ნაკლებად ყინულოვანი მომავალი
დიდი ტბების რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრება ყინულოვან ზამთრებზეა დამოკიდებული. გლობალური დათბობის ეპოქაში აქაური ტრადიციები შეიძლება შარშანდელი თოვლივით გაქრეს


ნაკლებად ყინულოვანი მომავალი
დიდი ტბების რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრება ყინულოვან ზამთრებზეა დამოკიდებული. გლობალური დათბობის ეპოქაში აქაური ტრადიციები შეიძლება შარშანდელი თოვლივით გაქრეს
ბნელი და სუსხიანი ღამეა. კრისტი ლევიტი ყველგანმავალს ამუხრუჭებს. ძრავის გრუხუნი წყდება და წამით ტბის მოყინულ ზედაპირზე მოზუზუნე ქარის გარდა არაფერი ისმის. მუქი ლურჯი ცა თანდათან გაღიავებას იწყებს, ჰაერის ყოველ ჩასუნთქვაზე ლევიტს ფილტვები ესუსხება.
სქელ, ვარდისფერ ქურთუკში ჩაფუთნულ ლევიტს ვარდისფერი სათევზაო ქოხი და ვარდისფერი ანკესი აქვს. ყველგანმავლიდან პირდაპირ ტბის ზედაპირზე ხტება. აქ, მიჩიგანის ზემო ნახევარკუნძულზე, მუნუსკონგის ტბას ნახევარმეტრიანი ყინული ფარავს. სანამ მის ფეხქვეშ ფხვიერი თოვლის თხელ ფენას ხრაშა-ხრუში გაუდის, ლევიტი ყინულზე სათევზაოდ რიტუალური სიდინჯით და გულმოდგინებით ამზადებს ადგილს.

ეს მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა ყველა დროის მინიმუმთან.
8 თებერვალი, 2020
ჰურონის ტბა
ელენა მაკკენზი მიჩიგანის შტატის ოსკოდას დასახლებაში ერთ-ერთ კოტეჯს ქირაობს და ჰურონის ტბას შეისწავლის. ტბის გარშემო არსებული ყინულის სქელი ფენა სანაპიროს შტორმისგან იცავს. შარშანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი იყო და ძლიერმა ტალღებმა ათასობით დოლარის ზარალი მოიტანა.
ტბა რომ გაიყინოს, წყლის ტემპერატურა 0°C -ზე ქვემოთ უნდა დაეცეს და ჰაერი კიდევ უფრო ცივი იყოს. ჰაერი წყალში არსებულ სითბოს იღებს და კიდევ უფრო აჩქარებს ტბის გაყინვას. ყინულოვანი საფარის წარმოსაქმნელად საჭიროა ყინვიანი დღეების აკუმულაცია. ყინვიანი დღეების სიმცირის შემთხვევაში ტბა ან არ გაიყინება, ან მალევე გალღვება.
აშშ-ში დაახლოებით ორ მილიონამდე ყინულქვეშ მოთევზავეა. ეს ადამიანები მთელი წლის განმავლობაში დაზამთრებას ელიან. გამონაკლისი არც ლევიტია; მისთვის, როგორც დიდი ტბების რეგიონში მცხოვრები მრავალი სხვა ადამიანისთვის, ზამთარი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ლევიტს საოჯახო სასტუმრო და მეთევზეთა მაღაზია აქვს. მისი ბიზნესი ყველაზე მოგებიანი ზამთარში, ყინულზე თევზაობის და თოვლმავლების სეზონზეა.
მაგრამ წინა ზამთარმა დიდი ტბების რეგიონში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ზამთრობით, ჩვეულებრივ, რეგიონის ხუთივე დიდი ტბის (ერი, ჰურონი, მიჩიგანი, ონტარიო და ზემო ტბა) ზედაპირის საშუალოდ 54% ყინულით იფარება, წინა ზამთარში კი ეს მაჩვენებელი თითქმის სარეკორდოდ – 19,5%-მდე დაეცა.
რეგიონის ზოგიერთი ტბა საერთოდ არ გაყინულა, ზოგი კი მხოლოდ ნაპირთან ახლოს დაიფარა ყინულის თხელი ფენით ან ხანმოკლე დროით გაიყინა. თებერვალში ტემპერატურა 4,5 გრადუსამდე გაიზარდა: მეთევზეებმა მაისურების ამარა დაიწყეს თოვლჭყაპში სეირნობა.
ერთი თბილი ზამთარი ქვეყნიერების დასასრული არ არის, მაგრამ მეცნიერები დიდი ხანია აკვირდებიან დიდი ტბების რეგიონში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებას და ეს ცვლილება კარგს არაფერს გვიქადის. 2019-20 წლების თბილი ზამთარი შეიძლება მომავლის ანონსია.

