

NGS ისტორია
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების (NGS) ისტორია
1888 წლის 13 იანვარს, ვაშინგტონში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე 33 ჯენტლმენი შეიკრიბა. ისინი მსჯელობდნენ, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ისეთი საზოგადოების დაფუძნება, რომელიც ხელს შეუწყობდა “გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასა და გავრცელებას”.
შეკრებილთა შორის იყვნენ გეოგრაფები, მკვლევარები, სამხედრო ოფიცრები, იურისტები, მეტეოროლოგები, კარტოგრაფები, ნატურალისტები, ბანკირები, პედაგოგები, ბიოლოგები, ინჟინრები და გამომგონებლები. ამ გაერთიანების სულისჩამდგმელი და წინამძღოლი გახლდათ იურისტი და ფილანტროპი, გარდინერ გრინ ჰუბარდი, რომელიც თავის სიძეს, ალექსანდრე გრემ ბელს, პირველი სატელეფონო კომპანიის შექმნაში დაეხმარა. მოგვიანებით ჰუბარდი ახლად დაარსებული საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. თანასწორუფლებიანობის იდეალზე დაფუძნებული მისი პრინციპი – გავაღრმავოთ და გავავრცელოთ ცოდნა გეოგრაფიის შესახებ – მომდევნო ასი წლის განმავლობაში National Geographic-ის საზოგადოების (NGS) კრედოდ იქცა.
საზოგადოებამ საკუთარი ჟურნალის გამოშვება 1888 წლის ოქტომბერში დაიწყო. პირველი ნომრები საზოგადოების 200 წევრს ურიგდებოდა. ეს იყო ძირითადად ტექნიკური თემატიკის შემცველი, თხელი, უღიმღამო შესახედაობის, ღია ყავისფერყდიანი ჟურნალი.
პირველ ნომერში დაიბეჭდა სტატია “დიდი ქარბუქი”. ავტორის თხრობა, ამ მეტეოროლოგიური მოვლენის აღწერისას, შთამბეჭდავი, ცოცხალი ელემენტებით იყო გამდიდრებული. წერის ასეთი მანერა მიუღებელი აღმოჩნდა გეოლოგ ვი ჯეი მაქჯისთვის, რომელმაც ჟურნალი, ,,ბევრი ილუსტრაციისა და არასამეცნიერო აღწერების“ გამო, გააკრიტიკა.
მომდევნო წლებში კი პირველი ნომრების ნაკლად სწორედ სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიჭარბე ჩაითვალა. ამბობდნენ, რომ National Geographic-ი მართლაც უწყობს ხელს გეოგრაფიული ცოდნის გავრცელებას, მაგრამ ადამიანთა მხოლოდ იმ წრეში, რომელიც ამ ცოდნას უკვე ფლობს, დანარჩენებს კი აფრთხობს.
1891 წლის აპრილში National Geographic-ის საზოგადოებამ გამოაქვეყნა “დასკვნა წმინდა ელიას მთაზე ჩატარებული ექსპედიციის ანგარიშების მიხედვით”.მართალია ამ მოზაურობას U.S. Geological Survey-ც აფინანსებდა, მაინც ითვლება, რომ ეს იყო National Geographic-ის პირველი “ნაბიჯი კვლევასა და შესწავლაში”. სწორედ ამ პროექტმა ჩაუყარა საფუძველი შემდეგ წლებში ჩატარებულ ათასობით სამეცნიერო მოგზაურობასა და კვლევას.
1896 წლის იანვრისთვის National Geographic-ი, რომელიც ქაოტური პერიოდულობით გამოდიოდა, ყოველთვიური გახდა. მენეჯერთა საბჭომ დაადგინა, რომ პრესის დახლებზე თითო ეგზემპლარის ფასი 25 ცენტი იქნებოდა. იმ იმედით, რომ მცირე ტირაჟზე სასიკეთო გავლენა მოეხდინა, ჟურნალში უნდა განთავსებულიყო რეკლამები. 1897 წელს გარდინერ გრინ ჰუბარდი გარდაიცვალა. საზოგადოების პრეზიდენტობა 1898 წლის იანვარში მისმა სიძემ, ალექსანდრე გრემ ბელმა გადაიბარა. ცნობილმა გამომგონებელმა თავისი ნიჭი და ენერგია National Geographic-ის მაღალი სტანდარტის მქონე ჟურნალად ქცევას მოახმარა. მას ეკუთვნის ორი გადაწყვეტილება, რომლებმაც საზოგადოების სამომავლო კურსი მნიშვნელოვნად განსაზღვრა: პირველ რიგში, ახალმა პრეზიდენტმა უარი თქვა საცალო გაყიდვების საშუალებით ტირაჟის გაზრდის სქემაზე, სანაცვლოდ, ჟურნალს მიიღებდა ყველა, ვინც საზოგადოებაში გაწევრიანებას მოისურვებდა. ამ გადაწყვეტილების წყალობით, ბელმა გარშემო შემოიკრიბა ყველა ის ადამიანი, ვისაც მოსწონდა და სურვილიც ჰქონდა, თავისი წვლილი შეეტანა საზოგადოების საქმიანობაში. ახლა ჟურნალის ყიდვის ნაცვლად, უკვე შესაძლებელი იყო საზოგადოების წევრობის ყიდვა, რის შედეგადაც, როგორც მოგვიანებით (1938 წელს) იშბელ როსმა დაწერა, “დამლაგებელსაც, წყალსადენის ოსტატსაც და მიტოვებული შუქურის მცველსაც გაუჩნდა შანსი, მეფეებთან და მეცნიერებთან ერთად, პერუში სამეცნიერო ექსპედიცია გაეგზავნა, ანდა სამხრეთ პოლუსი გამოეკვლია და ამით მიეღო სიამოვნება”.
უშუალოდ ბელის გადაწყვეტილებით, National Geographic-ში მუშაობა დაიწყო ერთმა იმედისმომცემმა ახალგაზრდამ, რომლის მისიაც იყო ჟურნალის ფორმისა და შინაარსის დახვეწა და საზოგადოების წევრების რიცხვის გაზრდა. ეს 23 წლის სკოლის მასწავლებელი, გილბერტ ჰ. გროსვენორი იყო. სწორედ მისი ინოვაციური მართვის წყალობით, National Geographic-ი მშრალი გეოგრაფიული ტიპის ჟურნალიდან გადაიქცა ჩვენი პლანეტის შესახებ ცოცხალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ამბების კრებულად. გროსვენორმა კი, თავისი ინიციატივებით, ამერიკულ ჟურნალისტიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, გროსვენორმა თითქმის გააორმაგა საზოგადოების წევრების რიცხვი (1000-დან 2000-მდე) და დაიწყო ზოგადი ინტერესის თემებზე სტატიების გამოქვეყნება. ახალგაზრდა რედაქტორმა, 1905 წლის იანვრის ნომერზე მუშაობისას, გადაწყვიტა ჟურნალის 11 გვერდი დაეთმო ფოტოებისთვის, რომლებზეც საიდუმლოებით მოცული ტიბეტური ქალაქის, ლჰასას ცხოვრება იყო აღბეჭდილი. იმ დროს მსგავსი ფოტოების დაბეჭდვა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. გროსვენორს ეშინოდა საზოგადოების აგრესიული რეაქციის, თუმცა, ამის ნაცვლად, როგორც თვითონ იხსენებდა, საზოგადოების წევრები ქუჩაში ხვდებოდნენ და ულოცავდნენ. ეს იყო მისი, როგორც რედაქტორის, დიდი აღიარება.
გროსვენორი მწერლებისაგან ითხოვდა სადა თხრობის მანერით შეედგინათ სტატიები; ამავე დროს, ტექსტს დაუოკებელი ინტერესი უნდა აღეძრა მკითხველში და მას წაკითხულის გონებაში წარმოსახვაც შეძლებოდა.
