
მოუხელთებელი კადრის დაჭერა
ამერიკის ქალაქებში ველური ცხოველების ნახვა გახშირდა, თუმცა მათი გადაღება დიდად არ გაიოლებულა.
აშშ-ის ურბანულ ზონებში მობინადრე ველური ცხოველების გადაღება რომ დამევალა, ძალიან გამიხარდა, თუმცა ამ მოძრავი არსებების ღამის პირობებში აღბეჭდვა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო.
ქალაქელებად ქცეულ მხეცებზე ფოტოპროექტის გაკეთება სტუდენტობის დროიდან მაინტერესებდა, როდესაც სან-ფრანცისკოში შებინდებულზე ხეტიალისას ენოტს გადავეყარე. ცხოველი უკანა ფეხებზე შედგა, ჩემკენ გამოიქცა და „დამაყაჩაღა“ – იძულებული გავხდი, სიმინდის ბურბუშელის შეკვრა მისთვის დამეთმო.
მაშინ გამიმართლა და იერიშამდე დაძაბული მომენტის დაფიქსირება მოვახერხე, თუმცა მას შემდეგ რამდენიც არ ვეცადე, ენოტების ამსახველი ყველა ფოტო გადღაბნილი გამომდიოდა… მჯეროდა, ოდესმე ამ სირთულეების გადალახვას მოვახერხებდი.
ვინაიდან ქალაქის სანაგვეებიდან საკვების მოპოვება მთელი წლის განმავლობაში იოლად შეუძლიათ, დათვები სულ უფრო გათამამდნენ და ზამთრის ძილის გაცდენაც კი დაიწყეს.
ოცი წლის შემდეგ იდეალური შანსიც მომეცა – რამდენიმეთვიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის ქალაქებში მობინადრე ენოტების, დათვების და კოიოტების იდუმალი ცხოვრების აღბეჭდვასა და მეტის გაგებას იმის შესახებ, როგორ ეგუებიან მხეცები ადამიანის შექმნილ გარემოს და რამდენად არგებენ მას საკვებისა თუ თავშესაფრის მოპოვების ხერხებს.
National Geographic-ის ფოტოინჟინრის, ტომ ო’ბრაიენის მიერ დამზადებული საგანგებო, რთული აგებულების ფოტოხაფანგებით მუშაობას მიჩვეული არ ვიყავი და ვიცოდი, რომ ხარისხიანი ფოტოების გადასაღებად უამრავი ფაქტორის გათვალისწინება დამჭირდებოდა.
თავდაპირველად ღამის ურბანულმა ფოტოგრაფიამ იმით მიმიზიდა, რომ შებინდებისას გარემო სრულიად იცვლება: ქუჩისა და სახლების სხვადასხვა ფერის განათება საინტერესო ჩრდილებს ქმნის და სიმძაფრეს ანიჭებს უჩვეულო დეტალებს, რომლებიც დღის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება. სიბნელის თავისებურებების ოსტატური გამოყენება და ცხოველთა ღამისეული რუტინის გამოაშკარავება ფოტოხაფანგებით მუშაობაში დახელოვნების გარეშე არაფრით გამოვიდოდა.
ჩიკაგოში კოიოტებს რამდენიმე კვირა ვსდიე. ფოტოხაფანგებს თითქმის არ ეკარებოდნენ. თუ ჩაუვლიდნენ, კადრი ხან უფოკუსო იყო, ხანაც სანათი არ ირთვებოდა, ან ლინზა იყო დაბურული ქარბუქის გამო. ათასში ერთხელ გამოსულ მკვეთრ კადრზე კოიოტის უკანა ხედი მხვდებოდა და არა – სახე. ცხოველები კამერას შენიშნავდნენ თუ არა, გვერდს უვლიდნენ.
ნელ-ნელა მათი ქცევების განჭვრეტა ვისწავლე – მაგალითად, მივხვდი, რომ კოიოტები სამანქანო გზებს ერიდებიან და უპირატესად რკინიგზის გასწვრივ მოძრაობენ. ბილიკებზე იაფფასიანი ვიდეოთვალებიც დავაყენე, რათა სხვადასხვა ტერიტორია დამეზვერა, ფოტოხაფანგებზე ცხოველთა რეაქციები მენახა და მიდგომა დამეხვეწა.

ერთხელაც ინსტაგრამით ვიკითხე რჩევა ქალაქებში ველური ცხოველების სანახავ „ცხელ წერტილებზე“ და საპასუხოდ ადამიანების და მხეცების შეხვედრის ასობით ისტორია მივიღე. ერთ-ერთი ასეთი გამოხმაურების დამსახურებით გავიცანი ტუგი სილჩი, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ კალიფორნიულ საკურორტო ქალაქ საუთ-ლეიკ-ტაჰოში ბარიბალებთან (შავი დათვი) დაკავშირებული პრობლემების ექსპერტად ითვლებოდა.
ორიოდ კვირაში ტუგისთან ერთად უკვე მისი უბნის ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ქვეშ მივძვრებოდი, როდესაც ჩვენ წინ ბარიბალმა ხვნეშით, თათების ბარტყუნით და კბილების ღრჭიალით გაგვაფრთხილა, გამეცალეთო. ტუგის წარბიც არ შეუხრია, მშვიდად გამოვბრუნდით უკან.
მისი თქმით, მთელი წელი ქალაქის სანაგვეებით განებივრებული ადგილობრივი დათვები სულ უფრო თამამდებიან და ზამთრის ძილზეც კი აიღეს ხელი. ჩვენს საკვებ ნარჩენებში არსებული შაქრის მაღალი შემცველობა ქალაქელ დათვებზეც აისახება: ისინი შედარებით დიდი ზომით და კარიესისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან. დღეს სახლებქვეშ და წყალგამტარ გვირაბებში ატარებენ, ღამით კი საჭმელად გამოდიან.
გადავწყვიტე, საშოვარზე მიმავალი დათვის გადაღება მეცადა. ფოტოხაფანგი ხის ღობის მორღვეულ მონაკვეთთან დავდგი და აპარატურის აწყობასა და განათების წყაროების იდეალურად შეხამებაზე გვიანობამდე ვიმუშავე. კამერის მიმაგრება და რამდენიმე კვირით დატოვება არ გამოდიოდა – აპარატი შტატივზე მედგა, ადვილი მოსაპარი იყო, ამიტომ კადრის დასაჭერად ერთი ღამე მქონდა. დათვს ჩემი სუნი რომ არ აეღო, წამოვედი და შედეგს დაველოდე.
დილით მიბრუნებულს პირველი კადრი ის დამხვდა, ზემოთ რომ ხედავთ – არა გადღაბნილი უკანა ნაწილის, არამედ მკვეთრი და დიდებული დათვური პირისახის! ამ პროექტმა მიმახვედრა, რომ ქალაქელი ოთხფეხები ადამიანებთან თანაცხოვრების უნარებს მართლაც გამოიმუშავებენ და მათგან ზოგი რამ მეც კი ვისწავლე.