
„ოქტობოტი“ - რბილი რობოტი
ეს რბილი და დრეკადი რობოტი, რომელიც რვაფეხას მოდელის მიხედვით შეიქმნა, ულტრა-იისფერ შუქზე ანათებს
რობოტის ხსენებაზე, მყარი და მოუქნელი მეტალის მანქანა წარმოგვიდგება თვალწინ. „ოქტობოტის“ (რვაფეხა რობოტის) ნახვის შემდეგ თქვენი წარმოდგენა შეიცვლება. ის სრულიად რბილია, არ აქვს მავთულები, კვების ელემენტები, არაფერი მყარი – ისევე როგორც რვაფეხას არ აქვს ჩონჩხი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა, რომლის ხელმძღვანელები – პროფესორები რობერტ ვუდი და ჯენიფერ ლიუისი იყვნენ, სამასზე მეტი დიზაინი შექმნეს, სანამ სრულყოფილს მიაგნებდნენ. „ტრადიციული რობოტები შესანიშნავად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, თუმცა არ შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა“, ამბობს ვუდი. რბილი რობოტი კი უსაფრთხოა: „შეჯახების შემთხვევაშიც კი ვერავის და ვერაფერს დააზიანებს“.
ოქტობოტამდე არსებული რბილი რობოტები – ჰიბრიდები (გარედან რბილი, შიგნიდან მყარი) ან სადენიან კვების წყაროზე დამოკიდებულები იყვნენ. ოქტობოტი კი პნევმატიკური მექანიზმის საშუალებით მოძრაობს. ის თავიდან ბოლომდე სილიკონისგან არის დამზადებული.
ოქტობოტის გამოყენება მალე სხვადასხვა სფეროში გახდება შესაძლებელი (მაგალითად ჯანდაცვის). ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებულ რობოტს შეიძლება კაფსულის ფორმაც კი მიეცეს და სრულიად უსაფრთხო იყოს მისი გადაყლაპვა, რაც ინვაზიურ ენდოსკოპიურ ჩარევებს მინიმუმამდე დაიყვანს.
ეს რბილი და დრეკადი რობოტი, რომელიც რვაფეხას მოდელის მიხედვით შეიქმნა, ულტრა-იისფერ შუქზე ანათებს. მის შემუშევებას მრავალი წელი დასჭირდა, წარმოებას კი – სულ რამდენიმე დოლარი.