National Geographic Society-ს აღმასრულებელი დირექტორისგან
ერნესტ შეკლტონის დაღუპული ხომალდის, „ენდიურანსის“ აღმოჩენა, რომლის შესახებ ამ ნომრის ვრცელი სტატია მოგითხრობთ, გლობალური კვლევის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ეს არის დასტური კაცობრიობის დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობისა და მახვილგონიერებისა, რომელსაც პროგრესისაკენ მივყავართ. ამგვარ გამორჩეულ აღმოჩენას ზოგი შესაძლოა მხოლოდ გარდასულ დროთა ნაშთად აღიქვამდეს, თუმცა მწამს, რომ ისინი თვალნათლივ გვიჩვენებს, კვლევის რაოდენ დიდ ეპოქაში ვცხოვრობთ.
რა არის აღმოჩენების ახალი ეპოქის მამოძრავებელი ძალა? კაცობრიობა ისე იღრმავებს ცოდნას და იმდენად მიუწვდომელ ადგილებს იკვლევს, რომ აღნიშნული მიღწევები სრულიად წარმოუდგენლად მიიჩნეოდა ერთი საუკუნის წინ. National Geographic Society აფინანსებს მკვლევართა გლობალურ საზოგადოებას, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ავითარებენ ოკეანის ფსკერის კარტოგრაფირებისთვის, ადამიანთა წარმომავლობის მიკვლევისა თუ ახალ სახეობათა იდენტიფიცირებისთვის.
დღეს კვლევა-ძიების იერსახეც იცვლება. ახლა ყველაზე დიდ გარღვევებს გვთავაზობენ ის გუნდები, რომლებიც მრავალფეროვან ნიჭსა და თვალთახედვას აერთიანებენ. „ენდიურანსის“ ექსპედიციისთვის შეკრებილი ექსპერტები წარმოადგენდნენ უამრავ ქვეყანასა და დისციპლინას – თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთულესი სამუშაო, რომლის მსგავსზეც ვერავინ იფიქრებდა შეკლტონის ეპოქაში. თქვენ აღარ გჭირდებათ მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იმისთვის, რომ იკვლიოთ! ციფრული პლატფორმები მილიარდობით ადამიანს უხსნის კარს, ვირტუალურად შეუერთდნენ ექსპედიციებს და ამბის ნაწილად იქცნენ.
აღნიშნული მიღწევები გამოჩნდა ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით უზარმაზარ გლობალურ გამოწვევებს – ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა თუ კლიმატის ცვლილებას. დღეის მკვლევრები არა მხოლოდ შეისწავლიან სამყაროს, ისინი იცავენ კიდეც დედამიწას.
მკვლევარი ბობ ბალარდი, „ტიტანიკის“ სახელგანთქმული აღმომჩენი, დღევანდელ ეპოქას ამგვარად ეხმიანება: „მომდევნო თაობა დედამიწის უფრო მეტ კუნჭულს გამოიკვლევს, ვიდრე ყველა წინა თაობა ერთად აღებული. აღმოჩენების ეპოქა არ არის წარსული, ის მომავალია“. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს ცოდნის მაძიებელი, საზღვრების გამრღვევი და ცვლილებათა მომტანი ჩვენი პლანეტისთვის. გაბედავთ, იყოთ მკვლევარი?