
ორბორბლიანი რევოლუცია
XIX საუკუნის ბოლოს ველოსიპედის გამოგონებით გაჩნდა არა მხოლოდ ტრანსპორტის ახალი სახეობა, არამედ ცხოვრების ახალი სტილი.
ისტორია შეიძლება ზუსტად არ მეორდებოდეს, მაგრამ აწმყო ხშირად ეხმიანება წარსულს. დღეს ველოსიპედებზე მოთხოვნა მატულობს, ქვეყნები კი მილიარდების დახარჯვას აპირებენ ქალაქების ახლებურ დიზაინზე, რომელიც ველოსიპედისტებსა და ფეხით მოსიარულეებს მოერგება. კარგი დროა იმის გასახსენებლად, თუ როგორ შეცვალა ველოსიპედმა სამყარო XIX საუკუნის ბოლოს.
ეს იყო სრულიად რევოლუციური ტექნოლოგია, სულ მცირე, ისეთი, როგორიც სმარტფონია დღეს. 1890-იანი წლების დასაწყისში ველოსიპედი ყველას უნდა ჰყოლოდა – სწრაფი, ხელმისაწვდომი, მოდური ტრანსპორტი, რომელიც უფასოდ წაგიყვანდა სადაც გინდოდა, როცა გინდოდა.
ველოსიპედის ტარება თითქმის ყველას შეეძლო და თითქმის ყველამ ისწავლა კიდეც, მაგალითად, ზანზიბარის სულთანმა; ხოლო ქაბულის ამირამ ველოსიპედი მთელ ჰარამხანას უყიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ველოსიპედს მსოფლიოს საშუალო და მუშათა კლასი იყენებდა. ისტორიაში პირველად მასას სურვილისამებრ გადაადგილება შეეძლო. ძვირადღირებული ცხენები და ეტლები აღარავის სჭირდებოდა. „სახალხო ცხენი“, როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, იყო მსუბუქი, ხელმისაწვდომი, მარტივად მოსავლელი და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი.
საზოგადოებამ სახე იცვალა. განსაკუთრებით უხაროდათ ქალებს – უზარმაზარი ვიქტორიანული კაბების ნაცვლად შარვლები და „რაციონალური“ ტანსაცმელი მოიხდინეს და ქუჩებს მიაწყდნენ. „ვფიქრობ, ველოსიპედმა ბევრად მეტი გააკეთა ქალების გათავისუფლებისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რამემ“. – თქვა სიუზენ ბ. ენტონიმ 1896 წელს.

ველოსიპედის წარმოება ამერიკის უდიდესი და ყველაზე ინოვაციური ინდუსტრია გახდა. პატენტზე განაცხადების მესამედი ველოსიპედს ეხებოდა – იმდენად ბევრი მოთხოვნა შემოდიოდა, რომ აშშ-ის პატენტების ოფისში სივრცის გაფართოება მოუწიათ.
თანამედროვე ველოსიპედის გამომგონებლად ინგლისელი ჯონ კემპ სტარლი ითვლება. მისმა ბიძამ, ჯეიმს სტარლიმ, 1870-იან წლებში ე.წ. პენი-ფართინგი გამოიგონა. ჯონ კემპმა ივარაუდა, რომ ველოსიპედებზე შეიძლებოდა უფრო დიდი მოთხოვნა გაჩენილიყო, თუკი ისინი აღარ იქნებოდა ასეთი საშინელი შესახედაობის ან ასეთი სახიფათო სატარებელი. ამიტომ 30 წლის გამომგონებელმა 1885 წელს კოვენტრიში ჯაჭვზე და ორ უფრო პატარა ბორბალზე მოძრავ ველოსიპედზე დაიწყო მუშაობა. რამდენიმე პროტოტიპის გამოცდის შემდეგ მან შექმნა „უსაფრთხო ველოსიპედი როვერი“, 20-კილოგრამიანი მანქანა, რომელიც მეტ-ნაკლებად ჰგავს დღევანდელ ველოსიპედს.
როდესაც 1886 წელს სტარლის გამოგონება ველოსიპედების გამოფენაზე პირველად აჩვენეს, თავიდან უცნაურობად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ, როდესაც მას ახლად გამოგონებული პნევმატური საბურავი მიუმატეს – რომელიც ბორბლებს არა მხოლოდ სირბილეს მატებდა, არამედ 30%-ით უფრო სწრაფად გადაადგილების საშუალებასაც იძლეოდა – ჯადოსნური შედეგი მიიღეს.
