
მტერია თუ მოყვარე?
წავი წყალთან ახლოს ცხოვრობს და დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მისი რაციონი მხოლოდ თევზისგან შედგება და საფრთხეს წარმოადგენს თევზსაშენებისთვის
ევრაზიული წავი ევრაზიის მთელ კონტინენტზე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ საქართველოში ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. წავი წყალთან ახლოს ცხოვრობს და დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მისი რაციონი მხოლოდ თევზისგან შედგება და საფრთხეს წარმოადგენს თევზსაშენებისთვის – ის ხომ ხელოვნურად შექმნილ წყალსაცავებში იპარება და კომერციული მიზნებისთვის მოშენებულ თევზს ჭამს. ამის გამო წავები ადამიანებში აგრესიას იწვევენ და მათ დღემდე უმოწყალოდ ხოცავენ.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც ფოტოხაფანგები, ტელემეტრიული მეთოდი და ექსკრემენტების ანალიზი გამოიყენეს, დადგინდა, რომ მის სხეულთან შედარებით დიდი ზომის თევზი (რომლის პოპულაციებიც თევზსაშენებში ჰყავთ) წავის საკვების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. წავები, საქართველოში, დიდწილად ამფიბიებით, რეპტილიებით და მცირე ზომის თევზის სახეობებით იკვებებიან. აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, როდესაც წავი თევზსაშენში იპარება, იგი ძირითადად კარჩხანით იკვებება, რომელიც პატარა, არაკომერციულითევზია და თევზსაშენებში სარეველა ბალახივითაა, რადგან ეს თევზი უფრო მარტივად ეგუება გარემო-პირობებს, ვიდრე თევზსაშენში არსებული ე. წ. „კომერციული თევზის სახეობები“ (კალმახი და სხვა). ამიტომ, მათი მოცილება საკმაოდ რთულია. „ადგილობრივი მოსახლეობა თავიდან უარყოფითად იყო ჩვენ მიმართ განწყობილი, მაგრამ როდესაც ისინი კვლევაში ჩავრთეთ და ვაჩვენეთ, რომ წავი მავნე კი არა, სასარგებლოა თევზსაშენისთვის, უფრო პოზიტიურად განეწყვნენ“, ამბობს „ნაკრესის“ მკვლევარი გიორგი გორგაძე.