მოპარული ცხოვრება
სექსუალური ტრეფიკინგი მსოფლიო სენია, რომელსაც მილიონობით ბავშვი ეწირება. ჩვენ მოგითხრობთ ინდოელი და ბანგლადეშელი მეოცნებე გოგონების ისტორიას, რომელთაც პროსტიტუციას აიძულებდნენ.


მოპარული ცხოვრება
სექსუალური ტრეფიკინგი მსოფლიო სენია, რომელსაც მილიონობით ბავშვი ეწირება. ჩვენ მოგითხრობთ ინდოელი და ბანგლადეშელი მეოცნებე გოგონების ისტორიას, რომელთაც პროსტიტუციას აიძულებდნენ.
ამბის შესახებ: იმისათვის, რომ დავიცვათ ტრეფიკინგის მსხვერპლ გოგონათა პირადი ინფორმაცია და დავემორჩილოთ ინდოეთის კანონებს სექსუალური დანაშაულის მსხვერპლთა იდენტიფიცირების შესახებ, გოგონათა და მათი ოჯახის წევრთა ვინაობას არ ვამჟღავნებთ. ისინი იმგვარად გადავიღეთ, რომ დაგვეფარა მათი სახეები, ზოგი ფოტო კი ისე შევცვალეთ, რომ დამალულიყო მათი სახასიათო ნაკვთები. სტატიაში ნახსენები ორი გოგონასთვის ვიყენებთ ფსევდონიმებს.
სანამ მათ ერთ საროსკიპოს მიჰყიდდნენ, საიდა და ანჯალი ჩვეულებრივი თინეიჯერები იყვნენ. ისინი მსგავს გარემოში იზრდებოდნენ, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით: საიდა ბანგლადეშის ქალაქ ხულნაში ცხოვრობდა, ანჯალი კი – სილიგურიში, დასავლეთ ბენგალში, ინდოეთში.
მათ ისეთივე მიზნები ჰქონდათ, როგორიც მსოფლიოს სხვა თინეიჯერებს – მშობლებისგან თავის დაღწევა, სიყვარულის პოვნა, ოცნებების ასრულება. ორივე მათგანი სამყაროს საკმაოდ მიამიტურად აღიქვამდა და მის სისასტიკეს ვერც კი წარმოიდგენდა.
საიდამ ბავშვობის უდიდესი ნაწილი დამოუკიდებლად გაატარა. მისი დედა ადრე დგებოდა და მთელი დღე მაღაზიებს ალაგებდა; მამა რიქშას მძღოლი იყო და მგზავრები მცირე გასამრჯელოს საფასურად გადაჰყავდა. გოგონამ სკოლა მანამდე მიატოვა, სანამ თინეიჯერი გახდებოდა.
კომუნიკაბელურ და დამოუკიდებელ საიდას ღიმილიც უყვარდა და მეგობრებსაც ადვილად იძენდა, ყველაზე მეტად კი ცეკვა იტაცებდა. მშობლები სახლიდან რომ გადიოდნენ, ტელევიზორში ნანახი ინდური და ბენგალური ფილმების ცეკვებს დგამდა ხოლმე.

საიდა ლამაზი იყო, დახვეწილი ნაკვთები, ნუშის ფორმის თვალის ჭრილი ჰქონდა და მაკიაჟის კეთებაც უყვარდა. ბიჭების მოზღვავებული ყურადღებით შეშფოთებულმა მშობლებმა საიდა 13 წლის ასაკში გაათხოვეს. სამხრეთ აზიის უმეტეს ნაწილში ბავშვთა ქორწინება ხშირი, თუმცა არაკანონიერია. საიდას მშობლების შერჩეული ქმარი მოძალადე აღმოჩნდა და საიდაც ოჯახს დაუბრუნდა.
ოჯახში დაბრუნებულმა საიდამ დედას სთხოვა, ცეკვის აკადემიაში შეეყვანათ. „შევძლებ, წარმოდგენებში მივიღო მონაწილეობა და ფული გამოვიმუშაო“, – თქვა მან. დედა დათანხმდა და საიდაც ქორწილებსა და სხვა ღონისძიებებზე ცეკვას შეუდგა. სწორედ ამ დროს წამოიწყო სასიყვარულო ურთიერთობა ბიჭთან, რომელიც აკადემიას ხშირად სტუმრობდა. ბიჭმა უთხრა, რომ ინდოეთში წაიყვანდა, სადაც იგი მოცეკვავის საქმიანობით უფრო მეტ ფულს იშოვიდა. საიდამაც მასთან ერთად გაპარვა გადაწყვიტა.
ანჯალის – თვალებჟუჟუნა, გრაციოზულ, ღაწვმაღალ გოგონას სახლის მიტოვების სურვილი მსგავსი მიზეზით ჰქონდა. მისი ოჯახი ღარიბულ უბანში, ბარაკში ცხოვრობდა. 13 წლის ასაკში ანჯალიმ სკოლა მიატოვა და მუშაობა ქარხანაში დაიწყო – სასუსნავებს ფუთავდა. ბუნებით ჩაკეტილ ანჯალის ბევრი მეგობარი არ ჰყოლია. სახლში ერთი მესაიდუმლე ჰყავდა – მის მიერ აყვანილი ციკანი, რომელიც ანჯალის კუდში დაჰყვებოდა, საჭმელს უციცქნიდა და ღამე საწოლშიც უკოტრიალდებოდა.