ველოსიპედების შემქმნელებმა მთელ მსოფლიოში საკუთარ ვერსიაზე მუშაობა დაიწყეს, ასობით ახალმა კომპანიამ კი მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება სცადა. 1895 წელს ლონდონის სტენლის ველოსიპედის გამოფენაზე 200-მა მწარმოებელმა 3000 მოდელი წარმოადგინა.
ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი იყო Columbia Bicycles. ავტომატური საამწყობო კონვეიერის დახმარებით (ინოვაციური ტექნოლოგიის, რომელიც ერთ დღესაც ავტომობილის ინდუსტრიის სიმბოლო გახდებოდა) მათ ქარხანას ჰარტფორდში (კონექტიკუტი) წუთში ერთი ველოსიპედის აწყობა შეეძლო. Columbia-მ, როგორც მზარდი ინდუსტრიის ინოვაციურმა დამსაქმებელმა, თანამშრომლებს ველოსიპედის პარკირება, პერსონალური საკეტიანი კარადები, უფასო სადილი და ბიბლიოთეკაც შესთავაზა.
ველოსიპედი თუ გყავდა, ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა. ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ მოგზაურობებში მიეშურებოდნენ.
ველოსიპედზე დაუცხრომელმა მოთხოვნამ სხვა წარმოებების გაჩენასაც შეუწყო ხელი: ბურთულასაკისარი, მავთული თვლების მანებისთვის, ფოლადის მილები თუ ზუსტი იარაღები. მარკეტინგული სტრატეგიები, მაგალითად, გეგმური ცვეთა და ყოველ წელს ახალი მოდელების გამოშვება, სწორედ ველოსიპედით ვაჭრობის დროს, 1890-იან წლებში გამოჩნდა.
ველოსიპედი თუ გართობა, ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა. ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ მოგზაურობებში მიეშურებოდნენ. მაგალითად, 1890 წლის ზაფხულში, რუსული არმიის ახალგაზრდა ლეიტენანტმა სანქტ-პეტერბურგიდან ლონდონამდე ველოსიპედით იმგზავრა – დღეში საშუალოდ 115 კილომეტრს ფარავდა. 1894 წლის სექტემბერში 24 წლის ენი ლონდონბერი ჩიკაგოდან დაიძრა გამოსაცვლელი ტანსაცმლით და სადაფისტარიანი რევოლვერით. იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ველოსიპედით შემოუარა, ერთი წლის შემდეგ ჩიკაგოში დაბრუნდა და 10 000-დოლარიანი ჯილდოც მიიღო.
ამერიკის დასავლეთში 1897 წლის გაზაფხულზე აშშ-ის არმიის 25-ე პოლკმა – Buffalo Soldiers-ის სახელით ცნობილმა სამხედრო ერთეულმა – ფორტ-მისულიდან (მონტანა) სენტ-ლუისამდე (მისური) 3060 კილომეტრი გაიარა, რათა ეჩვენებინა, რამდენად გამოსადეგი იყო ველოსიპედი სამხედრო ძალებისთვის. Buffalo Soldiers-ის წევრებს თან სრული უნიფორმა და შაშხანები მიჰქონდათ და უხეშ, ტალახიან გზაზე მიდიოდნენ. და მაინც, მათ დღეში საშუალოდ 80 კილომეტრი დაფარეს – ცხენოსან ქვედანაყოფზე ორჯერ უფრო სწრაფად და სამჯერ უფრო იაფად.
ველოსიპედის გამოჩენამ თითქმის ყველაფერზე დატოვა კვალი – ფერწერა, მუსიკა, ლიტერატურა, მოდა, ადამიანის გენოფონდიც კი. ინგლისში, სამრევლო აღრიცხვის მიხედვით, 1890-იან წლებში ველოსიპედის ციებ-ცხელების დროს ქორწინება სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს შორის საგრძნობლად გახშირდა. გათავისუფლებული ახალგაზრდები სოფლებში დანავარდობდნენ, გზებზე და შორეულ დასახლებებში ერთმანეთს ხვდებოდნენ და, როგორც მაშინდელი მორალისტები აღნიშნავდნენ, ხშირად მშობლებსაც ასწრებდნენ და წინ იჭრებოდნენ.
