
მშვიდად განისვენეთ ბუნებაში
კონსერვაციონისტები სასაფლაოებს მიწის შენარჩუნების ბუნებრივ ინსტრუმენტად და სწრაფი ურბანული განვითარების შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევენ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასში, ინდიანგრასის ნაკრძალში, ყველაზე მშვიდ პერიოდში სიწყნარე და სიჩუმეა გამეფებული. გაზაფხულის პეიზაჟი პრერიის ბალახებშია ჩაძირული; პეპელა-მონარქები კორეოფსისის ყვითელ ყვავილებს ეწებებიან, მათ თავზე კი აღმოსავლური სიალიები დაფრინავენ. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, წვიმის წყალი წყალმარჩხ წყალ-ჭაობებში ჩაედინება, სადაც ამერიკულ ბოცვრებზე მონადირე წითური ფოცხვრები წყლის დასალევად ჩერდებიან.
ტერიტორიის ნაწილს ჯერ კიდევ 2001 წელს აგროქიმიური კვლევის ცენტრი იკავებდა. შემდეგ Katy Prairie Conservancy-მ ეს ადგილი ბუნებრივ ნაკრძალად გადააქცია.
ამ ორგანიზაციის ძალისხმევით, 1992 წლის შემდეგ ტეხასის მიწის 7200 ჰა-ზე მეტი ნაკრძალად გადაიქცა, რომელიც სხვა შემთხვევაში ურბანულად განვითარდებოდა, ამბობს მისი ვიცე-პრეზიდენტი ელისა დონოვანი. პრიორიტეტი ენიჭება მაღალბალახოვან პრერიებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, მჭიდროდ დასახლებულ და იშვიათ სახეობებს, როგორიცაა Lithobates areolatus. მისი უახლესი პროექტი მიზნად ისახავს მიწის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენასა და შენარჩუნებას, რომელიც უმასპინძლებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმებს, ასევე, მიცვალებულებს.
დონოვანი აქ კონსერვაციული სასაფლაოს გახსნას რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა თავის კოლეგებთან ერთად. მოქმედი გეგმა მოიცავს 20 ჰექტარ ფართობს ე. წ. მწვანე სამარხებისთვის. არ იქნება გამოყენებული კუბოები ან ბეტონის ღობეები. არ მოხდება მიცვალებულთა ბალზამირება სინთეზური, პოტენციურად მავნე ქიმიკატებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მიწაში ჩაშვებულ სხეულს დაფარავს მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ტანსაცმელი და სუდარა.
კონსერვაციულ სასაფლაოს, თავისი ეკომეგობრული სამარხებით, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ბუნებრივი გახრწნის პროცესში მისი ლანდშაფტი იცავს მიცვალებულებს. თავის მხრივ, მიცვალებულები უწყობენ ხელს მიწის დაცვას (წეს-ჩვეულებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება სასაფლაოების შეწუხებას). ასეთია ინდიანგრასის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიის და ორგანიზაციის საველე ოფისის გეგმა, რომლის შეუმჩნეველი თეთრი შენობა – ჰიუსტონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, პატარა ქალაქ უოლერის განაპირას მდებარეობს.
უოლერის მიღმა ურბანული განვითარება ბუნების განადგურებას აგრძელებს, რადგან ჰიუსტონის გარეუბნების უზარმაზარი ზრდა აქაც აისახება. კეტის რაიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მონაცემებით, 1990-დან 2020 წლამდე ქალაქ კეტის მოსახლეობა 81 000-დან 309 000-მდე და მეტად გაიზარდა, რომელთა უმეტესობა გარეუბნებში ცხოვრობს. ამ ტენდენციას შენელების ნიშნები თითქმის არ ეტყობა, რაც აიძულებს კონსერვაციონისტებს – დონოვანსა და მის კოლეგებს, მეტად კრეატიულად მიუდგნენ საქმეს.
ნაკრძალის საველე ოფისიდან ჩრდილოეთით 400 ჰექტარზე მეტი ფართობის რანჩო მოჩანს, რომელიც დეველოპერებმა შეიძინეს და მალე ის საცხოვრებელ რაიონად გადაიქცევა. მეზობლად მცხოვრები მიწათმფლობელები უკვე ქმნიან მუნიციპალურ ბიზნესრაიონს, რაც პირველი ნაბიჯია ახალი დასახლებისკენ. სამხრეთით, მტვრიანი ორზოლიანი გზატკეცილი მალე ოთხზოლიანი გახდება და მომავალში გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადს დააკმაყოფილებს.