7 იანვარი, 2020
ერის ტბა
რეგიონის სხვა ტბებთან შედარებით წყალმარჩხი ერი (მაქსიმალური სიღრმე 64 მეტრია) ყველაზე სწრაფად იყინება. მიუხედავად ამისა, წელს ერის ტბა თითქმის არ გაყინულა. როდესაც ეს წყვილი პარკში ასეირნებდა ძაღლს, ტბაზე ძალიან ცოტა ყინული იყო. სურათი მთელი ზამთრის განმავლობაში არ შეცვლილა.
რეგიონი, რომელიც დნება
დედამიწის ზედაპირული მტკნარი წყლების მარაგის დაახლოებით 20% დიდი ტბების რეგიონშია.
რეგიონი ხუთი დიდი ტბისგან შედგება და მათი საერთო ფართობი 243 000 კვადრატული კილომეტრია, რაც თითქმის ემთხვევა დიდი ბრიტანეთის ფართობს. წარმოდგენისთვის, ხუთივე ტბის საერთო პერიმეტრი კონტინენტური აშშ-ის ორივე სანაპირო ხაზზე უფრო გრძელია.
ამ ტბების ფორმირება კლიმატის მიმდინარე ბუნებრივმა ცვლილებებმა გამოიწვია. ახლა დიდი ტბების რეგიონი ახალი, არნახული ცვლილების წინაშე დგას და ამ ცვლილების მიზეზი ადამიანია.
1880-იან წლებთან შედარებით დედამიწის საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ეს გლობალური პრობლემა დიდი ტბების რეგიონსაც ეხება: XX საუკუნის პირველ ნახევართან შედარებით ტბების აუზში წყლის საშუალო ტემპერატურა 0,9 გრადუსით გაიზარდა. ეს ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევი ზამთარშია.

