ნოტრ-დამი ხანძრის შემდეგ
პარიზის ღვთისმშობლის ლეგენდარული ტაძრის რესტავრაცია პატივს მიაგებს მის შუასაუკუნოვან ფესვებს და ერთ დროს გაკიცხულ არქიტექტორს, რომელმაც ეკლესია 1800-იან წლებში გადაარჩინა.
ნოტრ-დამი ხანძრის შემდეგ
პარიზის ღვთისმშობლის ლეგენდარული ტაძრის რესტავრაცია პატივს მიაგებს მის შუასაუკუნოვან ფესვებს და ერთ დროს გაკიცხულ არქიტექტორს, რომელმაც ეკლესია 1800-იან წლებში გადაარჩინა.
1831 წლის ხანძარმა ნოტრ-დამი დაინდო – სახალხო მღელვარების მონაწილეებმა ჩამოაგდეს ტაძრის თავზე აღმართული რკინის უზარმაზარი ჯვარი, დაამსხვრიეს ფერადი ვიტრაჟები, დალეწეს ქრისტეს და ღვთისმშობლის ქანდაკებები. მათი რეალური სამიზნე კი პარიზის არქიეპისკოპოსი იყო, რომელიც ადგილზე არ დახვდათ და ამიტომ ეკლესიის სამხრეთით, მდინარე სენის ნაპირზე მდებარე მისი სასახლე დაარბიეს. შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. სასახლის ადგილას ახლა 75-მეტრიანი ამწე დგას.
არსებობს იმ 1831 წლის 14 თებერვლის ღამის ამსახველი ნახატი. სენის გაღმა ნაპირიდან დანახული ეს სცენა დახატა ეჟენ-ემანუელ ვიოლე-ლე-დიუკმა – ადამიანმა, რომელიც 13 წლის შემდეგ ტაძრის რესტავრაციის 20-წლიან სამუშაოს ჩაუდგება სათავეში. ვიოლე-ლე-დიუკი იმ დროს ჯერ სულ 17 წლის იყო. მის ნაჩქარევ ჩანახატში სქემატურად დახატული ადამიანები სასახლეს ესევიან და იქიდან გამოზიდულ ავეჯსა თუ ძვირფას ნივთებს მდინარეში ყრიან. უკან კი ნოტრ-დამი დგას, იმ დროისთვის ექვსი საუკუნის.
1980 წელს, ასევე 17 წლის ფილიპ ვილნევმა ვიოლე-ლე-დიუკისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ნახა გრან-პალეში. უკვე იცოდა, რომ არქიტექტორი გამოვიდოდა – ნოტრ-დამის რთულ მაკეტს უკვე აწყობდა – მაგრამ არც იცოდა, რომ ისტორიული შენობების განხრით სპეციალიზაცია შეიძლებოდა. დღეს იგი საფრანგეთის ისტორიული ძეგლების 35 მთავარ არქიტექტორთაგან ერთ-ერთია, ამ პროფესიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი კი ვიოლე-ლე-დიუკი იყო. ვილნევი ნოტრ-დამის რესტავრაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2019 წლის გაზაფხულიდან კი იმავე საქმეს საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. საკათედრო ტაძრის შენობა, რომელსაც ხანძარმა ახადა თავი, როგორც იქნა, სტაბილიზებულია; რეკონსტრუქცია მალე დაიწყება. ვილნევი მისი პროფესიული ცხოვრების ამ მთავარ მისიას მრავალმხრივ უნდა უმადლოდეს თავის მახვილგონიერ წინამორბედს, ვიოლე-ლე-დიუკს.
„ისტორიული ძეგლების რესტავრაცია მან გამოიგონა, – მითხრა ვილნევმა, – ადრე ასე არ იყო. მანამდე უბრალოდ არემონტებდნენ, თანაც თანამედროვეობის შესაბამის სტილში“. ან არც არემონტებდნენ და პირდაპირ ანგრევდნენ.
XIX საუკუნის საფრანგეთში მთავრობამ პირველად შექმნა დაწესებულებები იმ საკითხების სისტემური გაანალიზებისთვის, რომლებიც ყველას გვეხება: წარსულის რა ნაწილი იმსახურებს შენარჩუნებას და შთამომავლობისათვის გადაცემას? რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი წინაპრების ქმნილებების წინაშე, რა ძალას და სტაბილურობას გვანიჭებს მათი არსებობა და პირიქით – როდის გვაწვება წარსული ტვირთად, რომელიც სამომავლო წინსვლასა და ჩვენი საკუთარი სამყაროს შექმნაში გვიშლის ხელს? ამ კითხვას ყველა ჩვენგანი ეჩეხება საკუთარ ცხოვრებასა და საქმეში. თითოეული ჩვენგანის გონებაში არსებობს service des monuments historiques, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, რა დაიტოვოს და რა მოიშოროს, რომელი ცვლილება შემოიტანოს და რომელი – არა. უბრალოდ, ამას ხშირად გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. ასევე, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რად შეიძლება დაგვიჯდეს მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად გვეხება ძველი ნაგებობები, სანამ საფრთხე არ დაემუქრებათ.
თავის დროზე ნოტრ-დამი რევოლუციური იყო. გვიან XII-XIII საუკუნეებში აშენდა, როდესაც საფრანგეთი – სახელმწიფოდ, ხოლო მისი დედაქალაქი პარიზი ევროპის უდიდეს ქალაქად ყალიბდებოდა. ნოტრ-დამი ახალი ფრანგული არქიტექტურის პირველი შედევრი იყო – წაწვეტებული კამარებისა და თაღოვანი კონტრფორსების წყალობით მაღლა აზიდულ კედლებს უზარმაზარი ვიტრაჟები ამშვენებდა და ტაძარში სინათლე უხვად შემოედინებოდა. ეჭვიანმა იტალიელებმა ეს „გოტიკად“ შერაცხეს, რაშიც „ბარბაროსულს“ გულისხმობდნენ. ფრანგულმა სტილმა კი ევროპა მაინც დაიპყრო. ზემოდან დაღვრილი სინათლე ხალხს ღმერთთან სიახლოვის განცდას ანიჭებდა.
ადრეულ XIX საუკუნეში ნოტრ-დამი განსაცდელში აღმოჩნდა. 1789 წლის რევოლუციამდეც კი, ათწლეულების განმავლობაში თავდასხმების სამიზნედ ქცეული და მოუვლელი ტაძარი დანგრევის პირას მივიდა. ვიქტორ ჰიუგო იმდენად აღშფოთებული იყო, რომ მთელი რომანი ამ ტაძრის გარშემო ააგო. „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ 1831 წელს გამოიცა, არქიეპისკოპოსის სასახლის დაწვიდან ერთ თვეში. მთელ საფრანგეთში რევოლუციის დროს აღებული ეკლესიები გაიძარცვა. ჰიუგომ ხელი შეუწყო მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც ამბობდა: „კმარა“. მას ვიოლე-ლე-დიუკიც შეუერთდა.
ნოტრ-დამი მან გადაარჩინა. აღადგინა კონტრფორსები და ვიტრაჟები, ჩაანაცვლა რევოლუციონერების მიერ განადგურებული ქანდაკებები და სხვებიც დაამატა: ყველასათვის საყვარელი გროტესკული დეტალები სწორედ მისი შემოქმედებაა. როდესაც ტაძარს ხის ახალი შპილი (ორიგინალზე 15 მეტრით მაღალი) დაადგა, ქვემოთ, საფეხურებზე მოციქულების უზარმაზარი 12 ქანდაკებაც ჩაამწკრივა. 11 მათგანი ქალაქს გაჰყურებს; მე-12 მოციქულს, „ურწმუნო თომას“, ვიოლე-ლე-დიუკის სახე აქვს და საკუთარ ნახელავს – შპილს შესცქერის. ვიოლე-ლე-დიუკი ურწმუნო იყო, რომელმაც საფრანგეთის უმთავრესი ტაძარი გადაარჩინა.
ეკლესია დღეს ისევ გადასარჩენია. ვილნევის კაბინეტში, სამუშაო მაგიდის წინ, გაკრულია ვიოლე-ლე-დიუკის 1843 წელს დახატული ნოტრ-დამის დასავლეთ ფასადის რეპროდუქცია. ჩარჩოს კუთხეში ჩარჭობილია 2019 წლის ხანძრის დროს დამდნარი სახურავიდან ჩამონაღვენთი ტყვია. ხანძრის ღამიდან მოყოლებული, ვილნევმა მიზნად დაისახა ეკლესია ისე აღედგინა, როგორც ვიოლე-ლე-დიუკმა დატოვა, ტყვიით დაფარული სახურავის და მასიური მუხის კოჭების „ტყის“ ჩათვლით.
„რესტავრატორის რესტავრაციას ვაკეთებთ“, – მითხრა მან.
2019 წლის 15 აპრილს, საღამოს შვიდ საათს წუთები რომ აკლდა, ვილნევი ატლანტისპირა სახლიდან პარიზისაკენ მიმავალ ბოლო სწრაფ მატარებელს შეახტა, მე კი ტაქსიში ვიჯექი და მდინარე სენის მეორე სანაპიროზე გადავდიოდი. ტრანსპორტი მიღოღავდა. ჩემმა ცოლმა ფანჯრიდან გაიხედა და იკითხა: „ნოტრ-დამი იწვის?“ სახურავზე პატარა ნარინჯისფერი ალი ბჟუტავდა. დარწმუნებული ვარ, მალევე ჩააქრობენ-მეთქი, ჩავილაპარაკე. მალევე დავინახეთ, როგორ გაეხვა ხის შპილი ალში.
საფრანგეთში ყველას ახსოვს, სად იყო აპრილის იმ საღამოს, როდესაც ნოტრ-დამი იწვოდა. ფოტოგრაფი ბერნარ ერმანი თავის მანსარდაში იყო, საიდანაც ტაძრის ხედი იშლებოდა. მის წიგნში „პარიზი, 00 კმ“ (ფრანგულ რუკებზე მანძილი იზომება ნოტრ-დამის წინ არსებული ნულოვანი წერტილიდან) თავმოყრილია მისი ფანჯრიდან გადაღებული ფოტოები. „ნოტრ-დამის დრამა ჩემთვის სამყაროს აღსასრული იყო, – მითხრა ერმანმა, – თავზარი დამეცა. ფარდები დავხურე“.
არქიტექტურის ისტორიკოსი ჟან-მიშელ ლენიო იმ დღეს ვერსალის სასახლეში იყო მიღებაზე. სასწრაფოდ გავარდა პარიზში და საკუთარი თვალით იხილა ის დრამატული სცენა. „ხალხი ტიროდა, ლოცულობდა, მუხლს იყრიდა ქუჩაში“, – იხსენებდა იგი.

როდესაც ნოტრ-დამზე პასუხისმგებელმა, კულტურის სამინისტროს კონსერვატორმა, მარი-ელენ დიდიემ მეხანძრეების პერიმეტრი გაიარა, ყველაზე ძვირფასი არტეფაქტები უკვე გამოტანილი იყო და ეზოში ეწყო. „ძველმანების დიდი ბაზრობა გეგონებოდათ“, – მითხრა მან. გვიან, იმავე ღამეს, საგანძურის ნაწილი მან პატარა ფურგონით წაიღო მერიის საცავში. დიდიეს კალთაში ედო ლუი IX წმინდის, XIII საუკუნის მეფისა და ჯვაროსნის ტილოს ტუნიკა, მის უფროსს კი ეკლის გვირგვინი ეჭირა.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში იყო, „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვის ჩასაწერად. სიტყვით გამოსვლა გადადო და ტაძრისკენ გაეშურა. ნოტრ-დამი „ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი წარმოსახვა… ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრი, – განაცხადა მან სატელევიზიო კამერების წინ, – ამ ტაძარს აღვადგენთ, ყველანი ერთად“.
