მსოფლიოს საუკეთესო ადგილები 2025
ჩვენ მოვიარეთ მსოფლიო. ვეძებდით ყველაზე გასაოცარ სამოგზაურო ადგილებსა და თავგადასავლებს მიმდინარე წლისთვის. სულ ერთია, რა გაინტერესებთ: ველური ბუნება შორეულ კუნძულზე, გალერეებითა და მუზეუმებით სავსე ქალაქი, ცხოველთა ნაკრძალები თუ ტროპიკულ წყლებში ნაოსნობა.
მსოფლიოს საუკეთესო ადგილები 2025
ჩვენ მოვიარეთ მსოფლიო. ვეძებდით ყველაზე გასაოცარ სამოგზაურო ადგილებსა და თავგადასავლებს მიმდინარე წლისთვის. სულ ერთია, რა გაინტერესებთ: ველური ბუნება შორეულ კუნძულზე, გალერეებითა და მუზეუმებით სავსე ქალაქი, ცხოველთა ნაკრძალები თუ ტროპიკულ წყლებში ნაოსნობა.
ნორთლენდი, ახალი ზელანდია
რატომ უნდა გაემგზავროთ: გაიცანით ეროვნული სიმბოლო ნორთლენდი ახალი ზელანდიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილშია. აქაურობა ცნობილია თეთრი ქვიშის კუნძულებით, კაურის ძველი ტყეებითა და მაორების ისტორიული მემკვიდრეობით, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ამ ადგილს უნდა ესტუმროთ: იშვიათი ფრინველი, კივი, აქაურობას უბრუნდება. ეს 250-ზე მეტი სათემო ბუნებისდაცვითი პროექტის კოალიციის, Kiwi Coast-ის დამსახურებაა. ჯგუფის მიზანია ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოსთვის პირველი დაცული დერეფნის შექმნა. ეს არამფრენი არსება მთელ ქვეყანაში გადაშენების პირას აღმოჩნდა, ნაწილობრივ ინვაზიური მტაცებლებისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო. ადგილობრივმა მოსახლეობამ ბევრი იშრომა არამკვიდრი გარეული ცხოველების მოსაშორებლად და აქაური ტყეების ასაღორძინებლად, რამაც კივის პოპულაციის აღდგენას შეუწყო ხელი. 2024 წელს ამ ორგანიზაციამ გახსნა კივის პირველი რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც დაშავებულ ფრინველებს მკურნალობენ. ტურისტებს შეუძლიათ ნახონ, როგორ აბრუნებენ კივის ბუნებაში. ნორთლენდში სხვა გარეულ ცხოველებსაც შეხვდებით. აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ბეი-ოფ-აილენდსი ზედგამოჭრილია ყვინთვისთვის – განსაკუთრებით პურ-ნაიტსის კუნძულების საზღვაო ნაკრძალის ირგვლივ. აქაურ მღვიმეებში, თაღებსა და წყალქვეშა გვირაბებში თავს აფარებენ დელფინები, სკაროსები და მურენები. აქაურობას შიგადაშიგ სტუმრობს ცელნამგალა ვეშაპიც. kiwicoast.org.nz
მარცხნივ: ნგუნგურუს ქვიშის ცელა, საზღვაო ნაკრძალი ნგუნგურუში (ნორთლენდი, ახალი ზელანდია); მარჯვნივ: არამფრენი კივი ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოა.
ფოტო: AWL Images, საიანდიპ როი
სურუს ხეობა, ინდოეთი
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოსინჯეთ ახალი კლდეზე საცოცი ადგილი სურუს ხეობა ინდოეთის ჩრდილოეთში, ლადაქის რეგიონში მდებარეობს. ჰიმალაის მთისწინეთით გარშემორტყმულმა ლადაქმა 2016 წელს დაიწყო საერთაშორისო მეკლდეურების მოზიდვა, როდესაც ორმა ადგილობრივმა ენთუზიასტმა საფუძველი ჩაუყარა ბოლდერინგის ფესტივალს (Suru Outdoor Fest) ამ შორეულ რეგიონში ტურისტების მოსაზიდად. თავიდან ფესტივალი 40-მდე მონაწილით დაიწყო, დღეს კი მათი რიცხვი 250-ს აღწევს და კლდეზე საცოცი მარშრუტების რაოდენობა 50-დან 500-მდე გაიზარდა. შეუერთდით მთელი მსოფლიოს მეკლდეურებს ყოველწლიურ ფესტივალზე აგვისტოს დასასრულიდან სექტემბრის დასაწყისამდე. გახურდით დილის იოგათი, საღამოს კი ვარსკვლავების ქვეშ ცოცხალი მუსიკით განიტვირთეთ. incredibleindia.gov.in surufest.com

რაჯა-ამპატი, ინდონეზია
რატომ უნდა გაემგზავროთ: ნახეთ ხელუხლებელი და ჯანმრთელი საზღვაო ეკოსისტემა ინდონეზიის დასავლეთ პაპუის რაჯა-ამპატის არქიპელაგი 1500-ზე მეტ კუნძულს მოიცავს. ის მარჯნის სამკუთხედის შუაგულში მდებარეობს, იქ, სადაც ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები ერთმანეთთან იკვეთება. ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი საზღვაო ტერიტორიაა. აქაურ სახეობებს შორისაა ზღვის ეშმაკი, დიუგონი და ზებრისებრი ზვიგენი. რაჯა-ამპატი იმდენად მოწყვეტილია გარე სამყაროს, რომ მისი ნახვა მხოლოდ გემით შეგიძლიათ. 2025 წლისთვის არაერთი ტუროპერატორი ამატებს აქ ახალ მარშრუტებს. ორი კომპანია, Abercrombie & Kent და Aqua Expeditions, იახტით ორკვირიან მოგზაურობას გვთავაზობს. ტურის დროს გაიცნობთ არქიპელაგის საოცარ ეკოსისტემას, მათ შორის, ნატურალისტებთან ერთად ილაშქრებთ სამოთხის ფრინველის სანახავად, კაიაკით მოინახულებთ დამალულ ლაგუნებს, ჩაყვინთავთ რიფის ზვიგენებთან ერთად და მკვიდრ თემებსაც ესტუმრებით. ამასობაში, ტუროპერატორი Rascal Voyages კონსერვაციული მიზნით ამატებს ჩარტერულ რეისებს ხის ხელნაკეთი ფინისით – ტრადიციული ინდონეზიური იალქნიანი გემით. რაჯა-ამპატის გარშემო National Geographic Expeditions-იც მოგზაურობს 20-დღიანი კრუიზით „ინდონეზიის აღმოჩენა ზღვით“. abercrombiekent.com aquaexpeditions.com rascalvoyages.com nationalgeographic.com/expeditions

ფოტო: GETTY
ბრაშოვი, რუმინეთი
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოინახულეთ ცენტრალური რუმინეთი ახალი გზით ტრანსილვანიაში ჩასვლა უფრო მოსახერხებელი გახდა მას შემდეგ, რაც გაიხსნა ბრაშოვ-გიმბავის საერთაშორისო აეროპორტი, რუმინეთის ერთადერთი ახალი აეროპორტი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. აქ ჩასვლა და ძველი ტყეების, კოშკებიანი ციტადელებისა და კარპატების მწვერვალთა ნახვა დღეს უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე. ზოგიერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ტრანსილვანიას: ბრაშოვის შუასაუკუნოვანი ქალაქი, რომელიც 1211 წელს ტევტონთა ორდენის რაინდებმა დააარსეს და XIV საუკუნის ბრანის სასახლე, რომელიც, სავარაუდოდ, ვამპირის სამყოფლის შთაგონების წყარო იყო ბრემ სტოკერის რომანში „დრაკულა“. ამ წიგნის გამოგონილი სისხლისმსმელი პერსონაჟი უკავშირდება ასევე ქალაქ სიგიშოარას (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), რომელიც გერმანელმა ხელოსნებმა, ვაჭრებმა და ფერმერებმა დააარსეს მაშინ, როდესაც ამ რეგიონში XII საუკუნეში დასახლდნენ. აქ XV საუკუნეში დაიბადა ვლახეთის პრინცი ვლად III ცეპეში, რომელსაც ეფუძნება დრაკულას პერსონაჟი. არ გამოტოვოთ ვია-ტრანსილვანიკა, 1400-კილომეტრიანი, მინდვრის ყვავილებით მოფენილი სალაშქრო ბილიკი, რომელიც 2022 წელს გაიხსნა. brasovaeroport.ro viatransilvanica.com romaniatourism.com
ტუნისი
რატომ უნდა გაემგზავროთ: ეწვიეთ საოცრად კარგად შემონახულ რომაულ ნანგრევებს ტუნისი ერთ დროს რომის იმპერიის ბეღელი იყო და დღეს საოცარ არქეოლოგიურ ძეგლებს ინახავს. 2023 წელს არქეოლოგებმა წყალქვეშ, სანაპიროსთან ახლოს, 2000 წლის რომაული სავაჭრო ხომალდი იპოვეს. რომაული კვალი ხმელეთზე კიდევ უფრო ნათლად ჩანს. მაგალითად, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, დუგა, ტუნისიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ის მიიჩნევა ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე კარგად შემონახულ რომაულ ქალაქად. დუგა ავლენს იმპერატორთა ხელში აყვავებული მეტროპოლისის ყველა სახასიათო ნიშანს – აქ კარგადაა შენარჩუნებული ვილები და თეატრები, რაც რომაული ელიტის ცხოვრების შესახებ გვიქმნის წარმოდგენას. ისეირნეთ აქაურ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, ნახეთ კაპიტოლიუმის შენობის კოლონადებიანი პორტიკი, სატურნის დანგრეული ტაძარი და ციკლოპების აბანოები. ამ უკანასკნელის მოზაიკა ახლაც წარმოდგენილია ტუნისის ბარდოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც 2023 წელს ხელახლა გაიხსნა თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ. ის ჰაფსიდების დინასტიის (1228-1574) დროს აშენებულ ყოფილ სასახლეში მდებარეობს. თავად მუზეუმის კომპლექსიც საკვირველია: მისი რძისფერი კოლონადები და ხის ჩუქურთმიანი ჭერი არანაკლებ მომნუსხველია, ვიდრე ამ ჭერქვეშ მდგომი ელინისტური პერიოდის ბერძნული ქანდაკებები. კონტინენტურ ნაწილს თუ გაცდებით, კუნძულ ჯერბაზეც მოხვდებით. აქაური რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩებისა და შუა საუკუნეების ციხესიმაგრის მონახულება უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე. discovertunisia.com

ფოტო: კიარა გოია
ლოს-ანჯელესი, აშშ
რატომ უნდა გაემგზავროთ: მიიღეთ შთაგონება ხელოვნების ნიმუშებით, რომელთაც კალიფორნია გთავაზობთ ლოს-ანჯელესი ოქროს მედლისთვის იბრძვის. თითქოს საკმარისი არაა, რომ ის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლებს. საგრძნობლად ვითარდება ასევე ქალაქის კულტურა. ამის მაგალითია Destination Crenshaw, შავკანიანთა ყველაზე დიდი სახელოვნებო პროგრამა (კერძო და საჯარო დაფინანსებით). პროექტი კრენშოს ბულვარის 2-კილომეტრიან მონაკვეთს საზოგადოებრივ სივრცეებად გარდაქმნის. აქ გამოფენილი იქნება შავკანიანი ხელოვანების 100-ზე მეტი ნამუშევარი. ეს იქნება გალერეა ღია ცის ქვეშ ქანდაკებებით, ინსტალაციებითა და კედლის მხატვრობით. სხვა სამომავლო კულტურულ პროექტებს შორისაა ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმის დევიდ გეფენის გალერეები. ეს შემინული, 10 000 კვადრატული მეტრის სივრცე 2026 წლიდან მუზეუმის მუდმივ გამოფენებს უმასპინძლებს. ამავე წელს გაიხსნება ლუკასის თხრობითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ რეჟისორის, ჯორჯ ლუკასის მოგროვებულ ნამუშევრებს გამოფენს – დაწყებული რობერტ კოულსკოტის ნახატით „ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი კვეთს დელავერს“, დამთავრებული ალექს რეიმონდის მიერ 1933 წელს შესრულებული ფლეშ გორდონის პირველი კომიქსით. discoverlosangeles.com
გრენლანდია
რატომ უნდა გაემგზავროთ: ეწვიეთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ კუნძულს გრენლანდია დიდწილად არქტიკული წრის ზემოთ მდებარეობს. წლის განმავლობაში ის უმეტესად ყინულშია გამომწყვდეული. მას მოწყვეტილ ადგილად მიიჩნევენ ხოლმე, სადაც ჩასვლაც რთულია და მოგზაურობაც, მაგრამ მის დედაქალაქ ნუუკში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა, შიდა ფრენებიც გახშირდა და მსოფლიოს უდიდესი კუნძულიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აქ სტუმრები, როგორც წესი, საკრუიზო გემებით მიდიოდნენ ხოლმე, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ახალი ავიარეისები ასევე ხმელეთზე მოგზაურ მეტ ტურისტს ჩამოიყვანს, რაც ხელს შეუწყობს მათ უფრო თანაბრად განაწილებას ამ კუნძულზე, რათა მყიფე ეკოსისტემების დასაცავად პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ხალხის ნაკადმა იკლოს. ნუუკიდან გადაადგილება მარტივია. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ კოლოსალური აისბერგები ილულისატის ყინულოვან ფიორდში, გაეცნოთ ინუიტების კულტურას კულუსუკში ან ვიკინგების ტრადიციებს მეცხვარეების სალაშქრო ბილიკებზე კუიატააში. visitgreenland.com
ბარბადოსი
რატომ უნდა გაემგზავროთ: გაუსწორეთ თვალი მონებით ვაჭრობის ისტორიას ბარბადოსის ისტორიული უბანი 2025 წელს გაიხსნება. მას ხელმძღვანელობს პროექტი Reclaiming Our Atlantic Destiny (ROAD), რომლის მიზანია კარიბის კუნძულის ტრაგიკული წარსულისთვის პატივის მიგება და მისთვის თვალის გასწორება. სწორედ ბარბადოსი იყო კარიბჭე, საიდანაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მილიონობით აფრიკელი მონა ჩაჰყავდათ. ათასობით მონა ბარბადოსის შაქრის ლერწმის პლანტაციებში შრომობდა. ბარბადოსის ისტორიული უბნის დიზაინზე მუშაობდა დევიდ აჯაიე, განელ-ბრიტანელი არქიტექტორი. ეს უბანი ნიუტონის პლანტაციაზე დგას, სადაც აქამდე ნაპოვნ სამარხებს შორის ყველაზე მეტი მონაა დაკრძალული. ახალ კომპლექსში ნახავთ მემორიალს, მუზეუმსა და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მონებით ვაჭრობის მილიონობით დოკუმენტი, მათ შორის გემების რეესტრები და ქორწინების მოწმობები. წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს გუმბათიანი პავილიონი, რომელიც ადგილობრივი წითელმიწითა და ხის 570 ბოძითაა აგებული აქ დაკრძალული უსახელო 570 მონის პატივსაცემად. barbados.org

ფოტო: GETTY
სერადუ, ბრაზილია
რატომ უნდა გაემგზავროთ: ჩაერთეთ ამ ნაკლებად ცნობილი რეგიონის ბუნების დაცვაში ამაზონის ჯუნგლები იზიდავს როგორც ბუნების დამცველებს, ისე მოგზაურებს, თუმცა მისი მეზობელი ბიომი, სერადუ, მასზე არანაკლებ საინტერესოა და არც ნაკლები საფრთხე ემუქრება. ამ ვეებერთელა სავანაში ბინადრობს ფრინველთა 850 და მცენარეთა 12 000 სახეობა, რომელთა მესამედი სხვაგან არსად გვხვდება. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, აქაური მცენარეულობის დაახლოებით ნახევარი დაკარგულია დიდწილად სოფლის მეურნეობის გამო. მის აღდგენას ე.წ. რეგენერაციული ტურიზმით ცდილობენ, რომელიც ლანდშაფტის შენარჩუნებით უწყობს ხელს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და არა მისი რღვევით. ერთი მაგალითია Pousada Trijunção, შვიდოთახიანი კოტეჯი სერადუს გულში. ის საკონსერვაციო ორგანიზაციასთან (Onçafari) ერთად ფაფრიანი მგლების მონიტორინგზე მუშაობს. შთამბეჭდავ გამოცდილებებს შორისაა ფრინველებზე დაკვირვება (მათ შორის მაკაოებსა და კრაქსებზე), ლაგუნაში კაიაკით ცურვა, ღამის საფარი და სავანაში მგლების ძებნა გიდებთან ერთად. pousadatrijuncao.com.br

ფოტო: GETTY
ბანგკოკი, ტაილანდი
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოინახულეთ ხელახლა დაბადებული ტაძარი დღევანდელი დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან ჩრდილოეთით, ერთი საათის სავალზეა ვატ- ჩაივატანარამი, XVII საუკუნის ტაძარი ისტორიულ ქალაქ აიუტაიაში, სიამის სამეფოს მეორე დედაქალაქში. 2011 წელს წყალდიდობამ ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა. მის რესტავრაციაზე დღემდე მუშაობენ. ამასობაში ახალ ტურისტულ ინიციატივებს შორისაა ქალაქისა და ტაძრის საღამოს ტურები. აიუტაიას ტურისტების პირველი ტალღა 2018 წელს მიაწყდა, რადგან იქ ვითარდებოდა ტაილანდური ისტორიული სერიალის – „სიყვარულის ბედისწერის“ სიუჟეტი. პროგრამა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ 2024 წლის ვერსიას საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად ინგლისური სახელი დაარქვეს – Ayutthaya Sundown („აიუტაიას დაისი“). ბანგკოკის მსგავსად, აიუტაიაც კულინარიით იხვეჭს სახელს. 2022 წელს ქალაქი პირველად გამოჩნდა მიშლენის გზამკვლევში. tourismthailand.org

ფოტო: GETTY
ანტიგუა, გვატემალა
რატომ უნდა გაემგზავროთ: დალაშქრეთ ვულკანი გვატემალაში, რომელიც წყნაროკეანური ცეცხლოვანი სარტყლის გაყოლებაზე მდებარეობს, 30-ზე მეტი ვულკანია, მათ შორის სამი – მოქმედი. ისლანდიის ამოფრქვევები ზრდის ვულკანური ტურიზმისადმი ინტერესს და სულ უფრო მეტი მოგზაური ეძებს ლავით დაფარულ ბილიკებს. ამ თვალსაზრისით მშვენიერი ადგილია გვატემალა, სადაც გვხვდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ფუეგო. მისი ლავის მდინარეები და ფუმაროლები ყველაზე კარგად მეზობელი აკატენანგოს ვულკანზე ასეირნებისას მოჩანს. მარშრუტი ყავის პლანტაციებსა და უხვნალექიან მთის ტყეებზე გადის. მის გასავლელად დილით ადრე უნდა დაიძრათ ან ორი დღე იაროთ. სანდო გიდებს იპოვით მახლობელ ქალაქ ანტიგუაში, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია ქვაფენილიანი ქუჩებითა და თვალწარმტაცი მოედნებით. ყველაზე კარგი ხედებისთვის მშრალ სეზონზე ჯობს გამგზავრება (ნოემბრიდან აპრილამდე). visitguatemala.gt

ფოტო: GETTY
კორკი, ირლანდია
რატომ უნდა გაემგზავროთ: დაათვალიერეთ აღორძინების პროცესში მყოფი ქალაქი კორკში დიდი აღდგენითი სამუშაოებია, რომლებშიც მილიარდობით ევრო იხარჯება. ქალაქის აღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც 2005 წელს მას ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა. ახლა აქ ბევრი პროექტი ხორციელდება და მშვენიერი დროა, ესტუმროთ და ორომტრიალში ჩაერთოთ. კორკის განვითარების გეგმამ ირლანდიის რიგით მეორე ყველაზე დიდი ქალაქისთვის შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამბიციური და ინოვაციური განახლებები შეიმუშავა. კროუფორდის ხელოვნების გალერეა, რომელსაც ეროვნული კულტურული ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა, დიდ რეკონსტრუქციას გადის. დაგეგმილია პირველი სართულის გაფართოება და გალერეის დამატება ბოლო სართულზე. კორკის ღონისძიებების ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ კონცერტებს, ფესტივალებსა და გამოფენებს; გარდაქმნილი პორტი და დოკის ტერიტორია მოექცევა ქალაქის ყურადღების ცენტრში. 16 კილომეტრის მოშორებით XIV საუკუნის ბარისკორტის ციხესიმაგრეს უკვე რამდენიმე წელია რესტავრაციას უტარებენ. მისი გახსნა 2025 წელს იგეგმება. კორკი ცნობილია ხელოვნების სიყვარულით და მიმდინარე წელს იქ რამდენიმე ფესტივალი გაიმართება: Cork International Choral Festival (მაისი); Cork on a Fork Festival (აგვისტო); Sounds from a Safe Harbour (სექტემბერი); Cork Folk Festival და Cork International Short Story Festival (ოქტომბერი). purecork.ie
გარე ჰებრიდის კუნძულები, შოტლანდია
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოინახულეთ შოტლანდიის ნამდვილი ვარსკვლავები გარე ჰებრიდის კუნძულები მალე მთავარ როლს შეასრულებს გელურ ენაზე BBC-ის მიერ გადაღებულ სერიალში, „An t-Eilean“ („კუნძული“). ეს სერიალი 2025 წელს გამოვა და მას მაყურებლები მოუთმენლად ელიან. ის გადაღებულია 1867 წელს ჰარისის კუნძულზე აშენებულ ციხესიმაგრეში. კადრებში ჩანს კუნძულების დრამატული ლანდშაფტი და კელტური მემკვიდრეობა. მოინახულეთ არქიპელაგი და გაუყევით ჰებრიდის გზას, თითქმის 320-კილომეტრიან მარშრუტს ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის. ის კვეთს 10 კუნძულს და ჩაუვლის ვერცხლისფერ პლაჟებს, ვისკის სახდელ ქარხნებსა და კალანიშის ქვებს, 5000 წლის ნეოლითურ მონუმენტს. სეირნობისას ეძებეთ კეთილშობილი ირემი და თეთრკუდა ფსოვი. თუ გსურთ ცულნისკარტებისა და ოკეანის სხვა ფრინველების, მაგალითად, ალკებისა და სამთითა თოლიების ნახვა, გაეშურეთ სენტ-კილდის არქიპელაგისკენ. ივლისში ლიუისის კუნძულზე, ქალაქ სტორნოვეიში, შეუერთდით HebCelt-საც, ყოველწლიურ კელტურ ფესტივალს, რომელიც გელური ენისა და მუსიკის ზეიმია. visitouterhebrides.co.uk

