
NFL-ის ბურთების ქარხანაში
ამ საკულტო ბურთის დასამზადებლად ასზე მეტი ოსტატი ერთობლივად მუშაობს. აქ გაეცნობით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი.
თებერვალში 100 მილიონ გულშემატკივარზე მეტი უყურებს Super Bowl LIX-ის სანახაობას, ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ფინალურ მატჩს, სადაც მეტოქე გამთამაშებლები მოედანზე იდეალურად სპირალურ გადაცემებს შეასრულებენ. ეს დიდი თამაში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, რომელიც სულ მცირედით თუ შეიცვალა XIX საუკუნის მიწურულს მისი წარმოშობის დროიდან.
ამერიკული ფეხბურთის ბურთების ზომაში, ფორმასა და ფაქტურაში 100 წელიწადზე მეტია არაფერი შეცვლილა, ერთი გამონაკლისის გარდა: მწარმოებელმა ღორის ტყავი საქონლის ტყავით ჩაანაცვლა.
გულშემატკივრებმა შეიძლება არ იციან, თუმცა ფიზიკოსებს ეს ფაქტი მუდამ აოცებთ. „ისტორიული შემთხვევითობაა“, რომ ბურთის თავდაპირველი დიზაინი კვლავ ზუსტად შეესაბამება სპორტის თანამედროვე მოთხოვნებს, ამბობს რაბინდრა მეჰტა, NASA-ს ეიმსის კვლევითი ცენტრის აეროფიზიკის განყოფილების ყოფილი უფროსი. „ბეისბოლის ბურთთან შედარებით, [ამერიკული] ფეხბურთის ბურთს უკეთესი აეროდინამიკური აგებულება აქვს“.
ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბურთის სფეროიდული ფორმაა – მოგრძო, წაწვეტებული ბოლოებით, რაც მის ხელში ჭერას აადვილებს. სფეროიდის გარშემო ჰაერის ნაკადის მოძრაობაც ხელს უწყობს დიდ მანძილზე გადასროლას.

თუმცა არავინ იცის თითოეული ბურთის აეროდინამიკურობის და გამძლეობის საიდუმლო დეტალები ისე, როგორც NFL-ის ბურთების მწარმოებლებმა. „უილსონის სპორტული ინვენტარის კომპანიის“ საწარმოში (ოჰაიო) დაახლოებით 120 ოსტატი ამ დროით გამოცდილი დიზაინის ბურთებს ხელით ამზადებს.
აი, რა ხდება კულისებში: Horween Leather Company-ში დამზადებულ ტყავს შტამპავენ ხორკლიანი ეფექტისთვის. მათზე ასევე ზუსტი ინტერვალებით იტვიფრება პაწაწინა W-ები, რათა მასალის ავთენტიკურობა ცხადი იყოს. წაგრძელებული ფორმის მისაღებად ტყავი ფოთლის ფორმის, ბოლოებში შევიწროებულ, ოთხ ნაწილად იჭრება. ამ ნაწილებს ერთმანეთს უკუღმა მხრიდან აკერებენ ისე, რომ ნაკერი უხილავი და უფრო გამძლე იყოს. შემდეგ ტყავს ორთქლით ამუშავებენ დასარბილებლად და სწორ მხარეს მისი გადმობრუნების გასაადვილებლად.

ოსტატი, რომლის ფუნქციაც ბურთის წაღმა ამობრუნებაა, საქმეს იმარტივებს და პნევმატიკური უროთი არბილებს ბურთის წვეტიან ბოლოებს, შემდეგ ლითონის ძელზე ძლიერი დაწოლით ხელით ამოაბრუნებს ბურთს. გამოცდილ გადმომბრუნებელს ამის გაკეთება 30 წამში შეუძლია. ამის შემდგომ ბურთში ათავსებენ გასაბერ კამერას და თასმებს ხელით კრავენ. თითქმის დასრულებულ ბურთებს ბაროკამერაში აწყობენ, სადაც მათ ერთგვაროვანი ფორმა ეძლევა.
ბურთის სროლისას ეს ყველაფერი გამთამაშებლის, კვარტერბეკის სასარგებლოდ მუშაობს. ავტორიზებული ბურთის თავისებური ზედაპირის წყალობით – მათ შორის, ხორკლიანობა, ნაკერები და თასმები – ჰაერის ნაკადი ბურთთან კონტაქტს მეტ ხანს ინარჩუნებს. ჰაერის თხელი ფენის, იმავე სასაზღვრო ფენის, მრუდე ზედაპირზე სრიალისას ბურთის დახვეწილი დიზაინი საუკეთესოდ იჩენს თავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი სრულად არ ეკვრის ამ სფეროიდულ ბურთს, ის მუდმივ შეხებაში რჩება ბურთის უმაღლეს წერტილებთან. ამგვარად მინიმუმამდე დადის გრიგალური კვალი და მცირდება წინაღობაც. ამით განსხვავდება ამერიკული ფეხბურთის ბურთი სფერული ბეისბოლის ბურთისგან, რომელსაც ჰაერი მხოლოდ ცალ მხარეს ეკვრის და, შესაბამისად, მეტ წინაღობას ქმნის.

ჰაერის წინაღობა „არასტანდარტული ფორმის ნივთებთან მიმართებაში წინასწარ რთული განსასაზღვრია“, – თქვა ანეტ „პეკო“ ჰოსოიმ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა. თუმცა, ბევრია დამოკიდებული ბურთის სროლის მანერაზე. წინაღობას განსაზღვრავს გრიგალური კვალის ფორმა, რომელიც ბურთის ჰაერში ტყორცნისას მისი მიმართულების, ტყორცნის სიჩქარის და ზედაპირის სიუხეშის შესაბამისად იცვლება.
აეროდინამიკაზე ასევე მოქმედებს გარშემო არსებული ჰაერის სიმკვრივე. „თბილი ჰაერი უფრო ნაკლებად მკვრივია, ვიდრე ცივი. ნაკლებად მკვრივი ჰაერი ნაკლებ წინაღობას ქმნის, ამიტომ თბილ დღეებში ბურთი უფრო შორს მიფრინავს“, – განმარტავს ჰოსოი და ამატებს, რომ ეს ფენომენი კარგადაა დოკუმენტირებული ბეისბოლში.
ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებისთვის ბურთის შორს სროლა ნებისმიერ ამინდში ლამაზი სანახაობაა. „ბრუნვის ღერძი დაკავშირებულია ბურთის ტრაექტორიასთან“, – თქვა მეჰტამ და კარგი გადაცემა ნასროლ ტყვიას შეადარა. „სწორედ ამაში არიან გაწაფულები კვარტერბეკები“. იდეალური სპირალი დიზაინშია ჩადებული.