
ოპერის თეატრი
1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძრის შედეგად ერთ დღეში განადგურდა ტფილისის პირველი საოპერო თეატრი.
პირველი საოპერო თეატრის დაარსების იდეა ტფილისში მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვს ეკუთვნოდა, პროექტი კი – იტალიელ არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის. მისი მშენებლობა ტფილისელი მეცენატის – გაბრიელ თამამშევის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შენობა 23 წლის განმავლობაში მასპინძლობდა თეატრისა და ოპერის მოყვარულებს, მაგრამ 1874 წლის 11 ოქტომბერს ერთ დღეში გაანადგურა ხანძარმა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თეატრის დეკორაციების, გაგარინის მიერ მოხატული კედლების, საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ბროლის ჭაღის, რეკვიზიტებისა და მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენა – შენობის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით, ტფილისელთა თხოვნით, ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა გადაწყდა და არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა. მასში ვიქტორ შრეტერის პროექტმა გაიმარჯვა. შენობის გეგმის „პროტოტიპად“ რიხარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.
ახალი ოპერის, იმავე „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა გოლოვინის პროსპექტზე, სახელმწიფოს ხარჯით 1880 წელს დაიწყო და 16 წელს გაგრძელდა. ფსევდომავრიტანული სტილით ნაგები შენობა, რომლის ფასადიცა და ინტერიერიც არაჩვეულებრივი მორთულობით გამოირჩეოდა, იმ დროისთვის თანამედროვე ელემენტებით – ელექტრონული განათებითა და ორთქლის გათბობის სისტემით იყო აღჭურვილი, რომელსაც აქ წარმოდგენილ ფოტოზე ხედავთ. საბოლოოდ, 1896 წლის 3 ნოემბერს ახალი თეატრი საზეიმოდ გაიხსნა მ. გლინკას ოპერით „ივან სუსანინი“.