
მრავალ ენაზე მეტყველი რუკა
გერმანელი ლინგვისტი მსოფლიოს ხალხთა დამწერლობის საილუსტრაციოდ ლოცვის ტექსტს იყენებს.
დიდი ხანია, ძველი ევროპული რუკები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წელიწადის ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოს ვეძებ ყველგან – იმპერიების, ზღვების, კონტინენტების, რეგიონების, რელიგიური თუ ისტორიული თემატიკის რუკებზე. ნელ-ნელა ევროპულ ქალაქებში არსებულ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებსაც გავუშინაურდი. კალენდარზე ახლაც მონიშნული მაქვს ის ქალაქები, სადაც უნიკალური ევროპული რუკების ნახვა მელოდება. პარალელურად რუკებს ვეძებ ინტერნეტის საშუალებით – ყველაზე ხშირად საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დროთა განმავლობაში, ჩემს კოლექციაში ძველი ევროპული რუკების საკმაო რაოდენობა დაგროვდა. მათი რიცხვი ახლა ასზე მეტია და შორეული 1490 წლიდან იწყება. ცხადია, ფოკუსი საქართველოა, ის, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოს საუკუნეების წინ ევროპელები და დროსთან ერთად როგორ იცვლებოდა საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ევროპულ კარტოგრაფიაში. ბევრი რუკა უნიკალურია და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის – ჯერაც უცნობი.
ეს ამბავიც, აქ რომ გაგაცნობთ, ერთი ძველი ევროპული რუკის შესახებ მოგითხრობთ, ისეთი რუკის, კოლექციაში დაცული ყველა სხვა ეგზემპლარისგან რომ განსხვავდება და გამორჩეულია.
ორი წლის წინ, კოპენჰაგენში, საქართველოსთან დაკავშირებული ძველი ევროპული რუკების მორიგ ჯერზე ძებნისას, ჩემთვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობ დანიელ კოლექციონერთან საინტერესო რუკას გადავაწყდი. მართალია, ეს რუკა ადრეც მქონდა ნანახი სხვაგან, მაგრამ კოპენჰაგენში პოვნა და, მით უმეტეს, გასაყიდად გამოტანა, მაინც მოულოდნელობა აღმოჩნდა. ასეთი რუკა იმდენად იშვიათად ჩნდება ანტიკვარული რუკებით მოვაჭრე კოლექციონერების ბაზარზე, რომ ბევრი არ მიფიქრია, შევიძინე.
ასე გამოჩნდა კოლექციაში გერმანელი ლინგვისტის, გოტფრიდ ჰენზელის მიერ 1741 წელს ნიურნბერგში გამოცემული აზიის ლინგვისტური რუკა, რომელიც ავტორმა ევროპის, აფრიკის და ამერიკის რუკებთან ერთად დაბეჭდა წიგნში `Synopsis Universae Philologiae“ – მსოფლიო ენების მიმოხილვა. ჰენზელი ეყრდნობოდა პიერ ბენიეს (1648–1705) იმ ეპოქაში გავრცელებულ თეორიას ენების ერთიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ყველა ენა ბიბლიური ებრაული ენიდან წარმოიშვა.
და რით განსხვავდება ის სხვა რუკებისგან? ტოპონიმების ნაცვლად, ამ რუკაზე დატანილი ქვეყნების საზღვრებში გამოსახულია ადგილობრივი დამწერლობით შესრულებული ტექსტები. საქართველოს შემთხვევაში, შავ და კასპიის ზღვებს შორის წარმოდგენილია ქართული ანბანით დაწერილი ტექსტი: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი…“, ანბანის წარმომავლობის აღმნიშვნელად კი ლათინური წარწერა აქვს: „IBERI-GEORGICA“. ქართულ ენაზე დაწერილ „მამაო ჩუენოს“ ვხვდებით გერმანელი ლინგვისტის წიგნის ტექსტურ ნაწილშიც, სადაც 374-375-ე გვერდებზე მცირე ცნობაა წარმოდგენილი ქართული ენის გავრცელების არეალის შესახებ.
გასაკვირი არ არის, რომ ევროპის ლინგვისტურ რუკაზეც იგივე ლოცვაა ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ლათინურ, ბერძნულ თუ სხვა ენებზე. საინტერესო ისაა, რომ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების დამწერლობის სადემონსტრაციოდაც „მამაო ჩუენოს“ ტექსტი გამოიყენა ჰენზელმა. ამ ლინგვისტურ რუკაზე გამოსახული ქვეყნების დამწერლობათა სისტემა ჰენზელს ცხრილის სახითაც აქვს იქვე გამოსახული. თუ დააკვირდებით რუკის ქვემოთ, ჰორიზონტალურ ხაზს, ქართულ მხედრულ ანბანს და თითოეული ასო-ბგერის ლათინურ ტრანსკრიფციასაც დაინახავთ. ანბანი აქაც დასათაურებულია, როგორც „Iberi-Georgica“. მთლიანობაში ოცდათხუთმეტ ჩარჩოში ოცდაჩვიდმეტი ასო-ბგერა იკითხება.