

ნაგვის დასასრული
როგორ ვაქციოთ დღევანდელი ნარჩენი ხვალინდელ პროდუქტად
მსოფლიო ნარჩენების გარეშე წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა წრიული ეკონომიკის კონცეფცია – რომლის თანახმადაც რესურსებს ზომიერად ვიყენებთ და მასალებს უსასრულოდ გადავამუშავებთ – ბიზნესმენებისა და ბუნების დამცველებისთვის თანაბრად შთამაგონებელია. შეგვიძლია ამის მიღწევა? შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ ეს არ გავაკეთოთ?
ამსტერდამში ერთ ადამიანს შევხვდი, რომელმაც ჩვენი ცხოვრების ფარული დინებები დამანახა – 7,7 მილიარდი ადამიანის მიერ წარმოქმნილი, ნედლეულისა და პროდუქტების უზარმაზარი ნაკადები, რომელთაც დიდი ზიანი მოაქვს. ამ ყველაფერს ჩვენი საერთო მეტაბოლიზმი შეიძლება უწოდო.

39 წლის დე ვიტი განათლებით ქიმიკოსია. დე ვიტისა და მისი კოლეგების მიერ 2018 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენების დროს დასახელებული „წრიულობის რღვევა“ კაცობრიობის ისტორიაში შედარებით ახალი მოვლენაა და მას წიაღისეული საწვავის სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების დაწყების პერიოდამდე, XVIII საუკუნემდე, მივყავართ. მანამდე ხალხი ყველაფერს ან ადამიანის ან პირუტყვის ძალით აკეთებდა.
იაფი წიაღისეული ენერგიის წყალობით ყველაფერი შეიცვალა. გაადვილდა ნედლეულის მოპოვებაც, ქარხნებამდე გადაზიდვაც და ნაწარმის დისტრიბუციაც. გასულ ნახევარ საუკუნეში მსოფლიო მოსახლეობის გაორმაგების ფონზე მასალის ნაკადი გასამმაგდა. იმავე გასულ ნახევარ საუკუნეში ბუნების დამცველები ზრდის ზღვრის შესახებ გვაფრთხილებდნენ. ახალი „წრიული ეკონომიკის“ მოძრაობა განსხვავებულია და სხვადასხვა სტრატეგიას მოიცავს – ზოგს ძველს: შემცირება-ხელახლა გამოყენება-გადამუშავება, ზოგსაც – ახალს: ნივთების ფლობის ჩანაცვლებას ქირაობით, ამ სტრატეგიათა ერთობლიობა კი გლობალური მეურნეობის გარდაქმნას და ნარჩენების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. წრიული ეკონომიკის მიზანი არ არის ზრდის შეწყვეტა; მისი მიზანია, ისე ვაკეთოთ ყველაფერი, რომ ბუნებასთან ჰარმონიაში ვიყოთ და ზრდა განვაგრძოთ.


ეს იდეა პოპულარობას იძენს, განსაკუთრებით ევროპაში. ევროკავშირი ამ სტრატეგიაში მილიარდებს აბანდებს. ნიდერლანდებმა პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის სრულად გადავა წრიულ მოდელზე. ამსტერდამს, პარიზსა და ლონდონს გეგმა სრულად გაწერილი აქვთ.
ერთი ადამიანი, რომელიც ამაში დარწმუნებულია, არის ამერიკელი არქიტექტორი უილიამ მაკდონა. ჯერ კიდევ 2002 წელს მან, გერმანელ ქიმიკოს მიხაელ ბრაუნგარტთან ერთად, დაწერა წიგნი „აკვნიდან აკვნამდე“, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პროდუქტებისა და ეკონომიკური პროცესების წარმოება ისე, რომ ერთის ნარჩენი სხვისი საკვები იყოს. მასთან საუბრისას დავუსვი კითხვა: რამდენად რეალისტური იყო უნარჩენობაზე ლაპარაკი?
მან მიპასუხა: „გახსოვს, გერმანელი ფილოსოფოსის, ლაიბნიცის სიტყვები: „თუ შესაძლებელია, ესე იგი არსებობს“. მე კი ვიტყოდი: „თუ შევძლებთ, რომ იარსებოს, შესაბამისად, შესაძლებელს გავხდით“.
ლუკა ლოკატელის 2017 წლის სექტემბრის გამოცემაში გამოქვეყნებული ფოტოები ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის შესახებ ახლა ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმშია გამოფენილი. უფროსი რედაქტორი რობერტ კუნციგი დიდი ქალაქების შესახებ მოგვითხრობდა 2019 წლის აპრილში.