ოთახში დიდი დინოზავრია
დიდი ხნის გადაშენებული არსებების განამარხებულ ნიმუშებს,
მუზეუმის გარდა, დღეს სახლებსა და ოფისებშიც ნახავთ:
მდიდარ კოლექციონერებს ახალი, საკამათო ჰობი აქვთ


ოთახში დიდი დინოზავრია
დიდი ხნის გადაშენებული არსებების განამარხებულ ნიმუშებს, მუზეუმის გარდა, დღეს სახლებსა და ოფისებშიც ნახავთ: მდიდარ კოლექციონერებს ახალი, საკამათო ჰობი აქვთ
ბოლო დროს განამარხებული ნიმუშების კერძო კოლექციონერები მომრავლდნენ. ზოგი, ქირურგის მსგავსად, საკითხს იმდენად სერიოზულად უდგება, რომ პროფესიონალი პალეონტოლოგი გეგონებათ. სხვა კოლექციონერები, ძირითადად, დიდი, საშიში (და ძვირიანი) მონსტრებით ბიჭურ გატაცებას იკმაყოფილებენ.
ზოგ კოლექციონერს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა რიცხვში ნახავთ. მაგალითად, ჩინელი უძრავი ქონების დეველოპერი: ის ტუსონში იქთიოზავრისთვის – დიდი ზღვის რეპტილიისთვის – ვაჭრობს, რომელიც 750 000 დოლარად იყიდება.

რადგან კერძო კოლექციონერებს შორის პალეონტოლოგიისადმი ლტოლვა გაღვივდა, დინოზავრები და სხვა განამარხებული გიგანტები სახლებსა და ოფისებში თითქმის ყველგან შეიძლება იპოვოთ. წყლისპირა აგარაკის ფოიეში, მასაჩუსეტსში, ჩამოსულ სტუმრებს ტრიცერატოპსის შუბლისა და ცხვირის რქები ეგებება. იქვე, მისაღები ოთახის ჭერზე, ხუთ მეტრზე გრძელი მოზაზავრი – ზღვის გიგანტური ქვეწარმავალია ჩამოკიდებული. სამხრეთ კალიფორნიაში ერთ-ერთი კოლექციონერის სახლში ვეებერთელა იქთიოზავრი მთავარ სააბაზანოს ამშვენებს – მისაღები ოთახი უკვე სხვა განამარხებული ნიმუშებითაა სავსე და იმიტომ. დუბაის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მთავარი ღირსშესანიშნაობა 24,5 მეტრი სიგრძის დიპლოდოკია, ხოლო სანტა-ბარბარაში, კალიფორნიაში, ტირანოზავრის ერთ-ერთი საუკეთესო თავის ქალა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში დაუსკუპებიათ.

კოლექციონერები, როგორც წესი, განამარხებული ნიმუშების კერძო კოლექციას საიდუმლოდ ინახავენ, რადგან პალეონტოლოგიის კომერციალიზაციამ უკანასკნელი ორი ათწლეულის გაცხარებული დებატები კიდევ უფრო გააღვივა. უთანხმოება 1997 წელს, ტირანოზავრის, სახელად სიუს, აუქციონზე დაიწყო. ამ კომერციულად მოპოვებულმა ნიმუშმა თავი ჩიკაგოს ფილდის მუზეუმში ამოყო, თუმცა რადგან ის 8,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, ამ პრეცედენტმა მიწათმფლობელებში „ოქროს ციებ-ცხელების“ მაგვარი ფანტაზიები გააღვივა, მუზეუმის პალეონტოლოგები კი დააშინა – ისინი ახლა უკვე ფინანსურად ვეღარ გაწვდებოდნენ სფეროს, რომელიც, მათივე აზრით, დიდი ხნის განმავლობაში მათ ეკუთვნოდათ.
ნიმუშები, რომლებსაც კომერციული დილერები პოულობენ და კერძო კოლექციონერებს მიჰყიდიან, სხვაგვარად „ავტომატურად არც მოხვდებოდა მუზეუმებში“, – დასძენს ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმის პალეონტოლოგი მარკ ნორელი. მათ დიდი ალბათობით შორეული გორაკებიდან ეროზია გამოიტანდა და ნალექები დროთა განმავლობაში გაანადგურებდა.
ფოტოგრაფები გაბრიელე გალიმბერტი და იური დე ლუკა იტალიაში მოღვაწეობენ. რიჩარდ კონიფი ავტორია წიგნისა „დაკარგული სამყაროების სახლი: დინოზავრები, დინასტიები და სიცოცხლის ისტორია დედამიწაზე“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.