მსურს, სიამოვნებით წარმოგიდგინოთ კარლ ციმერის უაღრესად საინტერესო ძირითადი სტატია “რეალური ზომბები”, რომელიც ანანდ ვარმას ფოტოებითა და მეთიუ ტუომბლის გრაფიკული ნოველებითაა უხვად გაჯერებული.
ეს სტატია არამარტო იმიტომ არის ჩემი რჩეული, რომ უშუალოდ ჩემს პროფესიას ეხება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენც კი, ზოოლოგებს, მუდმივად გვაოცებს ახალახალი აღმოჩენები და რაც უფრო მეტს ვიგებთ ცოცხალი სამყაროს შესახებ, მით უფრო ხშირად გვახსენდება ანტიკური სიბრძნე – “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი!”.
გარდა იმისა, რომ სტატიაში უამრავი საინტერესო ფაქტია მოყვანილი, ძირითადი არსი მაინც ის არის, თუ როგორ ახერხებს ერთი სახეობის პარაზიტი ინდივიდი სხვა სახეობის მასპინძელი ინდივიდი რეალურ ზომბად გარდაქმნას და აიძულებს, მოიქცეს ისე, ნორმალურ პირობებში არასდროს რომ არ მოიქცეოდა.
ეს ძალიან წააგავს ჰოლივუდის მისტიკურ თრილერებს, სადაც გარეგანი ძალის მოქმედებით ადამიანი უკვე აღარ არის ადამიანი, იგი ზომბია, მხოლოდ ფორმა აქვს შენარჩუნებული და სჩადის იმას, რასაც ადრე ვერ ან არ გააკეთებდა – მაგალითად, დახოცოს შვილები ან კაცმა არ იცის, საიდან გაჩენილი უნარებით დაიწყოს კედლებზე სიარული, ან თუნდაც ფრენა.
ზომბირებული ჭიამაიების უმეტესობა მხოლოდ მაშინ იღუპება, როდესაც თავისი ბატონისთვის სამსახურის გაწევას დაასრულებს.
კითხულობ სტატიას და ცოტა ჟრუანტელი გივლის – მართალია, მასში აღწერილი ამბები ცხოველთა სამყაროში ხდება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვინ ვართ ჩვენ? მხოლოდ მაღალგანვითარებული ცხოველები და სვამ კითხვას – დაზღვეულები ვართ სამომავლოდ? ვაიდა, რამე მუტაციამ ევოლუციის ჰორიზონტზე ისეთი პარაზიტი წარმოქმნას, რომელიც მართლა ზომბებად გვაქცევს.
ტექსტის წერისას აქ გავჩერდი და თავიდან გადავიკითხე. გამეცინა. ცხადია, თხრობა მიზანმიმართულად დრამატული გავხადე და ეს პერსპექტივა, ალბათ, არ გვემუქრება. უბრალოდ, სტატიაში თქვენი “ჩათრევა” მინდა. ისიამოვნეთ!