ფოტო: GETTY
ბოისე, აშშ
რატომ უნდა გაემგზავროთ: გაერთეთ ბასკებთან ერთად აიდაჰო ამერიკის დასავლეთ ნაწილის სანიმუშო განსახიერებაა, თავისი დაკბილული მთებითა და რანჩოებით მოფენილი მდელოებით. მაგრამ აქაურობას საკვირველი ევროპული მხარეც აქვს: ამ შტატში – განსაკუთრებით, მის დედაქალაქ ბოისეში – ბასკური წარმოშობის ამერიკელების ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი იმ ბასკების შთამომავალია, რომლებიც ევროპიდან აიდაჰოში XIX საუკუნეში ჩავიდნენ მწყემსებად სამუშაოდ. ბასკური ფესტივალი ამ ხალხის კულტურის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ აღინიშნება ბოისეში. 2025 წლის ივლისისთვის ის 10-წლიანი პაუზის შემდეგ ზარ-ზეიმით ბრუნდება, რადგან მისი ჩატარება პანდემიამ შეაფერხა. ვარაუდობენ, რომ დღესასწაულზე 35000 ადამიანი მოიყრის თავს. ბოისეს ცნობილი „ბასკური უბანი“ იქნება აქტივობების ცენტრში და უმასპინძლებს ყოველდღიურ წვეულებებს ქუჩაში, ცეკვებსა და მუსიკას ბასკური და ბასკურ-ამერიკული ბენდების შესრულებით. არ გამოტოვოთ სპორტის ღამე აიდაჰოს ცენტრალურ არენაზე, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ტრადიციულ საფერმერო საქმეში შეეჯიბრებიან, როგორიცაა შეშის ჩეხა, თივის ზვინის სროლა და ურმის აწევა. ბოისეს ბასკურმა სამზარეულომაც ბოლო დროს ქება დაიმსახურა. ეწვიეთ რესტორან Ansots-ს და გასინჯეთ შეფ დან ანსოტეგუის ხელით დამზადებული ჩორიზო და კროკეტები. შეფი 2023 და 2024 წლებში ჯეიმს ბირდის ჯილდოს ნახევარფინალისტი იყო. jaialdi.com visitboise.com

ფოტო: ჯონ ჰოჯსონი/BasquePhotos.com
აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
რატომ უნდა გაემგზავროთ: ეწვიეთ საოცარ ახალ მუზეუმებს აბუ-დაბის საადიიატის კულტურული უბანი სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. მისი მიზანია, გახდეს ცოდნისა და გლობალური გაცვლის ცენტრი 2025 წლიდან, როგორც კი მშენებლობა დასრულდება. ამ რაიონში უკვე დგას აბუ-დაბის ლუვრი. იგეგმება სხვა მუზეუმების გახსნაც, მათ შორის ზაიდის ეროვნული მუზეუმის, რომელსაც სახელი საამიროების დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, შეიხ ზაიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის პატივსაცემად დაერქვა. აქ წარმოაჩენენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. ეს თავად შენობის დიზაინშიც ჩანს – მინის მაღალი ატრიუმები შავარდნის, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს, ფრთებს მოგაგონებთ. გარდა ამისა, აბუ-დაბის გუგენჰაიმი იქნება მსოფლიოში გუგენჰაიმის ოთხი მუზეუმიდან ყველაზე დიდი. აქ ნახავთ ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ცენტრს, საბავშვო საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საკონსერვაციო ლაბორატორიას. დიზაინი არქიტექტორ ფრენკ გერის ეკუთვნის. გალერეების წყებას გარს აკრავს კონუსური კონსტრუქციები, რომელთა შთაგონების წყარო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ქარის ტურბინებია. visitabudhabi.ae

