მთაზე, სხვა სამყაროში
ამაზონის ჯუნგლების თავზე აღმართული ბრტყელი მწვერვალი მკვლევრებს ახალ სახეობათა აღმოჩენისა და ევოლუციის საიდუმლოებათა ამოხსნის საშუალებას აძლევს. მთავარი სირთულე იქამდე მიღწევაა.


მთაზე, სხვა სამყაროში
ამაზონის ჯუნგლების თავზე აღმართული ბრტყელი მწვერვალი მკვლევრებს ახალ სახეობათა აღმოჩენისა და ევოლუციის საიდუმლოებათა ამოხსნის საშუალებას აძლევს. მთავარი სირთულე იქამდე მიღწევაა.
თებერვლის ერთ კუპრივით ბნელ ღამეს ბრიუს მინსი ჩრდილო-დასავლეთ გაიანაში, პაკარაიმის მთებში, მარტო იყო. შუბლის ფარნით გარშემო ნისლიან ტყეს გადახედა და დაორთქლილი სათვალიდან მწვანე ხავსით შემოსილი უძველესი ხეები დაინახა. ნეშომპალის სუნით გაჟღენთილ ნოტიო ჰაერში მოყიყინე ბაყაყების მელოდიური სიმფონია ჟღერდა, რომელიც სირინოზის სიმღერასავით უხმობდა ჯუნგლების ისეთ სიღრმეში, რომ აღარ იცოდა, იქიდან ოდესმე თუ გამოაღწევდა.
წონასწორობის დასაცავად ცალ ხელში ჯოხმომარჯვებულმა ბრიუსმა არამტკიცე ნაბიჯი გადადგა წინ. დაჭაობებულ ფოთლოვან საფარში რომ ჩატოპა, მუხლები აუკანკალდა და შეუკურთხა თავის 79 წლის სხეულს. ექსპედიციის დასაწყისში ბრიუსმა მითხრა, რომ ნელ-ნელა გაუყვებოდა გზას და აკლიმატიზაციასთან ერთად მეტ ძალას მოიკრებდა.
ბოლოს და ბოლოს, ის, როგორც კონსერვაციონისტი ბიოლოგი, კარიერის მანძილზე ამ რეგიონში უკვე 32 ექსპედიციაში იყო ნამყოფი. მისი ახალგაზრდობის ფოტოც მინახავს – 193 სმ სიმაღლის, მხარბეჭიანი „ტყის კაცი“ უკან შეკრული გრძელი თმით და ყელზე შემოხვეული უზარმაზარი გველით.

მომიყვა, 1980-იან წლებში როგორ მოგზაურობდა დანჯღრეული ავტობუსებით ვენესუელის გრან-საბანას ვაკეებსა თუ მთებში ამფიბიებისა და რეპტილიების ახალ სახეობათა მოსაძიებლად. ერთ დროს, რამდენიმე დღე სრულიად მარტოს გაუტარებია რომელიღაც მწვერვალზე, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში. ეს იყო სამხრეთ კალიფორნიაში ხვლიკებისა და ტარანტულების მაძიებელი ბავშვის ცნობისმოყვარეობის გაგრძელება. როგორც თავად ამბობს, მაშინ ეზიარა ბუნების სიდიადის პატარა გამოვლინებებს.
იმ ფილოსოფიით მოაღწია აქამდე. მართალია, თმა გაუჭაღარავდა და შეუთხელდა, ფორმიდანაც ამოვარდნილია, თუმცა მარწმუნებდა, რომ საბრძოლო ჟინი კვლავ ჰქონდა და ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდებოდა.
მაგრამ ჯუნგლებს – მწერების შემოსევით, გადაუღებელი წვიმებითა და ადამიანების მშთანთქავი ჭაობებით – ნებისმიერის გამოფიტვა შეუძლია. ჩვენი ექსპედიციის მიერ ერთი კვირის განმავლობაში ჯაგნარის გაკაფვის და მდინარეების გადაკვეთის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბრიუსი დღითიდღე სუსტდებოდა. ღამით, ჰამაკში ჩაწოლილს, ხველება არ აძინებდა და ოჯახზე ფიქრობდა. ფლორიდაში, ტალაჰასიში მცხოვრები მისი ცოლი და ორი ზრდასრული ვაჟი, პრაქტიკულად, ემუდარებოდნენ, ექსპედიციაში არ წასულიყო. გვიანის ზეგანი 80 წელს მიტანებული, ფორმიდან ამოვარდნილი ადამიანის ადგილი არაა.
თუმცა მოწმე ვარ, ადრე როგორ მოუკრებია ძალები ბრიუსს. სამჯერ ვართ ერთად ნამყოფები ამ შორეულ რეგიონში – ამაზონის ჯუნგლების ჩრდილოეთ კიდეზე განლაგებულ მდინარე პაიკვას აუზში, რომელიც ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. ბრიუსს ძირითადად ბაყაყები აინტერესებდა და დედამიწაზე ბაყაყების სამოთხე თუ არსებობს, ნამდვილად ეს იქნებოდა.
ბაყაყები საკვანძო როლს თამაშობენ მთელი მსოფლიოს ეკოსისტემებში, მაგრამ სხვაგან არსად უარსებიათ მათ ისე ხანგრძლივად, როგორც ასეთ, ეკვატორულ ნოტიო ტყეებში. მილიონობით წლის მანძილზე აქაურმა ბაყაყებმა მთელი რიგი ევოლუციური გზები გაიარეს და შედეგად ჩამოყალიბდნენ უამრავი ფორმის, ზომისა და ფერის, გასაოცარი ადაპტაციების უნარის მქონე სახეობებად.