დოროტე შაუი-დერიო, კონსერვატორი, რომელიც პარიზში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს, სახლში იყო და Twitter-იდან შეიტყო ხანძრის ამბავი. მაშინ გააცნობიერა, რომ შვილები არასოდეს ჰყოლია ნოტრ-დამში. იმ წუთში არც უფიქრია, რომ მომდევნო ორ წელს თითქმის ყოველდღე ცარიელ ტაძარში, ნანგრევებში ქექვა მოუწევდა – რომ ნოტრ-დამი არქეოლოგიურ ველად იქცეოდა.
მეტყევეობის ექსპერტი ფილიპ გურმენი იხსენებს: „სისულელე დამემართა და სახლში, ტელევიზორის წინ შემოვრჩი, არადა პარიზში ვცხოვრობ და უნდა მივსულიყავი, საკუთარი თვალით მენახა“. ბრაზმორეული უსმენდა სპეციალისტების მოსაზრებას, რომ ნოტრ-დამის სხვენის ხის ნივნივებს ვეღარასოდეს აღადგენდნენ, რადგან საფრანგეთში საამისო არც მუხის ხეები იყო და არც პრაქტიკული ცოდნა. გურმენი მთელი ქვეყნის ტყეებს მართავს და ღამის 11 საათისთვის, ეროვნული სატყეო სამსახურის თანამშრომელ მეგობართან ერთად, ტელეფონით უკვე გეგმას აწყობდა, როგორ მოეგროვებინა საჭირო ხის მასალა შემოწირულობებით.
დაახლოებით იმავე დროს ვილნევმა ტაძრის ეზოს მიაღწია. ვიოლე-ლე-დიუკის შპილის ჩამონგრევისას იგი მატარებელში იქნებოდა. მომდევნო დღეს, დასავლეთ კოშკზე ამძვრალი, დაზიანებას რომ ათვალიერებდა, სახურავზე ჩამოვარდნილი სპილენძის მამალი შენიშნა, რომელიც მანამდე შპილის კენწეროზე იჯდა. Le Parisien-ში გამოქვეყნდა მოღიმარი არქიტექტორის ფოტო, რომელსაც ეს დაჭყლეტილი ფრინველი მკერდზე აქვს მიკრული.
„ტაძრის ეზოში რომ მივედი, მკვდარი ვიყავი. ახლა კომაში ვარ, – მითხრა მან, – ტაძრის აღდგენით საკუთარ თავსაც აღვადგენ. რომ მორჩება, უკეთესად გავხდები“. სექტემბერში, რეკონსტრუქციის დაწყების წინ, ვილნევმა შპილის ნახაზი მარცხენა ხელზე, იდაყვიდან მაჯამდე, ამოისვირინგა.
1998 წლის ზაფხულში კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნემ, სტივენ მარიმ ნოტრ-დამის სხვენში ამიყვანა. ნათელი დღე იყო, თუმცა იქ მაინც ბნელოდა. როდესაც მუხის კოჭებს შორის დავაბიჯებდი, ფეხქვეშ არსებული კირქვის კამარები რუხი სპილოების ზურგს მაგონებდა. ქვემოთ მყოფს, მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ტაძრის მშენებელთა კულისებში აღმოვჩნდებოდი. ტრანსეპტის და ნავის კვეთაზე ზემოთ ავიხედე და შპილის ჩახლართული ხის ჩონჩხი დავინახე.
გასულ ზაფხულს კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი იქ. მაგრამ ამჯერად – ხარაჩოებიდან ქვემოთ ვუყურებდი ჩამონგრეული შპილის მიერ კამარებში გაჩენილ ორმოს. შპილის წვერმა მეორე ორმო ნავში გააჩინა, მესამე კი ტრანსეპტის ჩრდილოეთ კიდეზე. მუხის „ტყე“ ცეცხლის ალში რომ გაეხვა, ეს ათმეტრიანი სამკუთხა მზიდი კონსტრუქციები, წამწეები, დომინოსავით ჩამოიშალა და კამარებს დაეცა. ნანგრევები ორმოებში ჩაიყარა. დანახშირებული მორები და ქვები მეტრის სისქეზე დახვავდა იატაკზე.
ხანძრიდან რამდენიმე დღეში მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამი 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადისთვის გაიხსნებოდა, თუმცა შაუი-დერიომ და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ ნანგრევების უბრალოდ სწრაფად გატანა არ შეიძლებოდა. ეს კანონით დაცული მემკვიდრეობა იყო და მასალა პროფესიონალებს უნდა დაეხარისხებინათ. როგორც ისტორიული ძეგლების კვლევითი ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ, ტიერი ზიმერმა მითხრა, მათ 34 თანამშრომელი მიავლინეს სამუშაოდ.
რადგან დაზიანებული კამარების ჩამონგრევის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობდა, მეცნიერებმა დისტანციური მართვის რობოტები შეგზავნეს ნარჩენების მოსაგროვებლად, თავად კი გვერდითა ნავში მუშაობდნენ. ტყვიის მტვრისგან დასაცავად რესპირატორები ეკეთათ და რეკონსტრუქციისთვის საჭირო ან ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნარჩენებს ახარისხებდნენ.

„ყველაფერი, რაზეც აქამდე ხელი არ მიგვიწვდებოდა, ახლა, სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ აღმოჩნდა“, – მითხრა ზიმერმა. ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ ტაძრისა და იმ პერიოდის შესახებ მეტი გვეცოდინება.
ნანგრევების დახარისხებას, გაზიდვას და დასაწყობებას ორი წელი დასჭირდა. ყველაფერი შარლ დეგოლის აეროპორტის მახლობლად, 2500 კვ.-მეტრიან სივრცეში, 6 მეტრი სიმაღლის თაროებზეა მოთავსებული. ხის ნაფოტები, ქვის ნატეხები, მტვერი და ფერფლი – ყველაფერი ასობით კონტეინერშია დაცული. შაუი-დერიოს სიტყვებით, ეს დამქანცველი, მაგრამ, ამავდროულად, მაცოცხლებელი სამუშაო იყო, ისეთი თავგადასავალი, რომელსაც, ალბათ, ვეღარ გამოცდის.