28 იანვარი, 2020
ონტარიოს ტბა
ალექს უიტლოკი ონტარიოს ტბაზე სერფინგს აპირებს. ამ თარიღისთვის ტბის ზედაპირის დაახლოებით 13% უნდა იყოს გაყინული, მაგრამ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. ზაფხულობით წყლის ტემპერატურა ტბაში ნელ-ნელა იზრდება.
ტბის ყინული კლიმატის ცვლილების ზუსტი საზომია, – ამბობს ტორონტოს იორკის უნივერსიტეტის ტბების ეკოლოგი საფნა შარმა, – ადამიანები საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდნენ ტბის წყალს და მისი გაყინვის დონეს“.
იაპონიაში, შინტოისტური ტაძრის ბერები 600 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მახლობელ ტბას და იწერდნენ, როდის იყინებოდა წყალი. კლიმატის ბუნებრივი ციკლი, რომელიც ამ ჩანაწერებიდან იკვეთება, არაფერია იმ ცვლილებასთან შედარებით, ახლა რომ ვეჩეხებით. ვაჭრები, რომლებიც ფინეთის მდინარე ტორნიოიოკიზე ნაოსნობდნენ, XVII საუკუნის ბოლოდან ყოველწლიურად იწერდნენ ყინულის დნობის დაწყების თარიღს.
ზემო ტბაზე ორთქლმავალი სატვირთო გემები 1857 წლიდან აღრიცხავდნენ ყინულის ფორმირებისა და გალღობის პერიოდებს. ჩანაწერებში ვხედავთ როგორც ცივ წლებს და ნაადრევად დაწყებულ ზამთრებს, ასევე თბილ წლებს და ნაკლებ ყინულს, მაგრამ, ჯამში, ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე წარმოებული ეს ჩანაწერები მეტყველებს ადამიანის ნეგატიურ ზეგავლენაზე ტემპერატურის მატების მხრივ.
ის, რაც დიდი ტბების რეგიონში ხდება, დიდი სურათის მცირე ნაწილია“, – ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის აიტასკას ბიოლოგიური სადგურის ტბების ექსპერტი ლესლი ნოლი, რომელიც გაყინულ ტბებთან დაკავშირებულ კულტურულ კავშირებს შეისწავლის.
ზამთრის რიტუალები და მომავალი საფრთხე
გაყინული ტბები 38 წლის ლევიტისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ზემო ტბა
მიჩიგანის ზემო ნახევარკუნძულის მხარეს 2019-2020 წლების ზამთარში ჩვეულებრივზე მეტი ყინვიანი დღე იყო, მაგრამ ტბა საკმარისად მაინც ვერ გაიყინა. რეგიონის ზოგ ნაწილში ზამთარი კვლავაც ძველებურად იგრძნობა.
ლევიტის ბებია და პაპა მიჩიგანის შტატში ტბის პირას ცხოვრობდნენ. ზამთრობით, როდესაც მათ სტუმრობდა, ლევიტი თბილად ჩაიფუთნებოდა, მეთევზეთა მაღაზიაში ნაყიდი სატყუარა თევზით სავსე საყინულეს და ანკესს დაავლებდა ხელს და გაყინულ ტბაზე სათევზაოდ მიდიოდა. იგი ხელის მექანიკური ბურღით ყინულის სქელ ფენაში პატარა არხს აკეთებდა. ეს მისთვის წყალქვეშა სამყაროს არაამქვეყნიურ სიმშვიდეში მიმავალი პორტალი იყო.
ლევიტს ახლაც გუშინდელივით ახსოვს, როგორ შევიდა პირველად სათევზაო მაღაზიაში და როგორ აურჩია მოხუცმა მეთევზემ ანკესი. ამ ძველი ყაიდის მეთევზემ ასწავლა, როგორ დაემაგრებინა სატყუარა თუ დაეჭირა ანკესი, რომ სატყუარას წყლის ქვეშ ბრჭყვიალი დაეწყო. ეს პირველი ანკესი ახლაც ლევიტის ქოხის კედელზე კიდია.
ბავშვობაში ეს მისთვის უბრალო გართობა იყო. სათევზაოდ თავისი მწირი აღჭურვილობით მიდიოდა, ამობრუნებულ 20-ლიტრიან სათლზე იჯდა და დირიჟორივით უძღვებოდა თევზების უხმო სიმფონიას. ბევრ თევზს ვერ იჭერდა, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამ იყო: როგორ დაცურავდნენ ღრუბლები ცაზე, როგორ იცვლიდა წყალი ფერს, როგორ ქროდა ქარი – ეს ყველაფერი სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის მეხსიერებაში, როგორც ზამთრის სული.

ერის ტბა
ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში 13 წლის გრეისი ეზელი ერის ტბის სანაპიროზე დასეირნობს. მისი თქმით, გრძელი შარვლის ჩასაცმელად საკმარისად არ ცივა. როდესაც ეზელი გაიზრდება, თბილი ზამთარი ალბათ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. მეცნიერების ვარაუდით, 2050 წლისთვის დიდი ტბების აუზში ზამთრის თბილი დღეების რაოდენობა (ტემპერატურა 0 გრადუსს ზემოთ) საშუალოდ 21-25 დღით გაიზრდება.
ლევიტი გამონაკლისი არ არის. გაყინული ტბები ზოგისთვის დასასვენებელი ადგილი ან საყვარელი გასართობია, ზოგისთვის კი – შემოსავლის მთავარი წყარო. ცივი ზამთრები აშშ-ის ამ რეგიონების ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: სათხილამურო და სათოვლმავლო ტურიზმის ბაზარი, უკანასკნელი გათვლებით, დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყინულზე თევზაობის ერთ ჩემპიონატს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რამდენიმე ასეული ათასი დოლარის მოტანა შეუძლია.
მაგრამ უკვე ათწლეულებია, რაც ზემო ტბაზე ყინვის სეზონი წელიწადში თითქმის ერთი დღით მცირდება. ლევიტის დაბადებიდან დღემდე ზემო ტბის ყინვის სეზონი დაახლოებით ერთი თვით შემცირდა. დიდ ტბებს შორის ზემო ტბა ყველაზე სწრაფად დნება შვედეთში მდებარე ფრეკშენის ტბის შემდეგ.
სხვა დიდი ტბების ყინვის სეზონი წელიწადში ნახევარი დღით მოკლდება. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება დიდ საფრთხეს გვიქადის.

9 იანვარი, 2020
ერის ტბა
კელვინ კნეხტელი ონტარიოს პროვინციაში, პორტ-დოვერში, თავისი საოჯახო რესტორნის წინ დგას. ქვიშის ტომრები შენობას დატბორვისგან იცავს. წელს თებერვალში ერის ტბაში წყლის დონემ 1987 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
ხშირად რთულია კლიმატის ცვლილების შემჩნევა, რადგან ტემპერატურას მკვეთრი რყევები ახასიათებს წლიდან წლამდე“, – ამბობს აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ადმინისტრაციის კლიმატოლოგი ჟა ვანგი. იმის მიუხედავად, რომ დიდ ტბებს ოკეანეებისგან ასეულობით კილომეტრი აშორებთ, წყნარი და ატლანტის ოკეანეები ძლიერ ზემოქმედებენ რეგიონის ამინდზე.
ასე რომ, მიუხედავად რეგიონში აღნიშნული ტემპერატურული მატების ტენდენციისა, უკანასკნელი პერიოდის რამდენიმე ზამთარი უჩვეულოდ ძლიერი ყინვით გამოირჩეოდა. მაგალითად, 2013-14 წლების ზამთარში პოლარულმა მორევმა არქტიკიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები დიდი ტბების რეგიონამდე მოიტანა. ტბების უმეტესობა 90%-ით გაიყინა. ყინული ზოგან ისეთი სქელი იყო, რომ მეთევზეები მის გაჭრას ვერ ახერხებდნენ.
კლიმატზე დაკვირვებას ისიც ართულებს, რომ ტბის გაყინვა მოვლენების რთულ ჯაჭვურ რეაქციაზეა დამოკიდებული.
მხოლოდ ცივი ამინდი ტბის ნაადრევად გასაყინად საკმარისი არ არის. თუ ძლიერი ქარი წყლის ზედაპირზე ტალღებს წარმოქმნის, ტბის გაყინვას საჭიროზე მეტი ხანი სჭირდება; თუ ზაფხული ზედმეტად ცხელი იყო, წყალი სითბოს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს და ყინულის წარმოქმნას უშლის ხელს; თუ ნაადრევად მოთოვა, თოვლი ტბის ზედაპირზე წარმოქმნილი ყინულის თხელ ფენას ედება და მის ზრდას აფერხებს.


10 იანვარი, 2020
ერის ტბა
მარცხნიდან: კერკ უილიამსი, კოულ უილიამსი, ლი სპიცკი და მელ ლაიელი ონტარიოს პროვინციის დაბა ამჰერსტბურგის შემოგარენში იხვებზე ნადირობენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ზამთარში ნადირობას თოვლმავლებით სრიალით ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ ზამთარი უჩვეულოდ თბილი გამოდგა.
მაგრამ ყველაფერი ასეთი რთული არ არის. ჰაერი და წყალი უფრო და უფრო თბება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაახლოებით 15 000 ტბა, რომელიც წინათ ყოველწლიურად იყინებოდა, ახლა რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ იყინება.
თითქოს რაღაც რიგზე ვერ არის
დიდი ტბების რეგიონის კულტურა სუსხიანი ზამთრის გარეშე წარმოუდგენელია. თებერვლის თბილმა დღეებმა მიჩიგანის მოსახლეობა გარეთ გამოიყვანა, მაგრამ სახეზე ყველას მოუსვენრობა აწერია.
თბილი დღეები ვის არ მოსწონს, მაგრამ ეს რა ზამთარია? ზამთარში -40 უნდა იყოს, – ამბობს ზემო ნახევარკუნძულის მცხოვრები კეისი სპენსერი, – ყინვა ერთდროულად გვაწუხებს და გვაბედნიერებს. როცა ზამთარი თბილია, თითქოს რაღაც რიგზე ვერ არის“.
ადამიანების მიერ ატმოსფეროში უწყვეტად გამოფრქვეული სათბურის აირები სულ უფრო მეტ სითბოს ატყვევებენ ჰაერში.

