
ნოველისიმოსი შენაქოდან
ნიშტაყოს ბორცვზე, ერთ-ერთ სალოცავზე, დაზვერვითი სამუშაოების დროს, ვერცხლის მონეტა აღმოჩნდა
1975 წელს თუშეთში, შენაქოში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა რუსუდან დოლაბერიძის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიცია მოაწყო. ნიშტაყოს ბორცვზე, ერთ-ერთ სალოცავზე, დაზვერვითი სამუშაოების დროს, ვერცხლის მონეტა აღმოჩნდა. მონეტა ბაგრატ IV-ს (1027-1072) ეკუთვნოდა. მონეტაზე მეფე ბაგრატი ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით – ნოველისიმოსით იყო მოხსენიე-ბული. ეს უნიკალური აღმოჩენა იყო, რადგან მსგავსი ფული საქართველოში არც მანამდე და არც შემდეგ არ უპოვიათ. მონეტა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მსოფლიოში მისი მსგავსი მხოლოდ ორი ეგზემპლარი არსებობს: ერთი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მეორე კი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში. საინტერესოა, რომ XI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში არაბული დირჰემი დომინირებდა; თუშეთში აღმოჩენილი მონეტა კი, ქართულ-ბიზანტიურ ტიპს მიეკუთვნებოდა, რომელიც მხოლოდ დასავლეთ საქართველოში იყო მიმოქცევაში და სწორედ ამიტომაა აღმოსავლეთში მისი პოვნა საინტერესო. თუშეთის სალოცავში ამ მონეტის მოხვედრა, სავარაუდოდ, რაღაც რიტუალს უკავშირდებოდა. მონეტა ხალხის ცნობიერებაში საკრალური ნივთი იყო, რომელსაც მაგიურ ძალას მიაწერდნენ და ტრადიციული წეს-ჩვეულების თანამდევ ატრიბუტად იყენებდნენ. ხშირად მონეტებს ეკლესიებსა და სალოცავებს სწირავდნენ. ეკლესიისთვის შეწირული განძი ხელშეუხებელი იყო. ამ ტრადიციის დამსახურებით, ბაგრატ IV-ს იშვიათი მონეტა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. როგორც ეთნოლოგი მანანა ხიზანიშვილი ამბობს, „მონეტას, სარიტუალო ფუნქციის გარდა, უტილიტარული დანიშნულებაც ჰქონდა. კერძოდ კი, ადამიანები მას, როგორც სამოსის მოსართავ სამშვენისს, ისე მოიხმარდნენ. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მონეტებს გა-მოყენებით ხელოვნებასა და საიუველირო საქმეშიც აქტიურად იყენებდნენ“.