მსოფლიოს უბედნიერესი ადგილები
თითოეული მათგანისა და მათი ქვეყნების გაცნობით, შევიტყობთ, რატომაა ეს ხალხი სხვა ქვეყნის მცხოვრებლებზე უფრო ბედნიერი


მსოფლიოს უბედნიერესი ადგილები
თითოეული მათგანისა და მათი ქვეყნების გაცნობით, შევიტყობთ, რატომაა ეს ხალხი სხვა ქვეყნის მცხოვრებლებზე უფრო ბედნიერი
ვინ არის მსოფლიოს უბედნიერესი ადამიანი? რა საერთო აქვთ დანიას, კოსტა-რიკასა და სინგაპურს? ის შეიძლება იყოს ალეხანდრო სუნიგა – ჯანმრთელი, მამა, რომელიც დღეში, სულ ცოტა, ექვსი საათი ხალხთან ურთიერთობს, ღამით მინიმუმ შვიდი საათი სძინავს, სამსახურში ფეხით დადის და ყოველდღე ხილ-ბოსტნეულის ექვს პორციას მიირთმევს. კვირაში 40 საათზე მეტს არ მუშაობს, თან თავისი საქმე და თანამშრომლები უყვარს. ყოველ კვირას კი რამდენიმე საათს მოხალისეობს; მოკლედ, ყოველდღე იმას აკეთებს, რაც ბედნიერებას ანიჭებს. ამაში კი მას ხელს უწყობს კოსტა-რიკის მწვანე, სასიამოვნო კლიმატის მქონე ცენტრალურ ხეობაში, მისნაირი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება.

კიდევ ერთი კანდიდატია სისე კლემენსენი. ეს ქალბატონი მეგობარ მამაკაცთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, კომუნის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს. ველოსიპედით დადიან სამსახურში, მაღაზიაში, სკოლაში. სისე მოკრძალებული ხელფასის მიუხედავად, საკმაოდ მაღალ გადასახადებს იხდის, თუმცა ამით ჯანდაცვითა და განათლებითაა უზრუნველყოფილი, ის დანიაში, ქალაქ ოლბორგში ცხოვრობს. ქვეყანაში, სადაც ხალხი დარწმუნებულია, მთავრობა არ დაუშვებს, რომ ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

კიდევ არის ერთი კაცი, სახელად დუგლას ფუ; 10 მლნ-დოლარიან სახლში მცხოვრები, წარმატებული მეწარმე, რომელიც 750 000-დოლარიან BMW-ს ატარებს. მას ცოლი და ოთხი შვილი ჰყავს. უმაღლესი განათლების მისაღებად, ოთხ ადგილას მუშაობდა და დააარსა კომპანია, რომელიც მოგვიანებით, 59 მლნ-დოლარიან ტრანსნაციონალურ კორპორაციად იქცა. კოლეგებისა და ფართო საზოგადოების პატივისცემასაც იმსახურებს. ფუმ ბევრი იშრომა, თუმცა აღიარებს, რომ სინგაპურის გარდა, ალბათ, სხვაგან ვერსად აიწყობდა ცხოვრებას.

სუნიგა, კლემენსენი და ფუ ბედნიერების ის სამი განსხვავებული ძაფია, რომლითაც ბედნიერი ცხოვრება იწნება. ჩემთვის ეს სამი ადამიანი სიამოვნების, მიზანსწრაფულობისა და სიამაყის განსახიერებაა. ამის პირობას კი მათ მშობლიური ქვეყნები უქმნის. თითოეული მათგანისა და მათი ქვეყნების გაცნობით, შევიტყობთ, რატომაა ეს ხალხი სხვა ქვეყნის მცხოვრებლებზე უფრო ბედნიერი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.