ფოტო: alamy
კანაძავა, იაპონია
რატომ უნდა გაემგზავროთ: გაიცანით კლასიკური იაპონია ხალხმრავლობის გარეშე გიონის, კიოტოს გეიშების ცნობილი უბნის ვიწრო ქუჩები იმდენად პოპულარულია, რომ 2024 წელს ქალაქმა აქ ტურისტების შესვლა აკრძალა. მაგრამ ტრადიციული იაპონიის გასაცნობად კიდევ ერთ ადგილას შეგიძლიათ ჩასვლა: კანაძავაში. კიოტოდან მატარებლით ორი საათი დაგჭირდებათ. ეს ციხე-ქალაქი კარგადაა შემონახული. აქაური გეიშების უბანი ხის ჩაის სახლებითაა სავსე. აქ ნახავთ ასევე კენროკუ-ენს, იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბაღსა და XVII საუკუნის უბანს, სადაც ადგილობრივი სამურაები ცხოვრობდნენ – გეგონებათ, რომ პირდაპირ „შოგუნში“ მოხვდით, ისტორიულ სერიალში. აქ ყველგან შეხვდებით მოოქრულ დეკორს – სწორედ კანაძავაში აწარმოებენ იაპონიის ოქროფურცლის უდიდეს ნაწილს. 400-წლიანი ისტორიის მქონე ეს ხელოვნება დღეს UNESCO-ს სიაშია. visitkanazawa.jp

ფოტო: AWL IMAGES
ჰაიდა-გუაი, კანადა
რატომ უნდა გაემგზავროთ: აღმოაჩინეთ ჰაიდას ტრადიციები ჰაიდა-გუაი სახელგანთქმულია ენდემური ცხოველებით და ამის გამო კანადურ გალაპაგოსად მოიხსენიებენ ხოლმე. ის ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროს გაყოლებაზე 150-მდე ნისლიანი კუნძულისგან შედგება. ამ არქიპელაგზე ცხოვრობს მკვიდრი ჰაიდას ხალხი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით იცავს თავის ბუნებას. ყველა სტუმარმა ხელი უნდა მოაწეროს ჰაიდა-გუაის პირობას, რომ პატივს სცემს მიწას და ჰაიდას ცხოვრების წესს. ამ ველურ ბუნებაში შეგიძღვებათ „ოკეანის სახლი“. ის პირველად 2018 წელს გაიხსნა, როგორც მოტივტივე კურორტი. ამ წლის ბოლოს ჰაიდების მფლობელობაში მყოფი ეს კოტეჯი მალე ახალ, უფრო მდგრად ადგილას, ხმელეთზე, გადავა. აქედან დაინახავთ გრემის კუნძულის ჩრდილოეთ კიდეში სამ ჰექტარზე გადაჭიმულ ხელშეუხებელ ვიწრო დაცულ ყურეს. აქ ყველაზე მარტივად შეგიძლიათ გამოცადოთ რეგიონის ეკომეგობრული თავგადასავლები და ჰაიდას კულტურა. დაათვალიერეთ მახლობელი ნაიკუნის პროვინციული პარკის ტყეები; წადით ვეშაპების სანახავ ტურზე და დაათვალიერეთ ჰაიდა-გუაის ზღვის ძუძუმწოვრების ოცამდე სახეობა; გაიცანით ჰაიდას მხატვრები და მოქანდაკეები სოფელ ოლდ-მასეტში, სადაც ტოტემის ვეებერთელა სვეტები ჰაიდას ტრადიციებს უკვდავყოფს. haidatourism.ca

ფოტო: AWL IMAGES
ორიენტ-ექსპრესი, მალაიზია
რატომ უნდა გაემგზავროთ: იმოგზაურეთ მოდური მატარებლით პანდემიის გამო ოთხწლიანი აურზაურის შემდეგ ბელმონდის აღმოსავლეთის ექსპრესი ისევ ამუშავდა და ახალი სახეც მიიღო. მატარებლის 15 ვაგონს ალუბლის ხის პანელები და მალაიზიური აბრეშუმი ამშვენებს. აქვე ნახავთ ელეგანტურ ბარს ფორტეპიანოთი და ღია ვაგონს გარემოს დასათვალიერებლად. ტური „ველური მალაიზია“ სამი ღამე გრძელდება. ესაა ორიდან ერთ-ერთი ახალი სეზონური მარშრუტი, რომელიც აღმოსავლეთის ექსპრესის დაბრუნებას აღნიშნავს. მის ფარგლებში სტუმრობენ პინანგის კუნძულის ხელოვანებსა და ტამან-ნეგარას ეროვნულ პარკს, სადაც ვიზიტორები შეიტყობენ გადაშენების პირას მყოფ მალაიურ ვეფხვზე. belmond.com malaysia.travel
გვადალახარა, მექსიკა
რატომ უნდა გაემგზავროთ: დატკბით მარიაჩის მოსმენით გვადალახარამ მსოფლიოს ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც 2023 წელს რიგით მე-11 „გეი თამაშებს“ უმასპინძლა. მოგზაურებისთვის ხალისკოს შტატის ეს მშვიდი დედაქალაქი ხმაურიანი მეხიკოს კარგ ალტერნატივად გადაიქცა. განსაკუთრებით მიმზიდველია მარიაჩი – მექსიკური მუსიკის ჟანრი. ფიქრობენ, რომ ეს ჟანრი, თავისი ტრადიციული ჩაცმულობითა და სიმებიანი ინსტრუმენტებითა თუ საყვირებით, XIX საუკუნეში სწორედ ხალისკოში გაჩნდა. ის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. მუსიკოსები, როგორც წესი, დაკვრას ნოტების გარეშე სწავლობენ. სიმღერის ტექსტი ეხება მიწის, მშობლიური ქალაქების, რელიგიისა და თანამემამულეების სიყვარულს. გვადალახარა ყოველ აგვისტო-სექტემბერში ორი კვირით მასპინძლობს მარიაჩისა და ჩარერიას საერთაშორისო ფესტივალს. აქ დეგოლადოს თეატრსა და საჯარო მოედნებზე მარიაჩის დაახლოებით 500 ანსამბლი უკრავს. mariachi-jalisco.com.mx

ფოტო: getty
მონასტრები, იტალია
რატომ უნდა გაემგზავროთ: სულიერად განიტვირთეთ საიუბილეო წელს ვარაუდობენ, რომ 2025 წელს რომში დაახლოებით 35 მილიონი პილიგრიმი ჩავა საიუბილეო წლის აღსანიშნავად. კათოლიკე ქრისტიანებისთვის საიუბილეო [ცოდვების მიტევების] წელი, როგორც წესი, 25 წელიწადში ერთხელ დგება. თუ ხალხისგან შორს გსურთ პილიგრიმობა, დედაქალაქის ხალხმრავლობას გაერიდეთ და მონასტერში გაჩერდით. აპენინის ნახევარკუნძულზე 175-ზე მეტი მონასტერია – საყუდრები, რომლებშიც განმარტოებაზე მეტად აქცენტს თემურ ცხოვრებაზე აკეთებენ. ამ ცენტრებში დიდი ხანია ხელმისაწვდომია საწოლები დაღლილ-დაქანცული მოხეტიალეებისთვის – ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება. აქ კარი ღიაა ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის ადამიანისთვის. ოთახები მინიმალისტურია, თავად გამოცდილება კი – აღმატებული. შეგიძლიათ მოუსმინოთ გრიგორიანულ გალობას, შეუერთდეთ წირვას ან დაკავდეთ მედიტაციით წიფლის ან მუხის ტყეებში. ასეთ ადგილებს შორისაა ფლორენციიდან აღმოსავლეთით ორი საათის სავალზე, კლდეზე მოკალათებული ლა-ვერნა, რომელიც დანტეს ღვთაებრივ კომედიაშია ნახსენები ან მონტე-ოლივეტო-მაჯორეს სააბატო სიენასთან, რომლის მონასტერსაც 35 ფერად-ფერადი ფრესკა ამშვენებს. აუცილებლად ესტუმრეთ სააბატოს მარანს და ბერების დამზადებული ღვინო გასინჯეთ. italia.it laverna.it monteolivetomaggiore.it

ფოტო: ანდრეა ფრაძეტა
სენეგალი
რატომ უნდა გაემგზავროთ: დაეუფლეთ კლასიკურ დასავლეთაფრიკულ კულინარიას დასავლეთ აფრიკის კულინარიაში დაინტერესება უპრეცედენტოდ გაზრდილია და რესტორნები, როგორიცაა, მაგალითად, ლონდონში გახსნილი „ჩიშურუ“, უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. თუმცა ამ სამზარეულოს გაცნობა ისევ მის სამშობლოში ჯობს. სენეგალის საუკეთესო კერძები (მაგალითად, ceebu jën – თევზის, ბრინჯისა და ბოსტნეულის ეროვნული კერძი და soupou kanja, ბამის შემცველი რაგუ) და ამ კერძების მიღმა მდგომი ადამიანები შეგიძლიათ დედაქალაქ დაკარში გაიცნოთ. Relish Africa გვთავაზობს კულინარიულ გაკვეთილებს, ზღვის პროდუქტების მოპოვების თავგადასავალსა და ქუჩის საკვების ტურებს. relishafrica.com
კვაზულუ-ნატალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოინახულეთ დიდი ხუთეული საფარის ახალ წერტილში კვაზულუ-ნატალის პროვინცია საფარის ახალი დანიშნულების ადგილია, რომელიც დიდ აჟიოტაჟს გვპირდება. ის კრუგერის ეროვნული პარკის ალტერნატივაა. დაახლოებით 20 000 ჰექტარზე გადაჭიმული ბაბანანგოს სანადირო ნაკრძალი, მდინარე თეთრი უმფოლოზის ზემო წელის ხეობაში, კვაზუ-ნატალის ცენტრში მდებარეობს. აქ მიმდინარეობს ველური ბუნების აღმდგენი ყველაზე ამბიციური პროექტი, რაც კი სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულა უკანასკნელ ათწლეულებში. აქ წარმატებით დააბრუნეს ლომები, ანტილოპას იშვიათი სახეობები, როგორიცაა ორიბი და კლიპშპრინგერი და გადაშენების პირას მყოფი შავი მარტორქები. 2023 წელს სპილოების რეინტროდუქციით „დიდი ხუთეული“ შეივსო. სტუმრებს შეუძლიათ მანქანით აედევნონ ცხოველებს ფოტონადირობისთვის ან ფეხით შეუდგნენ საფარის. მათ ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საპატრულო ვერტმფრენებიდან ცხოველთა მონიტორინგში და იმუშაონ ფოტოხაფანგების მოწყობაზე შავი მარტორქებისა და გეპარდების აღსაბეჭდად. თუკი ეწვევით ფინდას კერძო სანადირო ნაკრძალს პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შეძლებთ შეუერთდეთ ბუნების დაცვის პროექტსაც და რეინჯერებსაც მიეხმაროთ მარტორქებთან დაკავშირებულ პროგრამებში. აქ ახალი გარემონტებულია „ფინდას ტყის სახლი“, ნაკრძალის ექვსი კოტეჯიდან ერთ-ერთი. კვაზულუ-ნატალის სხვა ახალი შემოთავაზებებია „ჰოუმსტედი“ ნამბიტის კერძო სანადირო ნაკრძალში და ოკეანისპირა „სახლი სალას სანაპიროზე“. House.zulu.org.za
სტოკჰოლმის არქიპელაგი, შვედეთი
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოინახულეთ კუნძულები ახალი მარშრუტით სტოკჰოლმის არქიპელაგი დაახლოებით 30 000 კუნძულისგან შედგება. ზოგი ხის სახლებითაა დაწინწკლული, დანარჩენებზე კი მხოლოდ ზღვის ფრინველები სახლობენ. აქედან 21 კუნძულზე თქვენ შეგიძლიათ ახალ 270-კილომეტრიან „სტოკჰოლმის არქიპელაგის ბილიკს“ გაუყვეთ და რომელიმე მყუდრო სასტუმროში გაჩერდეთ. იქ გასამგზავრებლად საუკეთესო დროა „მაგიური სეზონი“, გვიანი ზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, სანამ მზე ისევ თბილია და არქიპელაგზე მშვიდი ატმოსფეროა. visitsweden.com

ფოტო: AWL IMAGES
მდინარე მარი, ავსტრალია
რატომ უნდა გაემგზავროთ: გაისეირნეთ კრუიზით ავსტრალიის ყველაზე ბობოქარ მდინარეზე მარი მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე გრძელი სანაოსნო მდინარეა. მას მხოლოდ ამაზონი და ნილოსი უსწრებს. მდინარე 2500-მდე კილომეტრს აღწევს და ახალ სამხრეთ უელსში, ვიქტორიასა და სამხრეთ ავსტრალიაში მიედინება. XIX საუკუნეში აქ წევისბორბლიანი გემებით გადაჰქონდათ მარცვლეული და სხვა საქონელი. აბორიგენები მდინარის სანაპიროზე 30 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. დღეს მდინარეზე ხალხი ისევ გადაადგილდება, მაგრამ დიდწილად დასასვენებელი კრუიზებით. სტუმრებს კლასიკური ბუშის ლანდშაფტები და მეჩხრად დასახლებული ქალაქები აინტერესებთ. კომპანია Murray River Paddlesteamers-ის ახალი საკრუიზო გემი PS Australian Star-ი 2025 წლის ივნისიდან დაიწყებს ოპერირებას და კომფორტული მრავალღამიანი ტურით გამოემართება ვიქტორიას შტატის ქალაქ ეჩუკადან. მოგზაურობა მოიცავს მდინარისპირა ბარბეკიუს, ღვინის დეგუსტაციას, ველურ ცხოველებზე დაკვირვებასა და პერიკუტას სადგურის ისტორიული ადგილების მონახულებას. ამასობაში სამხრეთ ავსტრალიაში მდინარე ჩაუვლის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის რეგიონს (ბაროსას ველს) და მდინარე მარის საერთაშორისო ღამის ცის ნაკრძალს. ეს ამ ტიპის პირველი ნაკრძალია ავსტრალიაში, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ ვარსკვლავებს Big Bend by Night-თან ან Juggle House Experiences-თან ერთად; შემდეგ მიაჭახუნეთ ბაროსას შირაზით – ავსტრალიის ცნობილი წითელი ღვინით სავსე ჭიქები. murrayriverpaddlesteamers.com.au bigbend.com.au rivermurraydarkskytours.com.au
ოკალას ეროვნული ტყე, აშშ
რატომ უნდა გაემგზავროთ: მოწყდით სამყაროს და ეწვიეთ ფლორიდის ერთ-ერთ უკანასკნელ ველურ ადგილს – გაუყევით ახალ ბილიკს ცენტრალური ფლორიდის თემატურ პარკებსა და სანაპირო კურორტებს შორის მწვანე ოაზისია მოქცეული. ესაა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში ყველაზე სამხრეთით მდებარე ეროვნული ტყე – 156 ჰექტარზე გადაჭიმული ოკალა, სადაც სახლობენ გადამფრენი ფრინველები, იშვიათი მცენარეები და შტატში ფლორიდული ბარიბალისა და ცისფერი ბუჩქნარის ჯაფარას ყველაზე დიდი პოპულაცია. აქაურობის მთავარი ხიბლია წყალი: ამ ტყეში შეგხვდებათ 600 ტბა და ბუნებრივი წყარო. ეს იდეალური ადგილია ნავით სასეირნოდ, საცურაოდ, ტიუბინგისა თუ პადლბორდინგისთვის. აქ კანოეებით ჩაუყვებიან მშვიდ სოლტ-სპრინგს, შნორკელით ყვინთავენ სილვერ-გლენ-სპრინგსის ქვიშიან ფსკერზე, ხოლო აკვალანგით – ალექსანდერ-სპრინგსის კამკამა წყალში, რომელიც მთელი წელი სტაბილურად 22°C-ს ინარჩუნებს. ლამანტინის შემჩნევაც შეგიძლიათ. აქ ჩამოსვლა გამარტივებულია. ეროვნული ტყის ფონდმა გააუმჯობესა ბილიკები და დაამატა სათევზაო პირსები, ასევე მოაშორა ინვაზიური სახეობები და დარგო ჩითილები ჭაობის ფიჭვის ეკოსისტემის აღსადგენად. ocalamarion.com