
ნავთობის რეზერვუარები
ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს ჩაეყარა საფუძველი
რუსეთის იმპერიაში, კერძოდ, ბაქოში, ნავთობის კომერციული მოპოვება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდისთვის ბაქოდან ნავთობის გატანა სხვადასხვა მარშრუტით ხდებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ ხარჯებსა თუ რისკთან იყო დაკავშირებული.
სიტუაცია რადიკალურად შეცვალა თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზის გაყვანამ, რომელიც ექსპლუატაციაში 1883 წ. შევიდა. ამ მოვლენამ ბათუმის პორტიდან შავი ზღვის საშუალებით აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს ჩაუყარა საფუძველი.
იმხანად მწვავედ იდგა ნავთობის უსაფრთხოდ შენახვის პრობლემა. ბათუმში შემოტანილი ნავთობის სხვა ქვეყნებში ექსპორტირებამდე ვაგონცისტერნებიდან გადმოტანილ ნავთობს დროებით მიწისქვეშა რეზერვუარებში ინახავდნენ, თუმცა პროდუქტის ხარისხიანად შენახვა ვერ ხერხდებოდა. ეს პრობლემა ინჟინერ ა. ბარის საინჟინრო-საპროექტო კომპანიამ გადაჭრა, რომელსაც საგანგებოდ დაუკვეთეს ახალი მეთოდით დამზადებული რეზერვუარები. იდეის ავტორი და დამპროექტებელი ახალგაზრდა ინჟინერი ვ. შუხოვი იყო. მის მიერ დაპროექტებული ნავთობის შესანახი დიდი მოცულობის რეზერვუარები ორიგინალური ცილინდრული ფორმის კონსტრუქციით, ეკონომიურობითა და მინიმალური წონით გამოირჩეოდა.
ვ. შუხოვის გამოგონებამ მაშინვე მიიპყრო მეწარმეებისა და სპეციალისტების ყურადღება. მოკლე დროში იგი წარმატებით დაინერგა როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე საზღვარგარეთ.