ქარხანაში ანჯალი ახალგაზრდა კაცით მოიხიბლა. იცოდა, რომ დედა მისთვის საქმროს ეძებდა, თუმცა ანჯალის გადაწყვეტილი ჰქონდა, ისეთი კაცი ეპოვნა, რომელიც თავადაც მოეწონებოდა. ამიტომ 2016 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს, დურგა პუჯას – ინდუისტური ფესტივალის დროს, ანჯალიმ ახალი, ხასხასა „შალვარ-კამიზი“ ჩაიცვა და სახლიდან გაიპარა მეგობარ ბიჭთან შესახვედრად. მის გასაკვირად, ბიჭი სხვა ახალგაზრდა კაცთან ერთად ელოდებოდა, თუმცა ანჯალი მაინც ავიდა კოლკატისკენ მიმავალ მატარებელში მათთან ერთად.
იმ საღამოს დედამ ანჯალის გიჟივით ძიებაში აღმოაჩინა, რომ მეზობლებს ყური მოუკრავთ, თუ როგორ ეუბნებოდა ანჯალი თავის თხას: „შენ ვინ მოგივლის, მე რომ წავალ?“

კაცობრიობის გარყვნილებებს შორის ყველაზე შოკისმომგვრელი სწორედ ბავშვების დამონებაა სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. როგორც კრიმინალური საქმიანობის უმეტესობას ახასიათებს, დანაშაულის მასშტაბის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ცხადია, რომ არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგი მრავალმილიარდდოლარიანი გლობალური ინდუსტრიაა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხშირად ციტირებული კვლევის მიხედვით, 2016 წელს სექსუალურ ექსპლუატაციას მილიონზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. რადგან ბავშვთა პროსტიტუციის საქმეების აღმოჩენა რთულია, ანგარიში ასკვნის, რომ რეალური რიცხვი ბევრად უფრო მაღალია. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს გამოცემულ ტრეფიკინგის უახლეს გლობალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნების მიერ დადგენილი რაოდენობა 2010 წლის 15 000 მსხვერპლიდან 2016-ში თითქმის 25 000-მდე გაიზარდა. ეს რიცხვები რეალურ მსხვერპლთა მხოლოდ ნაწილს ასახავს – მათ უმეტესობას ვერასოდეს პოულობენ. რიცხვის ზრდა შეიძლება კანონის უკეთეს აღსრულებაზე მეტყველებდეს, თუმცა, მკვლევართა აზრით, ეს გაუარესებულ რეალობას უფრო ასახავს – რომ ადამიანებით ვაჭრობა, მათ შორის ბავშვთა ტრეფიკინგი პროსტიტუციისთვის, მატულობს.
„ეს მზარდი ინდუსტრიაა“, – ამბობს ლუიზ შელი, საჯარო მართვის პროფესორი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში და ავტორი წიგნისა „ტრეფიკინგი: გლობალური პერსპექტივა“.

და დეიდაშვილთან ერთად ელოდება მატარებელს სამხრეთ 24 პარგანაში, დასავლეთ ბენგალის მეტწილად ღარიბ უბანში ტრეფიკინგის დიდი მაჩვენებლით. მ.-მ გაკვეთილზე კაცი გაიცნო, რომელმაც იგი დელიში საროსკიპოს მიჰყიდა. მ.-მ მოახერხა მამისთვის დარეკვა და იგი არაკომერციული ორგანიზაციის, Shakti Vahini-ს დახმარებით პოლიციამ იხსნა.
ბავშვებით სექსუალური ტრეფიკინგის სენი პრაქტიკულად ყველა ქვეყანას მოედო, თუმცა მსოფლიოს ზოგი ნაწილი ამ უკანონო ვაჭრობის ეპიცენტრი გახდა. ერთ-ერთი ასეთი გაპარტახებული რეგიონია ის, სადაც საიდა და ანჯალი გაიზარდნენ – ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატი და მისი მეზობელი ბანგლადეში. ეს ტერიტორია 2250-კილომეტრიანი საერთაშორისო საზღვრით გაიყო, თუმცა საერთო კულტურული და ლინგვისტური მემკვიდრეობა ახლაც შემორჩათ და ორივე რეგიონში ყოველ წელს ათასობით გოგონას ყიდიან სექსუალურ მონებად.
რეალური სტატისტიკა უცნობია, თუმცა ოფიციალური ან მიახლოებული რიცხვები ტრეფიკინგის დიდ ოდენობაზე მიუთითებს. ინდოეთის დანაშაულის აღრიცხვის ეროვნული ბიუროს მიხედვით, 2010-დან 2016 წლამდე ქვეყნის 34 908 შემთხვევის თითქმის მეოთხედი დასავლეთ ბენგალში დაფიქსირდა – ეს საოცრად დიდი წილია შტატისთვის, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 7%-ს შეადგენს. მხოლოდ 2017 წელს დასავლეთ ბენგალიდან 8178 ბავშვი გაუჩინარდა, რაც იმ წლის ინდოეთის ჯამური მონაცემის თითქმის მერვედია. ამ გოგონათა დიდი ნაწილი თითქმის უეჭველად საროსკიპოში მოხვდებოდა. ბანგლადეშში შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყოს: ერთი სამთავრობო შეფასებით, ქვეყნიდან ინდოეთში ან ინდოეთის გავლით ყოველ წელს სავარაუდოდ 50 000 გოგონა გაჰყავთ – ეს რიცხვი არ მოიცავს ბანგლადეშშივე პროსტიტუციისთვის გაყიდულ გოგონებს.
დასავლეთ ბენგალი არის როგორც გოგონების გაყიდვის, ისე მათი მოტაცების ადგილი. გრძელი საზღვარი ბანგლადეშთან და 96-კილომეტრიანი მიწა ნეპალის მეზობლად ბევრ არაკონტროლირებად მონაკვეთს მოიცავს, რაც მოვაჭრეებს შტატში გოგონათა შეყვანის საშუალებას აძლევს. ზოგი გოგონა ე.წ. „წითელი ფარნების კვარტალში“ ხვდება კოლკატაში – 14 მილიონზე მეტი ადამიანით დასახლებულ ქალაქში. დანარჩენს ინდოეთის სხვა საროსკიპოებში ყიდიან – დელიში, მუმბაიში, პუნაში – ან ახლო აღმოსავლეთში აპარებენ (ინდოეთში კომერციული სექსსამუშაო ლეგალურია, თუმცა იკრძალება ტრეფიკინგთან ასოცირებული ბევრი საქმიანობა, მაგალითად, სუტენიორობა ან საროსკიპოს მართვა და ბავშვების პროსტიტუციაში ჩართვა).
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბანგლადეშიდან ინდოეთში ყოველ წელს ტრეფიკინგის მსხვერპლი 50 000 გოგონა გადაჰყავთ.
რა გასაკვირია, რომ ამ ტრაგედიის უდიდესი მამოძრავებელი ძალა რეგიონში გავრცელებული სიღარიბეა, მათ შორის ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს უბანში – სამხრეთ 24 პარგანა. აქ ბანდები ღარიბ გოგონებზე ნადირობენ და მათი ხელმოკლეობითა და დაუცველობით სარგებლობენ.
„მე რომ ადამიანებით ვვაჭრობდე… გასარკვევი მექნებოდა, გოგონა შიმშილობს და გამწარებული ეძებს სამსახურს, თუ სასიყვარულო თავგადასავლები იტაცებს“, – ამბობს ტაპოტი ბოუმიკი Sanlaap-იდან (კოლკატაში არსებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთ ეხმარება). სიღარიბეში გაზრდილი გოგონებისთვის ისეთ მარტივ ფუფუნებას, როგორიცაა კოსმეტიკა, ხშირად მაჰიპნოზირებელი ეფექტი აქვს. „ისეთი ცხოვრება სურთ, როგორიც ტელესერიალებში უნახავთ“, – გვიხსნის იგი.
ბოუმიკის თქმით, ტრეფიკინგის ჯგუფებთან მომუშავე თინეიჯერი ბიჭები და ახალგაზრდა კაცები ხანდახან ყალბ ქორწინებაშიც კი შედიან და გოგონებთან გარკვეული დროით ცხოვრობენ კიდეც. „თუ ბიჭი გოგონას შეტყუებისთვის 20 000 რუპიას ხარჯავს, ის მას 70 000 რუპიად გაყიდის“, – ამბობს ბოუმიკი. ეს საკმაოდ დიდი მოგებაა – დაახლოებით 650 დოლარი – იგივე, რასაც ქარხნის ბევრი მუშა ხუთ თვეში გამოიმუშავებს.
უკანასკნელ წლებში ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პოლიციის დანაყოფები დასავლეთ ბენგალსა და სხვა ადგილებში უფრო აქტიურად ეძებენ და ათავისუფლებენ საროსკიპოებში გაყიდულ გოგონებს, თუმცა ბევრად მეტია გასაკეთებელი. „როდესაც ბავშვი უჩინარდება, უნდა ვიზრუნოთ, რომ პოლიციამ მაშინვე დაიწყოს გამოძიება“, – ამბობს რიში კანტი, Shakti Vahini-ს დამფუძნებელი – არაკომერციული ორგანიზაციისა, რომელმაც ასობით მსხვერპლის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.

Sanlaap-ი და სხვა ორგანიზაციები გოგონების რეაბილიტაციაზე მუშაობენ იმ იმედით, რომ ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან, გადალახავენ სოციალურ სტიგმას და ნორმალურ ცხოვრებასაც მოიწყობენ, მაგრამ, კანტის თქმით, შტატის მთავრობა უფრო მეტს უნდა აკეთებდეს გადარჩენილ მსხვერპლთა დასახმარებლად. „მათ უნდა შეძლონ იცხოვრონ ისე, როგორც თქვენ და მე“, – ამბობს იგი. „მათ მართვის სადავეები საკუთარ ხელში უნდა აიღონ“.
ტრეფიკინგის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მის დასაძლევად კანონდამცველთა უფრო არსებითი და გრძელვადიანი პასუხია საჭირო – მაგალითად, ეროვნული სააგენტო, რომელიც მხოლოდ ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებაზე იმუშავებს.
როდესაც საიდამ სახლი მიატოვა, ბიჭმა, რომელთან ერთადაც იგი გაიპარა, ავტობუსით ინდოეთის საზღვრისპირა ქალაქში ჩაიყვანა. ქალაქში ღამე ჩავიდნენ, ტყის გავლით მდინარის სანაპირომდე იარეს. ბიჭმა პოლიციელი მოისყიდა; წყვილი ნავში ჩახტა და მდინარე გადაჭრა. ასე აღმოჩნდნენ ინდოეთში.
ისინი მდინარის პირას სახლში გაჩერდნენ. აქ საიდამ კიდევ ერთი გოგონა გაიცნო – ასევე ბანგლადეშიდან ჩამოყვანილი – და დაეჭვდა. თავის მეგობარ ბიჭს რომ ჩაეკითხა, ბიჭმა უთხრა, რომ საიდას საროსკიპოში უნდა ემუშავა. როდესაც საიდამ უარი განაცხადა, ბიჭი დაემუქრა: „მოგკლავ და მდინარეში ჩაგაგდებ“.
რომ გაქცეულიყო კიდევაც, საიდამ არ იცოდა, ვისთვის მიემართა დასახმარებლად. ინდოეთში იგი არალეგალურად შევიდა და ამიტომ არც პოლიციაში მისვლა შეეძლო. „იმდენად შემეშინდა, დავთანხმდი“, – თქვა მან. „ვთქვი, რომ მოცეკვავედ ვიმუშავებდი, მაგრამ სხვას არაფერს ვიზამდი“.
ბიჭმა საიდა მაჰიშადალში, ჰალდიას გარეუბანში, საროსკიპოს მიჰყიდა. ეს სამდინარო პორტი და ინდუსტრიული ქალაქი კოლკატიდან სამხრეთ-დასავლეთით, 60 კილომეტრით დაშორებულ დასავლეთ ბენგალში მდებარეობს. მე ამ საროსკიპოში დატყვევებული ათიოდე გოგონა მელაპარაკა, მათ შორის საიდა და ანჯალი. ეს ამბავიც ამ ინტერვიუებს ეფუძნება.
გზატკეცილის გაყოლებაზე ჩამწკრივებული ასეთი დაწესებულებებიდან ერთ-ერთი იყო ორსართულიანი სასტუმრო „სანკალპა“ 24 პატარა ოთახითა და რესტორნის უკან მდებარე საცეკვაო ბარით. გოგონების თქმით, მას მართავდა მამაკაცი, სახელად პრაშანტა ბჰაქტა. მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და მისმა ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.


(მარცხნივ) სახლში (ხულნა, ბანგლადეში) საიდას დედას თავისი ქალიშვილის საყვარელი სარი უჭირავს. ეს სამოსი საიდას მამამ ეიდ-ალ-ფიტრზე, რამადანის დასასრულის აღსანიშნავ მუსლიმანურ დღესასწაულზე მისცა. ეს უკანასკნელი ეიდ-ალ-ფიტრი იყო, რომელიც ოჯახმა ერთად აღნიშნა. 14 წლის საიდა ბიჭთან ერთად გაიქცა, ბიჭმა კი იგი მაჰიშადალში საროსკიპოში გაყიდა. სამი წლის განმავლობაში საიდას სცემდნენ და სექსს აიძულებდნენ. საიდა გადაარჩინეს და „სნეჰაში“ გაუშვეს, თუმცა იგი სახლში ვეღარასოდეს დაბრუნდა.
(მარჯვნივ)დასავლეთ ბენგალში პოლიცია პატრულირებს მდინარე ჰუგლისთან სუნდარბანში, ინდოეთი-ბანგლადეშის სამხრეთ საზღვარზე გადაჭიმული მანგროს ტყეების წყლიან მიწებზე. ადამიანით მოვაჭრეები ინდოეთში გოგონების ფარულად შეყვანისას ხშირად იყენებენ მდინარეებს, რათა პოლიციას აარიდონ თავი.
მაშინ 14 წლის საიდას სჯეროდა, რომ კლიენტებისთვის მხოლოდ ცეკვითაც გავიდოდა ფონს. როგორც მითხრა, ბჰაქტამ ეს იმედები მაშინვე დაუმსხვრია და იგი გააუპატიურა. საიდამ სხვა გოგონებისგან გაიგო, რომ ბჰაქტა სწორედ ასე ადგენდა, რამდენი უნდა გადაეხადათ კლიენტებს ამა თუ იმ გოგონასთან სექსში. საიდას მსგავსი ახალბედები – თითქმის ქალწულებად შეფასებულები – ყველაზე ძვირი ღირდნენ: 500 რუპია, ანუ დაახლოებით შვიდი დოლარი.
გოგონებმა ისიც თქვეს, რომ ბჰაქტა მათ ალკოჰოლის დალევას აძალებდა, რათა ისინი უფრო დამყოლი გამხდარიყვნენ. საიდა წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მიხვდა, რომ ინტოქსიკაცია სექსუალური მონობის ტრავმის შერბილებაში ეხმარებოდა. მალე აქტიურად სმა დაიწყო. „დრო ასე გამყავდა – დღის განმავლობაში ვსვამდი“, – ამბობს იგი.
საიდას საროსკიპოში უკვე ორი წელი ჰქონდა გატარებული, როდესაც 16 წლის ანჯალიც იყიდეს. მამაკაცმა, რომელიც ანჯალის თავისი საქმრო ეგონა და მეორე ახალგაზრდა კაცმა გოგონა მაჰიშადალში წაიყვანეს. თანმხლებმა მამაკაცმა ანჯალის უთხრა, რომ მომზადებულიყო – საღამოს ვიღაცის გასაცნობად უნდა წაეყვანა.
ჩაბნელებულ ოთახში რომ შევიდნენ, ანერვიულდა. „ეს რა ადგილია?“ – იკითხა მან. უთხრეს, რომ ეს სასტუმრო იყო, რომელშიც იგი იმუშავებდა. „რა სამუშაოა?“ – იკითხა ანჯალიმ და შიშის ზარი დაეცა. როდესაც აუხსნეს, რაშიც იყო საქმე, ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.
