XIX საუკუნის საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფესიათა შორის ერთ-ერთი მრეცხავის საქმიანობა იყო. თუ ძველად სოფლად საოჯახო ჰიგიენისა და სისუფთავის დასაცავად ოჯახის დიასახლისი სარეცხს მდინარეებთან, წყაროებთან, ტბებთან რეცხავდა, ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეზოებში წყალი და შესაბამისი პირობები არ გააჩნდა, ამიტომ სარეცხის რეცხვა მეტად დამქანცველ პროცესს წარმოადგენდა. ამ უსიამოვნო საქმის თავიდან ასარიდებლად დიასახლისები, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სარეცხს სამრეცხაოში აბარებდნენ. ძირითადად, მრეცხავებად მუშაობდნენ დიასახლისები, ქვრივი ქალები, ხშირად მოხუცებიც, რომლებსაც დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდათ.
თბილისში მრეცხავი ქალების თავშეყრის ადგილი აბანოთუბანი იყო. ისინი დახარისხებულ სარეცხს გროშების ფასად აბანოებიდან გამდინარე გოგირდის წყლითა და იმხანად არსებული სხვადასხვა საშუალებით – შინ დამზადებული საპნითა და ნაცარწმენდილით რეცხავდნენ. ლაქებისა და ჭუჭყის ამოსაყვანად სარეცხს ხის ჯოხებით ბეგვავდნენ და სპეციალურ სახეხზე ხეხავდნენ. სარეცხის გასაფენად და გასაშრობად ღობეებს, თოკებს და გახურებულ ქვებს იყენებდნენ. რეცხვის პროცესს უკავშირდებოდა გარკვეული აკრძალვაც: მაგალითად, ღამით, უქმე და მარხვის დღეებში გარეცხვა-გაფენა აკრძალული იყო.
მრეცხავები წლის ნებისმიერ დროს ღია ცის ქვეშ, რთულ პირობებში მუშაობდნენ, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე.