
ნათება სიბნელეში
ფოტოგრაფი, მექსიკის მუდმივი არასტაბილურობისა და ძალადობის ნაცვლად, ამ ქვეყნის ბუნების ერთ-ერთ საოცრებაზე ამახვილებს ყურადღებას.
როდესაც რედაქტორმა იმის საკითხავად დამირეკა, მექსიკაში ციცინათელებს ხომ არ გადავიღებდი, ისე დავეთანხმე, რომ ჩემი გეგმებიც არ შემიმოწმებია. ერთხელ უკვე მქონდა ნანახი, როგორ ანათებდნენ ეს მწერები ტყეებს ტლასკალაში და იქ დაბრუნების საშუალება ხელიდან არ გავუშვი.
სტუდენტობისას მექსიკა ავტობუსით რამდენჯერმე მოვიარე. 31 შტატიდან 28-ში ვარ ნამყოფი. იქაური პეიზაჟების მრავალფეროვნება ისე მიზიდავს, როგორც არც ერთი სხვა ქვეყნისა.
სამი ღამე მქონდა ტყეში მაგიური სცენის გადასაღებად. შებინდებისას კოლეგებთან ერთად და შტატივით ხელში წავედი ნისლიან ტყეში. მოვემზადე და დაველოდეთ. ჩვენი მუსაიფი დღის შუქის გაქრობასთან ერთად მიილია და შუქის მცირე ლაქები გამოჩნდა.
გიდების თქმით, დამთვალიერებლებს ციცინათელების გადაღების უფლება არ ეძლევათ, რადგანაც ხელოვნურმა შუქმა მათ ქცევაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს. ჩემთვის სასურველი კომპოზიციის მისაღებად შტატივი ციცაბო, ქვიან ბილიკზე დავდგი და ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო მუდმივად მისი დამაგრება მიწევდა. ნორმალურ შემთხვევაში ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ციცინათელებს კამერა და მეც ძალიან ვაინტერესებდით. უმოძრაოდ ვიდექი, ისინი კი მთელ ტანზე დამაცოცავდნენ. ჩემი დაკვირვებით, ციცინათელების ყველაზე დიდი რაოდენობა ყოველ ღამე, დაახლოებით, 20 წუთით იყრიდა თავს, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ცდა მქონდა.
უკანასკნელ ღამეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ამინდი კარგი იყო, ძლიერი ბლიცით, სიბნელეში ფოკუსირება და კომპოზიციის აწყობის მეთოდი გავაუმჯობესე და ჩემს სახეზე მცოცავ მწერებსაც შევეგუე.
ჯილდოდ ის ფოტო მერგო, რომელსაც აქ ხედავთ. სინათლის თითოეული ლაქა ციცინათელას ერთ-ერთი ნათებაა იმ რამდენიმედან, რომელთაც ის 30-წამიანი ექსპოზიციის დროს ფრენისას უშვებდა. შეგიძლიათ მწერების ფრენის ტრაექტორიას დააკვირდეთ: ზოგი მცირე მარყუჟებს კრავს, მაგალითად ისეთებს, როგორებიც ფოტოს შუაში, ქვემოთ ჩანს, სხვები კი მუდმივად ერთი ან მეორე მიმართულებით მიფრინავენ.
როდესაც ციცინათელებს პირველად ვესტუმრე, არავინ ელოდა, რომ ეს სასწაულებრივი სცენა უნდა გადამეღო და გადმომეცა. უბრალოდ, მთლიანად შთანთქმული და მოჯადოებული ვიყავი. ამ მანათობელ არსებებთან გატარებული დრო ჩემთვის ყოველთვის ყველაზე საყვარელ მოგონებად დარჩება.
კირსტენ ლუსმა 2019 წლის ივნისის გამოცემისათვის ტურისტების გართობის მიზნით დატყვევებული ველური ცხოველები გადაიღო.