ანჯალისთვის პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. გოგონებმა მითხრეს, რომ ბჰაქტასი ძალიან ეშინოდათ – ის მათ გიჟივით სცემდა ან სიგარეტით წვავდა, თუ არ ემორჩილებოდნენ.
გოგონებისთვის საროსკიპო ციხესავით იყო. შენობის გარშემო ღობის ჭიშკარი და შესასვლელი კარი – ყოველთვის ჩაკეტილი ან დაცული. გოგონებს გასვლა მხოლოდ ღამე შეეძლოთ მოპირდაპირე რესტორანში საჭმელად, თანაც დაცვის სამსახურის ხნიერი თანამშრომლის თანხლებით.
ფიზიკური ტანჯვის ასატანად გოგონები ტკივილგამაყუჩებლებს სვამდნენ, თუმცა ემოციურ ტრავმას თავს ვერ აღწევდნენ.
კლიენტები დღე და ღამე შემოდიოდნენ და გოგონებს დღეში თითქმის 20-ჯერ აუპატიურებდნენ. ფიზიკური ტანჯვის ასატანად გოგონები ტკივილგამაყუჩებლებს სვამდნენ, თუმცა ემოციურ ტრავმას თავს ვერ აღწევდნენ. „ისეთ სირცხვილს ვგრძნობდით, – თქვა ანჯალიმ, – როდესაც უფროსი კაცები მოდიოდნენ, მამაჩვენებზე ხნიერებიც კი“.
ჩუმი და მორცხვი ანჯალი სრულიად განსხვავდებოდა საიდასგან, რომელიც ხანდახან სიმთვრალეში ნერვიული ხდებოდა და კლიენტებს ურტყამდა. განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, ისინი დამეგობრდნენ.
შიგადაშიგ პოლიცია რეიდს აწყობდა ხოლმე, თუმცა, გოგონების თქმით, ბჰაქტასა და მის თანამშრომლებს ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდნენ. ისინი გოგონებს სახლის უკანა მხარეს მალავდნენ პოლიციელების მისვლამდე, მაგრამ 2017 წლის აპრილის ერთ შუადღეს პოლიცია ამ და მეზობელ საროსკიპოში შევიდა ისე, რომ ბჰაქტა არავის გაუფრთხილებია. პოლიციამ ბჰაქტა და კიდევ 12 ადამიანი დააკავა კანონის ისეთი მუხლების საფუძველზე, რომლებიც ბავშვთა ტრეფიკინგსა და სექსუალურ ექსპლუატაციას კრძალავს. ანჯალი, საიდა და 18 გოგონა და ქალი დაიხსნეს. ისინი გათავისუფლდნენ, მაგრამ სახლში დაბრუნების უფლება ჯერ არ ჰქონდათ.

საიდა და ანჯალი 17-ის იყვნენ, როდესაც ისინი „სნეჰაში“ ვნახე, Sanlaap-ის თავშესაფარში ნარენდრაპურში, კოლკატის გარეუბანში. აქ მხოლოდ რამდენიმე დღის ჩამოყვანილები იყვნენ მაჰიშადალიდან გადარჩენილ 10 გოგონასთან ერთად. თითოეული მათგანი დამთანხმდა შეხვედრაზე.
ზედამხედველმა ისინი დიდ, უავეჯო ოთახში შემოიყვანა, სადაც მე მათ Sanlaap-ის წარმომადგენელთან ერთად ველოდი. წრეში დავსხედით. ბენგალურად ლაპარაკი რომ დავიწყეთ, გოგონები უფრო დამშვიდდნენ.
საიდას ლაპარაკი ყველაზე მეტად ეხალისებოდა. მან მომითხრო, როგორ განუწყვეტლივ სცემდა საროსკიპოს მფლობელი ბჰაქტა მას და დანარჩენებს.
„სანამ სისხლს არ გვადენინებდა, არ ჩერდებოდა“, – წამოიძახა საიდას გვერდით მჯდარმა ანჯელიმ.
„გვეუბნებოდა – დღეში მინიმუმ 10 კლიენტთან თუ არ დაწვებით, გცემთო“, – თქვა საიდამ.
ანჯალის მივუბრუნდი და მანაც მიამბო, როგორ გაყიდა იგი მისმა მეგობარმა ბიჭმა. „მითხრა, ცოლად მომიყვანდა“, – თქვა მან და დარცხვენილმა გაიღიმა. სხვა გოგონებმა გაიცინეს. თუმცა, საუბრისას მივხვდი, რომ ანჯალის კი არ დასცინოდნენ, საკუთარ თავზე გაეცინათ. მათი ისტორიები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.
მეორე დილით თავშესაფარში რომ მივბრუნდი, ვიკითხე, საიდა და ანჯალი კიდევ ერთხელ ხომ არ გამესაუბრებოდნენ, რადგან ისინი ყველაზე პირდაპირები აღმოჩნდნენ. გოგონებმა თავიანთ შემაძრწუნებელ გამოცდილებაზე ისეთი გულგრილობით მიამბეს, ცოტა ავღელდი კიდეც. საიდას ვკითხე, მონობის სამ წელიწადში რამდენად ხშირად ტიროდა და მალევე მივხვდი, რამდენად სულელური შეკითხვა დავსვი. „ვტიროდი და ვტიროდი. მეტი რა უნდა მექნა?“ – მიპასუხა ისეთი ბედს დამორჩილებული ტონით, რომელიც ასეთი ახალგაზრდა ადამიანისგან აქამდე არ გამიგია. მისი ცრემლების ზღვა ბოლომდე ვერასოდეს გადმოსცემდა მის სევდას.
მათ ვკითხე, რას იზამდნენ, სახლში რომ დაბრუნდებოდნენ. ანჯალიმ ზუსტად არ იცოდა.


(მარცხნივ) ს. ოჯახს დაუბრუნდა სამხრეთ 24 პარგანაში. მას ახლა დედა ეფერება. ოჯახი მისი დღიურის ჩანაწერებით მიხვდა, რომ გოგონა ვიღაც კაცთან ერთად გაიპარა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი პუნას საროსკიპოდან პოლიციამ გაათავისუფლა.
(მარჯვნივ) ს.-ს დღიურში შეგვიძლია ამოვიკითხოთ თინეიჯერის სიყვარულის ისტორია, რომელიც ბოროტად გამოიყენა მისმა გამყიდველმა მამაკაცმა: „შენ თუ ცხოვრებაში არ მეყოლები, მოვკვდები. თუ შენი ვერ ვიქნები, ვერც სხვისი გავხდები“.
„ისევ ვინმე შეგიყვარდება?“ – სიცილით ჰკითხა საიდამ.
„არა, არ შემიყვარდება“, – უპასუხა ანჯალიმ.
საიდამ თქვა, რომ იმ სილამაზის სალონში ცდიდა მუშაობის დაწყებას, სადაც ადრეც მუშაობდა. „ცეკვას არ დავუბრუნდები. ვეცდები, განათლება მივიღო“.
„მე, შეიძლება, ცეკვის გაკვეთილებს დავესწრო“, – თქვა ანჯალიმ.
„არა, ცეკვა არ გინდა“, – გააფრთხილა საიდამ. „შეიძლება, შარში გაგხვიოს“.
ორი წლის წინ, ერთ ნაშუადღევს, გირირაჯ პანდა, ადვოკატი ჰალდიადან, რომელსაც სექსუალური ტრეფიკინგის შემთხვევების საქმის აღძვრაზე უმუშავია, სასამართლოს მახლობლად სადილობდა, უცებ ჩვეული გუგუნი უეცარმა მღელვარებამ დაარღვია. პანდამ აიხედა და შეამჩნია კაცი, რომელიც რამდენიმე პოლიციელს გაურბოდა. პოლიციელები ვერ ეწეოდნენ, მამაკაცი კი მოტოციკლს მოახტა – საჭესთანაც მისი თანამზრახველი იჯდა. ორივე მაშინვე მოწყდა ადგილიდან.
პანდამ, რომელიც Sanlaap-მა ბჰაქტასა და სხვების წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გოგონების ადვოკატად დაიქირავა, გაქცეული იცნო. ეს ბჰაქტა იყო, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა წარედგინათ. როდესაც ოფიცრებს შენობაში ხელებჩაჭიდებული შეჰყავდათ, მაშინ გაიქცა. პანდას თქმით, ბჰაქტას ადრეც ედებოდა ბრალი მსგავს დანაშაულში, თუმცა ადვოკატები ყოველთვის ახერხებდნენ მის გათავისუფლებას გირაოთი. როგორც ჩანს, ბჰაქტამ საკმაოდ სარისკო გზა – გაქცევა აირჩია, რადგან ახალ ბრალდებებს ვეღარ გაექცა. ამ დროისთვის მას ციხეში უკვე წელიწადნახევარი ჰქონდა გატარებული.
საროსკიპოს მფლობელები და ადამიანით მოვაჭრეები, რომლებიც არასრულწლოვნების ექსპლუატაციას ეწევიან, ხშირად თავს არიდებენ სასჯელს – არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიცია ვერ აღასრულებს კანონს, არამედ იმიტომაც, რომ ინდოეთის სამართლებრივი სისტემა მათ თავის არიდების მრავალ გზას უტოვებს. ინდოეთის სასამართლოები იმდენად გადატვირთულია, რომ ხანდახან სასამართლო საქმე წლების განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ სასამართლოს უწევს, ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლოს, რადგან პროკურორი დროზე ვერ ახერხებს ბრალდების წაყენებას არაკომპეტენტურობის თუ კორუმპირებულობის გამო.


(მარცხნივ) ფარაკ ალი გაიენი, რომელიც 2017 წლის ივლისში დააკავეს, დგას ჯაგდიპ სინგ რავატსა (Shakti Vahini-ს ანტიტრეფიკინგის აქტივისტი) და პოლიციის ოფიცერ შიბენდუ გოშს შორის. გაიენმა თქვა, რომ დელიში თავის დასთან მიყვანილ თითოეულ გოგონაზე 260 დოლარს იღებდა, მისი და კი გოგონებს საროსკიპოებში ყიდდა. თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად წლინახევრის განმავლობაში სამხრეთ 24 პარგანადან 11 გოგონა გამოიყვანეს. მისი და და ჯგუფის სხვა წევრებიც დააკავეს. საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
(მარჯვნივ) შიული, 27 წლის სექს-მუშაკი, კლიენტთან შეხვედრას გეგმავს. 13 წლის ასაკში გათხოვილმა შიულიმ ქმარი მიატოვა და ვაჟიც თან წაიყვანა, თუმცა მშობლებმა მას სახლში დაბრუნების უფლება არ მისცეს. ის სექსმუშაკი გახდა, რადგან მოსამსახურეობით საკმარის ფულს ვერ გამოიმუშავებდა. შიულის კლიენტებისგან კიდევ ორი ვაჟი შეეძინა.