ნოტრ-დამის იატაკის დასუფთავების პარალელურად, კედლებს და კამარებს გამაგრება სჭირდებოდა. საინჟინრო დასკვნის თანახმად, ტყვიის გადახურვისა და ხის კოჭების სიმძიმით შეკვრის გარეშე, კედლები ქარის წინაშე შემაშფოთებლად დაუცველი იყო. 90 კმ/სთ სიჩქარის ქარსაც თავისუფლად შეეძლო დაენგრია. 2019 წლიდან 2021-ის ზაფხულის ჩათვლით, დურგლებმა თაღოვან კონტრფორსებს და რამდენიმე კამარას სპეციალურად მორგებული, მრავალტონიანი ხის ხარაჩოები შეუყენეს გასამაგრებლად. ამასობაში ძველ ლითონის ხარაჩოებს ნაწილ-ნაწილ შლიდნენ – იმას, რომელიც ხანძრამდე შპილის შესაკეთებლად ისედაც ჰქონდათ აწყობილი. მისი ჩამონგრევა დამატებით დაზიანებას გამოიწვევდა.

2020 წლის გაზაფხულზე სამუშაოები კოვიდის გამო ორი თვით შეწყდა. სამუშაო 2019 წელსაც იყო 6 კვირით შეჩერებული ტყვიის მტვრის საყოველთაო გავრცელების გამო. შრომის ინსპექტორებმა დაასკვნეს, რომ პირველადი უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული. მას შემდეგ ობიექტი გაყოფილია სუფთა და დაბინძურებულ ველებად და საზღვარი გადის საშხაპეზე, რომელიც მომსახურე პერსონალის გასახდელის ფუნქციის მქონე კონტეინერშია. როგორც ამბობენ, მუშები ყოველი საზღვრის კვეთის დროს სრულად შიშვლდებიან, დამცავ ტანსაცმელს იცვამენ და ისე შედიან სამუშაოდ. იქიდან გამოსულები კი თავიდან ბოლომდე ბანაობენ და მხოლოდ ასე ტოვებენ ტერიტორიას – ლანჩზე გასვლის დროსაც კი. ვიზიტორებიც – მათ შორის, მაკრონი – ამ პროცედურას გადიან. ერთჯერადი საცვლები და კომბინეზონები უზრუნველყოფილია.
ჟან-ლუი ჟორჟლენი ერთი პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი იყო და კიდევ ერთის – სამხედრო შტაბის თავმჯდომარე. მაკრონმა მას ნოტრ-დამი ორი რამის გამო ანდო: გენერალი მორწმუნე კათოლიკეა (ზეპირად იცის ფსალმუნები ლათინურად) და პოლიტიკური ცოდნა და წონაც აქვს, რომ საკათედრო ტაძარი 2024 წლისთვის გახსნას. ამისთვის ფრანგულ ბიუროკრატიაში აქვს გზა გასაკვლევი. ჟორჟლენი საჯარო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომელიც კონკრეტულად ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის შეიქმნა, შეწირულობათა მეშვეობით შეგროვილი 840 მილიონი ევროთი; მათ შორის 30 მილიონი ამერიკელი დონორებისგანაა.
რესტავრაციის პროექტებს, როგორც წესი, კულტურის სამინისტრო მართავს და ამ წრიდან ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ გენერლის ჩართულობა უცნაურია, ხოლო ვადა 2024 წლამდე – არარეალისტური. ასეა? ვკითხე ჟორჟლენს. მან მხიარულად აარიდა თავი პასუხს.
„როგორც ვხედავ, ბატონო, თქვენც იმ ადამიანებმა მოგწამლეს, ვინც ფიქრობს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს ნოტრ-დამის რეკონსტრუქციაში, – დასჭექა მან, – თქვენ სიზანტის პარტიამ მოგწამლათ“. ჟორჟლენი კეთილგანწყობილი კაცია, მოწოდებით ლიდერი, რომელიც ომახიანი ხმით, სატირულად წარმოთქმული ფორმალური ფრაზებით გაწყვეტინებთ ლაპარაკს და თან გიღიმით, რადგან ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს.
ჟორჟლენის სიტყვებით, ტაძრისადმი მიყენებული ზიანი ძლიერია, მაგრამ შეზღუდულ ფართობზე. მეც თვალში მომხვდა ის, თუ რაოდენ ხელუხლებელი იყო დიდი ნაწილი და მარი-ელენ დიდიესაც, რომელიც ხანძრის მეორე დღესვე მივიდა ტაძრის სანახავად. „არაფერი განადგურებულა!“ – ანუ არც ერთი ძვირფასი ხელოვნების ნიმუში. თანამედროვე საკურთხეველი დალეწილი იყო, მაგრამ პარიზის ღვთისმშობლის XIV საუკუნის ქანდაკება, ერთი მეტრის მოშორებით, უვნებლად იდგა. ძეგლთა დაცვის ლაბორატორიის ვიტრაჟების სპეციალისტმა, კლოდინ ლუაზელმა მითხრა, რომ მხოლოდ რამდენიმე მინა ჩამოცვივდა სამი პატარა პანელიდან. დანარჩენებს არაფერი სჭირდა.
მთლიანობაში, ტაძარმა დაკარგა შპილი, სახურავი და ნივნივები, ასევე რამდენიმე ქვის კამარა. ბევრია, მაგრამ იმდენი არა, რომ 2024 წლამდე ვერ შეკეთდეს – ასე თქვა ჟორჟლენმა.

ტყვიის მტვრისაგან დასაცავად რესპირატორებით აღჭურვილი ტექნიკოსები ორმოს გარშემო ბათქაშით ამაგრებენ მოშვებულ ქვებს. 760 გრადუსამდე გავარვარებულმა ცეცხლმა 60 სმ სისქის კირქვის კედლებში შეაღწია, რამდენიმე სანტიმეტრი ჩამოათალა და შიდა ბზარებიც გააჩინა. ზოგიერთი ქვა გამოსაცვლელი იქნება.