„ეს მართლაც რბოლას ჰგავს, – ამბობს დონოვანი, – შევძლებთ მიწის დაცვას იქამდე, სანამ ვინმე მოვა, დაყოფს მას და ასიათასობით სახლს ააშენებს?“
Katy Prairie Conservancy-ს წევრებს კონსერვაციული სასაფლაოს იდეა გაუჩნდათ კეიტ ბრეისტრაპის მემუარებიდან „აქ ვარ თუ გჭირდებით“. დონოვანი იხსენებს, რას წერდა ბრეისტრაპი ტყეში ნაპოვნი დაკარგული ადამიანის ნეშტის შესახებ. გვამი თანდათან გაიხრწნა და ახლომდებარე ბუჩქი ხედ გაიზარდა, ნეშტთან ერთად.
„ჩვენ ვცდილობთ დავუბრუნდეთ კონცეფციას, რომ ბუნება საკმარისია“.
– ჰაიდი ჰანაპელი, Bluestem Conservation Cemetery-ს თანადამფუძნებელი
დონოვანს ბრეისტრაპის მონათხრობიდან სიმშვიდის შეგრძნება დაეუფლა. ეს შეგრძნება თანდათან უფრო ღრმავდებოდა. წლების შემდეგ, შარშან, მას მამა გარდაეცვალა და დაიწყო ფიქრი ბუნებასა და გარდაცვალებას შორის კავშირზე. ოჯახმა პატივი მიაგო მამის სურვილს კრემაციის შესახებ. მისი ფერფლი სამუდამოდ კოლუმბარიუმში მოთავსებულ ურნაში უნდა შენახულიყო. ათასობით დოლარი დაიხარჯა.
`ნიში საქაღალდეზე მცირე ზომის იყო“, – ამბობს დონოვანი. ეს მას არ მოსწონდა. როგორც ჩანს, სულ უფრო მეტი ადამიანი განიცდის იმავეს. ახლებურად ფიქრობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს და რა მიზანი აქვს გარდაცვალებას. ისინი უარს ამბობენ სიკვდილის მართვის მრავალმილიარდიან ბიზნესზე იმ იმედით, რომ მათი ნაშთები მიწას დაუბრუნდება და მის განახლებას მოემსახურება.
დამკრძალავი ბიუროები შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს გაჩნდა. ცხედრების შენახვა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებისთვის, რომლებიც ეძებდნენ გზებს, რომ ოჯახებისთვის ომში დაღუპულ ჯარისკაცებთან დამშვიდობების საშუალება მიეცათ. დაღუპულებს ბალზამირებას უკეთებდნენ, ათავსებდნენ ხის ყუთებში და ათასობით მიცვალებულს გზავნიდნენ სახლში. პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის დაკრძალვის პროცესიამ ბალზამირების პოპულარობის ზრდა გამოიწვია. 1865 წელს მისი მკვლელობიდან 19 დღის განმავლობაში პრეზიდენტის კუბო თავახდილი იყო. ბალზამირების სპეციალისტები ცხედარს უვნებლად ინახავდნენ, რათა ის ფართო საზოგადოებას ეხილა. ამის შემდეგ, სიკვდილის მართვა რადიკალურად შეიცვალა. დღეს დამკრძალავ ბიუროთა თანამედროვე ინდუსტრია ყოველწლიურად 20,5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.
კონსერვაციული სასაფლაოსა და ეკომეგობრული სამარხების მომხრეებმა ამას თავიანთი მოძრაობით უპასუხეს. 1996 წელს ვესტმინსტერში, სამხრეთ კაროლინაში, ოჯახის ექიმმა ბილი კემპბელმა და მისმა მეუღლემ კიმბერლიმ ქვეყანაში პირველი ბუნებრივი სასაფლაო გახსნეს. ნაკრძალის ფართობი, რომლის სახელწოდებაა Ramsey Creek, თითქმის ორჯერ გაიზარდა. თავდაპირველად მისი ფართობი 13 ჰექტარი იყო.
ასეთი ობიექტები „ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე თანამედროვე სასაფლაოების მხოლოდ შედარებით ეკოლოგიური ვერსიები“, – თქვა ბილი კემპბელმა. ის მათ „მრავალგანზომილებიან სოციალურ და ეკოლოგიურ სივრცეებად“ მიიჩნევს, სადაც „სამარხები არ აჭარბებს იქ არსებულ ბუნებრივ კომპონენტებს“.
ყველაფერი არასაჭირო უნდა მოვიშოროთ. საწყისებს უნდა დავუბრუნდეთ. კონსერვაციული სასაფლაოებით „ჩვენ ვცდილობთ დავუბრუნდეთ კონცეფციას, რომ ბუნება საკმარისია“, – ამბობს ჰაიდი ჰანაპელი, კონსერვაციის ჯგუფის Landmatters-ის კონსულტანტი და Bluestem Conservation Cemetery-ს თანადამფუძნებელი.