ამფიბიების ათასზე მეტი სახეობაა დაფიქსირებული მხოლოდ ამაზონის აუზში. არაერთ მათგანს უკავშირდება მედიცინის ისეთი მიღწევები, როგორებიცაა ახალი ტიპის ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებლები თუ პოტენციურად კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალებები.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ბაყაყის სახეობათა მხოლოდ მცირე ნაწილი აქვთ იდენტიფიცირებული, ამასობაში კი ჩვენთვის უკვე ნაცნობი სახეობები საგანგაშო სისწრაფით უჩინარდებიან. ზოგიერთი გაანგარიშებით 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ბაყაყის 200-ზე მეტი სახეობა გადაშენდა. ბრიუსი და სხვა ბიოლოგები შიშობენ, რომ დანარჩენებიც ისე გადაშენდებიან, რომ მათი არსებობის შესახებ ვერც გავიგებთ. ევოლუციის, მედიცინის თუ სხვა ტიპის საიდუმლოებანიც მათთან ერთად შეიძლება დაიკარგოს.
პესიმისტური პროგნოზების აყოლის ნაცვლად ბრიუსი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თუ რამდენად დიდ ბიოლოგიურ საგანძურს ინახავენ ეს ტყეები. „პაიკვას აუზში სამომავლო აღმოჩენების შესაძლებლობა პრაქტიკულად უსაზღვროა“, – მითხრა მან მისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმით, თუმცა ისიც იცოდა, რომ დრო იწურებოდა – როგორც ბაყაყების, ისე მისი.

გაიანა გამოირჩევა იმით, რომ ერთადერთი ინგლისურენოვანი ქვეყანაა მთელ სამხრეთ ამერიკაში – როგორც ბრიტანეთის ყოფილი კოლონია. ქვეყნის უდიდესი ნაწილი გაუკვალავი, ნოტიო ტყითაა დაფარული, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი პაკარაიმის მთები მიუყვება ქვეყნის საზღვარს ვენესუელასა და ბრაზილიასთან. აქვეა რამდენიმე მაგიდა მთა, რომლებიც მდინარე პაიკვას აუზის მუქი მწვანე ტყის საბურველის თავზეა წამოჭიმული. მათ ჩრდილში საუკუნეების მანძილზე მცხოვრები ადგილობრივი პემონები ამ არაამქვეყნიურ მთებს „ტეპუის“ – „აღმოცენებულ კლდეებს“ – უწოდებენ და ზოგჯერ „ღვთაებათა სახლებად“ მოიხსენიებენ.
ჩვეულებრივი მთებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთიან მთაგრეხილებს ქმნიან, ეს მაგიდა მთები – ტეპუიები, როგორც წესი, ეულად დგანან ტყეში, როგორც ნისლის ოკეანეში ამოწვერილი კუნძულები. სალაშქრო ბილიკებით მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შეიძლება ასვლა – დანარჩენებს სალი კლდეები აკრავს გარშემო, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 900 მეტრსაც აღწევს და ხშირად თვალწარმტაცი ჩანჩქერიც ამშვენებს.
გეოლოგები გვამცნობენ, რომ ტეპუიები ერთ დროს სუპერკონტინენტ გონდვანის შუაგულში წარმოშობილი უძველესი პლატოს – გვიანის ზეგნის – რელიქტებია. ასობით მილიონი წლის წინ სამხრეთი ამერიკა და აფრიკა გაერთიანებული იყო. გონდვანა მილიონობით წლის წინ გაიხლიჩა, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი კვლავაც ინახავს უამრავ მინიშნებას აფრიკასთან საერთო წარსულის შესახებ. ტეპუიების ენდემური სახეობები ახლოს ენათესავებიან დასავლეთ აფრიკის მცენარეებსა და ცხოველებს; სიერა-ლეონესა და გვინეაში მოპოვებული ალმასებიც ისეთივეა, როგორიც ამ რეგიონში.
პირველი ევროპელი, რომელმაც ტეპუი იხილა, ალბათ, ინგლისელი მოგზაური სერ უოლტერ რალი იქნებოდა, რომელიც 1595 წელს გაემართა ექსპედიციაში მდინარე ორინოკოზე. იგი ელდორადოს ეძებდა – ოქროთი მდიდარ ზღაპრულ ქალაქს. რალი წერდა, როგორ იხილა შორს ბროლის მთა, სავარაუდოდ რორაიმა, და დეტალურად აღწერდა მთისა და იქვე მჩქეფარე მდინარის შთამბეჭდავ პეიზაჟს.
ამ არამიწიერი კლდოვანი ფორმაციების შესახებ პირველად ბავშვობაში შევიტყვე, როდესაც სერ ართურ კონან დოილის 1912 წლის კლასიკა, „დაკარგული ქვეყანა“ წავიკითხე. ამ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ნაწარმოებში მოთხრობილია, როგორ აღმოაჩენენ მეცნიერები ამაზონის ჯუნგლების სიღრმეში დამალულ, იზოლირებულ პლატოზე მცხოვრებ დინოზავრებსა და პროტოადამიანებს. სწორედ ეს წიგნი და მისი მთავარი გმირი, პროფესორი ჩელენჯერი ამომიტივტივდა გონებაში, როდესაც 2001 წელს National Geographic Society-ში საერთო მეგობრებისგან ბრიუსი გავიცანი. საკუთარი კვლევების შესახებ თხრობისას ამბობდა, რომ თითოეული ტეპუი ევოლუციის ცალკეული ლაბორატორიაა – კუნძული ცაში – რომელიც იმდენად დიდი ხანი იყო სრულ იზოლაციაში, რომ იქ მობინადრე ბაყაყის რამდენიმე სახეობა, ერთი ტეპუის მწვერვალის გარდა, სხვაგან არსად გვხვდება დედამიწაზე.
„ტეპუიები გალაპაგოსის კუნძულებს ჰგავს, – მითხრა მან ერთხელ, – მაგრამ გაცილებით ძველი და რთულად შესასწავლია“.
