მზარდი ლონდონი
შეინარჩუნებს თუ არა ეს ქალაქი ზრდის თანმხლები სირთულეებისა და „ბრექსიტის” გათვალისწინებით მოწინავე პოზიციას?


მზარდი ლონდონი
შეინარჩუნებს თუ არა ეს ქალაქი ზრდის თანმხლები სირთულეებისა და „ბრექსიტის” გათვალისწინებით მოწინავე პოზიციას?
ცენტრალური ლონდონიდან 11 კილომეტრში მდინარე ტემზის პირას, ასფალტისა და გამონაბოლქვისაგან შორს, პასტორალურ იდილიაში – კიუში, სამეფო ბოტანიკური ბაღებია გაშენებული, სადაც თავმოყრილია ათასობით მცენარე ყველა იმ ადგილიდან, რომელსაც ბრიტანეთის იმპერია მისწვდა. ჰიმალაიური როდოდენდრონის რიგებსა და ტასმანიურ ბალახებს შორის სეირნობა გარე სამყაროსთან ბრიტანეთის კავშირის მასშტაბს გაგაცნობიერებინებთ.
ლონდონს 8,8 მლნ მცხოვრები ჰყავს და 2050 წლისათვის დაახლოებით კიდევ ორი მილიონი დაემატება. 30 წლის განმავლობაში მოსახლეობის ზრდამ ლონდონი გავლენის დაკარგვისგან იხსნა და მოწინავე გლობალურ ქალაქად, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე წამყვან ფინანსურ ცენტრად აქცია.
ზრდამ ბიძგი მისცა სამშენებლო ბუმს, მათ შორის რამდენიმე უდიდეს სარეკონსტრუქციო პროექტს ევროპის მასშტაბით. ტემზის ქვეშ „სუპერკანალიზაციას“ გაიყვანენ, რათა მდინარის ჭალებს ჩამდინარე წყალი მოარიდონ; 500-ზე მეტი ახალი, მაღალი შენობის კონტური ცის ფონზე სახეს შეუცვლის ქალაქს, რომელიც ცათამბჯენებს დიდი ხანი არიდებდა თავს. ლონდონის მეტროს (London Underground) – მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის სისტემის – განსატვირთად აგებული 20-მილიარდდოლარიანი ჩქაროსნული მიწისქვეშა რკინიგზის – Crossrail-ის ელისაბედის ხაზი მომავალ წელს გაიხსნება. მისი 41 სადგურის წყალობით, რომელთა შორის 10 ახალი იქნება, დასავლეთ ლონდონი და განვითარებადი აღმოსავლეთ ლონდონი უკეთ დაუკავშირდება ერთმანეთს და მგზავრობის ხანგრძლივობას გაანახევრებს.

ქალაქის ცენტრი შეიკვრება – გაუქმებული სამრეწველო ობიექტები მომავალს მორგებულ უბნებად გარდაიქმნება და ორიენტირებული იქნება ფეხით მოსიარულეებზე, საჯარო სივრცეებსა და ახალ ტენდენციებზე; სავაჭრო ზონაში უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ მეწარმეებს და არა დიდ ქსელებს.
ოცწლიანი „სახის გადაჭიმვის ოპერაციის“ ბოლოს უახლოვდება კინგს-კროსი – ქვანახშირისა და მარცვლეულის გადაზიდვის უძველესი პუნქტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში პროსტიტუციითა და ნარკოტიკებით იყო ცნობილი. განვითარების პროექტში შედის კინგს-კროსისა და სენტ-პანკრასის რკინიგზის სადგურების განახლება (ეს უკანასკნელია პარიზის მიმართულებით მიმავალი „ევროსტარის“ მატარებლის გაჩერებაც), ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის კამპუსის მშენებლობა, მუსიკალური დარბაზები, შადრევნები და ფეშენებელური და ხელმისაწვდომი საცხოვრებლები.

ბედი შეიძლება უკუღმა დატრიალდეს, რადგან „ბრექსიტად“ წოდებული გაუგებრობა – ოფიციალური ლონდონის მიერ ევროკავშირის დატოვების განაცხადი – საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ეს ბუმი დამთავრდა.
ბუმს მართლაც დეპრესია მოჰყვება? შეძლებს ლონდონი ამ სირთულეებთან გამკლავებას და მსოფლიოს დიდებული სავაჭრო ქალაქისა და სასურველი საცხოვრებელი ადგილის პოზიციის შენარჩუნებას? ძნელი წარმოსადგენია, რომ ლონდონი დაცემის პირასაა. ეს მოსაზრება სათანადოდ ვერ აფასებს ლონდონის ისტორიულ სიძლიერესაც, რომელიც ქალაქის გენეტიკურ კოდშია ჩადებული და რომელმაც 2000 წელი ატარა სოფლების ეს კონგლომერაცია დღემდე.

სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.
ლორა პარკერი პლასტმასით დაბინძურების შესახებ ივნისის გამოცემაში დაბეჭდილი სტატიის ავტორია. ლუკა ლოკატელის ჩვენი ჟურნალისთვის გადაღე- ბული აქვს დუბაი და ნიდერლანდების სასოფლო-სა- მეურნეო სისტემა.