ორომტრიალი
იშვიათი სანახაობა ფრანგული პოლინეზიის ერთ ველურ არხში,
სადაც ქორჭილები მრავლდებიან, ზვიგენები კი – იკვებებიან


ორომტრიალი
იშვიათი სანახაობა ფრანგული პოლინეზიის ერთ ველურ არხში, სადაც ქორჭილები მრავლდებიან, ზვიგენები კი – იკვებებიან
ფაკარავას ატოლი 60 კმ სიგრძის მართკუთხა მარჯანია საფრანგეთის პოლინეზიაში. მის სამხრეთ ბოლოში ვიწრო არხი ჭრის ბარიერულ რიფს. 6 საათში ერთხელ მიქცევა-მოქცევა იწყება და ბობოქარი დინებები აწყდება ლაგუნას, რომელიც მას ავსებს და ცლის. ყოველ ივნისში აქ ათასობით შენიღბული ჭორჭილა იყრის თავს ქვირითის დასაყრელად, რომლიდანაც ახალი თაობა უნდა გამოიჩეკოს, თუმცა ეს მსუქანი და 50 სანტიმეტრამდე სიგრძის ზღვის ჭორჭილები როდი არიან მარტონი: აქ ასობით რუხი რიფის ზვიგენიც იკრიბება მათზე სანადიროდ. მდედრი ჭორჭილები რამდენიმე დღეს ატარებენ ტოფობის ზონებში. მამრები მარტო ცხოვრებას ამჯობინებენ წლის უმეტეს პერიოდში, მაგრამ რატომღაც ამ მუხანათ ადგილას იკრიბებიან კვირების განმავლობაში; იცდიან, სანამ ერთდროულად დაიყრება მთელი ქვირითი და წყალში ქვირითისა და სპერმის კორიანტელი დადგება. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ეს მოვლენა სავსემთვარეობას ემთხვევაო.

ქვირითის დაყრის დღეს მთელი ეკოსისტემა იცვლება: წყალი ივსება ათასობით ლუციანისებრით, მდედრი ზღვის ქორჭილები, მუცელი რომ ქვირითით აქვთ გაბერილი, კამუფლაჟს იყენებენ და ასე ისვენებენ ზღვის ფსკერსა თუ მის სიახლოვეს. მკრთალი რუხი მამრები კი ზემოდან აკვირდებიან და გარკვეული ინტერვალებით ჩადიან ქვემოთ, რომ მდედრის წინ გაცურ-გამოცურონ. მდედრს რომ მუცელზე კბენენ, ეს ქვირითის დაყრის მაპროვოცირებელი უნდა იყოს.
და უეცრად იწყება ის: ორომტრიალი. ათიოდე ქორჭილისგან შეკრული გუნდები ჩვენ გარშემო ტყვიასავით ამოიტყორცნებიან. თითოეული ეს გუნდი ბევრი მამრისგან შედგება, რომლებიც ერთ მდედრს მისდევენ. ამ გაწევ-გამოწევაში ზვიგენებიც უმალ ერევიან, თუმცა, უშედეგოდ – ქორჭილები სხარტად მოძრაობენ. ცალკეული სქესობრივი აქტები ერთ წამზე ნაკლები გრძელდება. ლუციანისებრები ამ აურზაურის ცენტრისკენ მიეშურებიან, რომ ქორჭილების მაქსიმალურად ბევრი კვერცხი თუ სპერმა მათი გამოჩენისთანავე ჩაყლაპონ. დარჩენილი უჯრედები ძლიერ მოქცევით დინებაში ითქვიფება და ღია ზღვაში ინაცვლებს.

მთელი ეს ანარქიული სპექტაკლი ერთ საათზე ნაკლებ დროში სრულდება და ჩვენც საგონებელში ვრჩებით – რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ბოლოს ვერც მდედრს ეუფლები ერთპიროვნულად და არც ის იცი რეალურად, მართლაც შენმა სპერმამ გაანაყოფიერა თუ არა მისი კვერცხები? რა მოუტანა მამრ ქორჭილას ამ ოთხკვირიანმა „შებმამ“ სხვა ინდივიდებთან ან ყოველი ღამის რისკმა, რომ ზვიგენი გადაყლაპავდა? თითქოს სრულიად ფუჭად იკარგება ეს ენერგია – ამას კი, როგორც წესი, ბუნება ვერ იტანს.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.