
National Geographic-ის მთავარი რედაქტორის, სუზან გოლდბერგის საუბარი პოლ მაკკარტნისთან
დაივიწყეთ „კვირაში რვა დღე“ – პოლ მაკკარტნი მხოლოდ ერთ დღეს ითხოვს
სუზან გოლდბერგი: როგორ მოგმართოთ, პოლი, სერ პოლი…?
პოლ მაკკარტნი: პოლი.
სგ: კარგი, ამერიკელი ვარ და ამ ამბებში ვერ ვერკვევი. თქვენს კამპანიაში „უხორცო ორშაბათი“ კვირაში ერთ დღეს ითხოვთ ხალხისგან. რატომ?
პმ: ადამიანებისთვის ძნელი მისაღებია, თუ ეტყვით: – მე 40 წელია ვეგეტარიანელი ვარ. ეს კარგია. ახლა შენც მომბაძეო. ამის ნაცვლად ვთხოვთ, რომ ვეგეტარიანელობას კვირაში ერთი დღე დაუთმონ, რაც უფრო მარტივია.

სგ: ხანდახან ვხედავ გარემოს დამცველებს გზავნილებით, რომლებიც მორალისტურ გაკიცხვას უფრო ჰგავს. არ მგონია, ეს ეფექტური იყოს.
პმ: სწორედ მაგას ვგულისხმობ. ამიტომაც ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ ჩემი ახლანდელი ქცევა მისაღები ყოფილიყო ჩემთვის, სანამ ვეგეტარიანელი გავხდებოდი.
სგ: დიდი ხანია ვეგეტარიანელი ხართ, არა?
პმ: დიახ. წლების წინ ლინდა (მისი გარდაცვლილი ცოლი) და მე ფერმაში ვიყავით, სადაც ცხვრებს პატარა, სიცოცხლით სავსე ბატკნები ჰყავდათ. ერთ-ერთ სადილზე ბატკნის ფეხი მოგვიტანეს. ამაზე დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, გვეცადა, ასე აღარ გვეცხოვრა. ასეც მოვიქეცით და არც გვინანია. ვეგეტარიანელობა ბატკნების მიმართ თანაგრძნობამ გადაგვაწყვეტინა.
სგ: როგორ შეცვალა ამან თქვენი ცხოვრება?
პმ: ერთი მხრივ, თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ, სამსაათიან შოუებს ვმართავ. მეორე მხრივ, მხუთავი აირებისა და საქონლის დიდ რაოდენობას აკავშირებენ ერთმანეთთან. ფერმაზე ერთი ან ორი ძროხის ყოლა არაა ცუდი, მაგრამ როდესაც მათი რიცხვი მილიარდებს აღწევს, ატმოსფეროზე ეს დიდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს. თუმცა ისიც მომწონს, რომ ვეგეტარიანელობით ცხოველებსაც გადარჩენის შანსს ვაძლევ.
სგ: მაგრამ მსოფლიოს მრავალ ადგილას ადამიანებისთვის ერთი ღორის, თხის ან ძროხის ყოლაც კი გამოსავალია სიღარიბიდან.
პმ: ჰო, მაგრამ მე ეგ არ მიმაჩნია პრობლემად. პრობლემები მასობრივი წარმოების დროს წარმოიქმნება, იქ, სადაც გარკვეული კომპანიები მილიარდობით ცხოველს ფლობს და მათ გაუსაძლის პირობებში ამყოფებს. მე დედამ გამზარდა, რომელიც ექთანი იყო, მამაჩემი კი ბამბით ვაჭრობდა. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ლივერპულში, ჰქონდათ ჩვეულებრივი საჭმელი, როგორიც ყველას ჰქონდა ჩვენს ქუჩაზე. მაგრამ როდესაც გარკვეულ ასაკს მივაღწიე, რაღაც შევცვალე. ვიფიქრე, „იცი რა? იქნებ მე არ მინდა ამის კეთება? მე მაქვს თავისუფალი ნება, გავაკეთო რამე სხვა“. ასე რომ, მე ადამიანებს ვეუბნები: იცით, საკმაოდ სახალისოა, როდესაც დააკვირდებით, რას აკეთებთ, რას ჭამთ, როგორ ცხოვრობთ და იფიქრებთ: „ამის კეთებას ვაპირებ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება, თუ საინტერესო იქნებოდა, რამე შემეცვალა?“

სგ: თქვენ ძალიან დიდი ხანია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ხართ მსოფლიოში. შეგიძლიათ ბევრ რამეს დაუჭიროთ მხარი და ძალიან ბევრს მიაწვდინოთ თქვენი ხმა. რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ პრობლემაზე კონცენტრირება და რატომ – ახლა?
პმ: ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებაზეც ვმუშაობ, მაგრამ ვეგეტარიანელობა ჩემი ცხოვრების სტილია. ამ კამპანიის იდეა იმიტომ მომწონს, რომ შემიძლია ხალხს ვუთხრა: უბრალოდ სცადეთ. არავინ არავის არაფერს აძალებს, უბრალოდ შეეცდებით, ერთი დღე ხორცის გარეშე გაძლოთ იმიტომ, რომ ეს კარგი აზრია.
სგ: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვეგეტარიანელობის უპირატესობა პირადი ჯანმრთელობა, ჯანსაღი პლანეტა და ცხოველებისადმი თანაგრძნობაა…
პმ: დიახ.
სგ: რამე გამომრჩა?
პმ: სამივე მშვენიერია, მეც მათ დავასახელებდი.