ჩემი რესპონდენტების უმრავლესობისგან განსხვავებით, ხანძრამდე ჟორჟლენი ხანდახან ესწრებოდა ხოლმე მესას ნოტრ-დამში. იმ ავბედით საღამოს გენერალი შინ იყო, პარიზში; ისიც ტელევიზორს უყურებდა და ტიროდა, „როგორც ყველა“. ესმოდა, როგორ მოთქვამდა ხალხი, რომ ნოტრ-დამის რესტავრაციას ვეღარ მოესწრებოდნენ. ჟორჟლენის სიტყვებით, ამიტომაც იყო საჭირო პრეზიდენტის მიერ ერისთვის პირობის მიცემა და თანაც ხუთწლიანი ვადა რომ არ დაეწესებინა მაკრონს, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები საქმეს 15 წლამდე გაწელავდნენ. თქვა და ჭერისკენ მიმართული მზერით, უმელოდიო სტვენა გამოსცა – ღრუბლებში ფრენით დროის უქმად კარგვის საილუსტრაციოდ.
„რაც შეეხება ისტორიული ძეგლების მთავარ არქიტექტორს… უკვე არაერთხელ ავუხსენი და კიდევ გავუმეორებ… რომ ჯობს, მოკეტოს“. ასე ახსენა ჟორჟლენმა ფილიპ ვილნევი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წინაშე, 2019 წლის ნოემბერში.
ამ ორი ადამიანის დაპირისპირება, ალბათ, გარდაუვალი იყო. ჟორჟლენს ორბორტიანი პიჯაკები და შარვალი აცვია, სათვალიანი ვილნევი კი ჯინსებსა და გასაუთოებელ ქურთუკშია გამოწყობილი. ჟორჟლენი მიჩვეულია, რომ საქმეებს შელაპარაკების გარეშე აგვარებს. მთავარი არქიტექტორი ვილნევი კი ძალიან ემოციური კაცია, რომელმაც კრიზისი პერსონალურ ტრაგედიად აქცია და ეს ტრაგედია პირდაპირი გაგებით სხეულზე ამოიკაწრა.
ვილნევისთვის მსგავსი უბედურება უცხო არ არის. „ჩემს კარიერას ხანძარი თან სდევს“, – მითხრა მან. როდესაც იგი 1998 წელს ისტორიული ძეგლების მთავარ არქიტექტორად დააწინაურეს, ვილნევმა იმავე დღეს შეიტყო, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ შუა საუკუნეების ერთ-ერთ ეკლესიას მეხი დაეცა და ალში გაეხვა. ნოტრ-დამში რომ გაჩნდა ხანძარი, მაშინ ვილნევი სხვა დიდი პროექტით იყო დაკავებული: ლა-როშელის XV საუკუნის მერიის შენობა, რომელიც რესტავრაციის დროს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ეს 2013 წელს მოხდა, ვილნევისთვის ნოტრ-დამის რესტავრაციის ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე.
არ გამოვლენილა არც ერთი სამხილი, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოებს დაუკავშირებდა გაჩენილ ხანძრებს. პარიზის პოლიციას არ გამოუქვეყნებია ნოტრ-დამის გამოძიების დასკვნა; მთავარ ეჭვმიტანილად მოკლე ჩართვა მიიჩნევა, თუმცა ვილნევი მაინც ვალდებულად თვლის თავს, ეს ტრაგედია გამოისყიდოს.

„ის მოწოდების სიმაღლეზეა“, – ამბობს ჟაკ მულენი, მთავარი არქიტექტორი, რომელიც ახლომდებარე სენ-დენის ბაზილიკას უტარებს რესტავრაციას. „მან საკუთარ თავს აჯობა. ეს იშვიათი უნარია“. თუმცა პრეზიდენტთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ამის გამო.
ხანძრის შემდეგ, მაკრონმა საჯაროდ წაახალისა ნოტრ-დამში არქიტექტურული სიახლის შეტანა და „თანამედროვე ჟესტად“ მოიხსენია. „ჩვენ უნდა ვენდოთ თანამედროვეობის მშენებლებს, – განაცხადა მან, – და უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის“. მშენებლებმა ეს მიმართვა ხალისით აიტაცეს და პარიზს მთელი მსოფლიოდან მოაწყდა შემოთავაზებების ნაკადი: ნაირნაირი მინის ჭერი, ბროლის და მანათობელი შპილი, სახურავზე განლაგებული სათბური თუ საცურაო აუზი…
ვილნევის ნება რომ ყოფილიყო, ამ გაუგებრობას ჩანასახშივე აღმოფხვრიდა. როგორც თავად თქვა, თანამედროვე შპილის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებდა. სწორედ ამ დროს სცადა ჟორჟლენმა მისი გაჩუმება – ცოტა უხეშად, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი, გიჟური პროექტების შემოთავაზებებმა ვილნევის პოზიცია გაამყარა; ყველა თანხმდებოდა, რომ ტაძრის სახურავზე აუზი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. 2020 წლის ზაფხულში გენერალმა, პრეზიდენტმა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიამ ერთხმად დაამტკიცეს ვილნევის გეგმა. ნოტრ-დამი „ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი სახით“ უნდა აღდგენილიყო – ისე, როგორც ვიოლე-ლე-დიუკმა დატოვა.
ორთოდოქსულმა პოზიციამ გაიმარჯვა: ფრანგი რესტავრატორები, როგორც წესი, უკანასკნელ ცნობილ სახეს უბრუნებენ ძეგლებს. 1964 წელს სპეციალისტების საერთაშორისო კონფერენციაზე შედგენილი ვენეციის ქარტიის თანახმად, ისტორიული რესტავრაციის საბოლოო მიზანია არა ყველაზე ლამაზი შენობის მიღება, არამედ ყველაზე „ავთენტიკურის“ – ისეთის, რომელიც ისტორიის ყველა შრეს ინახავს. ეს იმპულსი აკადემიურად ჟღერს, თუმცა ემოციურიც არის. იდენტურის აშენება, განსაკუთრებით უბედური შემთხვევის შემდეგ, „ძლიერი სიმბოლური დატვირთვის აქტია; კათარზისის მომტანი აქტი“, – ამბობს ისტორიკოსი ლენიო. „ეს დატირების ერთადერთი საშუალებაა. დატირება ძალიან მნიშვნელოვანია“.
ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ვიოლე-ლე-დიუკს ეს შეზღუდვა არ ჰქონია (განსაკუთრებით მეწყვილის, ჟან-ბატისტ ლასუსის გარდაცვალების შემდეგ, მარტო მისი გადასაწყვეტი რომ იყო). მისი მიზანი არა ნოტრ-დამის ზუსტად აღდგენა, არამედ იდეალური საკათედრო ტაძრის აგება იყო. მან ძირფესვიანად გადააკეთა რამდენიმე კედელი, რადგან არ მოსწონდა XIII საუკუნეში შეტანილი ცვლილებები. XVIII საუკუნის სალარო დაანგრია და ნეოგოტიკურით ჩაანაცვლა. გოტიკურ არქიტექტურას მიბაძვით მიაგებდა პატივს – და ყველა თანხმდება, რომ საკუთარ თავს აჯობა მისი აგებული შპილით; რასაც სხვა სიახლეებზე მაინცდამაინც ვერ ვიტყვით.
მისი სიკვდილიდან მთელი საუკუნის განმავლობაში ვიოლე-ლე-დიუკს ლანძღავდნენ. „ბავშვობაში, არქიტექტურის სასწავლებელში, ვიოლე-ლე-დიუკის რესტავრაცია სრულ დომხლად მიიჩნეოდა“, – იხსენებს მულენი. ნოტრ-დამის 24 ეკვდერის კედლები მოხატა. 1970-იან წლებში 12 მათგანი მთლიანად ჩამოფხიკეს და ქვის კედლები გააშიშვლეს. სწორედ იმ დროს იწყება დიდებული ადამიანის რეპუტაციის აღდგენის პროცესი. 1980 წელს, 17 წლის ვილნევის მიერ ნანახი გამოფენა კი გარდამტეხი მომენტი იყო. „ეშმაკისეული ვიოლე-ლე-დიუკი, უცებ, პრაქტიკულად, წმინდანად გადაიქცა“, – ამბობს მულენი.
დღეს ფრანგ რესტავრატორთა უმეტესობას აზრადაც არ მოუვა ვიოლე-ლე-დიუკის ნამუშევრის გადაკეთება, მულენი კი თვლის, რომ ეს დასანანია. ისტორიის შენარჩუნებასაც ემხრობა, მაგრამ ძეგლის უცვლელად შენარჩუნებას მისი ისტორიის დასასრულად, „სიკვდილის ტოლფასად“ მიიჩნევს. თანაც არ ესმის, ტაძრის სახურავი თუ დაგეწვა, ნივნივი ისევ ხისგან რაღატომ უნდა ააშენო.
მისი ეს არგუმენტი მოისმინეს, მაგრამ არ გაიზიარეს ნოტრ-დამში. „ტყეს“ და შპილს მაინც ხისგან ააგებენ, თუმცა ამჯერად მეტი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით. დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობენ.
2019 წელს, მუხის ნივნივებში გაჩაღებული ცეცხლი 760 გრადუსს ნამდვილად გადააჭარბებდა, ასე რომ მიმდებარე კირქვის კედლებსაც წაეკიდა და რამდენიმე კამარის ბოლოშიც ააღწია. ძეგლთა დაცვის ლაბორატორიის სპეციალისტებმა – გეოლოგმა ლიზ კადო-ლერუმ და კონსერვატორმა ჟან-დიდიე მერცმა – თოკებით ცოცვის წვრთნა გაიარეს, რომ დაზიანებული ქვის კედლები შეესწავლათ. მერცმა მაჩვენა 60 სმ სისქის კედლებიდან ამოჭრილი კერნი – ქვის 30 სმ-იანი ცილინდრული ნიმუშები. ზოგი ქვის ზედაპირი დაფშვნილა, შიგნით ნაპრალები წარმოქმნილა და ზედაპირიდან 12 სანტიმეტრიც კი ჩამოშლილა. თუმცა უმეტესობას საკმარისი სისქე შეუნარჩუნებია, რომ თავისი საქმე შეესრულებინა. მერცმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ნაპრალების კირის ნაზავით ამოქოლვის მეთოდი. ქვის ლოდების ჩასანაცვლებლად გამოსადეგ მასალას კი მეცნიერები პარიზის ჩრდილოეთში ეძებენ – იქ, სადაც შუა საუკუნეებში ქვის კარიერები იყო.
460 ტონა ტყვია, რომლითაც სახურავი და შპილი იყო დაფარული, პირდაპირ გადნა და ეკლესიაში „ჩამოწვიმა“, იქ არსებული ტემპერატურა კი იმდენად მაღალი იყო, რომ ტყვიის ნაწილაკები კვამლთან ერთად გაიფრქვა ჰაერში. იმ ღამით ტყვიის შესუნთქვის საშიშროება, როგორც ექიმმა ტოქსიკოლოგმა ჟერომ ლანგრანმა თქვა, „უმნიშვნელო“ იყო (უშუალოდ ცეცხლთან თუ არ იდექით). ტყვიასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე ისაა, რომ დროთა განმავლობაში ის უნებლიედ ხვდება ადამიანის სხეულში, განსაკუთრებით ბავშვების ორგანიზმში, რომლებიც ტყვიით დაბინძურებულ მიწას ეხებიან პარკებსა და სათამაშო მოედნებზე. ტყვია სახლის მტვერშიც ხვდება. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერის, ალექსანდერ ვან გინის შეფასებით – რომელმაც პარიზი შემოიარა და მიწის ნიმუშები შეკრიბა – ეკლესიის გარშემო ერთი კილომეტრის რადიუსში დაახლოებით ერთი ტონა ტყვია დაილექა.
