
მსოფლიოს საუკეთესო ადგილები
ჩვენი ყოველწლიური სია წარმოაჩენს იმ სამოგზაურო ადგილებს, რომლებიც გვაკავშირებს, გვაოცებს და რაღაც ახალს გვასწავლის.
გასულ ზაფხულში გამალებით განახლებულმა მოგზაურობამ ბევრს გაუჩინა კითხვა: როგორ ვისიამოვნოთ ახალი აღმოჩენებით ისე, რომ თავი ავარიდოთ ტურისტების ნაკადს? ტურიზმი პანდემიამდე მდგომარეობას, სავარაუდოდ, 2023 წლის მიწურულს დაუბრუნდება, რაც მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ნიშნავს დამსვენებლებზე დამოკიდებული ადგილებისთვის, მაგრამ საკითხავი ის არის, დაიხარჯება თუ არა განახლებული ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი კონსერვაციული მოდელით: თემის, ეკოსისტემის და გარემოს დასაცავად. ამის შანსი გაიზრდება, თუ სამოგზაურო ადგილებს კეთილგონივრულად შევარჩევთ. National Geographic-ი 25 ადგილს გთავაზობთ მოგზაურობისთვის. ადგილები ხუთ კატეგორიად დავყავით: თავგადასავლები, კულტურა, ბუნება, ოჯახი და თემი. ეს საოცარი ადგილებია, სადაც ცდილობენ ტურისტული პოტენციალი ადგილობრივი მოსახლეობის, ბუნების და კულტურული ძეგლების დასაცავად გამოიყენონ. ამ ოთხით დავიწყოთ:
თემი
დოდეკანესის კუნძულები, საბერძნეთი

რუკები: ქეითი არმსტრონგი, NGM-ის თანამშრომელი
საბერძნეთის ამ კუნძულებმა დამპყრობლების არაერთ ტალღას გაუძლო: რომაელებს, ოსმალებს, იტალიელებს. თითოეულმა მათგანმა საკუთარი კვალი დატოვა კუნძულის არქიტექტურაზე თუ სამზარეულოზე. თანამედროვე „დამპყრობლებს“ კუნძულების საგანძურზე მეტად „სელფის“ გადაღება აინტერესებთ. არქიპელაგის ნაკლებად ხალხმრავალი ადგილები, მაგალითად, კუნძული კარპატოსი, ცდილობს ტურიზმით გარემო არ დააზიანოს. კუნძულის კირით შეთეთრებული ტაძრები (ფოტოზე გამოსახულია ელია წინასწარმეტყველის მთის ეკლესია) და უძველესი ტრადიციები ტურისტებისთვის მიმზიდველი სანახაობაა, მაგრამ კუნძულზე სასმელი წყლის ნაკლებობაა და ნარჩენების გადამუშავების შეზღუდული შესაძლებლობა.
ბუნება
ტული-ბლოკი, ბოტსვანა

ბოტსვანის პარკებისა და ნაკრძალების ერთ-ერთი მთავარი მტერია ბრაკონიერობა, მაგრამ მოხალისე ტურისტების და თემის ძალისხმევა ზიანის შემცირებისკენაა მიმართული. ტული-ბლოკში, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან 700 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ბუნებრივ ნაკრძალში, სადაც ლეოპარდები, მურა თუ ხალებიანი აფთრები და სპილოები ბინადრობენ, რეინჯერები თანამედროვე სათვალთვალო სისტემებს აყენებენ. ნიდერლანდურმა Smart Parks-მა უკაბელო სენსორები შექმნა, რომლებიც რეინჯერებს ბრაკონიერების და ცხოველების ადგილსამყოფლის დადგენაში ეხმარება.
ბოტსვანა დამსვენებლების ახალი თაობის მოლოდინებს პასუხობს. „COVID-ის შემდეგ ჩვენი „მილენიალი“ დამსვენებლები ღირებულ ადამიანურ ურთიერთობებს ეძებენ“, – ამბობს National Geographic-ის მკვლევარი კოკეცო „კოკი“ მოოკოდი. – „ისინი ადგილობრივ ხელოსნებს სტუმრობენ და სოფლის სახლებში რჩებიან“. მოოკოდი, ბოტსვანის Wild Bird Trust-ის მმართველი დირექტორი, ქვეყნის ჩრდილოეთში, ოკავანგოს დელტის 10 სოფელში უძღვება საგანმანათლებლო პროგრამას. „პედაგოგიური ექსპედიციების“ ფარგლებში სოფლის მასწავლებლები ექსკურსიებზე მიჰყავთ და უხსნიან, როგორ შეუთავსონ სასწავლო მასალა გარემოს და კულტურის დაცვას. „ბუნება სასკოლო დაფასავით უნდა გამოვიყენოთ“, – ამბობს მოოკოდი.
კულტურა
ლუანგ-პრაბანგი, ლაოსი

ფოტო: მანან ვატსიაიანა, AFP VIA GETTY IMAGES
პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული მრავალი ქვეყანა ჩაკეტა, მათ შორის ლაოსი, მაგრამ ლაოსელებს იმედი აქვთ, რომ ჩინელების დაპროექტებული ჩქაროსნული რკინიგზა შიდა მოგზაურობას წაახალისებს. ეს 420-კილომეტრიანი რკინიგზა სასაზღვრო ქალაქ ბოტენში იწყება, 70-ზე მეტი გვირაბის და 160 ხიდის გავლით ლუანგპრაბანგისკენ მიემართება და დედაქალაქ ვიენტიანში სრულდება. რკინიგზამ ბილეთების ფასების და ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდის გამო აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქვეყანაში.
თავგადასავლები
ჩოკეკირაო, პერუ
ჩოკეკირაო, ინკების ქალაქის ნანგრევები პერუს ანდებში იმ გამბედავებისთვის არის შემონახული, რომელთაც ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ასვლა შეუძლიათ. „ჩოკეკირაო სავსეა მითებით“, – ამბობს არქეოლოგი გორი-ტუმი ეჩევარია. მისი მრავალი ტაძარი, ტერასა თუ მოედანი ჯერაც აღმოსაჩენია. ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად სახელმწიფო გეგმავს ქალაქ კიუნიალასა და ჩოკეკირაოს შორის 260 მილიონი დოლარის ღირებულების საბაგირო გზის გაბმას. ეს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

სრული სია: