საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიადა ბოლოს ზუსტად ასი წლის წინ გაიმართა და იმ დროს სენაში ცურვა უკვე აკრძალული იყო. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება პარიზმა დიდწილად იმ პირობით მოიპოვა, რომ მდინარე სენას გაწმენდდა და ცურვის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრებას იქ ჩაატარებდა. ვრცელი სტატია „მდინარე სენის რენესანსი“ ამ ამბიციურ პროექტზე მოგითხრობთ.
ათასგვარი ურბანული სიბინძურით გაჯერებული მდინარის „ოლიმპიურ აუზად“ ტრანსფორმირების გზაზე პროგრესი თვალსაჩინოა – შარშან მან უკვე უმასპინძლა ტრიათლონის სატესტო ღონისძიებას (ფოტო ზემოთ) – თუმცა სკეპტიციზმის მიზეზი კვლავ არსებობს; თუ წყალი სათანადოდ სუფთა არ იქნება, დაგეგმილი ასპარეზობები შეიძლება გადაიდოს ან გაუქმდეს.
XXXIII ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია პარიზში, მდინარე სენაზე, 26 ივლისს არის დაგეგმილი. მე ამ ნომრის რედაქტორის სვეტს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფი ვწერ, ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თქვენ კი, ვინც ამ ტექსტს კითხულობთ, უკვე გეცოდინებათ – შეასრულა პარიზმა დადებული პირობა? აქვე, National Geographic – საქართველოს სახელით წარმატებას ვუსურვებ ქართველ ოლიმპიელებს!
P.S. იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ყველაზე სპორტული ადამიანები ერთმანეთს პარიზში შეეჯიბრებიან, ჟურნალის გარეკანზე გამოსახულ სიფრიფანა მწერებს – მექსიკიდან კანადის მიმართულებით გადამფრენ მონარქებს – თავიანთი ულტრამარათონის ფინიშის ხაზი უკვე გადაკვეთილი ექნებათ.