა და მონობის გაუქმების შემდეგ „კლოტილდათი“ იძულებით ჩამოყვანილი აფრიკელები თავისუფალ ამერიკელებად დამკვიდრდნენ, მაგრამ მათ არ უარუყვიათ თავიანთი აფრიკული თვითმყოფადობა. მობილიდან მდინარის ზემო წელში ტყეებსა და ჭაობებში დასახლებისას ისინი უბრალო სახლებს აგებდნენ, ბაღებს აშენებდნენ, პირუტყვს უვლიდნენ, ნადირობდნენ, თევზაობდნენ და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. აფრიკელებმა ეკლესია დააარსეს და სკოლა ააშენეს. მათ ამგვარად ჩამოაყალიბეს ერთად შეკრული, საკუთარი თავის იმედად მყოფი თემი, რომელიც „აფრიკატაუნის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. მათი მრავალი შთამომავალი იქ დღესაც ცხოვრობს. აფრიკატაუნის მცხოვრებლებს ეამაყებათ ამ საოცარი ხალხის ამბის – მათი განსაცდელისა და გამარჯვებების, ტანჯვისა და მედეგობის – გახსენება და იბრძვიან მათი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.


წყარო: ერიკ ოვერბის კოლექცია, დოი ლილ მაკკოლის იშვიათ წიგნთა და ხელნაწერთა ბიბლიოთეკა, სამხრეთ ალაბამის უნივერსიტეტი.
საკუთარი ფესვების პოვნა
კუჯო ლუისი და მისი შთამომალვები, ალტევის ლამბერს-როზარიო (კაბაში) და რალფემა ლამბერსი. როდესაც ხომალდ „კლოტილდათი“ მოიყვანეს, ის 19 წლისა იყო. მაგრამ კოსოლას, რომელმაც სახელად კუდჯო ლუისი დაირქვა, საკუთარი სამშობლო არასოდეს დავიწყებია. გათავისუფლების შემდეგ მან და მისმა გემის თანამოძმეებმა საკუთარი ქალაქი ააშენეს და მრავალი აფრიკული ტრადიცია განაგრძეს. როდესაც ხომალდის ნაშთები იპოვეს, ლუისის შთამომავალმა, ალტევის ლამბერს-როზარიომ თქვა, – „ეს ჩვენთვის ძალზე ემოციური, ძალზე ამაღელვებელია“. მის ბიძაშვილს, რალფელმა ლამბერსს, მაისურზე ლუისის 1927 წელს გადაღებული ფოტო აქვს აღბეჭდილი.
1860 წლისთვის დამონებული ხალხი ამერიკის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა – უფრო ღირებულს, ვიდრე წარმოებაში, რკინიგზასა და ბანკებში ჩადებული კაპიტალის ჯამი შეადგენდა. 1808 წლიდან შეერთებულ შტატებში მონების შეყვანა უკანონოდ გამოცხადდა და 1859 წლისთვის უკვე შემოყვანილი მონების ფასმა ძალზე იმატა, რამაც პლანტატორთა მოგება მკვეთრად შეამცირა და ზოგიერთ მათგანს მონებით საერთაშორისო ვაჭრობის განახლების მოთხოვნისკენ უბიძგა.


წყარო: ლორნა გეილ ვუდსი; სამხრეთ ალაბამის უნივერსიტეტის არქივი.
ისტორიის მცველები
ჩარლი ლუისი და მისი შთამომავალი ლორნა გეილ ვუდსი. „კლოტილდას“ ტყვეთაგან ყველაზე უფროსი, ოლუალე, ჩარლი ლუისი რომ დაირქვა, იმ ადგილას დასახლდა, რომელსაც ლუისის კვარტალი შეარქვეს. მისი 200-მდე შთამომავლიდან ზოგიერთი კვლავაც იქ ცხოვრობს. ლორნა გეილ ვუდსის თქმით, – „სახლში „კლოტილდას“ ამბებს ხშირად გვიყვებოდნენ. აფრიკატაუნი აღსაზრდელად საამაყო ადგილი იყო“.
1860 წელს „კლოტილდაზე“ ასული 110 ახალგაზრდა მამაკაცი, ქალი და ბავშვი ბანტედან, დაჰომეიდან, კებიდან, ატაკორიდან და ბენინისა და ნიგერიის სხვა რეგიონებიდან იყვნენ. მათ შორის ერივნენ იორუბას, იშას, დენდის, ნიპესა და ფონის ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.


წყარო: ემა ლენგდონ როში, „სამხრეთის ისტორიული ჩანახატები” (1914).
ძველი უსამართლობის გამოსწორება
ოსა კეები და მისი შთამომავალი, კარლის ჰინტონი. დატყვევებამდე ოსა კეები, როგორც ჩანს, მდინარე კიბეზე ჩრდილო-დასავლეთით ნიგერიაში, თევზაობით ირჩენდა თავს. იგი და მისი ცოლი ენი წარმატებული ფერმერები გახდნენ, ცხრა შვილი აღზარდეს და მიწის რამდენიმე ნაკვეთს ფლობდნენ. სამხედრო ვეტერანი, კარლის ჰინტონი ამბობს: „ბებიაჩემი კეები იყო და ამ ხომალდზე ყველაფერი მიამბო. ჩემი ხალხის ბედის გასაცნობიერებლად ხალხს მთელი ეს წლები დასჭირდა. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ამარცხებს უსამართლობას“.
ყველაფრის მიუხედავად „კლოტილდას“ მგზავრებმა შეინარჩუნეს საკუთარი ღირსება, ერთობა და სიამაყე. მათი ამბავი განუზომელ სიმამაცესა და მიღწევებზე მეტყველებს, მაგრამ ყველაზე მეტად ის აუნაზღაურებელ დანაკლისზე გვიამბობს.
მონები გათავისუფლდნენ მხოლოდ 1865 წლის 12 აპრილს. აფრიკელებმა ეს ამბავი დაფდაფების ცემით აღნიშნეს.
„კლოტილდას“ აღმოჩენის ამბავი პირველმა გააშუქა ჯოელ კ. ბორნ უმცროსმა, როდესაც ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე სტატია გამოაქვეყნა 2019 წლის მაისში. ისტორიკოსი სილვიან დიუფი ავტორია წიგნისა „სიზმრები აფრიკაზე ალაბამაში“. ჩელსი ბრესტედი ახალ ორლეანში მოღვაწე მწერალი და პუბლიცისტია. ელიას უილიამსი არასაკმარისად წარმოჩენილ ხალხთა პორტრეტებზე სპეციალიზდება. მხატვარი სედრიკ ჰაკაბი ძირითადად აფროამერიკულ ოჯახთა მემკვიდრეობაზე მუშაობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.