ვინ:
ნიკოლოზ მესხი 33 წლის, ქუთაისელი, ფოტოგრაფი
სად:
საქართველო, ქუთაისი
რა:
Nikon d3100, nikkor კამერა 18-55 მმ ლინზით
ამბავი:
ნიკოლოზ მესხმა პირველი მაკროფოტო 2011 წელს გადაიღო, როდესაც მწერებზე დაკვირვებამ გაიტაცა და გაუჩნდა იდეა, რომ კლასიკური პორტრეტის ხერხების გამოყენებით მწერების გადაღება ეცადა. მისი სურვილი იყო ადამიანების შიში და ზოგჯერ ზიზღიც კი მწერების მიმართ მის მიერ გადაღებული პორტრეტებით მეტ-ნაკლებად გაექარწყლებინა. იგი ამბობს, რომ მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მწერები კი საუკეთესო მოდელები: „ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი მაკროსამყაროში ნემსიყლაპია გახლავთ; ის ყველასგან გამოირჩევა ფერებით, დიდი თვალებით, გამჭვირვალე ფრთებითა და ტანის აგებულებით. ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი მაკროფოტოა“.
ფოტოზე წარმოდგენილი ინდივიდი ერთ მშვენიერ დღეს თავად ესტუმრა ფოტოგრაფს სახლში, რომელმაც ფოტოსესიის შემდეგ ნემსიყლაპია უვნებელი და საღსალამათი დაუბრუნა ბუნებას.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge