
ოქრო ბავშვების სიცოცხლის ფასად!
ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაოთხმაგდა, მაგრამ აქაურობას განვითარებისა და გამდიდრების ნიშან-წყალი არ ატყვია
ფოტოგრაფ მარკუს ბლიზდეილის ემოციური სიტყვით იწყებს ავტორი ჯეფრი ჯეტლმენი სტატიას, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სუბსაჰარული აფრიკის ყველაზე დიდ და ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს ქვეყანას ეძღვნება.
მას ალმასის, ოქროს, კობალტის, სპილენძის, თუთიის, ტანტალისა და სხვა მადნეულის უზარმაზარი მარაგი გააჩნია. მიუხედავად ამისა, დაუსრულებელმა ომებმა კონგო ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად აქცია. აღმოსავლეთ კონგოს მაღაროები ნედლეულს ელექტროტექნიკისა და საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელ უდიდეს კომპანიებს აწვდიან, რითაც ქვეყანაში ქაოსის შექმნას უწყობენ ხელს.
მაღაროები შეიარაღებული დაჯგუფებების ხელშია. მაგალითად, ქალაქი ბავის ოქროს მაღაროს ერთი ღიპიანი საველე მეთაური „კობრა მატატა“ აკონტროლებს, რომლის „არმიაში“, ძირითადად, ბავშვი-ჯარისკაცები „მსახურობენ“, თუმცა აქ ვერ გაიგებთ სად მთავრდება სახელმწიფო მმართველობა და საიდან იწყება „კობრას“ ტერიტორია. მხოლოდ ბუნდოვანი საზღვრების მქონე გავლენის ზონებია. კონგოს არმიის ჯარისკაცებსა და „კობრას“ ჯარისკაც ბავშვებს ერთმანეთისგან სამიოდე კილომეტრი აშორებთ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაოთხმაგდა, მაგრამ აქაურობას განვითარებისა და გამდიდრების ნიშან-წყალი არ ატყვია. აქ ისეთივე სიღატაკეა, როგორიც აღმოსავლეთ კონგოს ნებისმიერ სხვა სოფელში: მრგვალი ქოხები, ბაზარი – ჯოხებით შეკრული დახლებით; მოვაჭრეები, უხალისოდ რომ ყიდიან გროვებად დაყრილ მეორად ტანსაცმელს; ტალახიან ბილიკებზე შინ გამოხდილი ალკოჰოლის სუნით აქოთებული მობარბაცე მამაკაცები უმეტყველო, გაყინული მზერით. აქ არაა ელექტროენერგია და წყალგაყვანილობა. უხუცესები ჩივიან, რომ სჭირდებათ წამლები და სასკოლო წიგნები. ფეხშიშველა ბავშვებს მუცლები ბუშტებივით გამობერვიათ. ეს არასაკმარისი კვების ან ჭიების ბრალია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.