მორცხვი და მოუხელთებელი პანგოლინი ბრაკონიერთა მახეში
ეს ქერცლით შემოსილი არსება, რომელიც ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში დიდად ფასობს, ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტია ძუძუმწოვართა შავ ბაზარზე.


მორცხვი და მოუხელთებელი პანგოლინი ბრაკონიერთა მახეში
ეს ქერცლით შემოსილი არსება, რომელიც ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში დიდად ფასობს, ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტია ძუძუმწოვართა შავ ბაზარზე.
ის ქერცლითაა დაფარული და ზომით ოქროსფერი რეტრივერის ლეკვს წააგავს.
პატარა პანგოლინებს უყვართ, ხელში რომ იყვანენ. სანამ შვიდი თვის ასაკს მიაღწევენ, დედები მათ ზურგით დაატარებენ და ნაშიერებიც ასე უკეთ სწავლობენ გარემოში ქცევის წესებს. ალბათ ტამუდაც მშობლის ზურგზე „ნებივრობდა“, როდესაც ბრაკონიერებმა ხელი სტაცეს დედა-შვილს და ველურ ბუნებას მოსწყვიტეს. თუ დედა პანგოლინმა საფრთხე იგრძნო, ის ბურთივით მრგვალდება და რქოვანი ქერცლების ჯავშნით იცავს რბილი ბეწვით (ატმის ბუსუსების მსგავსი) დაფარულ მუცელს, სადაც ნაშიერი ჰყავს ამოკრული. ეს ეფექტური თავდაცვითი მეთოდია ლომის შემოტევისას, მაგრამ ამაზე უარესს ვერაფერს მოიფიქრებთ, თუ თქვენი მტერი ადამიანია, სულაც შიშველი ხელებით აგიყვანთ და გაგაქანებთ.

სამაშველო ცენტრში ტამუდა და მისი დედა 2017 წლის დასაწყისში აღმოჩნდნენ. ზიმბაბვეს სასაზღვრო პატრულის ოფიცერმა დააკავა მამაკაცი, რომელიც პანგოლინებით გავსებული ტომრით ცდილობდა მოზამბიკის დატოვებასა და ზიმბაბვეს საზღვრის გადაკვეთას. ველური ცხოველებით ვაჭრობის სამეთვალყურეო ორგანიზაცია Traffic-ის მონაცემებით, 2000-2013 წლების განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი პანგოლინი ემსხვერპლა ბრაკონიერებს – ძირითადად, თავიანთი ქერცლის გამო, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. ვარაუდობენ, რომ მთელი მსოფლიოს ძუძუმწოვრებიდან (ადამიანის გამოკლებით) ყველაზე მასობრივი ხასიათი პანგოლინებით უკანონო ვაჭრობას აქვს.
ზიმბაბვეში სამართალდამცველებმა იციან, რომ უკანონოდ მონადირებული პანგოლონის ჩამორთმევის შემდეგ ის ჰაივუდს უნდა მიუყვანონ. მთელ მსოფლიოში სულ ერთი-ორმა ადამიანმა თუ იცის, როგორ შეუნარჩუნოს პანგოლინს სიცოცხლე ტყვეობის პირობებში, ლიზა ჰაივუდი კი სწორედ მათშორისაა. ეს მეტად მგრძნობიარე არსებები პრეტენზიული მჭამელები არიან და ჭიანჭველათა თუ ტერმიტების მხოლოდ გარკვეულ სახეობებს მიირთმევენ, ტყვეობის პირობებში კი ურთულეს ამოცანად რჩება ამგვარი რაციონის დაცვა.

მაგრამ ტიკი-ჰაივუდში მათ თავისუფლად „ანავარდებენ“ თავიანთი ტერიტორიის საზღვრებში, თანაც ყოველდღე რამდენიმე საათით, დედინაცვლის ფუნქციას კი სამაშველო ცენტრის მომვლელები ითავსებენ. ამგვარ პირობებში არაერთი პანგოლინი გადარჩა, ტამუდა და მისი დედა სწორედ აღნიშნულ ინდივიდთა რიცხვს მიეკუთვნებიან. მათ ისე წარმატებით გაიარეს რეაბილიტაციის პროცესი, რომ უკვე ველურ ბუნებაშიც კი შეუძლიათ დაბრუნება.
პანგოლინები ქერცლიან არმადილს წააგვანან, თუმცა ისინი უფრო მეტად დათვებსა და ძაღლებს ენათესავებიან. მათ საკუთარი ტაქსონომიური რიგი ჩამოუყალიბდათ და თუ გაქრებიან, მსგავსი არსება აღარც დარჩება დედამიწის ზურგზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.
უფროსი რედაქტორის, რეიჩელ ბეილის სტატია ნისკარტჩაფხუტა რქაცხვირებით უკანონო ვაჭრობაზე დაიბეჭდა 2018 წლის სექტემბრის ნომერში. 2016 წელს მარტორქების გაშუქებისთვის ბრენტ სტირტონმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ველური ბუნების წლის ფოტოგრაფი – 2017“.