
მოყინული დაშვება ევერესტიდან
ევერესტზე აშშ-ის პირველი წარმატებული ასვლა ამ ფეხსაცმლის პატრონს ძვირი დაუჯდა.
ევერესტზე ასვლის ისტორიული ექსპედიციიდან ბარი ბიშოპი დაბრუნდა ირმის ტყავის ვიბრამისძირიანი სალაშქრო ფეხსაცმლით და მასზე მუხლამდე ამოცმული წრიაპებიანი გამაშებით – ფეხის თითების გარეშე.
დედამიწის პოლუსების მკვლევარი ბიშოპი, რომელიც შემდეგ National Geographic-ის ფოტოგრაფი გახდა, ევერესტზე აშშ-ის პირველ ექსპედიციაში მონაწილეობდა. 1963 წლის 22 მაისის 15:30-ზე მან და მისმა მეწყვილემ მწვერვალს მიაღწიეს, დაშვებისას კი ბანაკს ვერ მიაგნეს.
თავშესაფრის გარეშე ღამის გათევის შემდეგ ბიშოპს ფეხის თითები „თეთრი, მაგარი და ყინულივით ცივი“ გაუხდა. კატმანდუს ერთ-ერთ საავადმყოფოში მას დაზიანებული ქსოვილის გასაცოცხლებლად ექსპერიმენტული წამალი გაუკეთეს, მაგრამ – უშედეგოდ.
ყველა ფეხის თითთან ერთად ბიშოპმა ხელის ორი თითის წვერიც დაკარგა. ამის მიუხედავად, იგი მთამსვლელობას აგრძელებდა. 1994 წელს ევერესტზე მისი შვილი – ბრენტიც ავიდა. ბარი ბიშოპმა მთის შესახებ დაწერა: „არ არსებობენ ჭეშმარიტი გამარჯვებულები, არსებობენ მხოლოდ გადარჩენილები“.