თუმცა, როგორც ლანგრანი ამბობს, არ დასტურდება, რომ ამას რამე საგულისხმო ხარისხის მოწამვლა გამოეწვია. მიმდებარე ტერიტორიაზე მან კოლეგებთან ერთად 1200 ბავშვს ჩაუტარა სისხლის ანალიზი და 1%-ზე ოდნავ მეტში დააფიქსირა ტყვიის კონცენტრაციის „საყურადღებო დონე“ – ეს მაჩვენებელი კი საფრანგეთის მთლიანი მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელს ემთხვევა (და გაცილებით მცირეა, ვიდრე აშშ-ში). გარდა ამისა, კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ბავშვებს მუდმივი შეხება ჰქონდათ ტყვიის სხვა წყაროებთან. მაგალითად, პარიზის მრავალ აივანს აქვს ტყვიის იატაკი.
და მაინც, სისხლში ტყვიის ვერანაირი შემცველობა ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ; ტყვიის სახურავები კი გარემოს აბინძურებს როგორც წვიმის, ისე მასზე მუშაობის დროს. 2021 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო მრჩეველთა საბჭომ, რომლის წევრი ლანგრანიც იყო, რეკომენდაცია გასცა, რომ საფრანგეთში ახალი შენობების ტყვიით გადახურვა აეკრძალათ და ისტორიული რესტავრაციის შემთხვევაშიც ალტერნატივა მოეძებნათ. პარიზის საკრებულომ იმ დროს ხმა მისცა მოთხოვნას, რომ ნოტრ-დამი ტყვიით არ გადაეხურათ.
ამას ვილნევის განზრახვაზე არ უმოქმედია. ისიც და ჟორჟლენიც ამტკიცებდნენ, რომ ნოტრ-დამის ტყვიის სახურავი საშიში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბავშვები ზედ აძვრებიან და ალოკავენ.
„ტყვია ამ მშენებლობის აბსოლუტურად განუყოფელი ელემენტია“, – აცხადებდა ვილნევი. დიახ, შარტრის საკათედრო ტაძრის სახურავი სპილენძისაა, მაგრამ სპილენძი მწვანე ფერს იძენს, პარიზის სახურავები კი რუხია. უმეტესობა თუთიისაა, მაგრამ მხოლოდ ტყვიით შეიძლება ნოტრ-დამის შპილისა და ქანდაკებების აღდგენა. ტყვიით არის გადახურული პარიზის პანთეონი, ინვალიდთა სახლი და სხვა ძეგლები – ამბობს ვილნევი – „ამ ტყვიის მოწინააღმდეგე ფუნდამენტალისტების სიგიჟეს“ რაღა კათედრალი უნდა შევწიროთ? ახალი სახურავიდან ჩამონადენი წვიმის წყალი შეგროვდება და გაიფილტრება.
ვილნევი ხის ნივნივების სრული სიზუსტით აღდგენას აპირებს. ის ორი ნაწილისაგან შედგება. როდესაც ვიოლე-ლე-დიუკმა ხელახლა ააშენა შპილი, მან ტრანსეპტის ნივნივები ინდუსტრიულ სამხერხაოში დაჭრილი ხის კოჭებით ააგო. ვილნევიც იმავეს გააკეთებს. გასულ ზამთარში გორმენი ხელმძღვანელობდა მთელი საფრანგეთიდან შემოწირული 1200 ძირი მუხის შეგროვებას. მათ შორის ყველაზე დიდი და ხანდაზმული ხეები საფრანგეთის რევოლუციამდე იყო დარგული. სამეფო სატყეო სამსახური სამხედრო-საზღვაო ფლოტს ხომალდის ანძებით ამარაგებდა. სწორედ ამ ხეებს დაეყრდნობა ახალი შპილი.
ნავის და პატრონიკეს ნივნივები კი მეტწილად XIII საუკუნისა იყო შენარჩუნებული. 2020 წლის სექტემბერში ჯგუფმა სახელწოდებით „დურგლები საზღვრების გარეშე“ ერთ-ერთი სამკუთხა წამწე ააგო ტაძრის წინ იმის სადემონსტრაციოდ, რომ შუასაუკუნოვანი მეთოდით ნივნივების აგება შესაძლებელია. ამ ჯგუფის დამაარსებელი, ეთნოლოგი და დურგალი ფრანსუა კალამი, ახლა უკვე ნორმანდიაში გამოფენილი იმ წამწის სანახავად გამიძღვა. წამწე ათიოდე ძელისაგან შედგება – თითოეული მათგანის სიგანე 30 სმ-ს არ აღემატება და ერთადერთი მუხიდან არის ხელით გამოთლილი. ნოტრ-დამის წამწეებმა 800 წელზე მეტხანს გაძლეს, სანამ იღბალი უმტყუნებდათ.
კალამმა მანქანის საბარგულიდან მისი რჩეული იარაღი ამოიღო: დოლუარი – ფართოპირიანი ცული. ოსტატურად დაჰკრა მორს და მე მომასინჯინა. თან გამაფრთხილა, რომ არასწორად მოქნევის შემთხვევაში იარაღის ბასრ პირს სერიოზული ჭრილობის მიყენება შეეძლო.
კალამი თვლის, რომ ისტორიული რესტავრაცია, დაზიანებული ნაგებობების გარდა, მივიწყებული ოსტატობის აღდგენასაც უნდა გულისხმობდეს – და არა მხოლოდ დურგლების სასარგებლოდ. ნოტრ-დამის „ტყე“ მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას იმიტომ ახდენდა, რომ მისი შემქმნელი ოსტატების გზავნილი საუკუნეების მანძილზე ვრცელდებოდა.
„ნივნივები 800 წლის იყო. და აღარ არის. თუმცა მგონია, იმავე მასალითა და იმავე მეთოდით თუ აღვადგენთ, ამ გზავნილს ისევ გავავრცელებთ, – მითხრა კალამმა, – თავად იგრძნობთ“.
დურგლების ჯგუფის ნამუშევარმა ვილნევზე შთაბეჭდილება მოახდინა. გადაწყვიტა, რომ დროის დასაზოგად აჯობებდა, მორები ნავისა და პატრონიკესთვის სამხერხაოში დაეჭრათ, მაგრამ საბოლოოდ კოჭები იმ ძველებური ცულებით დაემუშავებინათ. ჯერ მაინც შპილია ასაშენებელი. ვიოლე ლე-დიუკს კამაროვან გადახურვაში ორმოს ამოჭრა დასჭირდა, შიგნიდან რომ აეშენებინა შპილი. ვილნევი კი წინაა – ორმო უკვე არის.