ამავდროულად, სასაფლაოები თანამედროვე, თუნდაც სამეწარმეო მიდგომაა ნიადაგის შენარჩუნებისთვის, ამბობს Bluestem-ის სხვა თანადამფუძნებელი ჯეფ მასტენი: „ეს არის განსხვავებული მიწათსარგებლობა, სხვა ინსტრუმენტი, განსხვავებული სტრატეგია“.
დონოვანმა იცის, რომ Katy Prairie Conservancy-ს სასაფლაო არ იქნება დავითი, რომელიც ჰიუსტონის ურბანული განვითარების გოლიათს დაამარცხებს. მიზანი მხოლოდ გიგანტის შეკავებაში მდგომარეობს. საბოლოოდ, ლაპარაკი უფრო მასშტაბური სურათის შესახებაა, ხაზს უსვამს დონოვანი. ბუნებრივი სამარხების გაყიდვით მიღებული მთლიანი მოგება კიდევ 100 ჰექტრის ბუნებრივ მდგომარეობამდე აღდგენას მოხმარდება.
დონოვანი იმედოვნებს, რომ კონსერვაციული სასაფლაოს პროექტი ვიზიტორებს უბიძგებს დაფიქრდნენ საკუთარ საბოლოო ბედზე. ოდესმე ყველა ჩვენგანი გარდაიცვლება, მაგრამ მანამდე არჩევანი გვაქვს. როგორი მემკვიდრეობა გვსურს დავტოვოთ? საღამოს ნაკრძალიდან ვბრუნდები. თვალსაწიერში ჰიუსტონის ჰორიზონტი იკვეთება და ლანდშაფტი მწვანე და ყავისფრიდან სულ უფრო ნაცრისფრით იცვლება. პიკის საათი არყევს ქალაქს, სადაც არაფერია სიმშვიდისა და სიწყნარის მსგავსი.
გარემოზე ზემოქმედება აღსასრულისას
ადამიანის აღსასრულისას ჩნდება კითხვა: რა უნდა ვუყოთ მის ნეშტს, როგორი გამოსავალია უფრო ეკომეგობრული? კონსერვაციული სასაფლაოს მომხრეები მიუთითებენ, რომ როდესაც ჩვეულებრივ, ბეტონისფუნდამენტიან სამარხებში ადამიანებს კუბოებით ასვენებენ, ეს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ასეთი დაკრძალვის დროს გამოყენებული საფლავის ქვები და სხვა მასალები, რომლებიც ათასობით კილომეტრზე გადააქვთ, გზაზე გამონაბოლქვს ტოვებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ალტერნატივა კრემაციაა, მაგრამ ეს არ არის კლიმატგონივრული გადაწყვეტილება: ცხედრის 760-9820C-ზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაწვისას ატმოსფეროში ნახშირბადი გამოიყოფა. კრემაციის ტექნოლოგიების მწარმოებელ Matthews Environmental Solutions-ის შეფასებით, ერთი კრემაციის დროს 242 კილოგრამზე მეტი ნახშირორჟანგი წარმოიქმნება. შედარებისთვის, კონსერვაციულ სასაფლაოებში გამოყენებული ეკომეგობრული სამარხები ფესვთა სისტემას საშუალებას აძლევს, რომ სხეულის გახრწნის პროცესში გამოთავისუფლებული ნახშირბადი დაამწყვდიოს.

ბუნებრივად მონიშნული
თუ კონსერვაციულ სასაფლაოზე საფლავის ქვების მსგავსი მანიშნებლები არ გამოიყენება, როგორ მიხვდებიან მნახველები, არის თუ არა იქ საფლავი? Katy Prairie Conservancy აპირებს
გამოიყენოს ლითონის საკმაოდ წვრილი გეოდეზიური ნიშნები – მცირე ზომის მედალიონებით, რომლებიც საფლავებთან მიწაში იქნება ჩარჭობილი. საფლავების მონიშვნისთვის გამოყენებული იქნება GPS-კოორდინატებიც, რაც გარდაცვლილთა მეგობრებსა და ოჯახებს სმარტფონით საფლავის პოვნის საშუალებას მისცემს პრერიის მაღალ ბალახში. ეს ორგანიზაცია აპირებს ციფრული სამახსოვროს შექმნასაც ნაკრძალში დასაფლავებული ადამიანებისთვის – ონლაინ-
ნეკროლოგების, რათა თითოეულმა სტუმარმა, ოჯახმა თუ მეგობარმა შეძლოს პატივი მიაგოს იქ მყოფთა ხსოვნას.
ქსანდერ პიტერსი ცხოვრობს, წერს და უვლის თავის ბაღს ახალ ორლეანში. მისი ნაშრომები დაბეჭდილია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Christian Science Monitor, the Bitter Southerner, და Audubon.