მშვენიერება ყინულის ქვეშ
36 დღის განმავლობაში, ყინულში ვაპირებთ ყვინთვას არც მეტი, არც ნაკლები 70 მეტრის სიღრმეში


მშვენიერება ყინულის ქვეშ
36 დღის განმავლობაში, ყინულში ვაპირებთ ყვინთვას არც მეტი, არც ნაკლები 70 მეტრის სიღრმეში
აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე, ადელის სანაპიროზე მდებარე ფრანგული სამეცნიერო ბაზა „დიუმონ-დიურვილიდან“ დილაადრიან, ფეხით წამოვედით. წინა დღეს გაბურღული ორმო უკვე ყინულის თხელი ფენით დაფარულიყო. ორმო სამი მეტრის სისქის მცურავ ყინულში გადის, მასში მხოლოდ ადამიანი თუ გაძვრება. ქვემოთ კი ზღვაა. არასდროს გვიცდია ასეთი პატარა ღარიდან ჩაყვინთვა. რიგში პირველი ვარ.
ხვრელში მივძვრები. ბოლოს და ბოლოს ჩავყვინთე, უკან მოვიხედე და შემზარავი რამ დავინახე: ორმო პირს იკრავდა.
36 დღის განმავლობაში, ყინულში ვაპირებთ ყვინთვას არც მეტი, არც ნაკლები 70 მეტრის სიღრმეში. ამ პერიოდში ზღვაზე ყინული ტყდება და ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრით უკან იხევს.
უკვე ათობით წელია წყალქვეშა ფოტოგრაფად ვმუშაობ. ანტარქტიდის ექსპედიცია, მაინც განსხვავებულია – უმკაცრეს პირობებში, ყველაზე ღრმად ვაპირებთ ჩასვლას.

ყოველდღიურად, ყვინთვისთვის მზადებას დაახლოებით ხუთ საათს ვანდომებდით. თუ უედელის სელაპების გაკეთებულ ორმოებში ვერ ვეტეოდით, თავად ვბურღავდით ყინულს. ყველაზე მეტად დაკარგვისა და ყინულქვეშ გამომწყვდევის გვეშინოდა. ამიტომ ხვრელში მანათობელ ყვითელ ბაგირს ვუშვებდით, რომელსაც ყვინთვისას ვქაჩავდით. უკანა გზაზე კი, თოკს მივუყვებოდით ზედაპირისკენ.
ბოლოს და ბოლოს მზად ვართ ყინულიან წყალში ჩასაყვინთად. მოძრაობა ჭირს, ცურვა – თითქმის შეუძლებელია. სწრაფად გვეყინება სახის დაუფარავი ნაწილი. ყვინთვის დასასრულს სულ უფრო მწველი ყინვა ატანს ჩვენს კოსტიუმსა და ხელთათმანებში.

რა უნდა ღირდეს ამდენ წვალებად? პირველ რიგში, განათება – მსგავსი სანახაობა ნებისმიერი ფოტოგრაფის ბედნიერებაა. გაზაფხულის გარიჟრაჟზე, ხანგრძლივი პოლარული ღამის შემდეგ, მიკროსკოპულ პლანქტონს ჯერ არ დაუწყია ყვავილობა და წყლის დაბინდვა. მცურავი ყინულის ქვეშ წყალი არაჩვეულებრივად გამჭვირვალეა, რადგან
ნაწილაკების სიმცირის გამო, სხივები ვერ განიბნევა. რაც არ უნდა პატარა განათება იყოს, ბზარებსა და სელაპთა ორმოებში, როგორც ქუჩის ფანრებიდან, სინათლე მაინც აღწევს და მსუბუქად ეფინება წყალქვეშა ლანდშაფტს.
თან როგორ ლანდშაფტს! ის მდიდრული ბაღია, შორეულ წარსულში ღრმად გადგმული ფესვებით…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.