
მუშთაიდი
1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული მუჯთაჰიდი სამშობლოში დაბრუნდა, ბაღმა კი რამდენიმეჯერ გამოიცვალა პატრონი. საბოლოოდ, მთავარმართებლის წყალობით, უფრო გაფართოებული და გალამაზებული მუშთაიდის ბაღი სასეირნო-მოსალხენი ადგილი გახდა
მუშთაიდის ბაღის დაარსების ისტორია ირანელ დიდგვაროვანს, მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზს უკავშირდება, რომელიც ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო.
მოგვიანებით, რუსეთის მთავრობის სამსახურში ჩამდგარ მუჯთაჰიდს შაჰმა სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა და იგი თბილისში დასახლდა. კარგი სამსახურისთვის ხელისუფლებამ მას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. 1830-იანი წლებიდან სწორედ აქ დაიწყო მან ბაღის გაშენება, რომელსაც მუშთაიდი დაერქვა. 16 ჰექტარზე გადაჭიმული ბაღის მოსარწყავად მირ ფეთეხ-აღა სეიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გაიყვანა.
1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული მუჯთაჰიდი სამშობლოში დაბრუნდა, ბაღმა კი რამდენიმეჯერ გამოიცვალა პატრონი. საბოლოოდ, მთავარმართებლის წყალობით, უფრო გაფართოებული და გალამაზებული მუშთაიდის ბაღი სასეირნო-მოსალხენი ადგილი გახდა – რესტორნებით, ბუფეტებით, საზაფხულო თეატრითა და პავილიონებით.
მუშთაიდის ბაღი არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას, გამოფენას თუ სანახაობას მასპინძლობდა. სწორედ აქ აუშვეს 1882 წელს ფრანგი აერონავტის, ჟან ბედეს თაოსნობით ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბუშტი. აქვე, ბაღის სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი „აქტრისა მარგარიტა“.