მორის დე სიული, პარიზის ეპისკოპოსი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნოტრ-დამის მშენებლობას 1163 წელს – გლეხის ოჯახში დაიბადა. ტაძრის შპილი ზეცისაკენ რომ მიიწევდა, სიულის მიწიერი ზრახვებიც ამოძრავება: ძალაუფლების დემონსტრირება მეტოქეებისა და მეფისთვის. არქიეპისკოპოსის სასახლის კოშკი ქონგურებიან ციხესიმაგრეს ჰგავდა, კათედრალის დასავლეთი ფასადი კი მასზე დიდი იყო.

„შუა საუკუნეების ქალაქში ის აბსოლუტურად ყველაფერს ჩრდილავდა“, – მითხრა ბერნარ ფონკერნიმ, რომელიც 1990-იან წლებში მთავარი არქიტექტორის რანგში ხელმძღვანელობდა რესტავრაციას – აშორებდა წლების განმავლობაში ჩამჯდარ მანქანების გამონაბოლქვს და მტრედების ექსკრემენტებს. იმ დროს საფრანგეთში ვცხოვრობდი და მახსოვს ტაძრის ხელახალი გამობრწყინება.
საკათედრო ტაძრის მშენებლობა მეტწილად რიგითი ადამიანების შემოწირულობებით დაფინანსდა, მითხრა სორბონის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნე დანი სანდონმა. იმდროინდელი ღვთისმსახურება დიდად განსხვავდებოდა დღევანდელი კათოლიკური მესისგან. მაშინ ტაძარში ნავის სივრცეში სკამები არ იყო და არეულად მოძრავი მლოცველები ვერც ხედავდნენ და ძლივს ესმოდათ ის, რასაც კედელს მიღმა, პატრონიკეში მყოფი კანონიკეები დღეში რვაჯერ კითხულობდნენ.
ამის მიუხედავად, რიგითი ადამიანები აწყდებოდნენ ნოტრ-დამს. ზოგჯერ საკურთხევლის წინ, იატაკზე ეძინათ და სნეულებათაგან განკურნებაზე ოცნებობდნენ. კათოლიკური სარწმუნოება იმ დროს ფრანგებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. დღეს – აღარ.
„ნოტრ-დამი მუზეუმი არ არის“, – დაჟინებით ამბობდა საკათედრო ტაძრის რექტორი, პატრიკ შოვე. ხანძრამდე კვირის მესას 3000 ადამიანი ესწრებოდა ხოლმე და 10-12 მილიონი ტურისტი სტუმრობდა წელიწადში. დიდ ნაწილს ქრისტიანობისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. „როგორ უნდა ეზიარონ ისინი ამ ადგილის მადლს?“ – კითხვა დასვა შოვემ. „როგორ შეიძლება ამ ადგილის მშვენიერებამ, სულ ცოტა, დააფიქროს მაინც თავიანთი ცხოვრების მნიშვნელობაზე?“
მისივე თქმით, გეგმა ასეთია: უნდა შეიცვალოს სტუმრების მარშრუტი. ტაძარი რომ გაიხსნება, სტუმრებს ისეთი მიმართულებით გაუძღვებიან, რომ ჯერ ძველი აღთქმა შეხვდეთ, შემდეგ კი ახალი და „თანმიმდევრულად ეზიარონ ღმერთის საიდუმლოებას“, – მითხრა შოვემ.
გამოვა? უზარმაზარი სარესტავრაციო ბიუჯეტის წყალობით, ტაძარი, სულ ცოტა, თვალისმომჭრელი მაინც იქნება. სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივ ათწლეულები გაიწელებოდა, გეგმის თანახმად, მომდევნო სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. გასუფთავდება ეკლესიის შიგნით ყველაფერი, ნახატებისა და ვიტრაჟების ჩათვლით. თუ ჟორჟლენი მართალია, რომ „გოტიკური არქიტექტურის მშვენიერება ღმერთის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა“, მაშინ ღმერთი არ მიატოვებს საფრანგეთს. ეს ხანძარი ამაო არ იქნებოდა.
აპრილის იმ საღამოს ჩემი მეუღლე და მე პარიზში პირველად ჩამოსულ ჩვენს ძველ მეგობრებთან ერთად ვიყავით. ვახშმის შემდეგ მარჯვენა სანაპიროდან შინ, მარცხენა სანაპიროზე დასაბრუნებლად ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ. მდინარე სენის გაყოლებაზე ხალხი ჩამწკრივებულიყო და ალში გახვეულ ნოტრ-დამს უყურებდა. კუნძულ სენ-ლუის გადაკვეთისას სახანძრო შლანგს გადავაბიჯეთ, რომელსაც მეხანძრეები მდინარიდან წყლის ამოსატუმბად შლიდნენ. ტურნელის ხიდზე იმპროვიზებულ გუნდთან შევჩერდით, რომელიც ღვთისმშობლის ტაძარს უგალობდა. სენიდან ნოტრ-დამის ხედით უამრავჯერ დავმტკბარვარ. ვერ წარმომიდგენია, რა იქნებოდა მის გარეშე. „მშვენიერი იყო. უნდა აღინიშნოს ცეცხლის მშვენიერება“, – მითხრა ლენიომ. „დიდებული იყო. თუმცა მშვენიერებას სიმახინჯე ცვლის. შემდეგ მხოლოდ ნანგრევები რჩება. ჯერ კუპრია, წყვდიადი, სიკვდილი“… მანამ, სანამ ის მკვდრეთით აღდგება. და ასეც იქნება.
პარიზში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ტომას ვან ჰუტრივმა თავისი XIX საუკუნის ფოტოაპარატით შეისწავლა დასავლეთ ამერიკის ფარული ისტორია, რომელიც წიგნად გამოიცა. გარემოს საკითხების რედაქტორი რობერტ კუნციგი საფრანგეთში 12 წელი ცხოვრობდა.