
National Georgaphic საქართველოს განცხადება
ჩვენ გვქონდა მცდელობა გაგვეაზრებინა, რომ „დამკვიდრებული სოციალური ნორმების გამოცდა, მათი მიღება ან უარყოფა მოზარდობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია
რუბრიკა: განცხადებები | სიახლეები
2013 წლის ივნისში ჟურნალში National Georgaphic საქართველო დაიბეჭდა სტატია“იდენტობის ძიებაში” (ავტორი: ნინო ლომაძე). სტატიაში გამოყენებული იყო ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები, რომელზეც ასახულია ე.წ. „ნეფორმალების“ ცხოვრება და წარმოადგენს სტატიის ილუსტრაციას. სტატია მოგვითხრობს მოზარდების შესახებ, რომლებიც საკუთარი თავის ძიებაში ხშირად აპროტესტებენ ამა თუ იმ საზოგადოებრივ ნორმებს. ჩვენ გვქონდა მცდელობა გაგვეაზრებინა, რომ „დამკვიდრებული სოციალური ნორმების გამოცდა, მათი მიღება ან უარყოფა მოზარდობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია(ფსიქოლოგ ანა არგანაშვილის ციტატა) და თუკი გვსურს ჩამოყალიბების პროცესში ხელი შევუწყოთ მოზარდებს, მათ უნდა მივცეთ თვითგამორკვევის საშუალება.
ჩვენთვის აღმაშფოთებელია, რომ უკანასკნელ ხანს გახმაურებული საშინელი ფაქტის – ქალბატონის მკვლელობის ისტორიის გასაფორმებლად ინტერნეტ-გამოცემებმა „კვირის პალიტრა“, „ინფორმაციები.რუ“, „რეიტინგი“ და „ამბები.ჯი“გამოიყენეს ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის მიერ სპეციალურად National Georgaphic საქართველოსთვის გადაღებული ფოტოსესია ფოტოგრაფთან და რედაქციასთან შეუთანხმებლად – რითაც დაარღვიეს, როგორც ფოტოგრაფის, ასევე რედაქციის საავტორო უფლებები და ფოტოზე აღბეჭდილი პირები სრულიად უსამართლოდ წარმოაჩინეს უარყოფით კონტექსტში, შელახეს მათი ღირსება და დაარღვიეს მათი უფლებები.