„ველოსიპედის გავლენა ქალაქის განვითარებაზე რევოლუციური იქნება“, – წერდნენ 1892 წელს ამერიკულ სოციოლოგიის ჟურნალში. სტატიაში სახელად „ველოსიპედის ეკონომიკური და სოციალური გავლენები“ ავტორი უფრო სუფთა, მწვანე, მშვიდ ქალაქებს და ბედნიერ, ჯანმრთელ, გახსნილ მცხოვრებლებს წინასწარმეტყველებდა. მისი თქმით, ველოსიპედის წყალობით ახალგაზრდები „სამყაროს ეცნობიან და თვალსაწიერი უფართოვდებათ. ველოსიპედის გარეშე სახლიდან მხოლოდ ფეხის სავალზე თუ გაისეირნებდნენ, ველოსიპედით კი მუდმივად სტუმრობენ ქალაქებს, ეცნობიან მთელ ოლქებს, არდადეგებზე – რამდენიმე შტატსაც კი. ასეთი გამოცდილება მატებს ენერგიას, თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას“.

მილიონობით ველოსიპედისტის და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიის პოლიტიკური გავლენის წყალობით სწრაფად განვითარდა ქალაქის და ქვეყნის გზები, ველოსიპედისტებმა კი პირდაპირი მნიშვნელობით გაუკვალეს გზა ავტომობილს. ბრუკლინმა 1895 წელს გახსნა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ბილიკი ველოსიპედისთვის, რომელიც პროსპექტ-პარკიდან კონი-აილენდამდე გადაიჭიმა. ბილიკი პირველ დღეს 10 000-მა ველოსიპედისტმა გამოიყენა. ორი წლის შემდეგ ნიუ-იორკმა ქვეყნის პირველი საგზაო კანონმდებლობა შემოიღო, რადგან მატულობდა გიჟური სიჩქარით მოსიარულეთა რიცხვი. ქალაქის პოლიციის კომისარმა, ტედი რუზველტმა, პოლიციელებიც ველოსიპედზე შესვა, რომ სწრაფად მოსიარულეებს გაკიდებოდნენ – ველოსიპედი ხომ ტრანსპორტის ყველაზე სწრაფი სახეობა იყო.
მაგრამ ეს მალევე შეიცვალა. 1890-იანი წლების დასასრულამდე ველოსიპედის გამომგონებლებმა აშშ-სა და ევროპაშიც გაიაზრეს, რომ დაჭიმულმანებიანი ბორბლის, ჯაჭვური ამძრავისა და ბურთულასაკისარის კომბინაციისათვის ძრავის დამატებით კიდევ უფრო სწრაფ ტრანსპორტს მივიღებდით – ის არ იქნებოდა ისეთი ჩუმი ან იაფი საექსპლუატაციოდ, მაგრამ უფრო სახალისო და მომგებიანი ნამდვილად იქნებოდა. დეიტონში (ოჰაიო) ველოსიპედის ორი მექანიკოსი – ძმები უილბურ და ორვილ რაიტები – მფრინავი მანქანის იდეაზე მუშაობდნენ, ველოსიპედებს ფრთებს აბამდნენ აეროდინამიკური შესაძლებლობების შესამოწმებლად და ამ კვლევას ველოსიპედის მაღაზიის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებდნენ.
ამასობაში, ინგლისის ქალაქ კოვენტრიში ჯეიმს კემპ სტარლი, რომლის ველოსიპედმაც დაიწყო ეს ციებ-ცხელება 1880-იან წლებში, 1901 წელს 46 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. იმ დროისთვის მისი კომპანია უკვე ერთვებოდა მოტოციკლების დამზადებაზე; ხოლო, ცოტა მოგვიანებით, ავტომობილების წარმოებასაც დაიწყებენ. ცხადად ჩანდა – ეს იყო მომავალი. ამერიკაში ველოსიპედის კიდევ ერთი ყოფილი მექანიკოსი, ჰენრი ფორდი, ამ მიმართულებით უკვე წარმატების გზას ადგა.
როფ სმითი არის ავტორი და ფოტოგრაფი, რომელიც რეგულარულად წერს National Geographic-ისთვის. იგი გამოცდილი საექსპედიციო ველოსიპედისტია და თავის მოგზაურობებს აზიარებს საიტზე theartoftheride.com და Instagram-ზე პროფილით @roffsmith.