
მოწყალების დის ობიექტივში
ამ ფოტოზე ქართველებს რუსეთის არმიის ფორმა აცვიათ და ამით ყველაფერია ნათქვამი, საქართველო იმპერიის ნაწილია
პირველ მსოფლიო ომში ქართველთა სამხედრო მონაწილეობის ცნობები, სახელმწიფო არქივის გარდა, ძველ საოჯახო ალბომებშიცაა შემონახული. ფრონტზე გადაღებულ გაცრეცილ ფოტოებზე აღბეჭდილი ჯარისკაცების სახელები, უმრავლეს შემთხვევაში, უცნობია. ზოგის ამბავს მხოლოდ მათ ოჯახებში იხსენებენ. დღეს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წლის შემდეგ, ნინო ჯორჯაძის, ქართველი მოწყალების დის, უნიკალური ფოტოები და დღიურები მისი უახლოესი შთამომავლის, ალექსანდრე ბაგრატიონის ოჯახში ინახება. მასალა, რომელიც ნინოს ფოტოკამერამ და დღიურებმა პირველი მსოფლიო ომის შესახებ შემოინახა, მალე ფოტოალბომად გამოვა.
ამ ფოტოზე ქართველებს რუსეთის არმიის ფორმა აცვიათ და ამით ყველაფერია ნათქვამი, საქართველო იმპერიის ნაწილია. იმპერიული ჯარის ნაწილია საქართველოს გენერალიტეტიც. მოგვიანებით, 1918 – 1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, სწორედ ამ სამხედროებისგან დაკომპლექტდება ქართული ჯარი.