ასეთი უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანით მოვაჭრეების გასამართლებაზე მაინც მუშაობენ. პანდას თქმით, უკანასკნელ ექვს წელიწადში მან და მისმა გუნდმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოატანინეს ჰალდიას ტერიტორიაზე ტრეფიკინგის ათზე მეტ შემთხვევაში. მისი თქმით, ბჰაქტას ბრალის დასამტკიცებლად იბრძოლებდა. პანდასვე ცნობით, ბჰაქტა გაქცევიდან რამდენიმე კვირაში იპოვეს და დაიჭირეს.
მისი საქმე დღემდე განიხილება და ეს განხილვა წლობით შეიძლება გაიწელოს. ბჰაქტა წლის დასაწყისში გირაოთი გაათავისუფლეს. პანდა ამბობს, რომ პროკურორები ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „რადგან ადამიანით მოვაჭრეებსა და საროსკიპოს მფლობელებს იურიდიულ გადასახადებზე ბევრის დახარჯვა შეუძლიათ, მათთვის მარტივია სასჯელისგან თავის არიდება, – ამბობს პანდა, – მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით“.
„სნეჰაში“ ჩემი ვიზიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ საიდას მუცლის მწვავე ტკივილები დაეწყო. რამდენიმე დღით ადრე თავშესაფარში ენერგიულად იცეკვა. „სნეჰას“ თანამშრომლებმა იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც საიდა რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმებმა საიდას სიკვდილი ღვიძლის უკმარისობას მიაწერეს, რაც, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ხშირი სმით იყო გამოწვეული.
საროსკიპოს მფლობელები და ადამიანებით მოვაჭრეები, რომლებიც არასრულწლოვნების ექსპლუატაციას ეწევიან, სასჯელის თავიდან არიდებასაც ახერხებენ.
2018 წლის ნოემბერში ხულნაში ფოტოგრაფ სმიტა შარმასთან ერთად ჩავედი საიდას ოჯახის მოსანახულებლად – საიდას და მე ეს სტუმრობა ძალიან ბედნიერად წარმოგვედგინა. იმ მეჩეთს რომ ჩავუარეთ, რომლის ჩვენებაც მას ჩემთვის უნდოდა, ქუჩებში გავძვერ-გამოვძვერით და მანქანა ჩაის მაღაზიის გვერდით დავაყენეთ. საიდას დედა – დაბალი, ჩასკვნილი, „შალვარ-კამიზში“ გამოწყობილი ქალი – გრუნტოვან გზაზე გაგვიძღვა საიდას ბავშვობის სახლისკენ. მისი მამა, გამხდარი, ჩამომხმარი კაცი, უენერგიოდ მოგვესალმა. რადგან მისაღებ ოთახში ავეჯი არ იყო, თავიანთ საძინებელში მიგვიპატიჟეს. სმიტა და მე ფეხებგადაჯვარედინებულები დავსხედით საწოლზე, ფანჯრიდან კი შუადღის შუქი შემოდიოდა.
როდესაც საიდას დედამ გვიამბო, როგორ უყვარდა მის ქალიშვილს სიმღერა და ცეკვა, საიდას, ანჯალისა და სხვა გოგონების ფოტო ვუჩვენე, რომელიც მათი საცეკვაო წარმოდგენის შემდეგ გადავიღეთ. ფოტოზე საიდას ხასხასა მოიისფრო-ვარდისფერი სარი აცვია, ყვითელი გვირგვინი უკეთია და ღიმილით სახე უბრწყინავს.
მისმა დედამ ფოტოს დახედა და თავშეუკავებლად ატირდა. „როგორი უბრალო, უმანკო გული ჰქონდა ჩემს ქალიშვილს, – თქვა მან და ცრემლი მოიწმინდა, – სწორედ ამიტომ დავკარგე“.
საიდას მშობლებმა იცოდნენ, რომ მათი ქალიშვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და საროსკიპოში ჰყავდათ გამოკეტილი, თუმცა სურდათ, მეტი სცოდნოდათ იმაზე, თუ რა გამოიარა მან. ამიტომ მშობლებს საიდას და ჩემი ინტერვიუს ჩანაწერი ჩავურთე. დედამისი მოსასმენად ახლოს მოიწია. მამა მეორე ოთახიდან უსმენდა – იატაკზე იჯდა და კედელს მიშტერებოდა. როდესაც საიდამ საროსკიპოში თავის გამოცდილებაზე მოყოლა დაიწყო, დედა აწრიალდა, მამამ კი გაიხედა.

„ალბათ, მტკივნეულია ამის მოსმენა“, – ვუთხარი მე.
საიდას დედამ აცრემლებული თვალებით შემომხედა. „ისედაც მტკივნეულია ჩვენთვის, – თქვა მან, – ტკივილი უსასრულოა“.
მამამისს იმ ნაშუადღევს ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს ოჯახთან გამოსამშვიდობებლად რომ მივბრუნდი, დამელაპარაკა. მითხრა, რომ საიდას სიკვდილის შემდეგ გაუწონასწორებელი გახდა, ხშირად ჭამასა და ბანაობაზე ამბობდა უარს, სევდისგან პარალიზებული გზაზეც საათობით ჩამოჯდებოდა ხოლმე, რიქშათი მგზავრების გადაყვანის მაგივრად.
