
მუსიკალური გარდატეხა
ინოვაციურმა მუსიკალურმა პროექტმა ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს შეიძლება განვითარებაში შეუწყოს ხელი
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ნაადრევად დაბადებულ ჩვილთა რიცხვი გაიზარდა. მუცლის მასაზრდოებელი გარემოს ნაადრევად დატოვებამ სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს; და ხშირად ახალშობილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობაა საჭირო.
შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში, მუსიკას ზოგიერთი ნაადრევად დაბადებული ბავშვის სამკურნალო გეგმაში რთავენ. ახალდაბადებულთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების სხვა მუსიკალური პროგრამებისაგან განსხვავებით, ეს ახალი პროექტი სამ სიმღერას მოიცავს, რომლებსაც ჩვილები სპეციალურად დამზადებული ყურსასმენების საშუალებით ისმენენ. სიმღერები მიმდინარე კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს იმის გარკვევას, რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ნაადრევად დაბადებული ჩვილების ტვინზე.
ამ პროექტის ფარგლებში, ჩვილების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უტარებენ და იმ ჩვილების ტვინის ტომოგრამებს ადარებენ, რომლებსაც მუსიკა არ მოუსმენიათ. მოკლე და მარტივი სიმღერები იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვილებს დაძინებაში, გაღვიძებასა ან ურთიერთობაში დაეხმარონ.
კვლევის საწყისი შედეგები დამაიმედებელია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამები ტვინის გაუმჯობესებულ კავშირებს აჩვენებს და, როგორც ჩანს, სიმღერები ძილისა და ღვიძილის ყოველდღიურ რიტმს უწყობს ხელს.