29 იანვარი, 2020
ონტარიოს ტბა
ყინულზე თევზაობის ნაცვლად ეს მეთევზეები იძულებულები არიან, ნავით შეცურონ მდინარე ნიაგარაში, რომელიც ონტარიოს ტბაში ჩაედინება. წყალი ჰაერზე უფრო სწრაფად თბება. 1900 წლიდან დღემდე ჰაერის ტემპერატურა, სულ ცოტა, 0,9 გრადუსით გაიზარდა.
კლიმატის ექსპერტების ვარაუდით, 2045 წლისთვის დიდი ტბების რეგიონში საშუალო ტემპერატურა ნახევარი გრადუსით გაიზრდება, 2100 წლისთვის კი – 3-დან 5,5 გრადუსამდე. გრძელი, ცხელი ზაფხულების გამო ტბების სიღრმეში წყალიც უფრო მეტად თბება.
მეცნიერების ვარაუდით, 2030-იან წლებში დიდი ტბების ყინვის სეზონი 15 დღით შემოკლდება, 2100 წლისთვის კი – 27-დან 42 დღემდე, გააჩნია მანამდე რას მოვიმოქმედებთ.

15 თებერვალი, 2020
ჰურონის ტბა
მიჩიგანის შტატის ქალაქ კეისვილში ადგილობრივი ფესტივალის მონაწილე ჰურონის ტბაში ხტება. ძველად ფესტივალი მთლიანად მოყინული ტბის ზედაპირზე იმართებოდა, ახლა აქტივობების უმეტესობა ნაპირზე გადმოიტანეს, რადგან ყინულის საფარი საკმარისად სქელი აღარ არის.
2015 წელს პარიზის კლიმატურ შეთანხმებას 195 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. შეთანხმების მთავარი მიზანია, პლანეტის დათბობამ არ გადააჭარბოს წინაინდუსტრიულ მაჩვენებელს 2 გრადუსზე მეტით. შარმას აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 35 000-ზე მეტი ტბა აღარ გაიყინება ყოველწლიურად. ცუდ შემთხვევაში ასეთი ტბების რაოდენობამ შეიძლება 200 000-ს მიაღწიოს.
ყინული და წყალი ყველაფერს იმახსოვრებენ, – ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი რიჩარდ რუდი, – თუ ტემპერატურა სისტემატურად იზრდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, წყლის გაყინვა-გალღობის ციკლი მოკლდება. ზამთარიც სულ უფრო დათბა, შემოკლდა და ახლა თერმოდინამიკას დრო აღარ ჰყოფნის თავისი საქმის შესასრულებლად“. თუ ზამთრის განმავლობაში წყალი საკმარისად არ გაცივდა, გაზაფხულზე და ზაფხულში ის სწრაფად გათბება, რაც კიდევ უფრო აჩქარებს შეუქცევადი დათბობის შედეგებს.

მიჩიგანის ტბა
ქალი ძაღლს მიჩიგანის ტბის სანაპიროზე ასეირნებს. 2019-2020 წლების ზამთარში ტბის ზედაპირის 20 პროცენტიც არ დაფარულა ყინულით.
ახლა ეს ტბები ხან იყინება და ხან – არა, მაგრამ თითოეული მათგანი იმ კონდიციას უახლოვდება, როდესაც საერთოდ აღარ გაიყინება, – ამბობს ნოლი, – რას იზამენ ადამიანები, როდესაც ეს ტბები აღარ გაიყინება? როგორ მოერგებიან ახალ რეალობას? როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება?“ მომავალზე საუბრისას ლევიტი ხშირად ორჭოფობს. მისთვის ნაცნობი სამყარო ჯერ კიდევ ყინულით არის დაფარული. ყოველი წელი ახალი შესაძლებლობაა ცივი ზამთრისთვის, მაგრამ მას ხანდახან მაინც შიში იპყრობს. არ ვიცი, არ ვიცი, – ამბობს იგი და თან სათევზაოდ ემზადება, – იარსებებს ეს ყველაფერი, როდესაც 70 წლის ვიქნები?“
ალეხანდრა ბორუნდა ჩვენი გუნდის წევრია და გარემოს შესახებ წერს სტატიებს. დეტროიტში მცხოვრები ემი საკა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც აღბეჭდავს დიდი ტბების რეგიონის ხალხს, კულტურასა და გარემოს.