„ჩემი ქალიშვილი მთელი ჩემი ცხოვრება იყო, – მითხრა მან, – ყოველთვის ბედნიერი, სხვებსაც აბედნიერებდა, ახლა კი აღარ არის“.
თავშესაფარში წლინახევრის გატარების შემდეგ ანჯალი ძლივს დაბრუნდა სახლში დედასთან სილიგურიში და ქარხანაში მუშაობა დაიწყო. როდესაც მას 2019 წლის დეკემბერში ვესტუმრე, უკვე 19 წლის ანჯალი დედას სახლის საქმეებში ეხმარებოდა.
ანჯალიმ სიმარტოვის სირთულეებზე მიამბო. მას თავშესაფრის მეგობრები ენატრება, რომლებსაც ისე ესმოდათ მისი ტკივილის, როგორც ამას სხვა ვერავინ გაიგებდა. თავისი გამოცდილების უდიდესი ნაწილი დედას უკვე გაუზიარა. ანჯალიმ თქვა, ყურიც მოვკარი, ზოგი მეზობელი როგორ ამბობდა, ბინძურ საქმიანობას ეწეოდაო.
„მათ პასუხს არ ვცემ“, – თქვა მან.
აშკარა იყო, რომ მეზობლების მიერ ანჯალის შერცხვენა მის სიმარტოვის განცდას კიდევ უფრო ამძიმებდა. შეეძლო მეზობლების არსებობა საერთოდ დაევიწყებინა, მაგრამ დედამისის სიტყვების იგნორირება უფრო რთული იყო – დედა ზედმეტ მზრუნველობას იჩენდა და ანჯალის სული ეხუთებოდა.
„ადამიანს მხოლოდ ერთხელ თუ გააცურებ, ბევრჯერ – ვერა, – თქვა ანჯალიმ, – მე აღარავინ მიყვარს“.
„არსად არ მიშვებს!“ – დაიჩივლა ანჯალიმ.
„ვეუბნები, დაჯექი წყნარად სახლში. ტელეფონში ჩაძვერი. თუ გინდა, TikTok-ის ვიდეოებსაც უყურე, – თქვა დედამისმა, – აღარც გაბედო არასწორ გზაზე დადგომა“.
ჩავეკითხე, რას გულისხმობდა. ანჯალი ხომ მსხვერპლი იყო? განა ბიჭის შეყვარება არასწორია?
„კი, ვიცი, რომ შეუყვარდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ბიჭს ასეთი ბოროტი ზრახვები ჰქონდა? – თქვა დედამ, – ვგულისხმობ, რომ ანჯალი დაუცველია, ახალგაზრდა. სხვა ბიჭიც ადვილად შეიტყუებს ქორწინების დაპირებით და შემდეგ სადმე გაყიდის, როგორც უკვე მოხდა“.
„ადამიანს მხოლოდ ერთხელ თუ გააცურებ, – თქვა ანჯალიმ, – ბევრჯერ – ვერა“.
დედამ მისი დაწყნარება სცადა. „ვეუბნები, არ გაიპარო, – თქვა მან, – თუ ვინმე მოგეწონება, მითხარი და მე გავიგებ, ვინ არის და მერე დაგაქორწინებ“.
ანჯალიმ გააწყვეტინა. „არავინ აღარ მიყვარს“, – მოუჭრა მან.
მითხრა, რომ სინამდვილეში უნდოდა, წასულიყო, სადაც მოისურვებდა და როდესაც მოისურვებდა. ანჯალის სკუტერიც უნდოდა. არ მოსწონდა, რომ დედა ფულს ანჯალის უფროსი ძმისთვის მოტოციკლის საყიდლად აგროვებდა.
„რაღაცებს მაშინ გიყიდი, როდესაც გათხოვდები“, – დინჯად უთხრა დედამ.
ანჯალიმ გაბრაზებული ღიმილით უპასუხა. გაღიზიანების მიუხედავად იცოდა, რომ ტრეფიკინგის სხვა მსხვერპლებზე უფრო მეტად გაუღიმა ბედმა: ზოგს ოჯახი სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა იმის შიშით, რომ ნათესავები და მეზობლები შეარცხვენდნენ. ცხადად ჩანდა, რომ ანჯალის მიერ ცხოვრების ხელახლა დაწყების რთული გზა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მისი ოჯახის მხარდაჭერისა და ანჯალის სიმტკიცის შემყურე იქიდან იმ იმედით წამოვედი, რომ ერთ დღესაც ანჯალი მოიპოვებდა თავისუფლებას, რომელსაც ასე ეძებდა.
როგორ დავეხმაროთ
ეს სამი ჯგუფი ინდოეთში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლების მხარდასაჭერად მუშაობს.
Shakti Vahini საროსკიპოებიდან არასრულწლოვნების გათავისუფლებაზე მუშაობს: shaktivahini.org
Sanlaap-ი ეხმარება დახსნილ ან ექსპლუატაციის რისკის ქვეშ მყოფ გოგონებს: sanlaap.org
New Light-ი ეხმარება სექსმუშაკების შვილებს: newlightindia.org
იუდიჯიტ ბატაჩარჯიმ ჟურნალისტური კარიერა კოლკატის კრიმინალზე რეპორტაჟების წერით დაიწყო. სმიტა შარმა დელიში მუშაობს და უკვე მრავალი წელია ახდენს ინდოეთის სექსუალური ძალადობის ფოტოდოკუმენტირებას. ეს მისი პირველი სტატიაა ჩვენი ჟურნალისთვის.