ბრიუსი ეძებდა ვინმეს, ვინც დაეხმარებოდა ყველაზე მიუდგომელ ტეპუიებზე მოხვედრაში. მე, როგორც პროფესიონალი მეკლდეური, სწორედ ეგ ადამიანი აღმოვჩნდი. ასე რომ, 2003 და 2006 წლებში რამდენიმე კვირა გავატარეთ რორაიმის ქვემოთ, ჯუნგლებში ბაყაყის ახალი სახეობების ძიებაში. მეორე ექსპედიციის შემდეგ შინისაკენ ვერტმფრენით მივემგზავრებოდით და ერთ პატარა ტეპუის გადავუფრინეთ, რომელიც ჩვენს რუკაზე არ იყო. მწვერვალზე ამოჭრილი იყო 180 მეტრი სიღრმის კარსტული ძაბრი, ძირს კი ხშირი ტყე იყო. ბრიუსმა პერანგზე წამავლო ხელი და ვერტმფრენის ხრახნების ხმაურის ფონზე დამიყვირა: „მარკ, იმ ორმოში უნდა მოვხვდე!“

ექვსი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბრიუსი და მე იმ ტეპუის – სახელად უეიასიპუ – თავზე ჩამოგვსხა ვერტმფრენმა. კარსტულ ძაბრში თოკით ჩაშვებაში დავეხმარე. როგორც ის ამბობდა, „დაკარგული ქვეყნის შიგნით დაკარგულ ქვეყანაში“ ხუთდღიანი კემპინგის და ღამღამობით სიბნელეში ხეტიალის შემდეგ, მან პაწაწინა ბაყაყს მიაგნო, რომელიც ტეპუის ევოლუციური ბიოლოგიის ჯაჭვის ის რგოლი იყო, რომელიც აქამდე აკლდა. ამ სახეობის – Oreophrynella weiassipuensis – ერთადერთი ინდივიდი 2000 წელს მოიხელთეს სპელეოლოგებმა, მაგრამ რადგან ნიმუში სათანადოდ არ იყო შენახული, ბევრი ვერაფერი გაირკვა მის შესახებ და მისივე გვარის, კენჭისებრი გომბეშოების, სხვა წარმომადგენლებთან კავშირის შესახებ.
ამ შოკოლადისფერ, ცეროდენა ბაყაყს, რომელსაც ბრიუსმა „ორეო“ დაარქვა, ოთხთითა ფეხები ჰქონდა – ასეთი ევოლუციური ადაპტაციის წყალობით ბაყაყებს ცოცვის არნახული უნარი აქვთ. ეს გახლდათ Oreophrynella-ს გვარის წარმომადგენელი ჩვენთვის ცნობილი მეშვიდე სახეობა. თითოეული სახეობა განცალკევებულად ცხოვრობს. ექვსი მათგანი სათითაოდ, საკუთარ ტეპუის მწვერვალზე; ერთიც – მდინარე პაიკვას აუზის ნისლიან ტყეებში.
თითოეულ მათგანს განსხვავებული ევოლუციური გზა აქვს გავლილი, მაგრამ, სულ მცირე, ორ მათგანს უვლინდება ერთნაირი ადაპტაცია, რომელიც მტაცებლისაგან თავის დაღწევაში ეხმარება. ტარანტულის ან მორიელის თავდასხმის დროს ამ ბაყაყებს შეუძლიათ კენჭის ზომაზე, მკვრივად დაიგორგლონ და საფრთხეს გაეცალონ მცენარეულობის ან კლდის ზედაპირიდან ჩამოგორებით. მოგზაურობის ბოლოს უკვე აღარ ვიცოდი, ეს მინიატურული ბაყაყები უფრო არაჩვეულებრივები იყვნენ, თუ კაცი, რომელმაც მათ შესწავლას მიუძღვნა ცხოვრება.
უეიასიპუს მწვერვალზე კიდევ ერთი სახეობა იყო, რომელსაც ბრიუსმა ადრე ფოტო გადაუღო და უფრო სიღრმისეულად სურდა შესწავლა. მას ვასაკასებრთა (ხის ბაყაყის) დამახასიათებელი – საცოცად ზედგამოჭრილი – უკანა კიდურები ჰქონდა. ზომის, ყავისფერი შეფერილობისა და თეთრად დაწინწკლული მუცლის გათვალისწინებით ბრიუსი დარწმუნებული იყო, რომ ეს Stefania-ს გვარის ახალი სახეობა უნდა ყოფილიყო.
თავის თანამშრომელთან, ბელგიელ ბიოლოგ ფილიპ კოკთან ერთად იგი წლების განმავლობაში მუშაობდა Stefania-ს გვარის ევოლუციური ხის შედგენაზე. ამ გვარის სხვადასხვა წარმომადგენლის დნმ-ის ცხრილის შედგენის შემდეგ დაასკვნეს, რომ გარკვეული სახეობები აკლდა. თუ ბრიუსი უეიასიპუს მწვერვალზე ამ მოუხელთებელი ბაყაყის დაჭერას შეძლებდა და დნმ-ის ანალიზით დაადასტურებდა, რომ მისი წინაპრები, დანარჩენი მსოფლიოსაგან მოწყვეტილნი, მილიონობით წლის წინ კონკრეტულად ამ ეკოსისტემას მოერგნენ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებოდა იმის ამოხსნას, თუ როგორ ვითარდება სიცოცხლე ტეპუიებზე.
ასე რომ, ბრიუსის მორიგი წინადადება იყო, ერთი დასკვნითი ექსპედიცია ჩაგვეტარებინა გვიანის მთიანეთში Stefania-ს გვარის ამ წარმომადგენლის საპოვნელად და პაიკვას აუზის ამფიბიებისა და რეპტილიების მრავალსახეობის ნიმუშების შესაგროვებლად. საჰაერო და სანაოსნო გზების გავლის შემდეგ 64 კმ გაუკვალავ ჯუნგლებშიც გავიკაფეთ გზა უეიასიპუმდე, რომელზეც მისი სალი ჩრდილოეთის კედლიდან უნდა ავცოცებულიყავით. „ეს ალბათ ჩემი უკანასკნელი ცდაა, – მითხრა ბრიუსმა, – მაგრამ მაინც მოვახერხებ, ფორთხვაც რომ დამჭირდეს“.
ჩემი ამოცანა იყო, ბრიუსისთვის ხელი შემეწყო ახალი სახეობები იმ გარემოში ეძებნა, სადაც აქამდე არც ერთ მეცნიერს არ უძებნია – კლდის ზედაპირზე, თუმცა ჩემს ძალებს აღემატებოდა 80 წელს მიტანებული კაცის კლდეზე უსაფრთხოდ აყვანა. ამიტომ ორი პროფესიონალი მოვიწვიე: კლდეზე ცოცვის სუპერვარსკვლავი, 35 წლის ალექს ჰონოლდი (რომლის შესახებაც დოკუმენტური ფილმი „თავისუფალი სოლო“ გადაიღეს) და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ტეპუიზე მცოცავი, 46 წლის ფედერიკო „ფუკო“ პიზანი.
ბრიუსმა ძალა მოიკრიბა და ბაყაყების სამძებრო მოგზაურობა განაგრძო ჯუნგლებში.
რამდენიმე დღე ვიარეთ დაჭაობებულ ჭალებში, კოჭებამდე ტალახში, რომელიც ფეხსაცმელებს თითქმის გვხდიდა გზად. გადაუღებლად წვიმდა და მაშინაც კი, როდესაც ქვემოთ ჩამოწოლილ ღრუბლებში მზე გამოანათებდა, მისი სხივები დაბურულ ჯუნგლებში მაინც არ აღწევდა. ორთქლიან ქვეტყეში კოღოები და მკბენარა ბუზები ბატონობდნენ; ოფლით გაჟღენთილი, ტალახიანი და ეკალბარდებით დახეული ტანსაცმელი გაღიზიანებულ კანზე გვეწებებოდა. ყოველდღე ჩაის ფერის მქონე მდინარეებს და ნაკადულებს ვლახავდით მათზე გადებული სახიფათო ხის ხიდებით. სასმელ წყალს მდორე წყაროებიდან ვიღებდით, რომლებიც იმდენად იყო დამპალი მცენარეულობით შეფერილი, ფილტრიც ვერ წმენდდა.

ეს პირობები ალექსისთვისაც კი რთული აღმოჩნდა, ხოლო ბრიუსისთვის ნამდვილ ტანჯვად იქცა. ხშირად და ძლიერად ეცემოდა. ხიდად გადებულ მორებზე გადასავლელად არც წონასწორობა უწყობდა ხელს და არც გამბედაობა ჰყოფნიდა, ამიტომ ხშირად ერჩივნა ციცაბო ნაპირზე ჩასრიალებულიყო და წყალში შესულიყო. ერთხელ სახითაც კი ჩაემხო ნაკადულში. როდესაც დავრწმუნდით, რომ არ დაშავებულა, სიტუაციის განსამუხტად ხუმრობა დავიწყეთ. თავიდან ბრიუსიც იცინოდა, თუმცა მომდევნო დღეებში მარშრუტი გართულდა და სახუმაროდ აღარავის ეცალა. ბრიუსის უსაფრთხოება ჩვენი გუნდის მუდმივი სადარდებელი იყო.
ასე გავიდა ერთი კვირა და, როგორც იქნა, ერთგვარი საბაზო ბანაკიც გავშალეთ 60-მეტრიანი კასკადური ჩანჩქერის ძირას, რომელსაც ბრიუსმა ორმაგი ჩანჩქერი შეარქვა.
გუნდი სახელდახელოდ მოწყობილ და ბრეზენტით გადახურულ მაგიდასთან შეიკრიბა. ბრიუსმა რუკა გაშალა და უეიასიპუმდე დარჩენილ მარშრუტს გააყოლა თითი. სამხრეთით იყო უცნობი ხეობა, როგორც ჩვენი ჯგუფის წევრმა მკვიდრმა აკავაიო გიდებმა გვითხრეს. ხმაურიანი ჩანჩქერების თავზე აღმართული უზარმაზარი ტეპუი, უეიასიპუ კი დაბურული ჯუნგლებისა და ღრუბლების უკან იმალებოდა.
ალექსს ერთი სული ჰქონდა „ტალახის სამყაროს“ გასცლოდა და მთაზე ამძვრალიყო. ფუკო მშვიდად მეჯდა გვერდით. იგი გასული 27 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტეპუის დამლაშქრავ 20-ზე მეტ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ იყო სამეცნიერო დანიშნულების, მეცნიერობა ყოველთვის უნდოდა და ერთ დროს ბიოლოგიის დოქტორის ხარისხზე მუშაობაც დაიწყო. შევნიშნე, რომ ბრიუსი ხშირად მიმართავდა ხოლმე ფუკოს, როდესაც გარშემო არსებული ფლორისა და ფაუნის ამოცნობას ცდილობდა.
ალექსის უკან იდგნენ ადგილობრივი აკავაიოს ხალხით დაკომპლექტებული 70-კაციანი ჯგუფის ლიდერები, რომლებიც ჩვენი ექსპედიციის გიდები და მზიდავები იყვნენ, მათ შორის – ლეგენდარული ედუარდ ჯეიმისონი და ტროი ჰენრი, რომლებმაც რორაიმაზე 460-მეტრიანი პროუს მარშრუტი გაიარეს ბრიტანეთის ექსპედიციასთან ერთად 2019 წელს. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ამ მიღწევისთვის მათთან ოქროს მედლები გამოგვატანა გაიანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, მოჰამედ ირფაან ალიმ.
დაბალი, დაკუნთული, მუდამ მომღიმარი, 55 წლის ედუარდი ბრიუსსა და მე წინა ექსპედიციებშიც გვიწევდა მეგზურობას. იგი ამ ტყეში გაიზარდა და, ალბათ, უსასრულოდ შეეძლო აქ გადარჩენა თავისი ერთგული მაჩეტეს ამარა, რომელსაც მუდამ სამართებელივით ლესავდა ყელზე ჩამოკიდებული ქლიბით. მითხრა, რომ ჩვენი უკანასკნელი ექსპედიციის შემდეგ, პერიოდულად, საბადოების მაძიებლად მუშაობდა – იგივე pork-knocker-ად, როგორც მათ გაიანელები უწოდებენ. ეს მეტსახელი მაღაროელების მთავარ საკვებს, მარინადში ჩადებულ ტახის ხორცს უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც 2006 წელს უკანასკნელად ვნახე ედუარდი, გაიანა ოქროს ციებ-ცხელებამ მოიცვა. რამდენიმე ათასი მაღარო კუსტარულად გაითხარა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. აკავაიოების უმეტესობის მსგავსად, ედუარდსაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ფერმერობასა და ნადირობაში აქვს გატარებული, მაგრამ ფულის შოვნის, ან იქნებ სულაც ჯუნგლებში დამალული საგანძურის პოვნის ხიბლს ვერ გაუძლო. როგორც აგვიხსნა, ოქროს მაძიებელი მაღაროელები ნიადაგს თიხამიწის შრემდე გათხრიდნენ, შემდეგ მაღალი წნევით მიუშვებდნენ წყალს და შედეგად მიღებული თიხის მასა ზედაპირზე ამოიტუმბებოდა. შემდეგ მასში შეურევდნენ ვერცხლისწყალს, რომელიც ოქროსთან შედის რეაქციაში. ეს ქიმიური პროცესი განსაკუთრებით აღელვებდა ბრიუსს.
„ერთ ჩაის კოვზ ვერცხლისწყალს მთელი მდინარის სისტემის მოწამვლა შეუძლია“, – მითხრა მან.
ერთმა აკავაიომ, სახელად დენვერ ჰენრიმ, მაჩვენა რუკაზე დეტალურად დატანილი ათობით დასამუშავებელი საბადო მდინარე პაიკვას გარშემო ჯუნგლებში. მაღაროელებს ჯერჯერობით აბრკოლებდა მიუდგომელი რელიეფი და აკავაიოების წინააღმდეგობა სოფელში ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკის მშენებლობის თაობაზე, მაგრამ, როგორც ედუარდმა მითხრა, როდესაც გასულ წვიმიან სეზონზე დაბლობები დაიტბორა, უცხო მაძიებლები ნავებით მიადგნენ საბადოებს. მაღაროები ყოველ წელს უფრო ახლოს მიიწევენ მდინარე პაიკვას აუზისკენ.
მაგიდასთან შეკრებილები შევთანხმდით, რომ ბრიუსს ძალები უნდა აღედგინა და ამიტომ გადავწყვიტეთ დავნაწევრებულიყავით. მეკლდეურთა გუნდი უეიასიპუს ჩრდილოეთ კედლისკენ გზის გასაკვალავად წავიდოდა, დაახლოებით 8 კილომეტრში, ბრიუსი და აკავაიოს გუნდი კი ნიმუშებს შეაგროვებდა ორმაგ ჩანჩქერთან.

მომდევნო დილას ჰამაკიდან წამომდგარ ბრიუსს აკავაიოს გუნდი დახვდა, რომლებსაც თითქმის 4-ლიტრიანი ცელოფნის პარკები ეჭირათ. ექსპედიციის დასაწყისში ბრიუსმა გამოაცხადა, რომ ბიომრავალფეროვნების ნიმუშების შეგროვებაში გასამრჯელოს გადაიხდიდა. თითო არსებაში 100 გაიანურ დოლარს (დაახლოებით 50 ცენტს), პრემიას კი Stefania-ს გვარის ბაყაყში გასცემდა, რამაც დაუყოვნებლივ გამოაცოცხლა მიკროეკონომიკა.
ბრიუსმა დავთარი გადაშალა და ჩანიშვნა დაიწყო. პირველი იყო ედუარდი. პარკში მას 4 ბაყაყი ჰყავდა. შემდეგ მოდიოდა სალიო ჩივაკენგი ხუთი ხვლიკითა და ექვსი ბაყაყით. მარკენსონ ჯეიმსმა თავდაჯერებულად წარადგინა ერთი დიდი მორიელი, Tityus obscurus-ი, მისმა მეგობარმა კი – ერთი ობობა, რომელიც სტივენ კინგის ფილმში სათამაშოდ გამოდგებოდა. ეს 225-გრამიანი, 15 სმ დიამეტრის მქონე ტარანტულის ოჯახის წარმომადგენელი, Theraphosa blondi, რომელსაც ჩიტებისმჭამელ გოლიათსაც უწოდებენ, ბრიუსმა შიშველი ხელით აიყვანა, რაღაცები ჩაიწერა და შემდეგ თავზე დაისვა.
ამასობაში ალექსი, ფუკო და მე სურსათსა და აღჭურვილობას ვტვირთავდით – მათ შორის 300-მეტრიან თოკსა და კლდეზე ჩამოსაკიდ კარვებს. ორმა აკავაიო გიდმა, ჰარის არონმა და ფრანკლინ ჯორჯმა ვიწრო ქედის გავლით დაბურულ ტყეში მიგვიყვანეს და მაჩეტეებით გაგვიკაფეს გზა.
ყველა ზომისა და ფერის ეკლიანი ბრომელიებით იყო დაფარული მიწაც და ხის ვარჯებიც. დამპალ კუნძებზე ორქიდეები ამოსულიყო. თეთრი წკრიალები, ცისარტყელის ფერის მაკაოები და ბზინვარე პაწაწინა კოლიბრები ფოთლებს შორის დაქროდნენ და ჰაერს ავსებდნენ ჟღურტულითა და სტვენით. წამიერად ღრუბელი გაიფანტებოდა, ხეების ჩარდახში მზე შემოაღწევდა, ნისლიანი ტყის მიწის ნაგლეჯებს გაანათებდა და სინათლის სვეტებში ლურჯი პეპლები აფარფატდებოდნენ.
უეიასიპუმდე მისაღწევად წვალების მეორე დღეს მისი ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტებიც ჩანდა ხოლმე ხეებს შორის ღიობებში. მალე სრიალა, ხავსმოკიდებული ლოდების ლაბირინთში შევაბიჯეთ. თანდათანობით მყარი მიწა ჩაანაცვლა ნაყარი ხეების შემაღლებულმა კონსტრუქციამ, რომელიც პერიოდულად იმტვრეოდა და ფეხქვეშ თითქოს ლუკები იჭრებოდა.
დღის ბოლოს ზურგსუკან ხმაური მომესმა, გავიხედე და იღლიებით დაკიდებული ალექსი დავინახე. დამპალი ხე ჩამტვრეულა, ალექსი ჩავარდა და ლოდებს შორის გაიჭედა. თავი რომ დაიძვრინა, შარვლის ტოტი აიწია და წვივი სულ სისხლით და ტალახით ჰქონდა დასვრილი. ფუკომ გამომხედა. არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიცოდი, რაც გაიფიქრა: ნეტავ, რანაირად უნდა გავატაროთ ბრიუსი ამ მონაკვეთში?
მზის ჩასვლამდე ამ ტყიდან რომ გავაღწიეთ და უეიასიპუს ძირას მივედით, თითქოს ხელახლა დავიბადეთ. ღრუბლები გაიფანტა და კლდე დაისის შუქზე ელვარებდა. ხეობის იქით რორაიმის 14 კმ სიგრძის აღმოსავლეთის კედელს მივჩერებოდით, საიდანაც ოქროსფერი აბრეშუმის ლენტებივით მოედინებოდა ათიოდე ჩანჩქერი.

ფრანკლინმა ყურადღება მიგვაპყრობინა ულამაზესი ჩანჩქერისკენ, რომელიც კლდის ფერდის ხვრელიდან მოედინებოდა. როგორც გვითხრა, მას ალმასის ჩანჩქერი ეწოდება და, ლეგენდის თანახმად, მის ძირას აუზში მუშტისოდენა ალმასები ბრწყინავს. ეს გადმოცემაც სერ უოლტერ რალის უკავშირდება, რომელიც თავის ჩანაწერებში ახსენებდა ადგილობრივი გიდების მიერ აღთქმულ, ძვირფასი ქვებით მდიდარ მთას.
მომდევნო ადრიან დილით უეიასიპუზე ასვლა დავიწყეთ. ჩვენი გეგმა იყო, კედელზე ასასვლელი საუკეთესო მარშრუტი გამოგვეყენებინა და განვლილ გზაზე თოკები მიგვემაგრებინა. მთელ კლდეზე რომ გავაბამდით თოკებს, ბრიუსს ერთ-ერთ ჩამოსაკიდ კარავში ჩავაბამდით და ჩვენ ავიყვანდით. ამგვარად, იგი კომფორტულად შეძლებდა ახალი სახეობების მოძიებას ვერტიკალურ კედელზე.
ძალიან ნელა მივიწევდით წინ და გვიანი ნაშუადღევისთვის ფუკო და მე ერთ პატარა შვერილზე აღმოვჩნდით, დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე. ჩვენ თავზე ტალახიანი თოკი მისრიალებდა 8-მეტრიანი ჰორიზონტალური მონაკვეთის – მეკლდეურების ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ – სახურავის გაყოლებაზე; ამ თოკში ალექსი იყო ჩაბმული, რომელიც ღამურასავით ეკიდა.
„რას იტყვით?“ ჩამოგვძახა. „ვცადო?“ სახურავის გაგრძელებაზე კლდიდან გამოშვერილი იყო ერთი ფილა და ვერაფრით მიხვდებოდით, რამდენად მყარი იქნებოდა.
„ჯობს ხვალისთვის გადავდოთ, – დაიყვირა ფუკომ, – რამდენიმე წუთში დაბნელდება“.
ალექსს სიტყვაც არ დაუძრავს, ისე გაიწია მარჯვენა ხელით იმ ფილისკენ და უფსკრულის თავზე დაეკიდა ხელებით. ხუთიოდე მეტრში შეჩერდა და ცალი ხელი გაუშვა, რომ თითებზე ცარცი წაესვა.
ალექსი ჯუნგლების თავზე 60 მეტრის სიმაღლეზე ვითომც არაფერი, ისე რომ ეკიდა, მივხვდი, ძალიან მაგონებდა რამდენიმე დღის წინ ნანახ, ბრიუსის თითზე ჩამოკონწიალებულ კენჭისებრ ბაყაყს. სანამ მთა წყვდიადში გაეხვეოდა, უკანასკნელი, რაც დავინახე, ის იყო, თუ როგორ მიასრიალებდა ალექსი ფეხებს შვერილზე.
იმ ღამეს, ჩვენს სახელდახელოდ გაშლილ ბანაკში კლდის ძირას, ალექსი, ფუკო და მე ვკამათობდით, რამდენად შესრულებადი იყო ჩვენი გეგმა. მარშრუტის შედგენის დროს ნათელი გახდა, რომ კლდეზე ბრიუსის აყვანა ბუქსირის პრინციპით იმაზე სახიფათო იქნებოდა, ვიდრე ვვარაუდობდით. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ თურმე იგი გულის დაავადების გამო სისხლის გამათხელებელ წამლებს სვამდა – და ასეთი მნიშვნელოვანი რამ რომ გაგვიმხილა, უკვე შუა გზაში ვიყავით. რა უნდა გვექნა, რამე რომ დაშავებოდა და სისხლდენა ვერ გაგვეჩერებინა?
სწორედ იმ დროს გაიელვა სინათლემ ქვემოთ, საბაზო ბანაკში. რაცია ჩავრთე და ბრიუსმა დამძიმებული ხმით გვითხრა, რომ ჩვენი ექსპედიციის ექიმმა, ბრაიან ირვინმა დაარწმუნა, უარი გვეთქვა ჩვენს თავქარიან გეგმაზე.
„ვერ გადმოგცემთ, რამდენად გულდაწყვეტილი ვარ, – გვითხრა ბრიუსმა, – ფუკო განსაკუთრებით კარგად იცნობს ჰერპეტოფაუნას. ჩემს ჩანახატს გამოგიგზავნით მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობი Stefania-სი, რომელიც, თითქმის დარწმუნებული ვარ, მანდ იქნება“.
„კარგი ბრიუს, – უპასუხა ფუკომ, – ყველანაირად ვეცდები, იღბლიანი Stefania ვიპოვო“.
მომდევნო დილას, უეიასიპუს ქვემოთ მთელი ხეობა ისევ იმ რუხ ნისლში იყო გახვეული, რომელშიც წინა დღეები გავატარეთ. უკვე გავიგე, რატომ უწოდებდა ბრიუსი ამ ზონას ღრუბლიან ტყეს. იშვიათად გვეძლეოდა საშუალება, ნებისმიერი მიმართულებით 30 მეტრზე შორს რამე დაგვენახა. საათობით წვიმდა, მაგრამ გაგვიმართლა, რომ კედელი მეტ-ნაკლებად გადახურული იყო და, ძირითადად, არ ვსველდებოდით.

ალექსი წინ მიგვიძღოდა, ფუკო და მე კი მივყვებოდით, გზად ბაყაყებს ვეძებდით ყველა ბზარში და ვიქექებოდით ნიადაგის ნებისმიერ შემხვედრ ნაგლეჯში. კედელზე რამდენიმე დღის გასატარებლად საჭირო ნივთებით დატვირთული მძიმე ჩანთები შკივებით ამოგვქონდა. დამღლელი დღე იყო, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ ერთი ტუჩფეხიანი ვიპოვეთ სტაფილოსფერი ზოლით და ერთი დიდი, სავარაუდოდ, მტაცებელი კალია. მზე უკვე დიდი ხნის ჩასული იყო, 200 მეტრზე დაკიდებულ ტენტებში რომ შევძვერით და წვიმის წვეთების ხმაზე ჩაგვეძინა.
მზე რომ ამოვიდა, კარვის ელვა-შესაკრავი გავხსენი. ღრუბლები გაფანტულიყო, ლურჯ ცაზე მზე ანათებდა. ჩვენ ქვემოთ ხეობა კი ღრუბლების ოკეანეში იყო ჩაძირული. დასავლეთით ჩანდა რორაიმიდან მჩქეფარე ათეულობით ჩანჩქერი ცისარტყელის შარავანდედებით.
ყავის და რამდენიმე ენერგეტიკული ფილის შემდეგ, შვერილის თავზე ავძვერით და იმედი გვქონდა, რომ ის მწვერვალისკენ მიგვიყვანდა. 800 მეტრი ძლივს ავიარეთ ობობის ქსელებში გახვეულ ბუჩქნარში და ტეპუის თავზეც აღმოვჩნდით, საიდანაც მთელი პლატო ჩანდა. რამდენიმეწუთიან მონაკვეთში ვერტიკალური ნისლიანი ტყიდან მოვხვდით ტორფნარში, დოქისებრი ფორმის მწერიჭამია მცენარეულობით, იუკებით და დროზერებით. შორს მოჩანდა კლდის ტყუპი ქიმი, რომელიც 2012 წელს ბრიუსის და ჩემი შესწავლილი კარსტული ძაბრის თავზე იყო აღმართული.
გაწვიმდა, ღრუბლების საფარი ხეობიდან ნელ-ნელა მწვერვალისკენ ამოიწია და ჩვენც შემოგვეხვია. ფუკომ და მე სოკოს მსგავს ფორმაციას შევაფარეთ თავი, გალუმპულები ვკანკალებდით და ჩემი პონჩო ტენტივით გვქონდა გადაფარებული. ალექსი გაქრა, ალბათ სადღაც დაცოცავდა.
ფუკო ბრიუსს რაციით დაუკავშირდა და ჰკითხა: „სად შეიძლება იყოს იღბლიანი Stefania?“ ფუკო მეცოდებოდა, რადგან მას უნდა გაემართლებინა ყველა ჩვენგანის მოლოდინი, რაც ერთგვარი ტვირთი იყო. ბრიუსმა ურჩია, პატარა ხეებისა და ბუჩქების ტოტებზე ეძებნა, თუმცა ისიც ახსენა, რომ Stefania დღის განმავლობაში ხავსშიც იმალება და რომ თავად, ძირითადად, ღამით პოულობს ხოლმე, როდესაც ცხოველის თვალები ფარნის შუქს ირეკლავს.
ფუკომ და მე მთელი შუადღე წვიმასა და ნისლში ვიარეთ, მაგრამ მხოლოდ ბაყაყის ცნობილი სახეობების თავკომბალები ვიპოვეთ. ფუკო ღამითაც გავიდა კოკისპირულ წვიმაში და მაინც ვერაფერი ნახა. დიდი მარცხის განცდა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსპედიცია ფაუნის ფართო სპექტრის ნიმუშების შეგროვებას ეძღვნებოდა, მთავარი მიზანი ამ ტეპუიზე მაინც Stefania-ს გვარის ახალი სახეობების პოვნა იყო. და რადგანაც ეს, დიდი ალბათობით, ბრიუსის უკანასკნელი ექსპედიცია იქნებოდა, მარცხი განსაკუთრებით მტკივნეული იყო.

ორ დღეში მარაგები ამოგვეწურა და მთიდან დაშვება მოგვიწია. ბრიუსს სხვაგან გადაუნაცვლია, „ზარმაცას ბანაკში“ – ორმაგი ჩანჩქერიდან ერთი დღის სავალზე. იქამდე რომ მივაღწიეთ, სკამზე იჯდა და ყავისფერი ბაყაყის ჩანახატს აკეთებდა მის წინ მეტალის ლანგარზე მოთავსებული ნიმუშის მიხედვით. მის საველე ლაბორატორიაში მოფენილი იყო ფორმალდეჰიდში შენახული ბაყაყების, ხვლიკებისა და გველების ნიმუშებით სავსე მინის ქილები. ჩვენს დანახვაზე სახე გაუნათდა, თუმცა თვალები დასიებული და ჩაწითლებული ჰქონდა. პერანგი დახეული და ტალახში ამოსვრილი. წამოსადგომად მაგიდას ჩაეჭიდა და სახეზე ეტყობოდა, რომ ძლიერი ტკივილი აწუხებდა.
„ძალიან ვწუხვარ, სტეფანია რომ ვერ ვიპოვეთ“, – უთხრა ფუკომ და ბრიუსს პარკში მოთავსებული ასფეხა და კალია გაუწოდა.
„არაფერია, – წარმოთქვა ბრიუსმა, – იქ რომ ბაყაყებს ვერ მიაგენით, ეგეც თავისებური მეცნიერული დასკვნაა“. მის სახეზე ეშმაკური ღიმილი ამოვიკითხე. სამუშაო სკამთან მიგვიყვანა და ყავისფერი ბაყაყი დაგვანახა. ფეხზე ნომრიანი პატარა თეთრი იარლიყი ჰქონდა შემოხვეული.
„ეს ისაა…?“ – აღმომხდა მე, რადგან ბრიუსის გამოგზავნილი ჩანახატიდან მეცნო.
„ზუსტად არ მეცოდინება, სანამ დნმ-ის ანალიზს არ ჩავუტარებ, – მაგრამ 95%-ით დარწმუნებული ვარ, რომ Stefania-ს ახალი სახეობაა“. აგვიხსნა, რომ ეს ნიმუში ისეთი არ იყო, როგორიც წლების წინ უეიასიპუს მწვერვალზე ნახა – ანუ, არც ისეთი, რომლის საპოვნელადაც ფუკომ, ალექსმა და მე თავი მოვიკალით – თუმცა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ესეც ერთ-ერთი იმ შტოთაგანი უნდა ყოფილიყო, რომელიც Stefania-ს ევოლუციურ ხეს აკლდა – იმას, რაზეც ის და ფილიპ კოკი წლების განმავლობაში მუშაობდნენ.




(ზემოთ მარცხნივ) მაკკონელის კენჭისებრი გომბეშო (Oreophrynella macconnelli) ბინადრობს ორმაგი ჩანჩქერის მიმდებარე ტყეში და ერთ-ერთია იმ ორი ცნობილი კენჭისებრი გომბეშოს სახეობიდან, რომლებიც ტეპუის მწვერვალზე არ გვხვდება.
(ზემოთ მარჯვნივ)
Stefania-ს გვარის უსახელო სახეობა უეიასიპუს ძირას, ნისლიან ტყეში აღმოაჩინეს.
(ქვემოთ მარცხნივ)
რორაიმის ვასაკასებრი (Boana roraima) ბაყაყია, რომელიც ხისებრი ბრომელიადების ფოთლებში ბინადრობს.
(ქვემოთ მარჯვნივ)
კანაიამას ვასაკასებრს (Nesorohyla kanaima) და ზოგ სხვა ბაყაყს ისეთი შავი ირისი აქვს, რომ თვალის გუგებს ვერ გაარჩევ. უცნობია, რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს შავ თვალებს ფერადთან შედარებით.
რაიან ვალასეკი (ზედა და ქვედა მარცხენა)
ბრიუსმა ბაყაყი დადო და დანარჩენი ნიმუშების ჩვენება დაიწყო. „როგორ უცნაურად გამოვიდა, – თქვა მან, – ზოგი ჭირი მარგებელია: მე რომ კლდეზე ვერ წამოვედი, იმის დრო გამომიჩნდა, ღრუბლიანი ტყე, რომელიც არც ერთ მეცნიერს არ ჰქონდა შესწავლილი, საფუძვლიანად დამეთვალიერებინა“.
საბოლოო ჯამში, ბრიუსი დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი 6 სახეობა იპოვა, მათ შორის არაშხამიანი ანკარასებრი გველი და სათვალიანი ხვლიკი, რომლის გამჭვირვალე ქვედა ქუთუთო დახუჭული თვალებით ხედვის საშუალებას აძლევს.
იმავე საღამოს შევეხეთ ბრიუსის ჯანმრთელობის თემას, რაზე თვალის დახუჭვა უკვე აღარ გამოდიოდა. ის ვეღარაფრით შეძლებდა ლაშქრობის გაგრძელებას. ერთადერთი შესაძლებლობა იყო საგანგებო ვერტმფრენის გამოძახება.
მომდევნო დღეს ვერტმფრენი ორმაგ ჩანჩქერთან, პატარა ველობზე დაეშვა. ბრიუსი ყველას ჩაგვეხუტა და ვერტმფრენში ჩაჯდა. აფრენისას მგზავრის ადგილას მჯდომი ბრიუსი ფანჯრიდან იყურებოდა და ვიცოდი, ნისლიანი ტყიდან ამოშვერილ უეიასიპუს და რორაიმას ხედავდა თავიანთი ჩანჩქერებით, რომლებიც ცისარტყელებს და ალმასებს აფრქვევდნენ ქვემოთ მჩქეფარე მდინარეებში.
ჯუნგლებიდან აბარგება რომ დავიწყე, ედუარდმა გვერდზე გამიყვანა. ჯიბიდან პატარა პლასტმასის ბოთლი ამოიღო, რომელშიც მუხუდოს ზომის ალმასი იყო მოთავსებული. რადგან ექსპედიცია დასრულდა, იმედი ჰქონდა, რომ შეიძლებოდა მე მეყიდა. ჩემს თითებს შორის მოქცეულ იმ ციცქნა ქვას რომ ვუყურებდი, ყველა იმ მაღაროელზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ამის პოვნის და ოჯახის რჩენის იმედით უნდოდათ საბადოების გათხრა. გაოცებული ვიყავი, როგორ შეეძლო ამ პატარა ქვას საფრთხე შეექმნა ისეთი პირველქმნილი ადგილისთვის, როგორიც მდინარე პაიკვას აუზი და მისი გარემომცველი ტეპუიებია. იმაზეც დავფიქრდი, რომ ჩემი ძველი მეგობარი აქაურობას ალბათ ვეღარასოდეს ნახავდა; დავფიქრდი იმ ახალ სახეობებზეც, რომლებიც პარკში დაფასოებული მიჰქონდა თან. ტეპუის ღმერთებმა თუ გაგვიღიმეს, იქნებ ერთ-ერთი არსება მაინც აღმოჩნდეს ისეთი იშვიათი და განუმეორებელი, რომ მთელმა მსოფლიომ აღიაროს, რაც ბრიუს მინსმა ოდითგანვე იცოდა: ელდორადოს განძი არა ოქრო და ალმასები, არამედ ის მცენარეები და ცხოველებია, რომლებისთვისაც ეს ჯადოსნური ადგილი სახლია.
ავტორი მარკ სინოტი და ფოტოგრაფი რენან ოზთურქი ბოლოს ერთად გაემართნენ ევერესტზე ჯორჯ მელორის დაკარგული ფოტოაპარატის საძიებლად. მათი სტატია 2020 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.