გროსვენორის გადაწყვეტილებების გავლენა ფასდაუდებელია NGS-ის და მისი ჟურნალის განვითარებისათვის. 1954 წელს მან რედაქტორის თანამდებობა დატოვა და NGS-ის საბჭოს დირექტორი გახდა. რედაქტორის პოსტი მისმა ვაჟმა მელვილ ბელ გროსვენორმა დაიკავა. ათ წელიწადში საზოგადოების წევრთა რიცხვი 2.175.000-დან 5.500.000-მდე გაიზარდა. საერთო დიზაინისა და ფერადი ფოტოების ბეჭდვის გამო, National Geographic-ი ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებითაც პიონერი გახდა (პირველი კომერციული პროცესი ფერად ფოტოგრაფიაში “ლუმიერების ავტოქრომი” იყო. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს 1916 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული ფრანკლინ პრაის ნოტის ავტოქრომისთვის, რომელზეც ტუნისელი ფერმერი იყო გამოსახული).
NGM-ი იყო პირველი ჟურნალი, რომელშიც ცხოველების ღამით გადაღებული ფოტოები დაიბეჭდა. პირველად აქ გამოქვეყნდა წყალქვეშ გადაღებული ფოტოებიც. (1926 წელს NGS-ის ფოტოგრაფმა ჩარლზ მარტინმა და მეცნიერმა ვი ეიჩ ლონგლიმ გადაიღეს პირველი ბუნებრივი ფერის წყალქვეშა ფოტოები). ასევე, პირველად აქ დაიბეჭდა ფერადი ფოტოები დიდი რაოდენობით (თებერვლის ნომერი გახლდათ – პირველი სრულად ფერადი გამოშვება) და გარეკანზე ჰოლოგრამაც პირველად სწორედ ამ ჟურნალზე გაჩნდა. 1959 წელს ჟურნალის გარეკანზე რეგულარულად დაიწყეს ფერის გამოყენება. National Geographic-ის საზოგადოება კი, რომელსაც “კოსმო კლუბში” რამდენიმე ადამიანის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი, საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა. დღეს საზოგადოებას 10,5 მილიონი წევრი ჰყავს, მათი 20 პროცენტი კი უცხოენოვანი მკითხველია.
შორეულ მხარეებზე სტატიების გამოქვეყნების გარდა, საზოგადოებამ დიდი როლი ითამაშა ამ ადგილების აღმოჩენასა და შესწავლაშიც. 1970-იან წლებში ბოლოს და ბოლოს, გადაიხედა ადრეულ წლებში დამკვიდრებული წესი იმის შესახებ, რომ “სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ პოზიტიური ხასიათის ისტორიები. უსიამოვნო ფაქტებსა და დაუსაბუთებელ კრიტიკას კი უნდა ვერიდოთ”. ახალმა რედაქტორმა გილბერტ მ. გროსვენორმა – პირველი რედაქტორის შვილიშვილმა და მისმა მემკვიდრეებმა საკამათო და პრობლემური საკითხების გაშუქება დაიწყეს, მათ შორის იყო ქიმიური დაბინძურება, ბირთვული ენერგია, გარეული ცხოველებით არალეგალური ვაჭრობა და ადამიანის ევოლუცია. მეტიც, თითქმის თავიდანვე საზოგადოებამ 6 ათასზე მეტი ექსპედიცია და კვლევითი პროექტი დააფინანსა.
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო კვლევისა და შესწავლის კომიტეტი (CRE) შედგება სხვადასხვა დისციპლინებში მოღვაწე ექსპერტებისგან. სწორედ ისინი განიხილავენ სამეცნიერო პროექტების გეგმებს. CRE-ის ყოველწლიური ბიუჯეტი 4 მილიონ დოლარზე მეტია. წლების განმავლობაში კომიტეტს დაფინანსებული აქვს 6.400-ზე მეტი პროექტი, რითიც წარმოუდგენლად დიდი წვლილი შეიტანა დედამიწის შესახებ კაცობრიობის ცოდნის გაფართოებაში.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.